ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა შემთხვევაში ხდება ადამიანი კარმის „მოვალე“ და რა ვალდებულებების შესასრულებლად მოდის ის ამქვეყნად

№22

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 11.06, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რა არის კარმული ვალი და ვინ არის კარმული მოვალე? - ამას გავარკვევთ, თუ ვისაუბრებთ სამყაროს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე: ოღონდ შევთანხმდეთ, რომ გასაგებია, რა არის კარმა და მისაღები ის, რომ ყველაფერი დღეს დაკავშირებულია წარსულ, წინა ცხოვრებაში გადატანილ ამბებზე; ხოლო ახლანდელი ყოფა გავლენას ახდენს ადამიანის შემდეგომ არსებობაზე (ან არარსებობაზე). რაც შეეხება კარმულ მოვალეს, ისაა, ვისაც კარმამ რაღაც სახის ვალი „დაადო“. თუ რისთვის და რა შემთხვევაში „ედება“ ადამიანს კარმული ვალი, როგორ უნდა ამოიცნოს, რომ „მოვალეა“ და რა უნდა მოიმოქმედოს მის „გასასტუმრებლად“, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი გივი ლ.

- კარმული ვალები, შეიძლება რამდენიმე იყოს და თავს იჩენს ორ შემთხვევაში: როცა ადამიანმა არ შეასრულა მასზე ზეციურ ძალთა მიერ დაკისრებული რაიმე ვალდებულება (რისთვისაც დაისაჯა ან შეიზღუდა იმ ცხოვრებაში); ანდა რომელიღაც ზეციური კანონი დაარღვია, რისთვისაც გარკვეული სახის სასჯელი დაიმსახურა. შეუძლებელია ყველა სიტუაციის განხილვა, რისთვისაც ადამიანი კარმულ ვალებს „იკიდებს“, მაგრამ შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ შემთხვევები, რაც ყველაზე ხშირია, თან, რთულია ამ ვალის „გადახდა“.

- რა შემთხვევებია ეს?

- უპირველესად, ეს არის ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი კარმული დანიშნულების მიმართ, დაკისრებული ამოცანების შეუსრულებლობა და მათი იგნორირება - ცნობილია, რომ აბსოლუტურად ყველა სულიერი დედამიწაზე (და ერთეულები მოდიან მხოლოდ დასვენება-ნებივრობისთვის - რაც წარსულში გაწეული შრომის დაფასებაა) გარკვეული ამოცანის შესასრულებლად მოდის. ყველას თავისი კარმა, ამოცანები, შეზღუდვები და მიზანი აქვს განსაზღვრული. ვიღაცას ნამდვილი ბედნიერება ეწვევა, ვიღაც შეიგრძნობს სიყვარულს, განიცდის ტკივილს, მარტოობას. ზოგი კი მთელ ცხოვრებას ხალხის სამსახურში ატარებს. ყველა ვალდებულია, თავისი დანიშნულების რეალიზება მოახდინოს, მაგრამ უპირველესად, მან ის უნდა გაიაზროს და მიიღოს. თუ საკუთარ მოვალეობებს გადაუხვევთ, თქვენზე დაკისრებული ამოცანები შეუსრულებელი დარჩება, რაც ვალად გადაგყვებათ შემდეგ ცხოვრებაში და ასე იქნება ყოველ ჯერზე, სანამ მას არ „გამოისყიდით“. თანაც, რა თქმა უნდა, ყოველი „გადავადების“ შემდეგ, ამოცანა უფრო და უფრო რთულდება.

- კიდევ რამ შეიძლება, „დაგვადოს“ კარმული ვალი“?

- როცა არ ხდება განვითარება და ზრდა. რა საკვირველიც არ უნდა იყოს, დასვენებისთვისაც დაისჯებით, თუ ეს თქვენი ბედისწერა არ არის. საერთოდ, ზრდა, განვითარება, თვითრეალიზება - ამქვეყნად მოვლენილი ყველა სულიერის ვალია. თვითრეალიზება ნიშნავს - გახდე უკეთესი, ისწავლო, შეიცნო სიახლე. უმიზნო ცხოვრება კი - უმაღლეს ძალთა არაფრად ჩაგდებაა: ამისთვის კი არ მიენიჭა თქვენს სულს მატერიალური სამყაროს შეცნობის შესაძლებლობა. კარმული ვალების საფუძველია ასევე, უპასუხისმგებლობა საკუთარი საქმის, ფიქრისა და საქციელისადმი - რაც შეიძლება იყოს, თუნდაც ბანალური: რთულ მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახზე ზრუნვისთვის თავის არიდება; ანდა გულგრილობა შვილებისა თუ სხვა ყოფითი საკითხებისადმი. ამაშივე შედის სხვადასხვა სახის „მანკიერი კავშირები“, შეუსრულებელი სამსახურებრივი მოვალეობა. საერთოდ, ყველა ნაკისრი ვალდებულება თქვენს კონკრეტულ ისტორიას უკავშირდება, რომლის შეცვლაც შეუძლებელია - ეს თქვენი გამოცდაა, თქვენი ჯვარი. და ის უნდა იტვირთოთ, პატიოსნად განვლოთ ცხოვრება, ღირსეულად გადაიტანოთ ყველა უსიამოვნება და სიძნელე. დაბოლოს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქმედებაზე, რაც კარმის „მოვალედ“ გაქცევთ, ეს არის: ქურდობა, მითვისება იმისა, რაც სინამდვილეში არ გეკუთვნით და საერთოდაც არ არის ის თქვენი - დაწყებული ბანალური ყოფითი ქურდობიდან უფრო მაღალ „მატერიებამდე“ - როგორიცაა მითვისება: სხვისი ქმრის, ბედის, ბედნიერებისა თუ ენერგიის. რასაც ახლა მოიპარავთ, სწორედ მის უკმარისობას იგრძნობთ შემდეგ ცხოვრებაში - იქნება ეს სიყვარული, ენერგია, დრო, ქონება, მდგომარეობა და სხვა.

- როგორ გავიგოთ, რომ ადამიანს გარკვეული კარმული ვალი აქვს?

- ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე შეიძლება სპეციალისტმა დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ გაგცეთ, თუმცა ნებისმიერსაც შეუძლია ამის გაკეთება, თუ გარკვეულ კანონზომიერებებს მიაქცევს სათანადო ყურადღებას. ასეთია სიტუაცია, როცა ადამიანი ყველანაირად ცდილობს პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ნაბიჯითაც ვერ მიიწევს წინ; ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ მაინც თან სდევს უიღბლობა და მარცხი. შემდეგია სიტუაციაა: როცა ადამიანის ცხოვრებაში დგება გრძელი და უპერსპექტივო - დროის შავი სარტყელი, რომელსაც სასიკეთო პირი არ უჩანს, ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს და დაუსრულებლად მეორდება - გეგმები იშლება, მკვეთრად იცვლება მდგომარეობა და ასეა სულ. მესამე შემთხვევაში ადამიანი გამოწურული ლიმონივითაა: რაც უნდა გააკეთოს, ყველაფრისგან იღლება და არა მხოლოდ ფიზიკურად, შინაგანადაც სრულ სიცარიელეს გრძნობს, დაცლილია ენერგიისა და ძალებისგან. დაბოლოს, მდგომარეობა, როცა ადამიანი მუდმივად კონფლიქტურ სიტუაციაში ხვდება, მის ირგვლივ ყველაფერი იშლება, იცვლება და გადააქვთ, ყველგან აგვიანებს, ვერაფერს ასწრებს და სულ „საქმის გარჩევებშია“. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ დროა, საკუთარ ვალებსა და მის „გადახდაზე“ დაფიქრდეთ. ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ და სიტუაციის გამოსწორებას შეუდგეთ. ეს ნიშანია იმისა: რომ ცვლილებების დროა, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავსა და ბედზე. ეს ყველაფერი რომ შემდეგ ცხოვრებაშიც თან არ „აიკიდოთ“, სწორედ ახლა უნდა იმუშაოთ კარგად. გასაგებია, რომ კარმული ვალი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მატერიალური, რადგან მეორე ვარიანტში ყველაფერი ნათელი და გასაგებია - გამოიმუშავე და გადაიხადე. კარმული ვალების სირთულე კი ისაა, რომ უნდა გამოიკვლიოთ მისი თავდაპირველი მიზეზი: როდის იჩინა თავი, სად უნდა ეძებოთ ან საიდან უნდა დაიწყოთ. მეორე ნაწილია დამუშავება, მოხსნა, დამთავრება და მოქმედების მექანიზმი, რაც დამოკიდებულია მიზეზებსა და თვით ვალის სახეობაზე. უნდა გამოასწოროთ თქვენი შეცდომები, შეიცვალოთ ცხოვრების სტილი, ფიქრები; უკან დააბრუნოთ ის, რაც მიითვისეთ; ითხოვოთ პატიება, მოიხადოთ ბოდიში და მიუტევოთ სხვასაც - ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი