ისტორია

ვინ უერთგულა მცირეწლოვან ბაგრატ მეოთხესა და ქვეყანას და ვინ იყო მეფის მთავარი დიპლომატი

№21

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 02.06, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ოკუპანტი ბიზანტიის დაუძინებელი მტერი, გიორგი პირველი გარდაიცვალა 1027 წელს. ტახტზე ავიდა 7 ან 9 წლის ბაგრატ მეოთხე. ქვეყნის მართვაში დიდი როლი ჰქონდა გიორგი მეფის ყოფილ პირველ ცოლს, დედა-დედოფალ მარიამს, ვანის ტბის ჩრდილო და აღმოსავლეთის სანაპიროების გარშემო არსებული ვასპურაკანის, ყოფილი სომხური სამეფოს ყოფილი მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულს. გაუქმებამდე ვასპურაკანის სამეფო არცთუ პატარა ყოფილა: ათი დიდი ქალაქი, ოთხი ათასი სოფელი, სამოცდათორმეტი ციხე და ას თხუთმეტი მონასტერი, მოსახლეობა კი მილიონამდე (ალბათ, გადაჭარბებულია). ბიზანტიელებმა, სიძის, გიორგი პირველის დამარცხების მერე, 1223 წელს სენექერიმ არწრუნი აიძულეს დაეთმო მათთვის თავისი სამეფო, სამაგიეროდ, მისცეს მაგისტროსობა – მაღალი საკარისკაცო ტიტული ბიზანტიის სამეფო კარზე. სამართავად გადასცეს ბიზანტიის ქალაქი სებასტია და კაპადოკიის თემი, სადაც ათწლეულებით ადრე ათასობით სომეხი გადასახლდა. ყოფილი მეფე წავიდა სებასტიაში და თან წაიყვანა 14 000 მეომარი დედაწულიანად, სულ 60 000 ადამიანი. ორი კურდღელი ერთად მოკლეს ბიზანტიელებმა – გააუქმეს ერთ-ერთი სომხური სამეფო, ტერიტორია შეიერთეს, იქაური სომხები კი იმპერიის ტერიტორიაზე გადაასახლეს და თავის სამხედრო რესურსს მიუმატეს.

იმავე 1022-1023 წლებში ანისის სომეხთა სამეფოს მეფემ, ოვანეს-სმბატმა ბიზანტიის თავდასხმის შიშით, რადგან მისი მოკავშირე და დამხმარე, საქართველოს მეფე გიორგი პირველი დამარცხდა ბიზანტიასთან, ანდერძით გადასცა იმპერატორს თავისი სამეფო. ანდერძი ძალაში შევიდა მისი გარდაცვალების შემდგომ. ასე მოექცნენ სომხური წარმომავლობის ბასილი მეორე და და მისი ძმა, კონსტანტინე მერვე თავის სისხლსა და ხორცს.

ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე მერვეს უნდოდა ბაგრატ მეფის მცირეწლოვნობით ესარგებლა და სურდა საქართველოს სამეფოც გაეუქმებინა. ბიზანტიელები აქტიურად მოქმედებდნენ, არ იშურებდნენ არც ფულს და არც ქრთამს. თან, ცდილობდნენ, დაეშინებინათ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს დიდებულების ნაწილი და შემოსევით იმუქრებოდნენ. ზოგი მოღალატე გადავიდა ბიზანტიელების მხარეს. ზოგი ქართველი აზნაური კი, იძულებული იყო, დანებებოდა მტერს, რადგან ბევრს ეგონა საქართველოს სამეფო ვერ გადარჩებაო. ტაოელი აზნაურები, ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე, მათთან ერთად არაერთი ტაოელი ციხოვანი ან უციხო აზნაური განუდგნენ მცირეწლოვან ბაგრატს, ეახლნენ კონსტანტინე მერვეს ბიზანტიაში. ციხოვანებმა თავიანთი ციხეები გადასცეს მტერს და მორჩილება გამოუცხადეს იმპერატორს.

კონსტანტინემ ჯარი გამოაგზავნა საქართველოში დიდი თანამდებობის პირის, პარაკიმანოსის ხელმძღვანელობით, უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე მის ძმას, ბასილი ბულგართმმუსვრელს ჰყავდა გიორგი პირველთან ომის დროს. პარაკიმანოსმა კიდევ ერთხელ მოაოხრა ბასილის მიერ დალაშქრული ტერიტორიები ტაო-კლარჯეთში. ჯარის ერთი ნაწილი მიადგა თრიალეთს, კლდეკარის ციხეს, რომელსაც ფლობდა ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე. შემოიკრიბა ლიპარიტმა ლაშქარი, გაამაგრა ციხე. ქართველები ციხის მისადგომებთან შეებნენ მტერს და დაამარცხეს. უკან დაიხია პარაკიმანოსმა.

ჩანჩახ ფალელმა ციხე გარყლობისა გადასცა ბერძნებს, არჯევან ჰოლოლასძემ – წეფთის ციხე, თვითონ ბიზანტიაში გადაბარგდნენ. ბიზანტიელები, ყველას, ვინც მათ გადასცემდა სამეფოს ან საერისთავოს, ანდა ციხეს, კარგად ასაჩუქრებდნენ და ბიზანტიის სხვა ტერიტორიებზე აძლევდნენ მიწებს, თანამდებობებს და ფეოდალურ პატივს. ეს დამპყრობლების ცნობილი მეთოდია, როგორც გაუკეთეს სენექერიმს.

სამაგიეროდ, მტბევარმა ეპისკოპოსმა საბამ ააშენა ციხე-სიმაგრე ტბეთის ტაძრის მახლობლად, რომელსაც უწოდა სვეტი და შეკრიბა ადგილობრივთა ლაშქარი, მათ შორის, ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა, შავშეთის აზნაურები და მცხოვრებლები. პარაკიმანოსმა მათ წინააღმდეგ გამოაგზავნა იოვანე ხარტულარი დიდი ლაშქრით და თან გამოაყოლა გურგენ კლარჯი ბაგრატიონის ძე – დემეტრე. დემეტრეს მამა, გურგენი ადრე დააპატიმრა ბაგრატ მესამემ, რადგან ქვეყნის გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა. დემეტრე ბიზანტიაში იყო გაქცეული. ბიზანტიელები, თითქოსდა დემეტრე ბაგრატიონის უფლებებს იცავდნენ, სინამდვილეში, ცდილობდნენ ქართული მოსახლეობის დაბნევასა და გადაბირებას. ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც.

საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი და სხვა მამულიშვილები ცდილობდნენ, აეხსნათ ხალხისთვის ნამდვილი ვითარება. ტბეთის სვეტიდან გამოვიდა ბაგრატ მეფის ერთგული ლაშქარი, შეებნენ მტერს და დიდი ზიანი მიაყენეს. პარაკიმანოსს ძალიან გაუჭირდა და კონსტანტინე იმპერატორმა გაიხმო საქართველოდან. ვერ მიაღწია მტერმა თავის მიზანს. იმპერატორი კონსტანტინე დაავადდა და მოკვდა 1028 წლის 15 ნოემბერს. ტახტზე ავიდა 60 წლის რომანოზ მესამე არგირი, რომელსაც კონსტანტინემ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, ცოლად შერთო თავისი ასული, 50 წლის ზოია.

პატრიარქი მელქისედეკი გაემგზავრა კონსტანტინოპოლს საქართველოსა და ბიზანტიას შორის საქმეების მოსაგვარებლად. რომანოზ იმპერატორმა დიდი პატივით მიიღო ჩვენი კათალიკოსი და დიდი საჩუქრებიც გამოატანა. ეტყობა, ჩვენი მწყემსმთავრისა და ეკლესიის გულის მოგება უნდოდათ „ერთმორწმუნე“ დამპყრობლებს.

შემდეგ დედოფალი მარიამი გაემგზავრა ბიზანტიაში ურთიერთობის დასალაგებლად. დრო იყო მოსაგები, მეფე უნდა გაზრდილიყო, დამარცხებებით მიყენებული ჭრილობები უნდა მოეშუშებინა ჩვენს სამშობლოს. დედა-დედოფალ მარიამის ვიზიტის შედეგად ბაგრატ მეოთხეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ არგირის ძმის, ბასილის ასული, ელენე გამოუგზავნეს საცოლედ. მაშინ დინასტიური ქორწინებებით გვარდებოდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, მყარდებოდა მშვიდობა.

ქართველებმა ქორწილი გადაიხადეს ბანაში. ჩვენი წინაპრები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა (ბანაკი) და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ტაო საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიას (და სხვებს) ამას ხაზგასმით უმტკიცებდა. ბანა აღარ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი (მაშინ ქუთაისი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი). მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მეტი პომპეზურობისთვის. მაგრამ, ბანას არქიტექტურასა და მდებარეობას ბერძნებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია, არქიტექტურულადაც და სტრატეგიულადაც, არ იყო სხვაზე ნაკლები.

მშვიდობა ჩამოვარდა ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის. მაგრამ, სამწუხაროდ, მცირეწლოვანი დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა. საქართველოს ისევ ელოდა ბრძოლები იმპერიასთან, ტერიტორიები იყო ოკუპირებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი