ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სიგნალებით ცდილობს გარდაცვლილი საყვარელი ადამიანი ჩვენთან დაკავშირებას

№6

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.02, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

აქვს თუ არა მიცვალებულ ახლობელს კავშირი ჩვენთან? - აქვს, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ. მაშ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის ჩვენ გვერდითაა? საყვარელი ადამიანის დაკარგვა ხომ ამოუვსებელ სიცარიელეს ტოვებს, თუმცა გვერდში რომ არ გიდგას, ეს არ ნიშნავს, მასთან ურთიერთობა შეუძლებელია. მხოლოდ უნდა ამოვიცნოთ ის ნიშნები, რის შესახებაც ეზოთერიკოსი ბატონი ოთარ ლ. გვიამბობს, თან აგვიხსნის, თუ მათი საშუალებით როგორ ცდილობს გარდაცვლილი ახლობელი ჩვენთან დაკავშირებას. 

- მიცვალებული ახლობლისგან მინიშნებებს ვიღებთ, რაც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად ჩამოვაყალიბოთ და უპირველესად, რა თქმა უნდა, სიზმრით დავიწყებთ. მართალია, გარდაცვლილი ახლობლის დასიზმრება დიდი ტკივილია, თუმცა ამით ის გვამცნობს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ასეთ სიზმრებს „სულის გამოცხადებად“ მიიჩნევენ, სადაც ის თქვენ წინაშე სინათლით მოცული წარდგება და შეიძლება, ისიც გთხოვოთ, მისი დანაბარები სხვასაც გადასცეთ, რომ იმქვეყნად ყველაფერი კარგადაა. შემდეგია გრძნობა იმისა, რომ ის აქ არის - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც შეიძლება ატმოსფეროს შეცვლით გამოიხატოს, რომ ვიღაც გიყურებთ ან თქვენ გვერდით ზის. თქვენც მშვიდდებით, რადგან გრძნობთ, რომ ახლობლები ოთახში შემოვიდნენ - ისე თითქოს ცოცხლები იყვნენ. სულს სხეული არ აქვს, მაგრამ მისი იქ ყოფნა რეალურად აღიქმება. უფრო რეალურია აღქმა შეხების შეგრძნებისას - რაც ასევე ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის გარდაცვალებიდან მალევე. ზოგჯერ, როცა მარტო ხარ, გრძნობ, რომ ვიღაც გეხება ზურგზე, ხელზე, გეხუტება. ეს მისი (გარდაცვლილის) საყვარელი ხერხია, გაგრძნობინოს, რომ ჯერ კიდევ აქაა.
- ამბობენ, სუნიც შეიძლება შეიგრძნოო...
- სუნი, რომელიც საყვარელი ადამიანის სურნელს გაგონებთ. თუ ხშირად შეიგრძნობთ არარსებულ არომატებს, შეიძლება გულთმისანი ხართ. ეს გარდაცვლილის სულთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა. ახლობლის აქ ყოფნაზე ხშირად ისეთი არომატები მიუთითებს, როგორიცაა: სიგარეტის კვამლის, სუნამოს, ყვავილებისა და საჭმლისაც კი. სურნელი წასულ ადამიანთან ასოცირდება. ამ ხერხით ის გაგრძნობინებთ, რომ თქვენთანაა. ასევეა მისი ხმაც, როცა ჩაგესმით - ესე იგი, თქვენთან კავშირს ცდილობს. როცა მარტო ხართ, ხმა შეიძლება წარმოიშვას თქვენს თავში, ან - ოთახში გაისმას. უმეტესობას ის თავში ესმის, რა შემთხვევაშიც დიალოგის გამართვაც შეგიძლიათ მასთან. დაელაპარაკეთ, შემდეგ კი დაელოდეთ და კითხვაზე პასუხსაც მიიღებთ. შეიძლება სახლში უცნაური ელექტროაქტიურობაც შენიშნოთ - ახლობლის სიკვდილის შემდეგ, შეიძლება სახლში ელექტრული მოწყობილობები წყობიდან გამოვიდეს, რაც ასევე დაკავშირების სიგნალია გარდაცვლილისგან - არხების უეცარი გადართვით დაწყებული, სათამაშოებისა თუ ნათურის ჩართვა-გამორთვით დამთავრებული. ეს გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია რადიო-ტელევიზიით რომელიმე შოუს ყურებისას. ელექტრული მოწყობილობებით ადვილია სხვადასხვა სიგნალის გადაცემა. ასე რომ, თუ გარდაცვლილი ახლობლის ხმა არ გესმით და არც გესიზმრებათ, მაგრამ სახლში ელექტრული მოწყობილობები „უცნაურად იქცევიან“, დამშვიდდით, ესე იგი, ის ჯერ კიდევ თქვენ გვერდითაა.
- იდუმალი სატელეფონო ზარებიც ხშირია?
- ბევრი ამბობს, რომ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდის უცნობი ან გამორთული ნომრებიდან. ზარს პასუხობთ, იქიდან კი სტატიკური ელექტრობის ხმა ისმის ან - სრული სიჩუმე. ტელეფონი - ეს ელექტრული მოწყობილობაა, რომლითაც მანიპულირება გარდაცვლილს იოლად შეუძლია და ეს ზარი რაღაც მნიშვნელოვანი გზავნილია თქვენთვის. არც თქვენ გაუკეთებთ იგნორირებას მას, რაც ნიშნავს, რომ გზავნილი შეამჩნიეთ. ცხადია, სულთან დიალოგს ვერ გააბამთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ მას ახსოვხართ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. არ შეგეშინდეთ და როცა შემდეგ ისევ დარეკავენ უცნობი ნომრიდან, უპასუხეთ. ეს ნიშნები საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ხშირად და ბევრი გამოგზავნოს, რათა დარწმუნდეთ, რომ მისგან იღებთ. მინიშნებები თქვენამდე სხვადასხვანაირად მოვა, რადგან უნივერსალური ინსტრუქციები და წესები არ არსებობს. ყველა ინდივიდუალურია და ის, რაც მუშაობს ერთთან, სხვისთვის არაფერს წარმოადგენს. ამიტომ, ცნობიერება კონტაქტისთვის გახსენით და დააკვირდით სამყაროს თქვენ ირგვლივ და საერთოდ - ყველაფერს, რაც კი უჩვეულოდ მოგეჩვენებათ.
- თვითნებურად მოძრავ ობიექტებზე რას გვეტყვით?
- როცა პრობლემები გაქვთ ტელეფონის ან გასაღების ძებნისას... ან გეჩვენებათ, რომ სახლში ზოგიერთი ობიექტი თვითნებურად გადაადგილდება... გაგიგიათ დიდი ხმაური მეზობელი ოთახიდან? ყოფილა, როცა, თქვენთვის და გარდაცვლილი ახლობლისთვის მნიშვნელოვანი რამ უცნაურ ადგილას აღმოგიჩენიათ, თითქოს იქ ვიღაცამ გადადოო? ეს ნიშნებია იმისა, რომ გარდაცვლილს უნდა, რაღაც გაცნობოთ. ისინი სწორედ ასე უკავშირდებიან ახლობლებს. ხმაურობენ, რადგან ჩვეულებრივმა ადამიანმა, მედიუმისგან განსხვავებით, ძნელია აღიქვას უფრო ნატიფი სიგნალი. ხმაურმა უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება, რასაც გარდაცვლილი აღწევს კიდეც... დაბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენოთ მოჩვენება. გარდაცვლილი ახლობლის მოჩვენება შეიძლება დაინახოთ, როცა არ გძინავთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ ხილული, თუნდაც არამატერიალური სხეულის გამოვლენას კოლოსალური ენერგია სჭირდება, რაც გარდაცვლილთათვის რთული დასაგროვებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოჩვენება სხვადასხვა ფორმისაა. ზოგი ხედავს „მთლიანი სხეულის მოჩვენებას“, ანუ საყვარელი ადამიანის მთლიანი ფიზიკური ფორმა ჩანს. სხვებს მხოლოდ მოჩვენების ნაწილის, მაგალითად სახის, დანახვა შეუძლია. ზოგი კი - ჰოლოგრამის ან ფოტოს სახით ხედავს მას. გამოცხადება მხოლოდ რამდენიმეწამიანია და შემდეგ ქრება. თუ თქვენ ერთ-ერთი იმ ბედნიერთაგანი ხართ, ვინც გარდაცვლილისგან ჩამოთვლილი მინიშნებებიდან რომელიმე მაინც მიიღო, უნდა იცოდეთ, რომ მას თქვენი შეშინება არ უნდა. ეს გზავნილია იმის, რომ ის თქვენ გვერდითაა და ყველაფერი კარგად აქვს. ზოგჯერ ეს რთულ მომენტში მხარდაჭერა ან სიძნელისგან დაცვაა. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ „მისი“ რჩევა უყურადღებოდ - მას მხოლოდ სიკეთე უნდა თქვენთვის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი