ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე ყავის მაგიური ძალა და რატომ შეიყვარეს მისტიკური წარმოშობის ეს მარცვალი ათასი ჯურის მისნებმა და ჯადოქრებმა

№12

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 02.04, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყავის მარცვალი ადრე თურმე ოქროზე ძვირად ფასობდა. დღეს კი მილიონობით ადამიანისთვის ფინჯანი არომატული სასმელი დილის შეუცვლელი ატრიბუტია. თან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხსნება ყავახანები... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ყავა მაგიური სასმელია და არცთუ ცოტა საიდუმლოსა და გამოცანას მალავს. თუ რა გავლენას ახდენს ჩვენზე ეს პოპულარული სასმელი, ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რომ ქცეულა პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რისი წინასწარმეტყველება ან რა სიკეთის მოტანა შეუძლია და რა რიტუალებსა და ხერხებს უნდა მივმართოთ ამისთვის, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ტ.

- დავიწყოთ იმით, რომ ყავის წარმოშობაც კი საიდუმლოებითაა მოცული და დღემდე სადავოა, მისი მარცვლის პირველი აღმომჩენის ვინაობა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არაბები იყვნენ და ჩაკეტილი ცხოვრებიდან გამომდინარე, არასდროს გაამჟღავნებდნენ ამ მაგიური სასმლის მომზადების წესსა თუ რეალურ ისტორიას. მეორე ლეგენდის მიხედვით კი, ყავა ადამიანებისთვის ღვთიური საჩუქარია. სინამდვილეში: როცა გარეთ ცუდი ამინდია და ქუჩაში გასვლა გეზარება, მაშინ ფინჯანი ყავა - ნამდვილი ბედნიერებაა... და ეს ბედნიერება შეიძლება, შესვა!..

- თან, მის ნალექზე იმკითხაო და მომავალი იწინასწარმეტყველო...

- სწორედ მისტიკური წარმოშობის გამო შეიყვარეს ყავა ნებისმიერი ჯურის მაგებმა და ჯადოქრებმა. საიდუმლო არაა, რომ ყავის ნალექზე მკითხაობა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მაგიური მეთოდია. საქმე ისაა, რომ ადამიანი ყავის სმისას, თავის ენერგიას ყავის დაფქულ, ათას ნაწილად „დაღერღილ“ მარცვალს გადასცემს და „ისინიც“ მისგან „ამოკითხულ“ მთელ ინფორმაციას ნახატებად „უჩვენებს“ ფინჯნის ძირსა და კედლებზე. ამიტომ, როცა ნალექზე მკითხაობთ, ყავას არაფერი დაუმატოთ (რძე, ნაღები..), თორემ ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცემა. თუმცა მომავლის წინასწარმეტყველება მხოლოდ დალეულ ყავაზე როდია შესაძლებელი. თუ ყავის რამდენიმე მარცვალს ბალიშის ქვეშ დაიდებთ, თქვენი სიზმარი ახდება. ანდა, თუ თქვენთვის საინტერესო კითხვა პასუხად „კის“ ან „არას“ საჭიროებს, დაუფქვავი ყავის შეკვრიდან ერთი მუჭა მარცვალი ამოიღეთ და გადათვალეთ. წყვილი რაოდენობა ნიშნავს „კის“, ლუწი კი - „არას“.

- რაიმე მნიშვნელოვანი წესები თუ არსებობს ყავასთან მიმართებით?

- „არ უყვარს“, როცა უპატივცემულოდ ექცევიან. ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ, ყოველგვარი სარგებლის გარეშე, მხოლოდ მისი არომატითა და გემოთი დატკბეთ, თუმცა ესეც უკეთეს შემთხვევაში, უარესში - სხვადასხვა უსიამოვნებაც კი შეუძლია, გამოგიგზავნოთ... და მაინც! ის გაჩუქებთ: ბედნიერებას, იღბალს, კეთილდღეობას და ასევე, გიწინასწარმეტყველებთ მეორე ნახევართან შეხვედრას. სამაგიეროდ, თქვენ პატივსაც აღარ მიაგებთ?! ამისთვის კი უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი წესები: ყავა რომ დაგეხმაროთ, არ იძუნწოთ და ხარისხიანი პროდუქტი შეიძინეთ - აუცილებლად მარცვლოვანი, რომ მთელი თავისი ძალა გადმოგცეთ. იდეალურია, თუ მარცვლებს უშუალოდ ყავის მომზადების წინ დაფქვავთ და მოადუღებთ თურქულად და არა - ელექრტომადუღარაში. ხოლო, თუ ავტომატის ყავას ანიჭებთ უპირატესობას, იკითხეთ, რა შემადგენლობისაა, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. გახსოვდეთ, როცა იმდენი რამ გინდათ, ამ დროს კი არც საუკეთესო ფორმაში ხართ, ღამითაც ვერ გამოიძინეთ და ცოტა დათრგუნულიც ხართ, ყველა ამ პრობლემას მხოლოდ ყავის ერთი სასწაულმოქმედი ფინჯანი გადაგიწყვეტთ.

- იღბალსაც ყავას უნდა ვუმადლოდეთ?

- როგორც წესი, ყავას დილით მიირთმევენ, შესაბამისად, მთელმა დღემ რომ კარგად ჩაიაროს, რიტუალი იღბლისთვის დილიდანვე შეასრულეთ და აი, რამდენიმე ხერხიც: ყავიან ფინჯანს მოაყარეთ მწიკვი დარიჩინი და დაფქული კოჭა - შედეგად, მოზღვავებული შრომის უნარით ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით; თუ რთული დღე გელით: მძიმე საუბარი, უსიამოვნო შეხვედრა და მსგავსი რამ, მოხარშეთ ყავა, დააცადეთ, შეგრილდეს, შემდეგ კი, რაც ძალი და ღონე გაქვთ, საწრუპი ჩხირით ისე ჩაბერეთ, რომ ფინჯანში სითხე აბუყბუყდეს - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ყავა ერთგვარად „გაფილტრავს“ მოსალოდნელ უსიამოვნებებს; სამსახურში, ბნელ კუთხეებში რამდენიმე მწიკვი დაფქული ყავა მოაბნიეთ, ამით არა მარტო იოლად გაუმკლავდებით მოცემულ ამოცანებს, არამედ ჭორების, ჯარიმებისა და თვით სამსახურიდან დათხოვნისგანაც კი დაცული იქნებით; სანამ ყავას წყალს დაასხამთ, კოვზით საათის ისრის მიმართულებით მოურიეთ და გაიფიქრეთ, რა სასიამოვნო სიურპრიზი გინდათ, რომ მიიღოთ იმ დღეს. სურვილი რეალური უნდა იყოს, მაგალითად: სთხოვეთ, რომ თქვენმა თაყვანისმცემელმა მდიდრულ რესტორანში დაგპატიჟოთ. რა თქმა უნდა, მას ამის შესახებ არ უთხრათ, ამაზე ყავა თავად იზრუნებს; როცა ყავას დალევთ, ნალექი მარცხენა ხელზე გადმოიღვარეთ და წარმოიდგინეთ, რომ ეს ფულია და მალე შემოსავალსაც დაელოდეთ!

- ყავა, როგორც დამხმარე და ხელისშემწყობი...

- ის მართლაც სასწაულმოქმედი დამხმარეა პარაქტიკულად ყველა საქმეში. მაგალითად: დაძაბულობა რომ მოიხსნათ, გათავისუფლდეთ სტრესისგან და მოიკრიბოთ ძალები, მიიღეთ აბაზანა, წყალში კი რამდენიმე ჩაის კოვზი ყავა ან მუჭით მისი მარცვლები დაამატეთ. გათვალვისა და ჯადოსგან რომ თავი დაიცვათ, თან ატარეთ 3 ყავის მარცვალი, სასურველია, გულის სიახლოვეს და ნახევარ წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ. თუ გსურთ, რომ ყოველთვის სიმართლე გითხრან, თან ატარეთ ნაჭუჭიანი ყავის მარცვლები. კარგად რომ გეძინოთ და კოშმარებს თავი დააღწიოთ, ჯვალოს ტოპრაკში ჩაყარეთ 5 ჩაის კოვზი დაფქული ყავა და დაიდეთ ბალიშის, ან - საწოლქვეშ. თუ მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დგახართ, დალიეთ ყავა და ამ დროს სხვა არაფერზე იფიქროთ, არც ტელევიზორისა თუ სმარტფონისკენ გადაერთოთ. როგორც კი უკანასკნელ ყლუპს შესვამთ, პასუხი თქვენს კითხვაზე თავისთავად მოვა. თუ ვინმეს მოხიბვლა გსურთ, გაუმასპინძლდით ყავით (არა აქვს მნიშვნელობა იყიდით თუ თავად მოადუღებთ). თუმცა ფინჯანი ან ჭიქა აუცილებლად ხელიდან ხელში უნდა გადასცეთ - მაგიდაზე დადგმა არ შეიძლება. მიწოდებისას კი აუცილებლად გაიფიქრეთ, რომ ამ ადამიანს თქვენ უკვე უყვარხართ. მართლაც მალე დარწმუნდებით, რომ ეს ასეა! დაბოლოს, ყველაზე სანუკვარი სურვილი რომ აისრულოთ, შეეცადეთ, ყავის ხე გაზარდოთ. თუ გაიზარდა და თავი კარგად იგრძნო, ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი ასრულება უწერია თქვენს ჩანაფიქრს. ხოლო, ხემ თუ ნაყოფიც გამოიღო, წინ წარმოუდგენელი სიმდიდრე, არამიწიერი სიყვარული და ყველაფერი საუკეთესო გელით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი