ისტორია

ვინ წაართვა სპარსელებს ქართველებით დასახლებული სატრაპიები, ვინ დანიშნა ქართლის მმართველად და როგორ მართავდა ის ქართლს

№11

ავტორი: გია მამალაძე 22:00 26.03, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდა. აქემენიდთა უზარმაზარი იმპერია განადგურდა დასავლეთიდან მოსული ბერძნულ-მაკედონური სახელმწიფოს მეფის, ალექსანდრე მაკედონელის ხელით.

შეუძლებელია მსოფლიოში მომხდარი პოლიტიკურ-ტერიტორიული გადანაწილებები, რომელიც კავკასიასთან სულ ახლოს მომდინარეობდა, არ შეხებოდა ჩვენს ქვეყანას.

სხვადასხვა ქართული წყაროსა და იმ დროს მიმდინარე ცნობილი მოვლენების მიხედვით, შეიძლება, ასეთი სურათი წარმოვიდგინოთ:

თვითონ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში (მცხეთის სამამასახლისოში) არ ულაშქრია. ასეთი ცნობა არ დასტურდება უცხოური წყაროებით. თუმცა, ქართული წყაროები გვამცნობენ, თითქოს ალექსანდრემ ილაშქრა ჩვენს სამშობლოში, აქ თავისი გავლენა გაავრცელა და წესრიგი დაამყარა. შეიძლება, ალექსანდრე მაკედონელის დროს მისი რომელიმე სარდალი შეიჭრა სპარსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ მეთვრამეტე და მეცხრამეტე სატრაპიებში, სამხრეთ ქართლში, ზემო ქართლში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ახლა თურქეთშია), სადაც იმ დროსაც ქართველები ცხოვრობდნენ და იქ გაავრცელა ალექსანდრეს ძალაუფლება. იქიდან კი მეზობელ მხარეში, ქართლში (ქართლში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში) ილაშქრა.

აღნიშნულმა სარდალმა შესაძლოა, ჯერ სამხრეთ-დასავლეთში არიან-ქართლი დაიკავა (მეთვრამეტე ან მეცხრამეტე სატრაპიაში), იქიდან ერთ-ერთი სატრაპიის მმართველი წარმოშობით ქართველი ან აღნიშნული სატრაპიის ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი იახლა თან და შემოიჭრა ქართლში, მცხეთაში. აღმოსავლეთ საქართველო, ქართლი (მცხეთის სამამასახლისო) სატრაპიების სიაში არ იყო, პირდაპირ არ ემორჩილებოდა აქემენიდებს, მაგრამ, სპარსეთის დიდი იმპერიის გავლენის სფეროში მაინც იქნებოდა.

აღნიშნულმა სარდალმა ქართლიდან გარეკა აქემენიდების დროიდან შემორჩენილი გარნიზონები, ქართულ მიწა-წყალზე დაბანაკებული დამპყრობლები, რომლებიც იდგნენ აქაურ ციხე-ქალაქებში, რომელთაც ჩვენი წყაროებით, ეწოდება „ბუნ-თურქები” „ყივჩაღები“, „ჰონები“, გაწყვიტა დამპყრობლები და ქართლში დატოვა მხოლოდ ქართველები: „დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი“.

ალექსანდრესთან ბრძოლაში დაღუპულა ქართლის მამასახლისი სამარა და მისი ძმაც.

სარდალმა, ალბათ, ალექსანდრეს (ან ალექსანდრეს ერთ-ერთი მემკვიდრე-დიადოქოსის) ბრძანებით, ქართლი სამართავად გადასცა ალექსანდრეს მიერ გათავისუფლებული სატრაპიის მმართველის ან კანონიერი, ადგილობრივი, ქართული დინასტიის წარმომადგენლის, ალექსანდრეს ვასალის, არიან ქართლის მეფის ვაჟს, რომელიც თან ახლდა – აზოს. „თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოè, ძე იარიან-ქართლისა მეფისაè, და მას მიუბოძა მცხეთა. საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრისწყალი (ენგური), და სომხითი და მთაè ცროლისაè და წარვიდა“.

არიან-ქართლი, ზემო ქართლი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სახელწიფოებრივი გაერთიანება მოიცავდა კლარჯეთს (კლარჯეთში მოიაზრება ჭანეთიც, ლაზეთიც, „ზღვისპირა კლარჯეთი“), ტაოს, სპერს, ბასიანსა და მათი სამხრეთის ტერიტორიებს, არზრუმისა და ეკლეცის ჩათვლით, დასავლეთ ევფრატის ხეობებში.

აზომ არიან-ქართლიდან აღმოსავლეთ ქართლში გადმოასახლა ელიტის გარკვეული ნაწილი და სხვა არიან-ქართველნი, სამხრეთ-დასავლეთის ქართველნი. „ხოლო ესე აზოè წარვიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წარმოიყვანა რვაè სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას“.

იმ პერიოდისთვის ქართლში და არიან-ქართლში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ქართული ტომები, რომლებიც ძველ ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ. დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, არსებ ბერი წერდა: „ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ არიან-ქართლით გამოსრულთანი, და ენაი მათი უწყით.

ალექსანდრეს ქართლის მეფედ (სატრაპად, პატრიკად, ერისთავად) დატოვებული აზოსთვის ჩაუბარებია ქართლი და შესაძლოა, ახალი სატრაპია ჩამოყალიბდა, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ან აზომ თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც და სხვა ტერიტორიებზე. „დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი“.

ამიტომ თვლის „მოქცევაè ქართლისაè“ ქართლის (ერთიანი საქართველოს) პირველ მეფედ აზოს.

„ქართლის ცხოვრებაში“ ალექსანდრე მაკედონელის დიდი იმპერიის დაშლის ამბავიცაა თავისებურად გადმოცემული და იქვე აზოს ვასალობა ალექსანდრეს ერთ-ერთი სარდლისადმი, დიადოქოსისადმი (მემკვიდრისადმი). ალექსანდრემ სიკვდილის წინ „მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.

ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი.

და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქვიან კოსტანტინეპოლი“.

აზო გახდა ვასალი ალექსანდრეს ერთ-ერთი დიადოქოსისა. თუმცა, დამოუკიდებლად ეჭირა თავი და ქვეყნის (სამხრეთ-დასავლეთ ქართლის, ეგრისის, ქართლისა და ჰერეთის) ერთიანობაზე ზრუნავდა. მაგრამ, მოქმედებდა უხეშად. იგი მკაცრი მმართველი ყოფილა და სასტიკი მეთოდებით მართავდა ქვეყანას (ან ამას აბრალებენ მისი მტრის იდეოლოგები): „იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი“. აქ ყოველ ქართველში, ალბათ, უბრალო მოქალაქეები იგულისხმება, იგი ქვეყანას, ელიტის, სამხედრო ფენის, აზონაურების, აზნაურების მეშვეობით მართავდა.

იმ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სახლეული აცხადებდა პრეტენზიას მმართველობაზე. ერთ-ერთი იყო აზოს მამის, არიან-ქართლის სახლეული ანუ აზო, მეორე იყო მცხეთის მამასახლისთა სახლეული, მამასახლის სამარას გადარჩენილი ძმისწული ფარნავაზი, მესამე – ეგრისში ქუჯის სახლეული (თვითონ ქუჯი ერისთავად იყო დადგინებული (აღიარებული) აზოს მიერ, მაგრამ, უკმაყოფილო იყო აზოს მმართველობის სტილით). აზოს მათთან ბრძოლა ჰქონია კიდეც. ამის პირველი გამოძახილი უნდა იყოს ცნობა, ალექსანდრესთან (და აზოსთან) ბრძოლაში დაიღუპნენ მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა, მომავალი მეფის, ფარნავაზის მამა. არ არის გამორიცხული, რომ აზოსა და ფარნავაზის (ასევე ქუჯის) სახლეული ნათესავები ყოფილიყვნენ, საგვარეულოს განაყოფები.

აზოს მოწინააღმდეგე სახლეულების, განაწყენებული მოსახლეობის თუ ხელისუფლების დაკარგვის შიშით დაუნგრევია ქართლის რამდენიმე ქალაქის გალავანი, აუკრძალავს ქართლის მოსახლეობისათვის იარაღის ტარება. მხოლოდ რამდენიმე ქალაქში და ციხეში ჰყავდა გარნიზონი ჩაყენებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი