ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა საფრთხეზე მიგვითითებს უმიზეზოდ აჭრაჭუნებული კარი და რა შემთხვევაში „დაგილაგებთ“ პირად ცხოვრებას კიბე

№16

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 30.04, 2021 წელი

რაზე მიგვითითებს კარის
უმიზეზო ჭრაჭუნი
დაკოპირებულია

არ არსებობს არც ერთი სახლი თუ შენობა კარის გარეშე. უმეტეს მათგანში კი ვერც კიბის გარეშე მოხვდებით - კარში შესასვლელად ჯერ კიბე უნდა აიაროთ ან ჩაიაროთ... და იცით, რატომაა ეს ასე საყურადღებო? - იმიტომ, რომ ხალხურ გადმოცემებში უამრავი ცრურწმენა თუ მინიშნება უკავშირდება სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად რომ ქცეულა. თუ რა შეიძლება გვამცნოს კარმა და კიბემ ჩვენი მომავლის შესახებ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მინიშნებამ გაამართლოს, განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი ემზარ ს.

- უძველესი დროიდან მიიჩნეოდა კარი სამყაროსთან კავშირის დამყარების საშუალებად. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ ყველაზე საინტერესო მინიშნებები მის შესახებ. უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ კარი ღია არასდროს დატოვოთ, თორემ, გარდა ქურდებისა, ამით გზააბნეულ სულებს თქვენს სახლში შემოსვლის საშუალებას აძლევთ.

- ანუ, ღია კარი ღია გულს არ ნიშნავს?

- არა. ის კი არადა, კარის ახლოსაც არ უნდა დაწვეთ - ცუდის მომასწავებელია. შესაბამისად, არასდროს გაშალოთ ლოგინი ამ ადგილას. ჩვენი წინაპრები მოგზაურსაც კი არ აწვენდნენ კართან. ძველად ასევე, მიაჩნდათ, რომ, ვინც ცოლის მოყვანას გადაწყვეტდა, კარიც მხოლოდ მას უნდა მიეჯახუნებინა. ხოლო, თუ კარმა მოულოდნელად ჭრაჭუნი დაიწყო, როცა ზუსტად იცით, რომ კარგად დაზეთეთ, ესე იგი, ოჯახის წევრებიდან რომელიმეს შორ გზაზე მოუწევს გამგზავრება. ზოგჯერ კარის ღიად დატოვებაც საჭიროა - იმ შემთხვევაში, თუ ქალს მალე მშობიარობა უწევს. წინათ სწამდათ, რომ ეს ხელს შეუწყობდა, მოლოგინება კარგად დამთავრებულიყო. მაგრამ თუ კარი ანჯამებიდან ამოვარდა, ეს ძალიან ცუდია. სახლში შეიძლება ხანძარი გაჩნდეს. თუ იცით, რომ მალე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი ან შორს გიწევთ გამგზავრება? - შეამოწმეთ, ყველა კარი და ფანჯარა კარგად არის თუ არა დაკეტილი.

- თუ კარი შემთხვევით გაიღო?

- თუ ღამით სახლში კარი შემთხვევით გაიღო, ეს გაფრთხილებაა, რომ შეიძლება მალე ოჯახში ვიღაც გარდაიცვალოს. ძველად, სანამ დასაძინებლად დაწვებოდნენ, კარს მხოლოდ ოჯახის უფროსი - ქმარი კეტავდა, მაგრამ თუ ამას ქალი გააკეთებდა, მინიშნების მიხედვით, ცოლ-ქმარი მთელ ღამეს ჩხუბში გაატარებდა. არ შეიძლება თოჯინა დასვათ შემოსასვლელი კარის პირდაპირ - საყვარელი ადამიანი გიღალატებთ. თუ ახალგაზრდა მამაკაცს უნდა, რომ რჩეულთან ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს, აუცილებელია, სანამ მის კარზე დააკაკუნებს, მარცხენა ხელით ჯერ ჩარჩოს შეეხოს. გასათხოვარ ქალს კი უნდა ეცადა, რომ კარი ზურგს უკან მხოლოდ მას დაეკეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი მამაკაცის ღალატი დატანჯავდა.

– რა კავშირი აქვს კარს ცხოველებთან?

- ბევრს ჰყავს სახლში კატა და თუ შეამჩნიეთ, რომ კარს პორჭყნა დაუწყო, ძლიერი ქარი ამოვარდება. კატები ხშირად „იბანენ“ პირს და მიიჩნევა, რომ ეს სტუმარის მოსვლას ნიშნავს. რომ გაიგოთ, როგორი სტუმარი გეწვევათ, სწორედ იმ მომენტში დასვათ კატა კართან და თუ მაშინვე მოცილდა იქაურობას, ესე იგი, სასურველი სტუმარი შემოაღებს კარს, ხოლო თუ ფისო ზღურბლზე წამოწვა, სახლში ნამდვილი მაწანწალა გეწვევათ. კარგი ამბები გარანტირებული გაქვთ, თუ ღია კარიდან სახლში მტრედი შემოფრინდა. კარის თავზე აბლაბუდა კი, შემოსავალს ნიშნავს. თუ ფანჯრიდან მერცხალი შემოფრინდა და კარიდან გაფრინდა, ოჯახიდან მიცვალებულის გასვენებაა მოსალოდნელი. ძველად ამ ჩიტზე ამბობდნენ, თავისი ფრთებით სიკვდილს დაატარებსო.

- რაც შეხება, კიბეს...

- კიბესთან დაკავშირებული მინიშნებებიც ბევრ უსიამოვნებასა და უბედურებას აგაცილებთ თავიდან. მით უმეტეს, რომ კიბით სარგებლობა უწევს ყველას. უპირველესად უნდა ითქვას, რომ კიბე აერთიანებს ორ ტერიტორიას და რაც მათ შორის არსებობს, არავის ეკუთვნის. ეს კი ნიშნავს, რომ კიბეზე შეიძლება, დასახლდეს უწმინდური სული. ამიტომ, თუ ამ სივრცეში შეყოვნდებით, შეიძლება ბნელი ძალა გააბრაზოთ და ამით, უბედურება და უსიამოვნებები შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. ამიტომაც არ ღირს საფეხურებზე დგომა და საუბრის გაბმა თუნდაც, მეგობრებთან.

- თუ საფეხურზე ფეხი დაგვიცდა?

- თუ სადარბაზოში შესასვლელი კიბის საფეხურზე დაგიცდათ ფეხი, ეს არც ისე კარგია: გზაზე, სადაც წასვლას აპირებთ, შეიძლება, უსიამოვნება მოხდეს; დასახულ გეგმებს კი ვაივაგლახით განახორციელებთ. თუ სახლის ან ოფისის კიბეზე ასვლისას ერთ-ერთ საფეხურზე დაბრკოლდით, მალე თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. მაგრამ თუ კიბიდან ჩამოვარდით, ახლო მომავალში ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება საფეხურების რაოდენობას, კიბეზე ასვლისას აუცილებლად უნდა დაითვალეთ ისინი. თუ მიღებული რიცხვი წყვილი არ აღმოჩნდა, ახლო მომავალში იღბალი გაგიღიმებთ. ხოლო, თუ საფეხურთა რაოდენობა წყვილია, მალე წვრილმან უსიამოვნებებს წააწყდებით. როგორც ხედავთ, კიბე მართლაც იმსახურებს ყურადღებას. თუ ყოველთვის მომზადებული და დაკვირვებული იქნებით, კიბით სარგებლობა დაგეხმარებათ, გაიგოთ: რა გელით მომავალში და რა სირთულეს შეიძლება, შეეჯახოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი