ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის რომელ დღეებშია აკრძალული სახლის დალაგება და რატომ არ შეიძლება ქუჩაში ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში სიარული

№25

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.07, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

თურმე, ნუ იტყვით და დალაგება-დასუფთავება, ასე მნიშვნელოვანი რომაა ყველა „ჭეშმარიტი“ დიასახლისისთვის, ყოველთვის როდია სასარგებლო. ის კი არადა, ოჯახის სიმდიდრესა და შემოსავალსაც ის განსაზღვრავს, თუ კვირის რომელ დღეებში დავალაგებთ სახლს. ამას ემატება ის უამრავი მინიშნება, რომელიც, მართალია, დალაგების გარდა, სხვა ყოფით მოვლენებსაც უკავშირდება, თუმცა ასევე, ბედნიერების შენარჩუნებისა და შემოსავლების ზრდის რეკომენდაციებია. ამიტომ, ყველაფერი კარგად რომ გქონდეთ ფინანსურადაც და ბედ-იღბლის საკითხშიც, ჯერ უნდა გაარკვიოთ, რომელ დღეებში გეკრძალებათ დალაგება და არც იმ უამრავი მინიშნების გათვალისწინება დაგავიწყდეთ, წარმატებას და ბედნიერებას რომ უზრუნველყოფს. ამ ყოველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ლ.

- დადგა ზაფხული და სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული დიასახლისები გენერალურ დალაგებას შეუდგნენ: ბერტყავენ და ამზეურებენ ნაზამთრალ ქვეშაგებსა თუ თბილ ტანსაცმელს, მტვერსასრუტით ასუფთავებენ ოთახებს, გულმოდგინედ რეცხავენ და წმენდენ იატაკიან-ჭერიანად ირგვლივ ყველაფერს. მოკლედ, ცდილობენ, ჭუჭყი და მტვერი არსად გააჭაჭანონ, მაგრამ... გაგიკვირდებათ და ხალხური გადმოცემების მიხედვით, კვირის გარკვეულ დღეებში ეს ყოვლად სასარგებლო საქმე აკრძალულიც კი ყოფილა. როგორც მინიშნებებიდან ჩანს, დალაგების საშუალებით შეიძლება ფინანსური კეთილდღეობისა და სტაბილური მატერიალური მდგომარეობის მიღწევა, რისთვისაც ის შესაფერის დროს უნდა წამოიწყოთ.

- რომელია ეს დღეები და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

- არის ისეთი დღეები, როცა, არათუ დალაგება, ტილოებსა და საწმენდ საშუალებებთან მიკარებაც კი არ შეიძლება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ დროის განმავლობაში სხვა ვერაფერი მოახდენს გავლენას თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, იმ დღეებში, როცა დალაგება აკრძალულია, უმჯობესია, სხვა, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც ასევე დაგეხმარებათ შემოსავლის მოზიდვაში. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ახლა და გეტყვით, რომ ასეთი დღე კვირაში სამია. პირველია ორშაბათი - თუ მაინცდამაინც დალაგების სურვილი გკლავთ, შეგიძლიათ, ოთახის კუთხეებში გაბმული ობობას ქსელები ჩამოშალოთ. ნებისმიერი სხვა ქმედება კი მხოლოდ ფულის შემოდინებას შეაფერხებს და დააბრკოლებს. უმჯობესია, ორშაბათს ფული არავის ასესხოთ და არც ნაღდი ფული დაითვალოთ. საბანკო ანგარიშები კი სწორედ კვირის პირველ დღეს უნდა შეამოწმოთ. ეს შემოსავლებს მოიზიდავს. შემდეგია პარასკევი და არც ამ დღეს ღირს დალაგების წამოწყება. უმჯობესია, ამ დროს სახლში სტუმრები მოიწვიოთ და მათთვის გემრიელი სადილი მოამზადოთ. ასეთი ჟესტი დამატებითი შემოსავლის საწინდარია, რაც სიმდიდრესა და შეძლებას შეგმატებთ. რაც შეეხება კვირას - თუ ამ დღეს არ დაალაგებთ, სავსებით შესაძლებელია, გამდიდრება იმ ფულით მოახერხოთ, რომელიც ოდესღაც გაასესხეთ. კვირას დასაშვებია მხოლოდ ფეხსაცმლის გაწმენდა და ტანსაცმლის დაუთოება. ასეთ შემთხვევაში დაკარგული ფული უფრო სწრაფად დაგიბრუნდებათ. ასე რომ, თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, მატერიალურ მხარეზე სანერვიულო აღარ გექნებათ - სტაბილური შემოსავალი გარანტირებულია.

- კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვა საოჯახო მინიშნებებზე რას გვეტყვით?

- ჩვენს ბედ-იღბალსა და სიყვარულში შემწე მინიშნებაც ბევრია და გათვალვისა და უბედურების თავიდან ასაცილებელიც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანზე მოგახსენებთ და თუ ყურს დაუგდებთ და მითითებებს შეასრულებთ, შეძლებთ, ბედნიერება და წარმატება თქვენი თანამგზავრი გახდეს ოჯახშიც და საერთოდ, ცხოვრებაში.

- ესეც აკრძალვებს ეხება?

- დიახ და უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება: ქუჩაში ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში სიარული - საკუთარ ბედნიერებას გათელავთ; გაბზარულ ქოთანში ოთახის მცენარის დატოვება - გაბზარული ყვავილების ქოთანი ოჯახში ჩხუბისა და სკანდალების საწინდარია; ბავშვების ფოტოების ოფიციალურ საბუთებთან ერთად შენახვა - ცუდის ნიშანია; სარკის გაწმენდის დროს გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრი - სარკე შეიძლება მკვდართა საუფლოს პორტალი გახდეს, მაგრამ თუ მაინც დაუშვით ეს შეცდომა, უბედურების თავიდან ასაცილებლად, სარკეს შავი ქსოვილი ჩამოაფარეთ და შვიდი დღის განმავლობაში კედლისკენ შებრუნებული დატოვეთ. არასდროს აიღოთ ქუჩაში დაგდებული მონეტა და არც თქვენი მოშურნისა და მტრის ხელით მოწოდებული გამოართვათ მათ - ფული ძლიერი მაგიური ინსტრუმენტია, რომელზე გაკეთებულმა ჯადომაც შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე. თუ სიზმარში ადამიანს კლავთ, აწამებთ და ტკივილს აყენებთ, ცხადში ეს სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციას ნიშნავს. რეალურად, იმ ადამიანისგან თავად გემუქრებათ საფრთხე. ამიტომ უმჯობესია, მისგან თავი შორს დაიჭიროთ. არასდროს მისცეთ პირობა მომაკვდავ ადამიანს, რადგან, თუ დანაპირებს ვერ შეასრულებთ, ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. თუ კეთილი, პატიოსანი ადამიანი ხართ, აუცილებლად უნდა ატაროთ დამცავი თილისმა - რადგან, თქვენი გული ღიაა, ესე იგი, ის ხელმისაწვდომია ბოროტებისთვისაც. თუ მუდმივად ერთი და იგივე მელოდია გესმით, ეს ნიშანია იმისა, რომ ძალიან მალე თქვენი ცხოვრება შეიცვლება. თუ გინდათ, რომ კონკრეტული ადამიანი მიიზიდოთ და ერთგვარად, თქვენზე მიჯაჭვული გახდეს, მიეცით მასაც ისეთივე სამაჯური, როგორიც თავად გაქვთ. ერთნაირ სამკაულებს შეუძლია, ორი ადამიანი ენერგეტიკულ კავშირში ამყოფოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი