ისტორია

ვის შთამომავლებად თვლიდნენ თავს ბაგრატიონები, ორბელიანები და მხარგრძელები და რატომ დაიწყო მათ შორის შუღლი

ავტორი: გია მამალაძე 15:23 17.11, 2020 წელი

ბაგრატიონები ორბელიანები
და მხარგრძელები
დაკოპირებულია

სამწუხაროდ, თამარის მეფობის დასაწყისში დიდმა საგვარეულოებმა ისარგებლეს პოლიტიკური კრიზისით და კვლავ ჩაიგდეს ხელში დიდი თანამდებობები, წაართვეს ისინი უბრალო წრიდან გამოსულ დამსახურებულ პიროვნებებს. საქართველო იქცა დიდი არისტოკრატების სახელმწიფოდ, განსხვავებით, მაგალითად, ბიზანტიისაგან. ზედა ფენაში, ქვეყნის მართვაში შეუძლებელი გახდა ნიჭიერი ადამიანის დაწინაურება, თუ დიდაზნაურული საგვარეულოს წარმომადგენელი არ იქნებოდა. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვერ ავაშენეთ იმპერია.
იმ დროს დიდებულების რამდენიმე საგვარეულო ძალიან ექიშპებოდა ერთმანეთს. ასეთი რამ ფეოდალიზმის ხანაში ყველა ქვეყანაში ხდებოდა და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ფეოდალიზმის დროს, საგვარეულოები ხშირად მტრობდნენ, ეომებოდნენ ერთმანეთს, აოხრებდნენ კონკურენტის მამულებს, მიმართავდნენ პოლიტიკურ ხრიკებს.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, დაწინაურებული საგვარეულოები საკუთარი კეთილშობილების, განსაკუთრებულობისა და სხვებზე აღმატებულობის დასამტკიცებლად სხვადასხვა ლეგენდას ავრცელებდნენ. თითქოს მათი გვარი სათავეს იღებდა რომელიმე დიდი გმირისგან თუ მეფისგან. იქმნებოდა „უცხოური წარმოშობის“, საგვარეულოს მოსულობის თეორიები, თითქოს მათი გვარი სხვა ქვეყნიდან მოვიდა და დიდებულებად დამკვიდრდა აღნიშნულ ქვეყანაში.
რამდენიმე მიზანი ჰქონდა ამას – აღმატებულიყვნენ სხვა გვარებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე და დაახლოებოდნენ მეფეებს. შესაძლოა, მომავალში მეფის დინასტიაც შეეცვალათ.
სამეფო დინასტიის შეცვლა გამორიცხული გახლდათ საქართველოში, ვინაიდან ჩვენს ხელმწიფეებს, ბაგრატიონებს, ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე გამორჩეული და აღმატებული ლეგენდა ჰქონდათ საკუთარი გვარის წარმოშობაზე. ისინი თავს თვლიდნენ ქრისტეს ნათესავებად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავისა და მართალი იოსების ძმის, კლეოპას შთამომავლებად. ამაზე უფრო გამორჩეულობა გვარისთვის შეუძლებელი იყო.
მართალია, ბაგრატიონებს ვერ გაუტოლდებოდნენ, მაგრამ, რამდენიმე ქართულ საგვარეულოს ძალიან საინტერესო წარმოშობის ლეგენდა ჰქონდა.
მაგალითად, ერთიანი საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე, დავით აღმაშენებლის დროს დაწინაურებულ ორბელების საგვარეულოს ჰქონდა ლეგენდა, თითქოს ისინი იყვნენ ჩინეთის ხელმწიფეების შთამომავლები ანუ სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები.
დავით აღმაშენებლის დროს თავი გამოიჩინა ორბეთის ციხის მფლობელმა ივანე ორბელმა, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს ხელმწიფეს. შემდეგში მისმა გასომხებულმა შთამომავალმა, სომხური ეკლესიის მიტროპოლიტმა გვიამბო ეს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ჩინეთის სამეფო ოჯახიდან ერთი უფლისწული გამოექცა თავის კონკურენტს და ქართლის მამასახლისების ხანაში მოვიდა ჩვენს ქვეყანაში. იმ დროს ქართლის მამასახლისს ომი ჰქონია სპარსეთის შაჰთან, რადგან შევიწროებული ჰყოლია შაჰს ქართველნი.
ჩინეთის მეფის შვილმა ქართლის მამასახლისს შესთავაზა, თქვენს ქვეყანაში დავსახლდებით და სპარსელებთან ბრძოლაში შეგეწევითო. ქართლის მამასახლისმა დაასახლა ისინი ჩვენს სამშობლოში და უბოძა ქართლოსის მიერ აშენებული ციხე ორბეთი, სხვა ციხეები და სოფლები და მიიღო ქვეშევრდომებად. „დაემკვიდრნენ ორბეთში და ციხისა სახელის გამო შემდგომად ხანთა მრავალთა ორბელიანი ეწოდათ, ესე იგი ორბეთელნი, რამეთუ ჩვეულება არის გვართა და გვარის-მთავართ აადგილის სახელს უწოდებენ... ამ მიზეზით გვარსა მას ორბელიანი ეწოდა, რომელსაც პირველად ჩენიულნი ეწოდათ, ესე იგი ჩინელნი“.
ივანე ორბელის მერე მისმა ვაჟმა, სუმბატმა, მერე შვილიშვილმა, ივანემ, მიიღეს ამირსპასალარის თანამდებობა. ივანეს ძმა, ლიპარიტი ჯერ ამირახორი, მერე ქართლის ერისთავი იყო. ივანეს სიძე გახდა ტახტის მემკვიდრე დემნა უფლისწული. ორბელების საგვარეულო ყველაზე გავლენიანი იყო სამეფოში. მაგრამ, 1177 წლის აჯანყების გამო, ამ გვარის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დახოცეს, გამარჯვებული გიორგი მესამის ბრძანებით. მხოლოდ ლიპარიტი გადარჩა, თავის ორ ძესთან, ელიკომთან (ელიკუმ, ელიგუმ) და ივანესთან ერთად, რადგან უცხოეთში იყვნენ წასული სამხედრო დახმარების მოსაპოვებლად. თამარის მეფობის პირველ პერიოდში ივანე დაბრუნდა საქართველოში. ელიკუმმა კი სომეხი ცოლი მოიყვანა უცხოეთში და გასომხდა. მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ლიპარიტი თამარის ბრძანებით ზაქარია და ივანე მხარგრძლებმა დააბრუნეს საქართველოს სახელმწიფოში. ივანე მხარგრძელს ის თავისი დის, თამთას ქმრად უნდოდა, მაგრამ, ლიპარიტმა სხვა მოიყვანა ცოლად.
ლაშა-გიორგიმ ლიპარიტ ორბელს უბოძა სომხური მხარის, სივნიეთის ერისთავობა. ლიპარიტელი გუმის (ელიკუმის) ძეს შეეძინა ხუთი ვაჟი, რომლებმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში: „ხოლო ჰშუნა ლიპარიტ ძენი ხუთნი: ელიკუმ, სუმბათი, ივანე, ფახრადულა და ტარსაიჭი“. ოჯახის უფროსი გახდა ელიკუმი. ორბელიანები ოცნებობდნენ ძველი დიდების აღდგენაზე საქართველოში.
ორბელების დიდების ხანაში მათ ქვეშევრდომებად, ყმებად ითვლებოდნენ, ასევე, დიდი აზნაურები, გვარად მხარგრძელები. მხარგრძელების წარმოშობაზე სხვადასხვა ვერსიაა. ერთი ფაქტია, საქართველოს სამეფო კარზე დაწინაურებისას ისინი სომხური აღმსარებლობის მიმდევრები იყვნენ. თამარ მეფის დროს მხარგრძელები მოინათლნენ მართლმადიდებლურად, ფაქტობრივად, გაქართველდნენ. მხარგრძელების რამდენიმე განშტოება არსებობდა. მათ შორის ცნობილია ფილოსოფოსი და პოეტი სარგის თმოგველი, რუსთველის სიტყვით: „ლექსი რომ უქეს“.
ნელ-ნელა გაძევებული ორბელების ადგილი დაიკავეს მხარგრძელებმა. თამარის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის ხანაში მხარგრძელთა გვარი ყველაზე გავლენიანი გახდა საქართველოში. ძნელი სათქმელია, როდის შეიქმნა მათ წარმოშობაზე განსაკუთრებული ლეგენდა. ფაქტია, რომ თამარის დროს ისინი ითვლებოდნენ სპარსეთის შაჰის, არტაქსერქსე I აქემენიდის (მეფობდა ქრისტემდე 465-424 წლებში) შთამომავლებად.
მაშასადამე, მხარგრძელებიც დიდი ხელმწიფეების შთამომავლებად აცხადებდნენ თავს.
ორივე საგვარეულო ერთმანეთს (ასევე სხვებს) განიხილავდა კონკურენტად. ორბელებს დიდების დაბრუნება უნდოდათ, მხარგრძელებს კი – დიდების შენარჩუნება საქართველოში.
როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ქიშპი ხშირი იყო საგვარეულოებს შორის. მონღოლთა დროინდელი ჩვენი მემატიანე გვიამბობს: ამბობენ, გარნისის ბრძოლაში ივანე მხარგრძელმა შურის გამო გაწირა შალვა და ივანე ახალციხელებიო (ანუ კონკურენტები).
ძნელი სათქმელია, რამდენად მართალია ეს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, მართალი იყოს. ასეა თუ ისე, გარნისში დავმარცხდით ჯალალედინთან.
შემდეგ მონღოლები შემოესივნენ საქართველოს. საქართველოს ამირსპასალარი და ათაბაგი, ავაგ ივანეს ძე მხარგრძელი კაენის ციხეში იყო შეფარებული. მონღოლები პირველად მიადგნენ ჰრაშაკის ციხეს, რომელშიც თავს აფარებდა ელიკუმ ორბელიანი. მონღოლთა წინადადებაზე იგი დანებდა. მონღოლებმა დაინდეს. შემდეგ კი საქართველოს სომხეთის ტერიტორიებზე მეგზურობა გაუწია მონღოლთა ჯარს, რის სამაგიეროდ მონღოლებმა სხვადასხვა მიწები უბოძეს, მათ შორის, ავაგის სახლის გარკვეული ტერიტორიებიც.
მის მაგალითს მიმართა ავაგ მხარგრძელმა და ისიც მივიდა და ეთაყვანა მონღოლებს.
ავაგსა და ელიკუმს შორის მტრობა დაიწყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი