ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არ შეიძლება ცარიელი ფინჯნის გაჩუქება და რა საფრთხე ექმნება ოჯახს, თუ ცოლმა ქმარს წინდები უსახსოვრა

№23

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 18.06, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

საჩუქარი - სასიამოვნო, საჭირო და გამოსადეგი. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საჩუქარი არ ახარებს ან თავადაც დიდი გულმოდგინებით არ არჩევს მას სხვისთვის. თუმცა, ჩვენს არცთუ დალხინებულ ცხოვრებაში, ძვირფასი საჩუქრისთვის უმეტესობას სახსრები არ ჰყოფნის. ამიტომ, არსებობს მარტივი გამოსავალი - ფინჯანი, რომელიც ყველას შეიძლება მიართვა, რადგან ქალიან-კაციანად, ჩაის და ყავას სახლშიც ხშირად სვამენ და სამსახურშიც, თან ზედ ადრესატის სახელიც თუ აწერია... მაგრამ, თუ მამაკაცისთვის მაინც გეუხერხულებათ ფინჯნის ჩუქება, მეორე მარტივი გამოსავალი წინდაა - ეს ხომ ყველას სჭირდება (მართალია, ახლა მოდის ტენდენციები შეიცვალა, მაგრამ ზამთარში მაინც აცვია ყველას). თუმცა, ხალხური მინიშნებების მიხედვით, ეს უწყინარი ფინჯანიც და წინდაც, შეიძლება, არც ისე უწყინარი გამოდგეს ადრესატისთვის. თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და რა უნდა გაითვალისწინოთ ხსენებული ნივთების გაჩუქებისას, გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაკა ც.

- რადგან ხალხური მინიშნებების მიხედვით, ფინჯნის ჩუქებას შეიძლება უსიამოვნებები მოჰყვეს, ეს არ ნიშნავს, რომ, რაც კი ფინჯნები მოურთმევიათ თქვენთვის, შეშინებულმა ყველა ერთიანად დალეწოთ. დამშვიდდით, დაუგდეთ ყური ჩვენს რჩევებს და დარწმუნდებით, რომ ფინჯნის ჩუქებაც შეგიძლიათ და წინდისაც, ოღონდ გააჩნია, რა შემთხვევაში.

- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფინჯნის ჩუქებას?

- ნებისმიერი ჭურჭელი და მით უმეტეს, ფინჯანი, სიცარიელის სიმბოლოა. ამიტომ, მინიშნება გვაფრთხილებს, რომ, ასეთი საჩუქრის შემდეგ, ადამიანს შეიძლება სერიოზული ფინანსური პრობლემები დაეწყოს. ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიართვათ მხოლოდ ერთი ცალი ფინჯანი. ამან შეიძლება არა მხოლოდ წაგაჩხუბოთ მასთან, არამედ საერთოდ გაწყვიტოთ ერთმანეთთან კავშირი. არის დელიკატური მიზეზიც: თქვენი შერჩეული ფინჯანი საჩუქრად არ გამოდგება, რადგან ძალიან უბრალოა და თუ საქმე განსაკუთრებულ თარიღს ეხება, უმჯობესია, ადრესატს საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან უყიდოთ რამე.

- შეიძლება, ფინჯანი ვაჩუქოთ მეუღლეს, შეყვარებულს, პარტნიორს?

- თუ გინდათ, რომ საყვარელ ადამიანს მაინცდამაინც ფინჯანი მიართვათ საჩუქრად, ერთ ცალს მიანც ნუ უყიდით, თორემ იჩხუბებთ, რაც შეიძლება თქვენი დაშორების მიზეზიც გახდეს. ეს მინიშნება კი მხოლოდ ქმარს ან ცოლს ეხება, იმათაც უნდა გაითვალისწინონ, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს.

- რა შემთხვევაში შეიძლება ვაჩუქოთ ფინჯანი დაბადების დღის აღსანიშნავად, თანაც თუ ადრესატი მარტოხელაა?

- თუ იუბილარი თქვენი საუკეთესო მეგობარია, აუცილებლად ისეთი ფინჯანი შეარჩიეთ, რომ ორიგინალური სიურპრიზი გამოგივიდეთ. იდეალური იქნება თუ ის თქვენი მეგობრის ხასიათს ან მის გატაცებებს შეეფერება. თანაც, მოცემულ მომენტში თუ მეწყვილე და პრაქტიკულად, არც მეგობრები ჰყავს, არავითარ შემთხვევაში არ მიუტანოთ მხოლოდ ერთი ფინჯანი. შეიძლება ეს მისი მარტოობის გახანგრძლივების მიზეზი გახდეს. ასევე, მნიშვნელოვანია სასაჩუქრე ფინჯნის ფერიც. ლურჯი, რუხი და სხვა მუქი ტონები სრულიად შეუფერებელია ამისთვის. ზოგჯერ ნაჩუქარი ფინჯნის ფერი შეიძლება თქვენი განშორების მიზეზიც გახდეს.

- თუ ნაჩუქარი ფინჯანი გატყდა?

- სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარად აიხსენება: თუ ნაჩუქარი ფინჯანი გოგონას გაუტყდა - მალე პაემანი ექნება; იგივე სიტუაციაში ახალგაზრდა მამაკაცს - წარმატება ელოდება სამსახურში ან სახარბიელო წინადადებას მიიღებს. თუ ნაჩუქარი ფინჯანი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიბზარა, ესე იგი, შიგ ბევრი ნეგატიური ენერგეტიკა დაგროვდა. ასეთი ჭურჭელი სახლში აღარ გააჩეროთ, მაშინვე თავიდან მოიშორეთ. თუ ფინჯანი ასაკოვან ადამიანს გაუტყდა, დიდ ფინანსურ დანახარჯს მოასწავებს, თან ძალიან მალე. თუ ფინჯანი ოჯახს აჩუქეს და ის გატყდა, კარგი ამბის მაცნეა. დაბოლოს, არ შეიძლება ცარიელი ფინჯნის ჩუქება. შეგიძლიათ, რამდენიმე მონეტა ჩააგდოთ შიგ, ან მომცრო ზომის ხილი, ცუკატები თუ თხილი მოათავსოთ. თუ საჩუქარი პარტნიორისთვისაა განკუთვნილი, პარალელურად, მეორე ფინჯანი თქვენთვის იყიდეთ. ასე ნეგატიურ შედეგს თავიდან აიცილებთ. თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, უმჯობესია, ფინჯნის ჩუქებისგან თავი შეიკავოთ, ანდა უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. მარტოხელა და ხნიერ ადამიანებს კი ასეთი საჩუქარი ნამდვილად არ შეეფერებათ.

- რას ნიშნავს საჩუქრად წინდები?

- ყველა ნივთი, ფეხსაცმლის ჩათვლით, ანუ რაც კი ფეხზე იცმევა, პირდაპირი დასტურია იმისა, რომ მალე გზა გელით. თუ რა დაემართება მას, ვისაც წინდებს აჩუქებენ, ამას ახლავე შეიტყობთ: თუ მამაკაცს ახალ წელს უსახსოვრეს წინდები, მთელი წელი მოსწრებაზე იქნება და გამუდმებით პრობლემების გადაწყვეტას ეცდება. ასეთმა საჩუქარმა ცოლისგან, ქმარს შეიძლება ისეთი სიტუაცია შეუქმნას, რომ მშობლიური სახლიდან წავიდეს. ეს შეიძლება იყოს როგორც გრძელი გზა, ასევე „დამშორებელთან“ გადაბარგება. რაც შეეხება ხელით ნაქსოვ წინდებს, ის შეიძლება ახლობელს აჩუქოთ. თუ დედა მას უცოლო ვაჟს აჩუქებს, ეს მშობლიური ზრუნვის სიმბოლოა; ხოლო თუ ის უკვე დაოჯახებულია, ამან შეიძლება მის ოჯახურ ურთიერთობებზე მოახდინოს ძლიერი ზეგავლენა. გაითვალისწინეთ, წინდები საჩუქრად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადასცეთ, თუ მას სიხარულით მიიღებენ. წინდები, რომელიც ადრესატს ახლობელმა მოუქსოვა, სითბოსა და ზრუნვას გამოხატავს. მასში პოზიტიური ენერგეტიკაა ჩადებული, რაც მის მიმღებზეც დადებითად აისახება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი