ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას შემოიტანს სამყაროში ახალი 2021 წელიწადი და როგორ უნდა ჩაუთქვათ საახალწლო სურვილები

№53

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.01, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ამბობენ, რა განწყობითაც შეხვდები ახალ წელს, ის განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვებაო. თუმცა, არსებობს პატარ-პატარა ასტროლოგიური რჩევები, რომლებიც საახალწლოდ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ მარტივი რიტუალები და ამით ოცნებების ახდენასა და ჩანაფიქრების განხორციელებას შევუწყოთ ხელი. ამასთან დაკავშირებით ასტროლოგიურ რეკომენდაციებს ბატონი მიხეილ ცაგარელი მოგცემთ.

მიხეილ ცაგარელი: აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2021 წლის 11 თებერვალს, თბილისის დროით, 23 საათსა და 07 წუთზე იწყება ლითონის სტიქიის, ინ ენერგიის მატარებელი, თეთრი (ვერცხლისფერი) ფერის ხარის, იაპონურად კი, კამეჩის წელიწადი. აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ ხარის წელიწადში ადამიანებში იფურჩქნება ახალი შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც ახლებურად გამოვლენის, პროფესიონალური განვითარებისა და სულიერი განახლების საშუალებას იძლევა. ხარის ენერგია სტაბილურობასთან და სიძლიერესთან ასოცირდება.
– რას შემოიტანს სამყაროში ეს წელი, რას უნდა ველოდოთ და როგორ დავხვდეთ მას?
– 2021 წელიწადი სამყაროში ხარისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და შესაძლებლობებს, ახალ ინ(პასიური) ლითონის სტიქიის ენერგიებსა და ცვლილებებს შემოიტანს. აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ სათანადო საახალწლო რიტუალებს და მიიჩნევენ, რომ ახალი წლის დახვედრა მომავალი მმართველის – ხარის შესაბამისი რიტუალებითა და სიმბოლოებით, მეტად კეთილგანაწყობს მას ჩვენ მიმართ და ხელს შეუწყობს მომავალ წარმატებებს. მართალია, ის აღმოსავლური ასტროლოგიით, 11 თებერვალს დგება, მაგრამ, რადგან, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით და ვზეიმობთ, შეგვიძლია, გარკვეული რიტუალების შესრულებით, სათანადოდ დავიბევოთ ხარის კეთილგანწყობა, ხოლო, 11 თებერვალს კი, თუ სურვილი გექნებათ, გაიმეორეთ ეს რიტუალები და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, კვლავ შეხვდით ხარის წელიწადის დადგომას.
– რა რიტუალების შესრულებაა საჭირო, რომ ხარის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?
– პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ვირთხის წელიწადი 2021 წლის 11 თებერვლამდე გრძელდება. ამიტომ, საახალწლო სუფრაზე უნდა გქონდეთ ორი სიმბოლო – ვირთხისა და ხარის, მათი ფიგურების წინ კი შესაბამისი პროდუქტი უნდა დადოთ: ყველი და თხილი – ვირთხის სიმბოლოსთან, ხოლო მწვანილი – ხარის სიმბოლოსთან. რადგან ეს ლითონის სტიქიის, თეთრი ხარის წელიწადია. წლის ფერებია თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, შემდგომ კი – ლურჯი, ცისფერი, ოქროსფერი, შავი. რაც მეტად იქნება ეს ფერები წარმოდგენილი თქვენს სუფრასა და ტანსაცმელში, მით უკეთესი. ტანსაცმელი და ვარცხნილობა კი, მეტად კონსერვატული და ტრადიციული უნდა იყოს. აგრეთვე, კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამეს, გამოიყენებთ ისეთ მინერალებს, როგორიცაა საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ნაცრისფერი აქატი, ზურმუხტი ან მარჯანი. წლის რიცხვია 5. ამიტომ, ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, დაანთეთ 1 ან 5 თეთრი ფერის სანთელი, მადლობა გადაუხადეთ წინა წელს და ჩაუთქვით სურვილი ანთებულ სანთლებს, რომ მომავალ წელს აგიხდეთ. კარგი იქნება, თუ ახალი წლის დადგომამდე ხარის გამოსახულებიან ყულაბაში ჩაყრით ნებისმიერი ნომინალის 5 ცალ მონეტა და ყოველი მათგანის ჩაყრისას რაიმეს ჩაიფიქრებთ.
– რის დალაგებას გვირჩევთ სადღესასწაულო-საახალწლო სუფრაზე, ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით?
– სუფრაზე მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის ჭურჭელი და ნაკეთობები. საკვებ რაციონში კი უნდა პრევალირებდეს ტრადიციული კერძები, რადგან ხარი კონსერვატორია. ამიტომ, დაალაგეთ სუფრაზე ხაჭაპური, საცივი, ღვინო, ჩურჩხელა და ასე შემდეგ. თუმცა, რადგან ორი დიდი პლანეტა – სატურნი (წლის მმართველი) და გამრჯვების მმართველი – იუპიტერი, ამჟამად ყველაზე რეფორმატორულ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებიან, როგორც ჩაცმულობაში, ასევე სუფრაზე, ეგზოტიკური ელფერის შეტანაც შეიძლება. ანუ, სუფრაზე, ტრადიციულ კერძებთან ერთად, ეგზოტიკური სასმელებისა და კერძების მიტანაც დასაშვებია. არ არის სასურველი სუფრაზე ძროხის ხორცი, რათა ამან მისი მონათესავე ხარი არ გაანაწყენოს. ასევე, კარგი იქნება, თუ სუფრაზე იქნება 5, 10 ან 15 თეფში და აგრეთვე, ამ რაოდენობის სტუმარი. არ დაგავიწყდეთ, თითოეული თეფშის ქვეშ ორლარიანი ან ერთლარიანი მონეტების ამოდება, როგორც მომავალი წლის ფინანსური ხვავისა და ბარაქის სიმბოლო. ახალი წლის დასრულების შემდგომ კი ეს მონეტები უნდა ჩადოთ საფულეში და ატაროთ მომავალი წლის მოსვლამდე, რათა ფინანსური ეგრეგორი მოიზიდოთ. ასევე, ახალი წლის დადგომისთანავე, სამზარეულოში გაჭერით გოგრა, ამოიღეთ გოგრის თესლი და მიმოაბნიეთ სამზარეულოში, როგორც ბარაქის სიმბოლო. დატოვეთ დილამდე, გოგრა კი შეგიძლიათ, მოხარშოთ ან შეწვათ, როგორც უფრო გესიამოვნებათ და მიირთვათ. კარგია თუ დილით აკრეფილ თესლებს მომავალ წლამდე შეინახავთ.
– საქართველოში მეკვლის ტრადიცია ოდითგანაა დამკვიდრებული. ამ მხრივ, წელს რა რეკომენდაციას მოგვცემთ
– მეკველედ დაპატიჟეთ სანდო და ერთგული ადამიანი, რომელიც თქვენს ოჯახში კარგ ფეხთან და ტკბილეულთან ერთად, ლანგრით შემოიტანს ხუთ-ხუთ ცალ თხილს, ყველის ნაჭერს, მანდარინს, ლითონის ნებისმიერ 5 მონეტას და მწვანილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი