ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არის მოსალოდნელი მაისის თვეში ნეგატიური მოვლენების მატება და რა უნდა გაითვალისწინოთ საფრთხის ასაცილებლად

№18

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 09.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წინ მეტად ფრთხილად გასავლელი მაისის თვე გველის, რადგან ნეგატიური მოვლენების მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი, ასევე, სტიქიური მოვლენები, პირად ურთიერთობებში გაუგებრობები და კონფლიქტები. ფაქტია, ადვილი არ იქნება ყოველივე ამასთან პირისპირ ყოფნა და გამკლავება. თუმცა, როგორც ბატონი მიხეილი გვაფრთხილებს, არის დღეები, როცა თავი უნდა შევიკავოთ გარკვეული ქმედებისგან და ასევე, დგება პერიოდები, როცა „გამოიდარებს“ და კოსმიური ენერგიები დედამიწაზე შედარებით მშვიდ და მაიმედებელ ენერგეტიკას გვიგზავნის.

– ბატონო მიხეილ, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები, როგორი მაისის თვე გველის წინ, რა უნდა ვიცოდეთ, რომ მშვიდად დავძლიოთ პრობლემები და გაუთვალისწინებელი მოვლენები?

– მაისის თვე არ იქნება მშვიდი და ერთგვაროვანი. მზისა და პლანეტა ურანის შეერთება კუროს ზოდიაქოში, ტყუპების ნიშანში უკუმიმართულებით მოძრავ რეტროგრადულ მერკურისთან ერთად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წარმოქმნის. სიტუაციას დაამძიმებს პლანეტა მარსის დესტრუქციული ენერგიებიც. მით უმეტეს, რომ თვე დაიწყება კუროს ზოდიაქოში მზის დაბნელებით, რასაც მოჰყვება 16 მაისს მთვარის დაბნელებაც. ამიტომ, დაბნელებების ამ კორიდორში სასურველია, არ დაიგეგმოს არაფერი სერიოზული და ყველა მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება გადაიდოს თვის მეორე ნახევრისთვის.

– თვის რომელ დეკადაში გველის განსაკუთრებით სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციები?

– განსაკუთრებულად სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი 5-16 მაისის დროის მონაკვეთში, სადაც დამანგრეველი ენერგიების ნეგატიური ზემოქმედება თვის პიკს 8-13 მაისის პერიოდში მიაღწევს. ამ დაძაბულ დღეებში მოიმატებს კატასტროფების, სტიქიური მოვლენების, ავარიებისა და ხანძრების რიცხვი. სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მიერ დაშვებული სავალალო შეცდომები, უსაფრთხოების წესების იგნორირება და გულგრილობა შესაძლოა, ფატალური შეცდომების მიზეზი გახდეს და დიდი უსიამოვნებები გამოიწვიოს. უკიდურესად სახიფათო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს დიდი ნავთობ და გაზის კომპანიების ტერიტორიებზე, არ არის გამორიცხული ავარიები და ტექნოგენური კატასტროფები.

– ეს მძიმე კოსმიური „ამინდი“ პირად ურთიერთობებზეც აისახება?

– დიახ, ძალზე მძიმე კოსმიური ამინდი არასასიკეთო ზეგავლენას მოახდენს პირად ურთიერთობებზეც. ეს მეტად საგრძნობი გახდება 11 მაისის შემდგომ, როდესაც პლანეტები ვენერა და იუპიტერი ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ხოლო აგრესიული მარსი თევზების ზოდიაქოში პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება. ამ დროს დედამიწის მცხოვრებლებს გაუჭირდებათ მოულოდნელი ემოციებისა და აგრესიის გაკონტროლება. ამიტომ, მაისი შესაძლოა, დაიწყოს ოჯახური კონფლიქტებით, პირად ურთიერთობებში უსიამოვნებებითა და მეგობრულ წრეში გაუგებრობებით.

– რას გვირჩევთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ თავი ავარიდოთ მსგავს უსიამოვნებებს და ეს პერიოდი მშვიდად, ყოველგვარი კონფლიქტისა და გაუგებრობების გარეშე გავიაროთ?

– ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტა იქნება რეგულარული ფიზიკური დატვირთვები, ფეხით სიარული, ბუნებაში სეირნობა და საოჯახო საქმეები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს დაგროვილი გადამეტებული ნეგატიური ენერგიის გარდაქმნასა და სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებას.

– თვის მეორე ნახევარიც ასეთი ნეგატიური კოსმიური ენერგიებით იქნება გაჯერებული თუ შედარებით დამშვიდდება და „გამოიდარებს“?

– 16 მაისიდან დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა შედარებით დამშვიდდება. ადამიანები მეტად მოუსმენენ ერთმანეთს, გაჩნდება დიალოგისა და კომპრომისების, დიპლომატიური მეთოდებით მოქმედების სურვილი. ამიტომ, 28 მაისამდე მეტად შედეგიანი, საინტერესო და ნაყოფიერი გახდება როგორც საქმიანი თანამშრომლობა, ისე ახლო პირადი ურთიერთობები. 29 მაისიდან კი, სიტუაცია ისევ გაუარესდება. ამ პერიოდში უმჯობესია, მოერიდოთ მნიშვნელოვან ფინანსურ ოპერაციებს, შორეულ მოგზაურობებს, ხელშეკრულებების დადებასა და ყურადღებით იყოთ საბუთებთან მუშაობისას. გარდა ამისა, მაისის ბოლო სამი დღის განმავლობაში ხშირი იქნება დაგვიანებები, ფორსმაჟორები და გარშემო მყოფებთან მოულოდნელი კონფლიქტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი