ისტორია

იყო თუ არა კანონიერი მეფე დიმიტრი პირველი, მოქმედებდა თუ არა იმდროინდელი კანონის შესაბამისად და რატომ აქებდნენ მას ქრისტიანებიც და მაჰმადიანებიც

№24

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 24.06, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

მიუხედავად ოკუპაციისა და პრობლემებისა, მაინც იმედით ვუყურებთ მომავალს, გვწამს, თუ შეგვიქმნია ოქროს ხანა, კვლავ შევქმნით მას, თუ გვქონია ქართული რენესანსი, კვლავ აღორძინდება საქართველო!

მაგრამ, მტერი არ ისვენებს...

არსებობს სამშობლოსადმი ნიჰილისტურად, მეტიც, მტრულად განწყობილების განმარტება – ოიკოფობია. ცნების ავტორია აწ გარდაცვლილი, გამოჩენილი დიდი ბრიტანელი მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი (საქართველოს სამეფო კლუბის უცხოელი საპატიო წევრი). ოიკოფობია ნიშნავს საკუთარისადმი შიშს, მშობლიურისადმი სიძულვილს, სამშობლოს აუტანლობას, მშობელი ერისადმი ცინიკურ და მტრულ დამოკიდებულებას.

ამას წინათ ერთმა ვითომ ინტელექტუალმა (მე ვიტყოდი ინტელექტუალიზმის სინდრომითა) და ოიკოფობიით შეპყრობილმა, „იყვირა“ ასეთი ფრაზა: „დავით აღმაშენებლის შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი იდიოტები იყვნენ და უკანონოებიო“.

ძნელი მისახვედრი არაა, ესაა „შეტევა“ საქართველოს ოქროს ხანაზე, მის პოლიტიკურ ორგანიზატორებზე, ვინაიდან დავით აღმაშენებლის შვილი იყო დემეტრე პირველი, შვილიშვილები იყვნენ დავით მეხუთე და გიორგი მესამე, ხოლო შვილთაშვილი – თამარ მეფე. ანუ, ის ოიკოფობი გადასწვდა ჩვენს სათაყვანებელ წმიდა მეფეს, ჩვენს სიამაყეს, თამარს...

მისი ოიკოფობიური აზრებით – თუ დიდი საქართველოს მეფეები იყვნენ იდიოტები და უკანონოები, მაშ, არ გვქონია ოქროს ხანა, ხოლო თუ ოქროს ხანა არ გვქონია, მაშ, დიდი არაფერი ვყოფილვართ ქართველები... და მომავალიც არ გვექნება.

აღნიშნული გამონათქვამის მიზეზად, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ოიკოფობი გამოიყენებს რამდენიმე მოვლენას, მათგან ერთია დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ანდერძის ერთი ფრაზა და დიმიტრი პირველის წინააღმდეგ პირველი შეთქმულების შედეგი.

დავით აღმაშენებლის სიკვდილიდან ხუთიოდე წლის მერე, დიმიტრი პირველის წინააღმდეგ მომზადდა შეთქმულება. შეთქმულებს უნდოდათ მისი ნახევარძმის, 12 წლის ვახტანგის გამეფება. ამ საკითხს, აღნიშნული ოიკოფობი, ალბათ, მიაბამს მეორეს, თითქოს, დავით აღმაშენებელმა, სიცოცხლის ბოლოს, მის მიერვე თანამეფედ გამოცხადებულ დიმიტრი პირველს დაუბარა ანდერძით ნახევარძმა გაემეფებინა: „ძმაè მისი გაზარდოს და, თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ იყოს ცუატა, შემდგომად მისსა მეფე ჰყოს მამულსა ზედა“... იგულისხმება დიმიტრის უმცროსი ნახევარძმა, ყივჩაღი დედოფლისგან, ვახტანგი, მოფერებით ცვატა (ცვატა ნიშნავს პატარას, ცოტას, უმცროსს), ამგვარად, ოიკოფობი გვეტყვის, დიმიტრი პირველი არ იყო კანონიერი მეფეო.

პასუხი: ა) დავით აღმაშენებლის ანდერძში ეს წინადადება მეცნიერთა უდიდეს ნაწილს გაყალბებულად, შემდეგდროინდელ ჩამატებად მიაჩნია და ეს მართალი უნდა იყოს, ვინაიდან, დავით აღმაშანებელი ვერ დაიბარებდა ლეგიტიმიზმის დამარღეველ მოთხოვნას. ამის უფლება მეფესაც კი არ ჰქონდა. ლეგიტიმიზმის კანონი შეუცვლელი, დაურღვეველი იყო. ლეგიტიმიზმის კანონით, მეფობა დიმიტრის მერე უნდა გადასულიყო დიმიტრის ვაჟზე. თუ დიმიტრის ვაჟი არ ეყოლებოდა, მხოლოდ მაშინ გადავიდოდა ტახტის მემკვიდრეობა ვახტანგზე (ცვატაზე); ბ) ანდერძში მოფერებითი, კნინობით-ალერსობითი სახელები არ იწერება, სამართლებრივ დოკუმენტებში იწერება ოფიციალური სახელი. თუ ასეთ ჩანაწერს მართლაც გააკეთებინებდა დავით აღმაშენებელი, დააწერინებდა „ვახტანგს“ და არა „ცვატას“.

ამგვარად, დავით აღმაშენებლის ანდერძის ის წინადადება „ცვატას მეფედ გამოცხადებაზე“ ჩამატებული უნდა იყოს მერე (მით უმეტეს, აღნიშნული ანდერძი არ არის დაწერილი დავითის ხელით, დავითის კარნახით ჩაუწერიათ). ან, თუნდაც რომ იყოს დავითის მიერ დაბარებული, კანონიერი ძალა არ აქვს, შეიძლება, იყოს მხოლოდ სურვილი და კიდევ, ვახტანგი შეთქმულების დროს არ იყო სრულწლოვანი და ამგვარად, თუნდაც, კანონიერი ყოფილიყო „ის ჩანაწერი“, ვახტანგს ტახტის დაკავების უფლება არ ჰქონდა არასრულწლოვნობის გამო.

დემეტრე პირველის წინააღმდეგ პირველი შეთქმულები, როგორც ჩანს, იყვნენ მეტი ძალაუფლების მოსურნე დიდებულები და დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ მყოფი ყივჩაღების ზედა ფენის წარმომადგენლები, რომელთაც გარკვეული სამხედრო ძალაც ჰქონდათ. ალბათ, მოუნდათ „საკუთარი“, დედით ყივჩაღი მეფე ჰყოლოდათ. დავით აღმაშენებლის მეორე ცოლი, გურანდუხტი გახლდათ ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანისძის ასული. შეთქმულებს, იქნებ, მეფის მოკვლისა და მისი შვილების დახოცვის გეგმაც ჰქონდათ.

მეფემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და დაამარცხა. დამნაშავეები სიკვდილით დასაჯეს. 12 წლის ცვატას თვალები დასთხარეს (თუმცა ეს ცნობა მთლად უეჭველი არ არის). თანამედროვე თვალთახედვით, ეს ბარბაროსობაა, როგორ შეიძლება, ადამიანს, თან არასრულწლოვანს, ასეთი სასტიკი სასჯელი გამოუტანონ. რა საკვირველია, ძალიან გულსატკენი მოვლენაა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ამბავი. ცვატას ასე დასჯას ვერ გავამართლებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ პერიოდში, მთელ მსოფლიოში არსებობდა კანონი – აჯანყებულ უფლისწულებს თვალებს სთხრიდნენ, რათა მის მომხრეებს აღარ ჰქონოდათ მისი ტახტზე აყვანის სურვილი. ბრმა ადამიანის გამეფება აკრძალული იყო. ხშირად აჯანყებულ უფლისწულებს კოდავდნენ კიდეც, რათა, მათ შთამომავლობას არ შეექმნა პრობლემა მეფის შთამომავლობისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში აჯანყებულ უფლისწულებს კლავდნენ და ხოცავდნენ მათ შვილებსაც (სელჩუკები, ოსმალები და სხვები).

აშკარაა, 12 წლის, საცოდავი ცვატა მსხვერპლია, აჯანყებულების, მეფის მტრების, ანუ ქვეყნის მოღალატეთა მიზეზით.

ურთულეს ვითარებაში ჩავარდებოდა მეფე... მე, მაგალითად, მეცოდება მეფეც...

სამწუხაროდ, ასეთი იყო მაშინდელი კანონების მუხლი აჯანყებული უფლისწულების წინააღმდეგ. ყოველ ეპოქას ახასიათებდა თავისი მიდგომები, ისტორიაზე საუბრისას საკითხი ისტორიზმის ჭრილში უნდა იქნას განხილული.

დიმიტრი პირველს სხვადასხვა ეროვნების მაჰმადიანებიც აქებდნენ და სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანებიც, ვითარცა კეთილშობილ, ტოლერანტ, ადამიანთა მოყვარულ მეფეს და მესიის მახვილს უწოდებდნენ. როგორც სარდალი, გახლდათ ძალიან ნიჭიერი. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში არაერთი სამხედრო კამპანიას გაუწია მეთაურობა და საკმაოდ წარმატებითაც. ხოლო დიდგორის ბრძოლაში სარდლობდა მეორე, გვერდითა ფლანგს, რაზმს, რომელიც მოულოდნელად, საფარიდან დაესხა თავს მტერს და მის განადგურებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შემდეგ ისტორიაში, რომელსაც სხვა დროს გიამბობთ, ჩანს, ნანობდა კიდეც დიმიტრი მეფე ცვატას ამბავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი