ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა შემთხვევაში იქცევა პურის ნაჭერი ღამის კოშმარად და რატომ არ უნდა დაჭრათ ახალგამომცხვარი პური დაბინდების შემდეგ

№35

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.09, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

„პური ჩვენი არსობისა“ - ასე იყო დასაბამიდან: ადამიანი პურს ეთაყვანებოდა და მისი მთავარი საკვებიც ის გახლდათ. სადაც პურია - იქ არის სიკეთეცო, სწამდა და ამ პროდუქტს ღვთის მადლად მიიჩნევდა. ამიტომაც გაჩნდა განსაკუთრებული მოწიწება მის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში პურის შესახებ უამრავი მინიშნება და ადათ-წესი დამკვიდრდა, რომელიც გვასწავლის მისი საშუალებით, როგორ მოვიზიდოთ სახლში კეთილდღეობა და იღბალი. ხოლო, თუ რა არის ამისთვის საჭირო, თემაზე ჩვენს მკითხველს ეზოთერიკოსი, ბატონი გურამ ლ. ესაუბრება.

- საუკუნეების განმავლობაში ხალხი, განსაკუთრებით კი გლეხობა, მოწიწებით ეპყრობოდა პურს, პრინციპით: პური - ყველაფრის თავი და თავიაო. არცერთი სუფრა თუ ტრაპეზი არ ჩაივლიდა პურისა და მარილის გარეშე, ხოლო, თუ მარცვლეული კულტურის მხრივ წელიწადი მოუსავლიანი იყო, ეს მთელი ქვეყნის უბედურებას ნიშნავდა, მოსახლეობას შიმშილობა ემუქრებოდა. თუმცა დღეს ძველებური მოწიწება პურის მიმართ ნაკლებია. საკვებ პროდუქტთა ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ბევრი უკვე პურს აღარც კი ჭამს, მით უმეტეს, ვინც დიეტაზეა...

- მაგრამ მინიშნებები პურთან დაკავშირებით ხომ კვლავ ძალაშია?

- რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როცა პური ოჯახის ერთიანობის სიმბოლოა. ამიტომ უმჯობესია, გაითვალისწინოთ წინაპართა გამოცდილება და მთელი ოჯახი რომ სადილობისას მაგიდას მიუსხდება, პურის საჭრელი დანა არ გამოცვალოთ, თორემ ამას შეიძლება სახლში ჩხუბი და არეულობა მოჰყვეს. ხოლო უიღბლობა რომ არ გახდეს ოჯახის თანამგზავრი, ტრაპეზის მერე მაგიდიდან დანა და მარილი მანამ არ აიღოთ, სანამ ჯერ კიდევ პურია იქ. არ შეიძლება პურის ნამცეცების ნაგავში გადაყრა, ეს ოჯახში შიმშილსა და სიღარიბეს გამოიწვევს. თუ დაჭრისას პური ძალიან ნამცეცდება, ესეც ჩხუბის ნიშანია - შეიძლება, ამას სკანდალიც კი მოჰყვეს.

- პურის გადაგდება რომ არ შეიძლება, მგონი, ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად, რა მოჰყვება ამას?

- საერთოდ, პურს უდიერად არ უნდა მოექცე და ჭამის შემდეგ, პურის ნარჩენებიც არ უნდა გადაყარო. ჩიტებს ან სხვა შინაურ ცხოველებს დაუყარეთ. სხვაგვარად ეს საკუთარი ულუფის უპატივცემულობაა. თუ ჭამის დროს ხელიდან პურის ნაჭერი გაგივარდათ, არასასურველი სტუმარი გეწვევათ, რომელსაც გულში ცუდი განზრახვა უდევს. არ შეიძლება, თქვენი ულუფა პური შეუჭმელი დატოვოთ, თორემ ღამის კოშმარები მოსვენებას არ მოგცემთ. თუმცა ნურც სხვის დანატოვარ პურის ყუას მიეტანებით - კბილები აგტკივდებათ. ხოლო, თუ ჭამისას პურის ჯერ ერთ ნაჭერს მოაკბეჩთ ლუკმას, მერე კი - მეორეს, იცოდეთ, თქვენი რომელიღაც ახლო ნათესავი შიმშილობს. ზოგჯერ პურში ნემსიც აღმოუჩენიათ, რაც ნიშანია იმისა, რომ მოულოდნელი პრობლემები იჩენს თავს და საკმაოდ ძლიერი მტრები გაგიჩნდებიან. თუ თქვენს წილ პურს მშიერ ხალხს გაუნაწილებთ, ოჯახში ბარაქა არ გამოგელევათ. თუ პურს დაუბანელ, ჭუჭყიან ხელს მოჰკიდებთ, საჭმლის მონელების სისტემას დაიზიანებთ. სტუმარს თუ ცხელ-ცხელი შოთი პურებით შეეგებებით, ის ადამიანი ფინანსური პრობლემების გარეშე იცხოვრებს. როცა გარეთ შეღამდება ახალგამომცხვარ პურს ნუღარ დაჭრით, თორემ თქვენს ოჯახს სიღარიბეში მოუწევს ცხოვრება.

- ხშირად გამიგია, პურს უკუღმა ნუ დადებო...

- დიახ ასეა, პური ყოველთვის ყუით ზემოთ უნდა იდოს, თორემ სახლში სულ ფულის ნაკლებობა გექნებათ. ხოლო, თუ მთლიან პურს გინდათ, ყუა მოატეხოთ, ამისთვის ყველაზე ამობურცული ნაწილი მონახეთ - თქვენს სახლში ყოველთვის კეთილდღეობა რომ სუფევდეს. არ შეიძლება პურის იმ ნაჭრის შეჭმა, რომლითაც ძაღლს ან სხვა ცხოველს იტყუებდით - მძიმე ავადმყოფობას გამოიწვევს. თუ პურის უკანასკნელ ნაჭერს გოგონა აიღებს - ლამაზი ქმარი ეყოლება. ვისაც პური კანისა და ყუის ჭამა უყვარს, იღბლიანი და ბედნიერია. თეთრი პურის მოყვარული მგრძნობიარე და ფაქიზი ბუნებისაა, შავის კი - სულით ძლიერი, პრინციპული და ნებისყოფიანი.

- რაც შეეხება პურის ცხობას, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- რა თქმა უნდა, პურის ცხობასაც თავისი რიტუალები აქვს. მაგალითად, დიასახლისს თუ უნდა, რომ მისი პური კარგად გამოცხვეს, ღუმელში შედებისას რამდენჯერმე უნდა გაიმეოროს: „ამოფუვდი მაღლა, მაღლა!“. თუმცა მანამდე, ცომის საცხობ ფორმაში გადატანისას, არ შეიძლება მას დანა ან ჩანგალი მიაშველოთ, ცუდის ნიშანია - ცხოვრებაში არ გაგიმართლებთ. ეს რაც შეეხება, როცა პურს თავად აცხობთ, მაგრამ თუ სხვასთან სწორედ იმ დროს მოხვდით, როცა მასპინძელმა ის ისაა ღუმლიდან, ოხშივარადენილი, სურნელოვანი პური გამოიღო - ეს სიმდიდრის ნიშანია. თავად თქვენ კი, თუ გინდათ, რომ სტუმრის მიმართ პატივისცემა გამოხატოთ, უპირველესად, პური უნდა მიართვათ. ცხოვრებაში რომ გაგიმართლოთ და ყველაფერი კარგად წარიმართოს, ნებისმიერი სახის პური უნდა ჭამოთ. პურის კვერს კი, თუ ყველა ნათესავს უწილადებთ - არასდროს მოგშივდებათ, ყოველთვის მხიარული და გულუხვი იქნებით. დაბოლოს, პურის ნამცეცებსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინც პურს ბოლო ნამცეცამდე შეჭამს - ის აუცილებლად გამდიდრდება. გისურვებთ, წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი