ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ცვლილებების მოტანა შეუძლია თმის შეჭრას ჩვენს ცხოვრებაში

№29

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 30.07, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

საერთოდ ხშირია და ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავადაც მოქცეულხართ ასე: როცა თმა ცხოვრების შეცვლის მიზნით შეგიჭრიათ. ასეთი ხუმრობაცაა: როცა გოგონა შეყვარებულს შორდება, „კარეს“ იჭრისო. მართალია, უკვე მოძველდა, მაგრამ ყველა ხუმრობაში რომ სიმართლის მარცვალია, ეგეც გეცოდინებათ. ჰოდა, რა უდევს ამ ტრადიციას საფუძვლად, რა ენერგიასა და მაგიურ ძალას ატარებს თმა, ასე მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა რომ შეუძლია ჩვენზე, ან რა უნდა გავითვალისწინოთ თმის შეჭრასა თუ დავარცხნასთან დაკავშირებით, აგვიხსნის ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი დ.

- ალბათ, გაგახსენდათ არაერთი ცნობილი სახე ჩვენთან, თუ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი შოუბიზნესისა და კინოს სამყაროდან, განქორწინების შემდეგ თმის სიგრძესაც რომ იცვლის და ვარცხნილობასაც. ამის მერე კი საქმე უკეთესად მისდის. ასევეა ჩვეულებრივ მოკვდავთა შორისაც. თუმცა მიზეზს ასეთი ცვლილებისთვის ყველა თავად ირჩევს.

- რაიმე მაგიური საფუძველი აქვს ამ პროცესს?

- ბევრ კულტურაში თმას განსაზღვრული ძალა აქვს. მაგალითად, ბერძნული მითოლოგიის გმირმა - სამსონმა მთელი ძალა დაკარგა, როცა ცოლმა თმა შეაჭრა. ზოგ ქვეყნებში მოჭრილ ან ჩამოვარდნილ კულულებს საგულდაგულოდ აგროვებდნენ, რათა მასზე ვინმეს ჯადო არ გაეკეთებინა. არის კიდევ ასეთი მინიშნება: ჩიტი ვისი თმითაც ბუდეს აიშენებს, ის ადამიანი მთელ ცხოვრებას ჭაპანწყვეტაში გაატარებსო. ლეგენდებსა და მითებში ადამიანის ორგანიზმის ყოველ ნაწილს თავისი ენერგია აქვს მინიჭებული და გამონაკლისი არც თმაა. ის როგორც ღრუბელი გარემომცველი ბიოველიდან მთელ ჭუჭყს ისრუტავს. ამიტომ, ბევრი ვარცხნილობას ახალი წლის წინ იცვლის, რათა ახალ, სუფთა დროში პრობლემების ტვირთი თან არ გადაჰყვეს. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების გარდამტეხ მომენტებზეც, როგორიცაა: შეცვლა სამსახურის, პარტნიორის ან საცხოვრებელი ადგილის. ისტორიულად კი გვირგვინის ნაწნავში ჩაწვნა ახალგაზრდობის, სილამაზის სიმბოლოა. გათხოვების შემდეგ კი ქალებს თმა უნდა დაემალათ ან ერთად შეეკრათ „კუდში“. მუსლიმურ ქვეყნებში პირველი მენსტრუაციის შემდეგ გოგონამ თავსაფარი უნდა ატაროს.

- გამიგია, ადამიანი რომ დაიბადება, წლამდე თმის შეჭრა არ შეიძლებაო, ეს რას უკავშირდება?

- ძველსა და ახალ თაობაში დღემდე გაცხარებული ომია სწორედ მაგის თაობაზე: შევაჭრათ თუ არა ერთ წლამდე ბავშვს თმა. ადრე ჩვენთან ჩვილისთვის წლამდე თმის შეჭრის აკრძალვა მართლაც შეუბღალავი ტრადიცია იყო, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ეს სამ წლამდე იკრძალებოდა. მიაჩნდათ, რომ ამ ტრადიციის დარღვევა დედა-შვილს შორის კავშირს გაწყვეტდა. სხვა მინიშნებების მიხედვით კი, თმასთან ერთად ბავშვს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წლებიც უმოკლდება. მართალია, ხალხური გადმოცემები და მინიშნებები დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური მომენტები მაინც რჩება: ვიღაც ფოტოებს წვავს, სხვა ქალაქში მიემგზავრება, ზოგი კი უბრალოდ, თმას იჭრის. ამ სახით ადამიანები თავის პრობლემებს, შეცდომებსა და მთელ წარსულს ერთ მომენტში ტოვებენ. ეს მთიდან დიდი ლოდის დაგორებას ჰგავს, რის შემდეგაც შეგიძლია, სვლა ამ უსაშველო სიმძიმის გარეშე განაგრძო. ყველაზე ხშირად ასე იქცევიან ქალები, რადგან გადაწყვეტილების მიღება რაიმეს შეცვლაზე ძალიან უჭირთ. ამიტომ, ისეთი სარისკო ნაბიჯი, როგორიც ვარცხნილობის შეცვლაა, ქალს უკან დახევის საშუალებას არ აძლევს.

- მაშ, როდის და რა წესების დაცვით უნდა შევიჭრათ თმა?

- მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, სწორედ ეს დრო უნდა გამოიყენოთ თმის შესაკვეცად და ვარცხნილობის შესაცვლელად. ახალი კვირის დასაწყისი იქნება სწორედ ახალი ცხოვრების დასაწყისიც. თუ ორშაბათს სავსემთვარეობაც დაემთხვა, მაშინ სასიკეთო ცვლილებები ახლო მომავალში დადგება. რაც შეეხება აკრძალვებს, არ შეიძლება თმის წყალში გადაგდება. ტენს ადამიანისგან მთელი ენერგია მიაქვს. ვინც არ დაიჯერებს და ისევ გააგრძელებს თმის უნიტაზში ჩარეცხვას, შეიძლება ცხოვრებაც გაინადგუროს და ზედ საჩუქრად, სიმელოტეც მიიღოს. თმის ხარისხს კი, როგორც მინიშნება გვირჩევს, გაზაფხულის პირველი წვიმა აუმჯობესებს. ხოლო, თუ არ გინდათ, რომ ბედი შეგეკვეცოთ, კარმული დაცვა დაკარგოთ და თვით ბიოველიც კი შეგეცვალოთ, არასდროს შეიჭრათ თმა თავად. ვინც ამ წესს ჯიუტად არღვევს, უსიამოვნებების მთელი ჯაჭვი ელის, რის გაწყვეტაც ძალიან გაუძნელდება. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და თმის შეჭრა აუცილებლად თავად გიწევთ, კარგ ხასიათზე მაინც გააკეთეთ ეს. აუცილებლად პოზიტიურზე, ნათელსა და კეთილზე უნდა იფიქროთ ასევე, თმის დავარცხნისასაც. თან, შეგიძლიათ, ხმამაღლა ან ჩურჩულით ყველაზე სანუკვარი სურვილიც ჩაუთქვათ. დავარცხნას თუ დიდხანს გააგრძელებთ, სიცოცხლის ძალა და დადებითი ენერგია მოგემატებათ. როცა დედა თავის გოგონას თმას ვარცხნის - ამით მას სილამაზესა და ძლიერ ენერგიას გადასცემს. თუმცა თმა ღამით ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, შესაბამისად, მზის ჩასვლის შემდეგ აღარ დაივარცხნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი