ისტორია

ვისი დახმარებით დაიკავეს და გაიყვეს ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე და მთელი საქართველო

№18

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 12.05, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

უდიდესი ენერგიის მქონე პიროვნებამ, სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე მეორემ, ყველაფერი გააკეთა, რომ საათაბაგო გამოეყვანა ერთიანი ქართული სივრციდან. ეკლესიურად არ გამოუვიდა, მაგრამ პოლიტიკურად შეძლო. სეპარატისტ ყვარყვარეს სიკვდილის მერე, 1498 წელს, გამთავრდა მისი ვაჟი, ქაიხოსრო პირველი. მისი სიკვდილის შემდეგ ათაბაგის ტახტისთვის ცილობა ატყდა. თუმცა, ყვარყვარე ქაიხოსროს ძემ სპარსელების მეშვეობით დაიბრუნა სამცხის მთავრობა.

იმერეთის მეფე, ბაგრატ მესამე არ ურიგდებოდა ჯაყელების სეპარატიზმს და ყვარყვარე მესამის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატმა დაამარცხა ყვარყვარე და დაატყვევა. საათაბაგო გააუქმა და იმერეთის სამეფოს შეუერთა. მისი ნაწილი – აღმოსავლეთ ლაზეთი, თავის მოკავშირე გურიელს დაუთმო, რომელიც ბრძოლაში დაეხმარა. ჯავახეთში გავლენა გაავრცელა ლუარსაბ ქართლის მეფემ.

ყვარყვარე მესამის ვეზირი იყო ოთარ შალიკაშვილი, ცნობილი მეომარი და პოლიტიკოსი. შალიკაშვილი თავისი მთავრის ერთგული გახლდათ და არა ბაგრატიონების ან საქართველოს ერთიანობის. ყვარყვარეს მოხელე-ქვეშევრდომების დიდი ნაწილიც ასე იყო განწყობილი. ყველა კუთხეს თავისი „სახელმწიფოებრიობა“ უნდოდა.

ყვარყვარეს დაპატიმრების გამო ოთარ შალიკაშვილი და ყვარყვარე ათაბაგის ვაჟი, ქაიხოსრო, ოსმალეთის ხონთქართან გაიქცნენ ჯარის სათხოვნელად, რათა „საკუთარი“ ქვეყანა ოსმალური ძალებით დაებრუნებინათ. მაშინ ოსმალთა დიდ იმპერიას მართავდა თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დამპყრობელი, სულეიმან პირველი კანუნი. სულეიმანი იყო დაუნდობელი და ვერაგი ადამიანი – რამდენიმე საკუთარი შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილები დაახოცვინა და თვითონ უყურებდა მათ მკვლელობას.

1543 წელს სამცხეში ოთარ შალიკაშვილისა და ქაიხოსრო ჯაყელის დასახმარებლად სულთნის მიერ გამოგზავნილი დიდი ჯარი შემოვიდა, რომელსაც მუსტაფა ფაშა ხელძღვანელობდა. ჯარი დიდი ზარბაზნებით იყო შეიარაღებული. ოსმალები შემოვიდნენ ზემო ქართლსა და მესხეთში.

ბაგრატ იმერეთის მეფემ დასახმარებლად მოიწვია გურიელი და ისინი ერთად შეებრძოლნენ ოსმალებს. ქარაღაქთან სასტიკად დაამარცხეს ხონთქრის ლაშქარი, ბევრი მოსრეს და გააქციეს. იქვე მოკლეს ოსმალთა სარდალი მუსტაფა ფაშა. ქართველებს ოსმალთა ჯარის ბანაკის აღჭურვილობა და თოფები დარჩათ ალაფად.

ქაიხოსრო ჯაყელი და ოთარ შალიკაშვილი ისევ სულთანთან გაიქცნენ. სულეიმან სულთანმა არზრუმისა და დიარბექირის ფაშა შეუსია საქართველოს, ურიცხვი ჯარით.

ბაგრატ მესამემ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბ პირველს, დადიანსა და გურიელს. შეკრიბა ჯარი ლუარსაბ პირველმა და წავიდა ბაგრატ მეფის დასახმარებლად. დადიანმა არ მიაშველა ჯარი გაერთიანებულ ქართველებს.

ბასიანში შემოსულიყო ოსმალთა ჯარი. ქართლელებმა მეწინავეობა ინდომეს, მაგრამ მესხებმა არ დაუთმეს – მუდამ ჩვენ ვიყავით მეწინავეები და ახლაც ჩვენ უნდა ვიყოთო. დიდხანს იკამათეს.

ბრძოლა მოხდა სოხოისტასთან. ქართლელებმა არ ისმინეს მესხების პროტესტი და მეწინავედ გადავიდნენ შეტევაზე. მესხებმა იწყინეს და ბრძოლა მიატოვეს. იმ ბრძოლაში მოკლეს გურიის მთავრის ძე, ქაიხოსრო. დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა, მაგრამ, უკეთ შეიარაღებული, თოფებითა და ზარბაზნებით აღჭურვილი, თანაც გაცილებით მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ ომი ძნელი იყო. დამარცხდა საქართველოს ჯარი. ბაგრატი იმერეთში დაბრუნდა, ლუარსაბი – ქართლში. გურიელი – გურიაში.

იმერეთის სამეფომ დაკარგა მესხეთი. შემოიჭრნენ ოსმალები და ააოხრეს სამცხე. გურიელმა დაკარგა ლაზეთი.

ოთარ შალიკაშვილმა ურჩია ოსმალებს: დაიკავეთ სიმაგრეები და ჩააყენეთ გარნიზონები მთელ სამცხეში და ეს ქვეყანა მკვიდრად თქვენი იქნებაო.

შვილებისა და შვილიშვილების მკვლელი სულეიმან კანუნის თანხმობით, მესხეთის ათაბაგად გამოცხადდა ქაიხოსრო მეორე, ყვარყვარეს ძე.

გავიდა დრო. ქაიხოსრო ათაბაგი დაემძახლა მუხრანის პატრონს, აშოთან მუხრანბატონს. ჯაყელი ათაბაგები ჯერ კიდევ ერთიანი ქართული ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევდნენ თავს და ქართველ მეფე-მთავრებსა თუ დიდებულებს უნათესავდებოდნენ. მაგრამ, იმდენი არ ესმოდათ, რომ სეპარატიზმი და ოსმალებისა თუ ირანელების მომხრეობა „საკუთარი“ სამთავროს დამოუკიდებლობის მისაღწევად, დამღუპველი იქნებოდა ყველასთვის და მათ შორის მათთვისაც.

მალე ქაიხოსრო მეორესა და ოთარ შალიკაშვილს აღარ მოეწონათ ოსმალთა დგომა მესხეთის ციხესიმაგრეებში, მათი ბატონობა და ახალ ხერხს მიმართეს თავიანთი სეპარატისტული მიზნების განსახორიელებლად – ელჩი გაგზავნეს შაჰ-თამაზთან და მისწერეს:

„ძველითაგანვე სამცხის ქვეყანა იყო სპარსეთის მეფეების საბატონო და ახლა, თუ გნებავს, გაქვს უფლება, კვლავ შენი გახდეს. დაგვეხმარე და ნუ აბატონებ ჩვენზე ოსმალებს. თქვენი იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ შენ დაგემორჩილებით, როგორც ადრე“.

ქაიხოსრო ათაბაგს, ასევე, ეწადა ჯავახეთი გამოეტაცებინა ქართლის მეფის ხელიდან.

ყაენი შაჰ-თამაზ პირველი ნიჭიერი პოლიტიკოსი და სარდალი იყო, ხონთქარივით საქართველოს დაპყრობის მოსურნე და მტერი. მან ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში და ათასობით ქართველი გადაასახლა ირანში.

შაჰ-თამაზს ძალიან გაუხარდა სამცხის მთავრისგან ასეთი წინადადება და დიდი არმიით მესხეთისკენ დაიძრა. გზად ქართლში ილაშქრა და ააოხრა. მერე ვარძია დაარბია და დაანგრია, ბერები კი დახოცა.

რა თქმა უნდა, არც სულთან სულეიმან პირველს ეძინა და ისიც დიდი ჯარით გამოემართა სამცხისკენ.

შაჰ-თამაზმა ბოლო მომენტში ვერ გაბედა სულეიმანის წინააღმდეგ გამოლაშქრება, საბაბად ოთარ შალიკაშვილის ქმედებები გამოიყენა და მისწერა შალიკაშვილს: „იცოდე, შენი საქმეების გამო, მე შენ მოუკლავს არ გაგიშვებო“. ეს წერილი რომ მიიღო ოთარ შალიკაშვილმა, სასწრაფოდ გააანალიზა, რაც ხდებოდა მის თავს და წერილი გადაუგზავნა სულეიმან ხონთქარს: „თქვენც მიწყრებით და უფრო მეტად ირანის ყაენი მიწყრება. რა ვქნა ახლა მე, მოსამართლე ღმერთი იყოს ჩვენსა და თქვენს შორისო“. დამშვიდდა სულთანი, რადგან, გაიგო, რომ შაჰ-თამაზი არ მიემართებოდა სამცხისკენ და თვითონაც უკან დაბრუნდა.

საბოლოო ჯამში, 1555 წელს ოსმალეთმა და სპარსეთმა ამასიაში დადეს ზავი და საქართველო გაიყვეს: სამცხის ნაწილი და ქართლ-კახეთი ირანს ერგო, ხოლო სამცხის მეორე ნაწილი, იმერეთი, გურია, აფხაზეთი, ოდიში და ლაზეთი – ოსმალეთს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი