ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გრანდიოზული ცვლილებები ხდება სამყაროში გაზაფხულის ბუნიობისას და რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ამ დროს გამოვლენილი ჭარბი ენერგეტიკული ნაკადები

№12

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 31.03, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ამ კვირაში, 20 მარტის ღამეს გაზაფხულის ბუნიობა დგება - დღე და ღამე თანაბრდება და ამ მაგიური დღე-ღამის უდიდესი ენერგეტიკული ნაკადი შანსს გაძლევთ, ცხოვრება თქვენდა სასიკეთოდ შემოაბრუნოთ. ამ ყოველივეს ოსტარის (უძველესი ღვთაება) დღესასწაულიც ემატება, რაც კიდევ უფრო ზრდის თქვენი სურვილებისა და მიზნების განხორციელებას. ეზოთერიკოსი ქალბატონი მარიკა თ. განმარტავს, თუ რა გავლენას ახდენს ეს მოვლენები ჩვენს ბედსა და ცხოვრებაზე და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ამ ჯადოსნური 24 საათის საშუალებით ოცნებების ასრულება შევძლოთ.

- გაზაფხულის ბუნიობას, რომელიც 2023 წლის 20 მარტის ღამეს დგება და 21-ის დღეს უთანაბრდება ხანგრძლივობით, ეზოთერიკოსები „ენერგეტიკული სიმაძღრის“ პერიოდად მოიხსენიებენ. დედამიწას, ისევე როგორც ჩვენ, აქვს ცნობიერება (მართალია, ცოტათი სხვა ტიპის) და ფიზიკურთან (იგულისხმება თავად პლანეტა) ერთად, ნატიფი სხეულიც გააჩნია. დედამიწის ასტრალური სხეული საერთო ასტრალის შემადგენელი ნაწილია, ეთერული სხეული - „ეთერული ფენისა“ და ასე შემდეგ. როგორც ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ცვლილებები იწვევს ენერგეტიკულ გადაწყობას, ასევეა დედამიწის მასშტაბითაც - იცვლება საერთო ენერგეტიკული ფონი. მაგალითად, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა გარდატეხის ასაკის „ჰორმონულ ქარიშხალს“ მაგონებს.

- რა არის საჭირო, რომ ბუნების ეს სასწაული ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ?

- ამ დროს ტრადიციულად მიმდინარეობს ენერგეტიკულ სიხშირეთა გლობალური „გათანაბრების“ მსგავსი რამ - ხდება პოტენციალის გადანაწილება დედამიწის ყველა ნატიფ სხეულზე. ენერგეტიკულ გადახრებს ის თავიდან იშორებს, რაც ერთგვარი თვითგანწმენდაა პლანეტარულ დონეზე. ასეთი „გეგმური წმენდის“ ჩასატარებლად გარკვეული ძალისხმევაა საჭირო... ამიტომ, ამ დროს ენერგეტიკული ფონი ძალიან ინტენსიურია, რასაც ბევრი „გამორჩეული“ ადამიანი გრძნობს. საზოგადოებაშიც „მღელვარება“ და შფოთი იმატებს - რაც ჭარბი ენერგიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ეს დრო ხელსაყრელია მათთვის, ვინც საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის გაზრდილი ენერგეტიკული ნაკადით ისარგებლებს, სხვებს კი ქრონიკული დაავადებები და მომატებული შფოთვა დატანჯავს. უძველესი დროიდან ამ პერიოდს სწორედ აღნიშნულ მიზეზთა გამო იყენებდნენ მაგიური რიტუალებისთვის - რათა ძლიერი გარე ენერგონაკადთა გამოყენებით საკუთარი ენერგიის „გაფანტვა“ ეცადათ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ნამდვილად ვერ შეძლებს ამ მოვლენის „გახედვნასა“ და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას... უფრო სწორად, ძალიან ცოტას თუ ხელეწიფება ეს. ჩემი აზრით, მაგიური რიტუალების ნაცვლად, უმჯობესია, ამ დროს საკუთარ გეგმებსა და ჩანაფიქრებზე კონცენტრირდეთ. უპირველესად ეს საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ „ტურბულენტობას“ - ანუ მზარდ შფოთვას, რომელიც ამ დღეებში ბევრს უვითარდება. მეორე მხრივ კი, სწორედ ეს არის დრო, როცა ყველაზე მკვეთრად ჩანს შემდეგი სამი თვის განმავლობაში „მოსახდენ მოვლენათა კონტურები“... და ამ გლობალურ პროცესში შეგიძლიათ, საკუთარი მიზნები და გეგმები ჩაწეროთ... დავაზუსტებ, რომ ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეებია: თავად ბუნიობა - და ამას პლუს უახლოესი თარიღები, ანუ 19-იდან 22 მარტამდე. ამ დროს როგორც დღე და ღამეა თანაბარი, ისე წყვდიადსა და სინათლეს შორის დგება ბალანსი და თანასწორობა. წლის ბორბალი მორიგ ბრუნს აკეთებს და გაძლევთ შანსს, თქვენი ბედი საუკეთესო მხარეს მიაბრუნოთ! მზის სინათლე უფრო უხვია და ჩიტების გალობაც ისმის, ხეთა ტოტები იკვირტება და ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებს, რაც მისი შემოსვლის უტყუარი დასტურია.

- ამ დროს ემთხვევა ოსტარის დღესასწაულიც, რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ბუნიობას ემთხვევა ოსტარის დღესასწაული, რომლის სახელწოდებაც მოდის წარმართული ღვთაება ოსტარისგან. მას ანგლოსაქსურ და სხვადასხვა გერმანულ ტომებში განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ქალღმერთი ტყესა და ველებში მთვარის ბაჭიასთან ერთად დასეირნობდა და სიხარული და გაზაფხული მოჰქონდა. ოსტარის სიმბოლო ჩიტები, კურდღელი, ბუდე და კვერცხია, რაც რაღაცნაირ პარალელს ავლებს აღდგომასთან. ამ დროს კარგია საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შორის ბალანსის დაცვას ეხება. თუ დისბალანსი გაქვთ - ეს სწორედ ჰარმონიზაციისა და ყველა სფეროს მოწესრიგების დროა. ოსტარზე რეკომენდებულია საცხოვრებელი ადგილი გულმოდგინედ დაალაგოთ; გადაყაროთ ძველი, უსარგებლო ნივთები და გაურეცხავი არ დატოვოთ არც ერთი კუთხე სახლში, რათა გაზაფხულის ახალმა და ხალასმა ენერგიამ ცირკულირება შეძლოს. საცხოვრებლის დასუფთავებასთან ერთად, აუცილებელია, აზრები, სხეული და სულიც გაიწმინდოთ. ჩაიტარეთ მედიტაციები, მიიღეთ გამწმენდი მცენარეების აბაზანა. ამისთვის გამოგადგებათ: აბზინდა, ჭინჭარი, სელანდინი. ამ ნაკრებს შეგიძლიათ დაუმატოთ მარილიც, რადგან უძლიერესი საშუალებაა ნებისმიერი ნეგატივის დასაძლევად. ჩამოწერეთ ყველაფერი, რის შეცვლაც ცხოვრებაში გსურთ და არც გრანდიოზული, მასშტაბური გეგმების შედგენის შეგეშინდეთ. შემდეგ ფურცელი გეგმებით შეინახეთ და ნახავთ, რა მალე დაიწყებს ის რეალიზებას. არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი ყოველთვის მსგავსს იზიდავს და ეს პოზიტივი ყველაზე გაბედული სურვილების რეალიზებაში დაგეხმარებათ! ამ მაგიურ დროს შეგიძლიათ სურვილების სანთელიც დაამზადოთ ცვილისგან და უმჯობესია, თუ სამი სანთლის გრეხილს გაკეთებთ. ენერგიის გასააქტიურებლად ცვილს ცოტა ლიმონის ან ფორთოხლის ზეთი დაუმატეთ. სანთელი ხელებში შეათბეთ, სურვილის წარმოთქმისას მეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინეთ და სანთელი აანთეთ. გარწმუნებთ, სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ. საერთოდ, ეს დრო არა მხოლოდ ბუნების განახლების პერიოდია, არამედ მთელი ორგანიზმისაც. შეიყვარეთ საკუთარი თავი, მოიწყვეთ სილამაზის დღე, თავს უფლება მიეცით, დაისვენოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. ეს საოცარი დროა, ქალმა სილამაზის მაგიას მიმართოს, გაახალგაზრდავდეს, განიწმინდოს. გაზაფხულმა უკვე გულზე მოგვიკაკუნა და ცხოვრება ნათელი, ბედნიერი ზღაპრებით აავსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი