ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არ უნდა ახლოთ ხელი ქუჩაში ნაპოვნ ნემსს და რატომაა ქალისთვის საკერავი ნემსის გატეხა სასიამოვნო, მამაკაცისთვის კი უსიამოვნო მოვლენა

№37

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.09, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დღეს ჩვენს რუბრიკაში ხალხურ მინიშნებებსა და გადმოცემებს ისეთ ნივთთან მიმართებით განვიხილავთ, რომელიც, არ არსებობს დიასახლისი, სახლში ასეთი რამდენიმე მაინც რომ არ მოეძევებოდეს და სისტემატურად თუ არა, შიგადაშიგ მაინც არ იყენებდეს. ეს გახლავთ საკერავი ნემსები - აბა, რაღაცით მაინც ხომ უნდა მიაკეროთ მოწყვეტილი ღილი ან გაკეროთ გარღვეული ტანსაცმელი?!. და ამისთვის სულაც არ არის საჭირო, მკერაობა. თუმცა, ამ ფრიად უწყინარ და სასარგებლო ნივთს ძველთაგანვე აქტიურად იყენებდნენ მაგიურ რიტუალებშიც - შელოცვებსა და ჯადოებში. ამჯერად ეზოთერიკოსი, ქალბატონი მადონა ლ. გაგვარკვევს, რის მანიშნებელია ნემსი სხვადასხვა სიტუაციაში და რისი წინასწარმეტყველება შეუძლია მას ჩვენთვის.

- უმრავლესი მინიშნება ნემსის შესახებ იმ დროიდან გავრცელდა, ამ სასარგებლო ნივთის გარეშე წარმოუდგენელი რომ იყო ქალის არსებობა. მართალია, დღეს მას ხელში გაცილებით ნაკლებად ვიღებთ, მაგრამ, ალბათ, ახლა უფრო საინტერესოა, რაზე მიგვანიშნებს ნემსთან ესა თუ ის „ურთიერთობა“.

- ნემსი და ძაფი არა მარტო სახლში, მოგზაურობისასაც კი თან დაგვაქვს, უცებ რომ დაგვჭირდესო... და რას უნდა ველოდოთ მისგან?

- საერთოდ, ნემსებს სახლში ძირითადად დადებითი მინიშნებები ახლავს: მაგალითად, თუ კერვისას ნემსი გეჩხვლიტათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შრომა დაფასდება - დაიმსახურებთ შექებას და დაწყებულ საქმეებსაც წარმატებით დაასრულებთ. მაგრამ, თუ „დაზარალებული“ გასათხოვარია, საბედოს მალე შეხვდება ან შეყვარებული ხელს სთხოვს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად ღრმაა ნაჩხვლეტი და წამოვიდა თუ არა ჭრილობიდან სისხლი - გაითვალისწინეთ, რაც უფრო ძლიერია ჩხვლეტა, მით უფრო უტყუარია მინიშნება. თუ კერვისას ნემსი ხელში შეგატყდათ - მინიშნება ცხოვრების შეცვლას გულისხმობს. ძველად მკერავები ძალითაც კი გადატეხდნენ თურმე ნემსს - მინიშნება ასეთ შემთხვევაშიც აქტიურდებოდა. ოღონდ ეს მახვილი წვერი უნდა ყოფილიყო, თორემ ყუნწის მოტეხვა, ფინანსურ დანაკარგს მოასწავებდა. დღეს კი თუ მამაკაცს გაუტყდა ნემსი, ეს მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსური უსიამოვნებების მაცნეა. იგივე სიტუაციაში გასათხოვარი ქალი - საბედოს, თავის სიყვარულს შეხვდება, ხოლო გათხოვილს - ახლო მომავალში სასიამოვნო მოგზაურობა ელის. თუ საქორწინო სამზადისის დროს გაუტყდა ნემსი საპატარძლოს, ეს ბედნიერი ქორწინების საწინდარია. მაგრამ თუ ნემსს ფეხი დაადგით - მეგობრებთან მოგივათ ჩხუბი.

- გადავდივართ უარყოფით მინიშნებებზეც?

- როცა კერვისას ნემსში გაყრილი ძაფი მუდმივად იბურდება - ცხოვრებაში ვიღაც „ფეხს გიდებთ“. უფრო სწორად, თქვენი არაკეთილმოსურნე ახლობელთა შორისაა. ამას რომ ხელი შეუშალოთ, ნემსი შუაზე გატეხეთ და ორივე ნაწილი კარს იქით მოისროლეთ. თუ ნემსი დაკარგეთ - მატერიალური სირთულეები გელით, თუმცა მეორე ვერსიით: მხოლოდ ნემსის დაკარგვა ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტზე მიუთითებს, ხოლო თუ ძაფიანად გაქრა - შეყვარებულს დაშორდებით. ნემსის პოვნის შემთხვევაში კი, იმასაც მნიშვნელობა აქვს, სახლში, იატაკზე ეგდო ის, თუ გარეთ - მიწაზე: მაგალითად, ქუჩაში თუ ნემსს მახვილი წვერი მპოვნელისკენ აქვს - უსიამოვნება გელით, ხოლო ყუნწია თქვენკენ - ცხოვრების იღბლიანი სარტყელი გეხსნებათ. თუმცა, ნაპოვნის აღებასა და მით უმეტეს, სახლში წაღებას, ნამდვილად არ გირჩევთ. ძალიან ხშირად სწორედ ასეთ ნივთებზე კეთდება ჯადოები. რაც შეეხება სახლში ნაპოვნ ნემსს, მინიშნება აქაც არაერთგვაროვანია. თუ დარწმუნდით, რომ ნაპოვნი ნემსი თქვენი არ არის, ესე იგი, ვიღაცამ შეიძლება სახლში ჯადოს გაკეთების მიზნით შემოგიგდოთ. ხელით არ შეეხოთ - ფრთხილად, ქაღალდის ერთი ნაგლეჯით მეორეზე გადაიტანეთ, ყველაფერი ერთად კი, ქუჩის უახლოეს ნაგვის კონტეინერში ჩააგდეთ. ხოლო, თუ იატაკზე ნაპოვნი ნემსი აღმოჩნდა, რომ ისაა, რომელიც ადრე დაკარგეთ, მინიშნება კამათსა და ჩხუბს გიწინასწარმეტყველებთ. ამიტომ, სკანდალს რომ თავი აარიდოთ, ეს პატარა ლითონის ნივთი შუაზე გატეხეთ და ორივე ნახევარი იატაკის, კედლის ან ფანჯრის ჩარჩოს ნაპრალებში ჩაარჭეთ. ცუდის ნიშანია ასევე, ნემსის ძაფის გარეშე შენახვა - უფულობას, ფინანსურ პრობლემებს მოასწავებს. ნემსის მოპარვა ნიშნავს, რომ სიკვდილის მერე ჯოჯოხეთში მოხვდებით. არ არის სასურველი, თქვენი ნემსი ვინმეს ათხოვოთ, რადგან თუ მოინდომა, ნებისმიერს შეუძლია, ჯადო გამოგიგზავნოთ. მეგობარსა და ნათესავს კი მხოლოდ ძაფგაყრილი გაატანეთ, რომ ნემსთან ერთად ოჯახური ბედნიერებაც თან არ გააყოლოთ. თუ საკერავი ნემსი იატაკზე დაგივარდათ - მეუღლესთან ჩხუბი და კამათი გაგიჭიანურდებათ.

- თუ საკერავი ნემსი დაგვესიზმრა?

- რაც შეეხება ნემსის დასიზმრებას, რამდენიმე ვერსიაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. კერვა სიზმარში ნიშნავს, რომ შეყვარებული გადაგიყვარებთ და თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტას მოინდომებს. თუ სიზმარში ნემსი იპოვეთ, ახალ ერთგულ მეგობრებს შეიძენთ, ხოლო თუ ის გატეხეთ, მსხვილი დანახარჯი თქვენს ბიუჯეტს დააცარიელებს და უფულობის ხანა დაგიდგებათ. სიზმრად თითში ნემსის ჩხვლეტა ნათესავებთან ჩხუბის საწინდარია, ხოლო თუ ის იყიდეთ - დიდი ხნის წინ დაწყებულ კონფლიქტს დაასრულებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ნემსი დაკარგეთ, ახლო მეგობართან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ, თუმცა არც მისი პოვნაა დიდი ბედენა - უსიამოვნო მოულოდნელობაა. სიზმრად ნემსის ძებნა, რომელსაც ვერ პოულობთ, მინიშნებაა იმისა, რომ სამსახურში სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, ხოლო ბევრი ნემსი - სიგნალი იმისა, რომ გაუფრთხილებლობამ შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგიყვანოთ. მაგრამ, თუ სიზმარში საკუთარი სხეულიდან ამოიძრობთ ნემსს - ის, რაც დეპრესიისკენ გიბიძგებდათ, დამარცხდება და ბედი გაგიღიმებთ. დაბოლოს, ყველამ იცის, რომ ისეთი ნივთის ჩუქება, როგორიც ნემსია, ხუმრობითაც კი არ უნდა გაივლოთ გულში, რადგან ამან შეიძლება დიდი უბედურება დაატეხოს თავს დასაჩუქრებულს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი