ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას ეფუძნება გარდაცვლილისთვის მისი ნივთების საფლავში ჩატანების უძველესი ტრადიცია

№23

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.06, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიცოცხლე და სიკვდილი - ერთმანეთს გადაჯაჭვული მარადიული ცნება: დასაწყისი და დასასრული, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. შესაბამისად, გარდაცვლილიც ყველა ოჯახშია და თითქმის ერთნაირია კითხვები, რომელიც მისი დაკრძალვისა და შემდგომი პერიოდის საყოველთაოდ მიღებული ადათ-წესებისა თუ ხალხური გადმოცემების შესახებ ჩნდება. ამ შემთხვევაში შევეხებით კონკრეტულ თემას: რა ვუყოთ გარდაცვლილის ნივთებს, რის გაკეთება არ შეიძლება ამ დროს და თუ სწორედ მათ გამო იჩენს თავს პრობლემები, რა არის საჭირო მის აღსაკვეთად. ამ ყოველივეზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი დოდო ჩ.

- ნუ დაუკაკუნებ უბედურებას კარზე, ანუ რა არ უნდა გავაკეთოთ გარდაცვლილის ნივთებთან დაკავშირებით. როგორც იცით, დაკრძალვის შემდეგ ხშირად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უჩნდებათ კითხვა: რა უყონ მის ნივთებს? რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ამ ნივთებს მისი მომხმარებლისთვის მძიმე ავადმყოფობის გადაცემა ან სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია. მოდი, ვცადოთ გავერკვეთ, მართლაც ასეა თუ არა საქმე და როგორ მოვიქცეთ, რომ პრობლემებს თავი დავაღწიოთ.

- რა ქმნის საფრთხეს?

- როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი ენერგეტიკაც კვდება - სხვა სამყაროს, საიქიოს ეჯაჭვება. ტანსაცმელი და სხეულის მორთულობა - სამკაულები შეიწოვს პატრონის ფლუიდებს. გსმენიათ და იცით, ალბათ, რომ ექსტრასენსს დაკარგული ადამიანის ნივთის ხელში დაჭერით, შეუძლია, ზუსტად თქვას: ცოცხალია თუ არა მისი პატრონი. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არსებობს ტრადიცია: გარდაცვლილს საფლავში ჩააყოლონ ნივთები, რომელსაც ის ხშირად ხმარობდა, მათ შორის, საიუველირო ნაკეთობა - სამკაულებიც. ხალხური მინიშნებების მიხედვით, ვინც გარდაცვლილის პირად ნივთებს იყენებს, შეიძლება, დაეწყოს ჯანმრთელობის პრობლემები. ასე იმიტომ ხდება, რომ მკვდარი ენერგეტიკა დამანგრევლად მოქმედებს ყველაფერ ცოცხალზე. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაც კი გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ყველაფერი მაშინვე თავიდან მოიშოროთ. უპირველესად, ასეთი სიფრთხილე გადაჭარბებული და აზრს მოკლებულია და მეორეც: მიიჩნევა, რომ გარდაცვლილის სულს შეიძლება ეწყინოს, თუ ნათესავ-მეგობრები არაფერს დაიტოვებენ მისდა სამახსოვროდ.

- მაშ რა უნდა გადავაგდოთ ან დავწვათ მისი ნივთებიდან?

- უპირველესად, რისგანაც უნდა გათავისუფლდეთ ასეთ შემთხვევაში, ეს გარდაცვლილის ქვედა საცვლები და ასევე, ის ნივთებია, რასაც ძალიან დიდხანს და ხშირად ატარებდა ის. არ არის სასურველი, ვინმეს გარდაცვლილის ის ტანსაცმელი აჩუქოთ, რომელიც უშუალოდ სხეულს ეხება: კაბა, ქვედაბოლო, მაისური, ხელთათმანი და სხვა მსგავსი რამ. რაც შეეხება საიუველირო ნაკეთობას, ტყუილად კი არ არის ტრადიციად მიღებული, რომ მიცვალებულს ის სამკაული გაატანონ თან, რომელსაც არასდროს იხსნიდა. ეს საგნები დროთა განმავლობაში იმდენად გაჯერდა პატრონის ენერგიით, რომ მისგან გაწმენდა ძალიან გაძნელდება.

- გამიგია, საწოლი, რომელზედაც მომაკვდავი გარდაიცვალა, აუცილებლად უნდა გადააგდოო...

- არის ასეთი მოსაზრება, თუმცა - სადავოა. ეს უფრო იმ შემთხვევას გულისხმობს, როცა ადამიანი დიდხანს ავადმყოფობდა და სწორედ იმ საწოლზე იწვა გარდაცვალებისას. ასეთ დროს მისი გადაგდება მართლაც აუცილებელია, რადგან ნივთი მთლიანად იქნება გაჯერებული სენისა და სიკვდილის ნეგატიური ფლუიდებით. მაგრამ, თუ ის ადამიანი სახლში არ გარდაცვლილა, ავეჯი, რაზედაც სიცოცხლეში იწვა, დაუბრკოლებლად შეგიძლიათ დატოვოთ ოთახში.

- მაინც კონკრეტულად, რა შეიძლება დავიტოვოთ გარდაცვლილის ნივთებიდან და რა - გავაჩუქოთ?

- სულაც არ არის აუცილებელი, რომ გარდაცვლილის ზედა ტანსაცმელი გადააგდოთ, განსაკუთრებით, თუ ის თითქმის ახალია - მხოლოდ რამდენჯერმე ჩანაცვამი. ასეთი სამოსი შეგიძლიათ ჩაიცვათ თავად, ან ვინმე გაჭირვებულს აჩუქოთ. რაც შეეხება ზამთრის ნივთებს: ჩექმას, ქურქს, ქურთუკს, რომლებიც თითქმის არ ეხება კანს მისი ტარებისას, მათზე პატრონის პირადი ენერგია ნაკლებად რჩება. მაგრამ, ზედა ტანსაცმელი, რომელსაც მისი მფლობელი შედარებით დიდხანს ატარებდა, თავის დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ, ქიმწმენდაში ჩააბაროთ ან სარეცხი მანქანით გარეცხოთ. რეცხვის პროცედურას შეუძლია ნივთი დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოს.

- რაც შეეხება გარდაცვლილის სამკაულებს?

- თავისთავად იგულისხმება, რომ თავში აზრად არავის მოუვა, საგვარეულო ძვირფასეულობა გადაყაროს, რომელსაც გარდაცვლილი პერიოდულად ატარებდა სიცოცხლეში. ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გასაწმენდად შეგიძლიათ დღე-ღამის განმავლობაში მარილში მოათავსოთ, შემდეგ კი კარგად გარეცხოთ გამდინარე წყალში. დაბოლოს, რაც შეეხება გარდაცვლილის ფოტოებს, არც მათი გადაყრა ან დაწვაა აუცილებელი, მაგრამ ნურც გამოსაჩენ ადგილას გამოფენთ. უკეთესია: ეს ფოტოები საოჯახო ალბომში შეინახოთ, რომ დროდადრო დაათვალიეროთ და გარდაცვლილი ახლობელი მოიგონოთ. მათ ხომ ძალიან უყვართ, როცა ნათესავები იხსენებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი