ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა შემთხვევაშია მაგიდა გაღარიბების საწინდარი და რომელი ყვავილის გახარებას შემოაქვს სახლში ბედნიერება

№21

ავტორი: ნანა წერეთელი 22:30 02.06, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როგორც მოგეხსენებათ, ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში ადამიანის თითქმის ყველა ქმედებას, გამოსაყენებელ ნივთებს, არსებულ გარემოსა თუ ბუნებრივ მოვლენას აქვს წინასწარმეტყველური, მაგიური ახსნა. ძნელია, ყველაფერი დაიმახსოვრო და მიზანმიმართულად გამოიყენო ცხოვრებაში. ამიტომ, ამჯერად გადავწყვიტეთ, ჩვენს რესპონდენტთან, ეზოთერიკოს, ქალბატონ ეთერ კ-სთან ერთად, ხალხურ მინიშნებათა ისეთი ნაკრები შემოგთავაზოთ, ყოველდღიურობაშიც რომ წაგადგებათ და არც მისი შესრულებაა ძნელი. თანაც, თუ ზოგი მათგანი ნაცნობი აღმოჩნდა თქვენთვის, უმეტესი ისეთია, დღემდე რომ არაფერი გსმენიათ მის შესახებ.

- უპირველესად დავიწყოთ სიკეთის მომტანი მინიშნებებით და რა თქმა უნდა, დილიდან - გაღვიძებისთანავე წარმოთქვით 3 სიტყვა: „მადლიერი ვარ, მადლს გავცემ და მადლს ვიღებ“. აი ნახავთ, რამდენი სიკეთე იჩენს თავს თქვენს ცხოვრებაში. ბედნიერებასა და სიყვარულს მოიზიდავთ, თუ სახლში წითელ ყვავილს გაახარებთ. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხნით აპირებთ სადმე წასვლას, ვინმეს სთხოვეთ, მასზე იზრუნოს. ნუ მისცემთ ყვავილს გახმობის საშუალებას. თუ ვინმეს თქვენთან, სახლში ცხვირსახოცი ან შარფი დარჩა, ის აუცილებლად ისევ დაბრუნდება და თან, სასიხარულო ამბავსაც მოიტანს. საკუთარ დაბადების დღეს აუცილებლად ახალი ტანსაცმლით შეხვდით და ყველა უსიამოვნებასა თუ მარცხს უკან მოიტოვებთ - მთელი წელი წარმატებული იქნება თქვენთვის. თუ სიზმარში ნახეთ, რომ დაფრინავდით, ესეც წარმატების ნიშანია.

- საინტერესოა, ისეთი მინიშნებების ცოდნა, რომელიც გვაფრთხილებს, რა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ ქმედებამ...

- ასეთი მინიშნება უამრავია და უმეტესობა ეხება სახლს - აუცილებლად დაგავეთ და დაასუფთავეთ ის ღამით, რადგან ამ დროს სახლში ანგელოზები დადიან. სახლში სტვენა არ შეიძლება, რადგან ასე ბოროტ ძალებს უხმობთ. თუ ნაგავს საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიტანთ გადასაყრელად, ის პატრონსაც თან „გაიყოლებს“. თუ სახლიდან მაგიდას გამოიტანთ, აუცილებლად სუფრა გადააფარეთ, თორემ გაღარიბდებით! ჭამის დროს არ შეიძლება მაგიდაზე კოვზით ან დანით დაკაკუნება, თორემ ამას ჩხუბი მოჰყვება. სუფრის გაშლისას კოვზები ჩაღრმავებით პირქვე დაალაგეთ, თორემ ყველა თქვენს საქმეში ჩაყოფს ცხვირს. მაგიდიდან ადგომისას იმავე მხარიდან გადით, საიდანაც დაჯდომისას შეხვედით, თორემ დიასახლისი ავად გახდება. ღამით მაგიდაზე ჭურჭელი არ დატოვოთ - ბოროტი სულები გაერთობიან. თუ გასაღებს მაგიდაზე დადებთ, შეიძლება მეხსიერება დაკარგოთ, ხოლო პურს თუ კედლისკენ მოჭრილი ყუით დადებთ, ხალხი სახლის პატრონს ზურგს შეაქცევს. თუ პურს ზღურბლიდან მიაწოდებთ ვინმეს - გაღარიბდებით, ხოლო თუ იმავე ზღურბლიდან ნაგავს გადახვეტთ - იმ ნაგავს ოჯახის რომელიმე წევრიც თან გადაჰყვება. სახლში ფრინველისა და ცხოველის ფიტულს უბედურება მოაქვს.

- სარკესთან დაკავშირებით დადებითიც გამიგია და უარყოფითიც...

- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სარკესთან მიმართებაში: კუთხეში სარკე სხვა სამყაროს კარიბჭეს ხსნის. თუ სარკე საწოლის პირდაპირაა - მოსალოდნელია ავადმყოფობა, ღალატი და საქმე შეიძლება განქორწინებამდეც მივიდეს. სხვისი სარკე ძველი მეპატრონის სახლს უბედურებით ემუქრება. მაგრამ სარკე სამზარეულოში მაგიდის გვერდით ან მისაღებ ოთახში - სახლში კეთილდღეობის შემტანია. გატეხილი სარკის ნამსხვრევები მარცხენა ხელით აკრიფეთ და სუფთა ქსოვილში შეაგროვეთ, თან სამჯერ გაიმეორეთ: „სარკე გატყდა - უბედურება კი ჩვენ არ შეგვეხო!.. და შეხვეული ნატეხები სახლიდან, რაც შეიძლება, შორს გადააგდეთ. ასევე, მარილი თუ დაგებნათ - ჩხუბია მოსალოდნელი, შაქრის შემთხვევაში კი - სიკეთე. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, დაბნეული მარილი მარცხენა ხელით სამჯერ გადაყარეთ მარცხენა მხარს უკან, თან გაიმეოროთ: „არც მე, არც შენ და არც არავის!“ თუ სუფრასთან ჩაგთვლიმათ - ვიღაც თქვენს ნახვას ჩქარობს. მაგიდაზე ჩამოჯდომა გაგაღარიბებთ. თუ მაგიდასთან მეცამეტე აღმოჩნდით - უსიამოვნება გელით. დანით თამაში - ჩხუბამდე მიგიყვანთ, დანით ჭამა კი - გაბრაზებამდე. სხვისი ჭიქიდან დალევით სხვის ბედს იღებთ საკუთარ თავზე. თუ ჭამის დროს ულუფას ბოლომდე არ მიირთმევთ, ნარჩენების სახით ბოროტებას იტოვებთ. მაგრამ, თუ ჭურჭელი იმტვრევა - ელოდეთ წარმატებებს! სხვისი ჭურჭელი თუ გაქვთ სახლში, რამე მაინც მოათავსეთ შიგ, თუნდაც ფსკერზე და როცა უკან დააბრუნებთ, საქმეში მოგებას ნახავთ. ოღონდ, გატეხილ გაბზარულ ჭურჭელს ნუ შეინახავთ - უბედურებას მოგიტანთ.

- გამიგია ცრურწმენა უკუღმა ანუ ამობრუნებული ტანსაცმლის ჩაცმასთან დაკავშირებით...

- შემთხვევით თუ ვინმეს ფეხზე ფეხი დაადგით, იმ დღეს ტანსაცმელი უკუღმა უნდა ჩაიცვათ, რათა უიღბლობა თავიდან აიცილოთ. თუ პერანგი შემთხვევით უკუღმა ჩაიცვით - უსიამოვნება გელით. სხვა ნებისმიერი ტანსაცმლის უკუღმა ტარებაც, ასევე პრობლემებს შეგიქმნით იმ დღეს. ასევე, გაითვალისწინეთ, თუ ახალ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, იმ დღეს ახალ ნაცნობობას ნუ გააბათ, თორემ ტყუილსა და უნდობლობაზე იქნება აგებული; თუ ბავშვის საწოლის თავთან ხის სათამაშოს დადებთ, ყველა უბედურება მას გვერდს აუვლის; საშაქრე სახლში ყოველთვის სავსე უნდა იყოს და ცხოვრებაც ტკბილი გექნებათ; თუ ვინმესთან რაღაც პრობლემის შესახებ აპირებთ დალაპარაკებას, უმჯობესია, სერიოზული საუბარი მზარდ მთვარეზე შედგეს - ასე სიმართლეც გაირკვევა და შეთანხმებასაც შეძლებთ; ცხოვრებაში რომ ყველაფერი წესრიგში გქონდეთ, სუფრის ჭურჭელი წესისამებრ გადაანაწილეთ: კოვზები - კოვზებთან, ჩანგლები - ჩანგლებთან, დანები - დანებთან; არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები, გარდა ნათესავებისა, თორემ თქვენს ცხოვრებაში ბევრი გაუგებრობა და არეულ-დარეულობა იჩენს თავს; თუ რაიმეს ქსოვთ, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ, ან დაარღვიეთ, თორემ, თუ ახალს ძველის დაუმთავრებლად დაიწყებთ, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. დაბოლოს, თუ მერცხალმა თქვენს ჭერქვეშ დაიდო ბუდე, შინაც ბედნიერება დაისადგურებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი