ისტორია

ვისი მეშვეობით წაართვა ბიზანტიამ სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი ჯერ სომხებს, მერე ქართველებს და ვინ დაეპატრონა მალე იმ ქალაქს

№9

ავტორი: გია მამალაძე 21:00 14.03, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

ისტორიაში ჩაკარგული დეტალები

მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიას აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა კავკასიაში, უნდოდა, გაეუქმებინა სომხური სამეფოები და მთლიანად შეერთებინა იმპერიისთვის. აგრესიული გეგმა ჰქონდა ჩვენი სამშობლოს მიმართაც, ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას.

სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქის - ანისის ნანგრევები თურქეთის ტერიტორიაზეა, ყარსის რეგიონში. ქალაქი მიუტოვებიათ 1319 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო. ანისი იყო მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქალაქი, განსაკუთრებით სომხებისთვის და სტრატეგიულად ქართულ სახელმწიფოსაც აინტერესებდა.

ანისის ადგილას დასახლება და ციხე სომხურ წყაროებში მეხუთე საუკუნიდან მოიხსენიება. მეათე საუკუნიდან ანისი სამეფოს ცენტრი გახდა. ანისი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით, მასზე გადიოდა სავაჭრო გზები.

აშენებული იყო მდინარე არაქსის მარცხენა შესართავის – მდინარე ახურიანისა (თურქულად არფაჩაი) და მის ორ შენაკადს შორის. მდინარე ახურიანისა და მისი იმ ორი შენაკადის ხეობაში არის სამკუთხედის მსგავსი კლდოვანი ამაღლება, რომელსაც გარს უვლიან მდინარე ახურიანი და მისი შენაკადები.

ამგვარად, სამი მხრიდან მდინარესა და მისი შენაკადების ნაპირებზე არსებულ ამაღლებებზე იყო გაშენებული ქალაქი და ეს ამაღლება მტრისთვის ძნელად მისადგომს ქმნიდა ანისს. დაახლოებით ისე, თბილისში, მეტეხის ტაძართან რომ იწყება მტკვრის ხეობის მარცხენა მხარეს კლდე და მთელ ისნის უბანს მოიცავს მდინარის მხრიდან. იმიტომაც აუშენებიათ ანისი იმ ადგილას და კარგად გამაგრებულ ქალაქად ითვლებოდა. გარდა მდინარის ხეობებზე აღმართული კლდეებისა, ანისს იცავდა ძალიან სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები, გალავნები, კოშკები. ჩრდილოეთის მხრიდან, საიდანაც მდინარეები და კლდეები არ იცავდა, ქალაქს ორმაგი გალავანი ჰქონდა შემორტყმული, დამცავი კოშკებით. ანისი სომხური კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახლდათ. ანისში სომეხთა კათალიკოსიც მჯდარა. სომხები ამბობენ, ანისში 1001 ეკლესია იდგა და მისი მოსახლეობა 100 000-200 000 იყოო.

1022 წელს ანისის სამეფოში მოელოდნენ ბიზანტიის ვერაგი კეისრის, ბასილი ბულგართმმუსვრელის შეჭრას. რომელიც იმ დროს საქართველოს ებრძოდა.

კეისრის შიშით, ანისის მეფე ოვანეს-სმბატმა დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ანისის სამეფო მისი გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ოვანეს-სმბატი გარდაიცვალა 1041 წელს. ბიზანტიის ჯარი მიადგა ანისს. სომხებმა სცადეს ქალაქის შენარჩუნება. ოვენეს-სმბატის ძმისშვილმა, 16 წლის გაგიკმა, ერთგული ადამიანებისა და სომხური ჯარის დახმარებით, რომელსაც მეთაურობდა სპარაპეტი ვაჰრამ ფაჰლავუნი, მოახერხა ორგანიზება და ბიზანტიის ჯარმა ვერ აიღო ანისი.

ამბობენ, ამ ომში სომხებმა ოცი ათასი ბერძენი მოკლესო. გაგიკი მეფედ ეკურთხა. ბიზანტიელებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს ანისის აღება, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა კონსტანტინოპოლში მიიწვია გაგიკ მეფე, ვითომდა მეგობრული მოლაპარაკებების გასამართავად. ერთგული მრჩევლები სთხოვდნენ გაგიკს, არ წასულიყო ბიზანტიაში, კათალიკოსი პეტროს პირველი გეტადარძი, მეფის რეგენტი სარქის ჰაიკაზნი და სხვები კი არწმუნებდნენ, აუცილებლად უნდა წახვიდეო. გაგიკი ენდო იმპერატორს, საკუთარ კათალიკოსს, რეგენტ-მზრდელს და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს.

მაგრამ, ვერაგმა ბიზანტიელებმა სტუმრად და მოსალაპარაკებლად ჩასული სომეხთა ახალგაზრდა მეფე დაატყვევეს და აძალებდნენ, ხელი მოეწერა გადადგომისა და ანისის სამეფოს ბიზანტიისათვის გადაცემის დოკუმენტზე. გაგიკი უარზე იყო. ამ დროს გაიგო, რომ სომეხთა კათალიკოსმა, პეტროს პირველმა და პრობიზანტიურად განწყობილმა სარქისმა ქალაქ ანისის გასაღები გაუგზავნეს იმპერატორს. გაგიკს აღარ რჩებოდა ბრძოლის შანსი და გულგატეხილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს.

ანისის სამეფო გაუქმდა და ტერიტორია ბიზანტიის იმპერიას შეუერთდა. გაგიკს კომპენსაციის სახით, ერთ-ერთი ბიზანტიური თემის მმართველობა მისცეს, სარქისი ბიზანტიის ჩინოვნიკი გახდა და დიდი თანამდებობები მიიღო. კათალიკოსი პეტროს პირველი შემდეგში დიდხანს ნანობდაო, ამბობენ.

1045 წელს ბიზანტიელი დამპყრობლების მიერ გამწარებულმა სომეხმა პატრიოტებმა ანისი ჩვენს ხელმწიფეს, ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს. ბაგრატ მეფის დედა, დედოფალი მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო და ანისი, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით ეკუთვნოდა.

დედა-დედოფალმა მარიამმა და მეფე ბაგრატმა ანისი აბუსერ აბუსერიძეს ჩააბარეს. მალე ჩვენი ახალგაზრდა მეფე მიადგა აფხაზეთში ციხე-ქალაქ ანაკოფიაში გამაგრებულ ბიზანტიის გარნიზონს და ციხეს ალყა შემოარტყა. იმ დღეებში, ჩვენს ხელმწიფესთან მოვიდნენ ტფილელი ბერები, ქალაქის უხუცესები. ამირა ჯაფარი მოკვდა, სასწრაფო წამოდი და ქალაქი ჩაიბარეო. სწრაფი მარშით თბილისისკენ დაიძრა მეფე. დიდი სიხარულით მიეგებნენ ტფილისელები მეფე ბაგრატს. ასე დაიბრუნა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არაბთა ხელში ნამყოფი დედაქალაქი ქართველთა მეფემ. ტფილისში კახთა მეფე ეახლა ბაგრატ მეოთხეს და მის ყმად გამოაცხადა თავი. ფაქტობრივად, გაერთიანდა ქვეყანის დიდი ნაწილი. იყო დიდი სიხარული და მშვიდობა... მაგრამ, ბიზანტიასა და მოღალატეების წრეებში იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ ახალი, მოულოდნელი შეთქმულება.

იმ დროისათვის ლიპარიტ ბაღუაში მეფის ქვეგამხედვარად ქცეულიყო, რადგან დაკარგა გავლენა ახალგაზრდა მეფეზე და თავის ჭკუაზე ვერ ატარებდა. ბიზანტიელებთან შეკრული ლიპარიტი მიადგა ანისს. დედოფლის მიერ ანისის სამართავად და დასაცავად დატოვებული აბუსერ არტანუჯელი, ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და ბეჭისციხის პატრონი გუარამ გოდერძისძე მოტყუებით გამოიყვანა ქალაქიდან, ვითომ რაღაც საქმეზე იყო მისული და შეიპყრო.

ასე დაიკავა ანისის სამეფო ბიზანტიამ, ჯერ სომეხი, მერე ქართველი მოღალატეების დახმარებით...

ლიპარიტის უკან იდგა ბიზანტია, ბიზანტიური ფინანსები და ჯარი. ლიპარიტის ხელით ბიზანტიამ ძალიან დაასუსტა ჩვენი სამშობლო, დააკარგვინა კახეთ-ჰერეთისა და ტფილისის შემოერთების შანსი.

მაგრამ, დაახლოებით, ათ წელიწადში ჩვენს რეგიონში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები. 1064 წელს ანისი, ოცდახუთდღიანი ალყის შედეგად, დაიკავა თურქ-სელჩუკთა სულთანმა, ალფ-არსლანმა. სელჩუკებმა ანისი მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს (შადადიანებს).

ასე დაკარგა ბიზანტიამ ანისი, რომელიც ხელში ჩაუვარდათ მაჰმადიანებს.

რამდენიმე წელიწადში, 1071 წელს, სელჩუკებმა დაამარცხეს ბიზანტიის ჯარი, კეისარი ტყვედ აიყვანეს. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი მოიშალა.

ახლა ბიზანტიელების მაგიერ თურქებთან უნდა ეომათ ჩვენს წინაპრებს დამოუკიდებლობისათვის და ანისის შემოსაერთებლადაც. სომხებს კი საქართველოს იმედიღა ჰქონდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი