ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა უნდა გაითვალისწინოს ზამთრის მარაგის დამზადებისას კარგმა დიასახლისმა და რატომ არ უნდა შეინახოთ სახლში შუშის ცარიელი ქილები

№41

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 22.10, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

შემოდგომაა და დიასახლისებისთვის აქტიური პერიოდი დადგა - ყველა ფუსფუსებს, ზამთრისთვის სურსათს იმარაგებს: მურაბა, კომპოტი, ჯემი, საწებელი თუ ბოსტნეულის კონსერვები - ყველაფერი, რასაც გასწვდება და შესწვდება... და რა კავშირი აქვს ამას ჩვენს რუბრიკასთან? - ჭურჭელი, რაშიც ეს ყველაფერი უნდა შეინახოთ, ანუ მინის ქილები, რომელსაც სწორედ ამ პერიოდისთვის იმარაგებენ დიასახლისები, რომ, რაც შეიძლება, მომზადებული შეხვდნენ მკაცრ ზამთარს. მაგრამ, ხალხური მინიშნებების მიხედვით, თურმე სახლში ცარიელი ქილების შენახვა არ შეიძლება, მურაბებისა და მწნილების დამზადების სეზონზეც კი. თუ რა არის ამის მიზეზი, რა საფრთხეს უქმნის ოჯახს მინის ცარიელი ტარა და რა უნდა მოვიმოქმედოთ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი ც.

- მართალია, შუშის ქილები სასარგებლო სამეურნეო ტარაა, მაგრამ თუ მასში არაფერი ასხია ან დევს - ასეთი ქილა სიცარიელის სიმბოლოა. ამიტომ, სახლში ნეგატიურმა ენერგიამ რომ არ დაიბუდოს, საჭიროა იცოდეთ, როგორ შეინახოთ ქილები სწორად.

- რას ნიშნავს ქილების სწორად შენახვა?

- დაიმახსოვრეთ, ცარიელი ქილები, რომლებიც წამდაუწუმ თვალში გეჩხირებათ, ცხოვრების ამაოებაზე ფიქრებს აღძრავს. ასეთ ნეგატიურ ფიქრებსა და განსჯას კი შეუძლია, ადამიანი თანდათან ისე ჩაითრიოს, რომ გაუცნობიერებლად, თავისდა უნებურად ავადმყოფობა და უსიამოვნებები მიიზიდოს. მაგრამ, თუ კონტეინერში სიცარიელეს შეავსებთ, ავტომატურად ჩაერთვებით კონსტრუქციული აზროვნების ნაკადში და დაიწყებთ ფიქრს: როგორ აავსოთ ცხოვრება სიკეთით, როგორ გახადოთ ის აზრიანი და სრულყოფილი. თუმცა, თუ ჯერჯერობით არაფერი გაქვთ შუშის ქილაში ჩასადები - უბრალოდ, მოაშორეთ ის თვალთახედვის არეალს.

- კონკრეტულად, რა საფრთხეს უნდა ველოდეთ ქილების, ეგრეთ წოდებული, სიცარიელის სიმბოლოსგან?

- უპირველესად, ცარიელი ქილები ბინის არასაცხოვრებელ ნაწილში უნდა შეინახოთ, თორემ ეს სახლის უპატივცემულობაა. სახლში მხოლოდ ის ნივთები უნდა იყოს, რომლებითაც სარგებლობთ და იყენებთ. სხვა შემთხვევაში სახლი საწყობად გადაიქცევა. როგორც მოგეხსენებათ, ხალხური გადმოცემების მიხედვით, ოჯახის კეთილდღეობის გამოხატულებად ძველთაგანვე სახლის სული (დამავოი) მიიჩნეოდა. ის კი ვერ იტანს საოჯახო საქმეებისადმი დაუდევარ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ძალიან აღიზიანებს ცარიელი ტარა, განსაკუთრებით კი შეუფერებელ ადგილას დალაგებული მინის ქილები. თავიდან გაბრაზებას ის ნივთების გაფუჭებით გამოხატავს, შემდეგ კი საერთოდ ტოვებს ბინას და მასთან ერთად სახლიდან ბარაქაც ქრება.

- გაღარიბება გვემუქრება?

- სიღარიბის სიმბოლოა, თუ ქილაზე ბზარებია ან კიდეები აქვს ჩამოტეხილი. ცარიელი მინის ასეთი ჭურჭელი არა მარტო გამოსაყენებლადაა სახიფათო, არამედ ოჯახის გაღარიბებასაც იწვევს. ჩამოტეხილი ნაწილები - დანაკარგზე, გაზრდილ გასავალსა და ფულადი ენერგიის მუდმივ გადინებაზე მიუთითებს. ბზარები კი ნგრევის სიმბოლოა, ანუ, თუ სახლში დაბზარული ჭურჭელი ინახება, ფინანსური პროექტები და ყოველგვარი ცდა თანხის გამომუშავებისა, როგორც წესი, ფუჭია - ყოველ მათგანს მუდმივად, ჩანასახშივე უშლის ხელს რაღაც. რაც შეეხება ნეგატიური ენერგეტიკის დაგროვებას - მიჩნეულია, რომ სახლში ის დროთა განმავლობაში, მტვერთან ერთად დაბლა იწევს და ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, იატაკს ეფინება. თუ იატაკი დალაგებისას ირეცხება, ავეჯს დიასახლისი მტვერს რეგულარულად აცლის, ის ნამდვილად არავის მოსდის აზრად, რომ ცარიელი ჭურჭელი - მინის ტარის სახით - სისტემატურად წმინდოს. ამას მოსდევს სწორედ ის, რომ სახლში შეუმჩნევლად, თანდათან გროვდება ნეგატივი და ირგვლივ ატმოსფერო მძიმდება. ქილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმტვერებოდეს საცხოვრებელ ფართში. ის კი არადა, სარდაფში შენახული მინის ტარაც კი რაიმეთი უნდა გადახუროთ.

- სხვისი ჭურჭელი უკან ცარიელი რომ არ უნდა დააბრუნო, მგონი, ყველასთვისაა ცნობილი და ალბათ, მათ შორის ქილებიც იგულისხმება... საინტერესოა, რა ახსნა აქვს ამას?

- მართლაც ფართოდაა გავრცელებულია ეს ხალხური გადმოცემა ნათხოვარ ჭურჭელზე... და ჩვენს შემთხვევაში ქილა პატრონს ცარიელი არ უნდა დაუბრუნოთ, თორემ ამას უსიამოვნება და დანაკარგი მოჰყვება. აქ მუშაობს მიღება-დაბრუნების ერთიანი პრინციპი: „სიცარიელის“ გაცემით ადამიანი იმავეს, ანუ სიცარიელეს მიიღებს ცხოვრებაში. ეს კი გამოვლინდება ჯანმრთელობის გაუარესების, ურთიერთობების გაფუჭებისა თუ მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვით. ნეგატიური სიმბოლიზმებისგან რომ თავი დაიხსნათ, უბრალოდ, ქილაში ჩააწყვეთ ვაშლი ან რამდენიმე კანფეტი - და თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება მეტი სასიამოვნო მომენტი.

- ზოგჯერ ცარიელი ქილა უმიზეზოდ სკდება და ნამსხვრევებად იქცევა...

- თუ ცარიელი ქილა მოულოდნელად გასკდა - ოჯახში კონფლიქტია მოსალოდნელი. სიტუაცია მომწიფდა, ემოციები დაგროვდა და ვიღაცას საცაა, მოთმინების ძაფი გაუწყდება. თუმცა ეს მინიშნება მთლად ნეგატიურადაც არ შეიძლება აღიქვათ. ჩხუბისა და კამათის შედეგად ზედაპირზე ამოვა დაფარული ნიუანსები და მომენტები, განცდები თუ მოქმედებები, რაც ერთგვარი შვება იქნება თითოეული მათგანისთვის. ამ დროს ყველაზე მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მშვიდად შეისწავლოთ სიტუაცია, კარგად გააანალიზოთ მიღებული ინფორმაციები. როცა ქილა თავისთავად ტყდება, ის ადგილს სიახლისთვის ათავისუფლებს და უმეტესად - ბევრად მნიშვნელოვანისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი