ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ძალა აქვს საჩუქარს, როგორც გამცემი, ისე მიმღები ადამიანისთვის

№40

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 15.10, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

მისტიკა ნივთების შესახებ, რომლის ჩუქებაც ძალასა და ენერგიას ართმევს ადამიანს, რა თქმა უნდა, საინტერესოა ბევრისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც რეგულარულად კითხულობს ჩვენს რუბრიკას და შესაბამისად, სწამს, იცავს ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში მითითებულ „რეგულაციებს“. დღეს წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც არ უნდა აჩუქოთ სხვას. თუ რა საფრთხეები მომდინარეობს თითოეული მათგანისგან და რატომ არ უნდა გააჩუქოთ ისინი, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნონა შ.

- ყველას გულწრფელად სწამს, რომ მისი საჩუქარი ადრესატს მხოლოდ დადებით ემოციებს აღუძრავს, თუმცა ყოველთვის ასე როდია. ამიტომ საჩუქრის შერჩევისას სათანადო პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ და რაც მინიშნებების მიხედვით კატეგორიულად დაუშვებელია, ნუ მიართმევთ მას ახლობელს. დაიმახსოვრეთ ნივთები, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არასდროს არ უნდა გადავიდეს ხელიდან ხელში, თორემ დასაჩუქრებულს ძალასა და ენერგეტიკას წაართმევს.

- პირველი რომელია ამ ნივთებს შორის?

- უპირველესად, ესაა თქვენთვის ძალიან ძვირფასი ნივთები - არ გააჩუქოთ ნივთი, რომელთან განშორებაც გიძნელდებათ. ასეთი ქმედება თქვენც გულნაკლულს დაგტოვებთ და არც დასაჩუქრებულს აღუძრავს დადებით ემოციებს. ამ ნივთს ძლიერი ენერგეტიკული მუხტი აქვს, ამიტომ მისი გაცემით საკუთარი თავის ნაწილსაც გასცემთ. შემდეგი „ნომინანტი“ ნივთი არაა და ის საკუთარი შრომის უსასყიდლოდ გაცემას გულისხმობს, ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქციელის შედეგმა, რომლის მიღწევაც ადვილი არ ყოფილა, უდიდესი ენერგია დაგაკარგვინათ. ამას ორი მიზეზი აქვს: უპირველესად, თქვენსა და დასაჩუქრებულს შორის წარმოიშობა ეგრეთ წოდებული კარმული ვალი და მეორე - ასეთი გულუხვობა თქვენს შრომას სამყაროს თვალში აუფასურებს. ვინც საკუთარი მძიმე შრომის შედეგს უდიერად ექცევა, სამყაროს „უცხადებს“, რომ შრომას ფასი არა აქვს და მასზე დახარჯული დროც და ძალისხმევაც, უმნიშვნელოა. ამიტომ, ვინც მიჩვეულია, თავისი შრომის შედეგი მეგობრებს მიუძღვნას, არც უნდა გაუკვირდეს, რომ მისი ამაგი არაფრად ჩააგდონ და ჩათვალონ, ასეც უნდა ყოფილიყოო.

- პირადი ნივთების გაჩუქება თუ შეიძლება?

- განსაკუთრებული სიფრთხილეა ამ დროს საჭირო. არ გააჩუქოთ მძიმე ავადმყოფის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი - ასე შეიძლება, მსხვერპლს გადაეცეს ავადმყოფობა, რომელზეც მას წარმოდგენაც კი არ ჰქონია. სახიფათოა იმ ნივთების გაჩუქებაც, დიდი ხნის განმავლობაში რომ იყო კონტაქტში სხეულთან. ამიტომ, უარი თქვით ცდუნებაზე, აჩუქოთ დაქალს ქვედა საცვლების მაქმანებიანი კომპლექტი, რომელიც უკვე აღარ გეტევათ. ეს არა მხოლოდ არაჰიგიენურია - სარისკოცაა. სანამ მოიხმარდით, საცვალი თქვენი სხეულის ენერგეტიკით გაჯერდა. როცა ის მეგობარს აჩუქეთ, ამით მას თქვენი ენერგეტიკაც გაუზიარეთ - თავად კი დაკარგეთ, ამასთანავე მეგობრის ცხოვრებაშიც კორექტივი შეიტანეთ. სახიფათოა ასევე, ფეხსაცმლის გაჩუქებაც - იღბალსა და ბედნიერებას დაკარგავთ. ამის რისკის შემცირება კი შესაძლებელია, თუ ფეხსაცმელს თასმებს მოხსნით, რადგან სწორედ ეს ელემენტებია დამუხტული ენერგეტიკულად. ისე კი, თუ კონკრეტული ფეხსაცმლის ხმარებას უკვე აღარ აპირებთ, უმჯობესია, ყველაფერი ცეცხლს მისცეთ. არ გააჩუქოთ და არც გააქირაოთ თქვენი სამკაული, განსაკუთრებით თუ ნატურალური ქვებითაა გაწყობილი - თვლები სწრაფად „ეჩვევიან“ პატრონს და სხვისთვის მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება „მოაქვთ“. ამიტომ დედიდან ქალიშვილზე ბეჭდის გადაცემის ტრადიცია დიდი ხანია, განსჯის საგნად იქცა ეზოთერიკოსებისთვის.

- ვიცი, რომ ზოგიერთი ნივთი ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა...

- დიახ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი, ანუ ოჯახის რელიკვიად ქცეული ლოგინის თეთრეულის, ლეიბის, პირსახოცების ჩუქება ყველაზე ახლობლისთვისაც კი და არც მაშინ, თუ ეს ნივთები არ დაგნანებიათ და არც რაიმე საშიშროება დაგინახავთ ამგვარ ქმედებაში. საქმე ისაა, რომ ასეთი ტექსტილი ძალიან კარგად ისრუტავს მფლობელის ენერგეტიკას და დიდხანსაც ინახავს. აქ იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ტანსაცმლის შემთხვევაში. ამ ნივთებთან ერთად საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის ნაწილსაც კარგავთ, თან არეულობა შეგაქვთ დასაჩუქრებულის ცხოვრებაში და უსაგნო პრობლემებს უქმნით. თუ აღნიშნული ნივთები აღარ გჭირდებათ, დაწვით ან დამარხეთ. განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა გაანადგუროთ ლეიბი, რადგან ის ოჯახური კერის ენერგეტიკას ინახავს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გასაჩუქებლად აკრძალულ ნივთებში სარკესაც შევიყვანთ - ის ხომ წინა მფლობელის ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ არ ღირს ვინმეს აჩუქოთ, თუნდაც ყველაზე დადებითი სურვილებით. მაქსიმალურად საშიშია ანტიკვარული სარკე, რომელსაც თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ტკივილი, მრისხანება, იმედგაცრუება „უნახავს“ და დაუმახსოვრებია. ამიტომაცაა, ყველაზე ლამაზი სარკე - მოჩუქურთმებული, უზადო ჩარჩოთი, საბოლოო ჯამში, მავნე, საბედისწერო საჩუქრად რომ იქცევა ხოლმე. ეს მინიშნება ეხება ინტერიერისა და ჯიბის სარკესაც კი. შემდეგია კეთილდღეობის ატრიბუტები: საფულე, ფულის სხვადასხვა თილისმა და ხელჩანთაც - ერთგვარი „სამალავი“, სადაც ფულს ინახავდით. ასეთ ნივთებს ძალიან კარგი „მეხსიერება“ აქვთ. მათი გაჩუქებით, რისკავთ, დაკარგოთ ფინანსური წარმატება, რომელსაც დასაჩუქრებული მიიღებს. შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნება თავსა და თმასთან დაკავშირებული ნივთები. თმის მაგიური ძალის ჯერ კიდევ წარმართობის დროს სწამდათ და დღესაც, ვისაც მსგავსი მინიშნების სჯერა, ცდილობს, მისი თმა უცხოს ხელში არ მოხვდეს. ნებისმიერი ნივთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თმასა და თავს ეხებოდა, არ უნდა გააჩუქოთ. თორემ დაკარგავთ სასიცოცხლო ძალას და დასუსტდებით. ამიტომ ქუდი, ბაფთა, თმის შესაკრავი თასმა თუ მორთულობა, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ, დაწვით. დაბოლოს, მნიშვნელოვანი ნივთები - არ შეიძლება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილი ნივთების გაჩუქება - მაგალითად, ქორწილის ან გამოსაშვები ბანკეტისთვის. ასეთი სამოსი თუ აქსესუარები მძლავრ ენერგეტიკულ მუხტს ატარებს. მათი გაცემით კი ამ ენერგიას კარგავთ, ხოლო მან, ვინც ძვირფასი საჩუქარი მიიღო, შეიძლება თქვენს ბედზე მოახდინოს გავლენა. ასე რომ, დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წესები და ყურადღებით იყავით ახლობლისთვის საჩუქრის შერჩევისას, რათა უნებურად, არც საკუთარ თავს ავნოთ და არც მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი