ისტორია

ვინ დაუბრუნა სომეხი და ქართველი მოღალატეების მიერ ბიზანტიისთვის გადაცემული სომეხთა დედაქალაქი – ანისი საქართველოს სამეფოს

№15

ავტორი: გია მამალაძე 22:00 23.04, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1042 წელს სომეხმა მოღალატეებმა სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი – ანისი ბიზანტიელებს გადასცეს.

ბერძნებზე გამწარებულმა პატრიოტმა არმენმა დიდებულებმა საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს სთხოვეს, ანისი თავისი სამეფოსთვის მიეერთებინა. ბაგრატ მეოთხემ სომეხთა დედაქალაქი საქართველოს შემოუერთა. მოღალატე ლიპარიტ ბაღუაშის მეშვეობით ქალაქ ანისში ბიზანტიელთა ჯარი შევიდა. ლიპარიტმა და ბიზანტიელებმა დაამარცხეს ჩვენი ხელმწიფე. იგი იძულებული გახდა, ბიზანტიაში გამგზავრებულიყო, რათა კეისართან დაელაგებინა ურთიერთობა.

მალე წინა აზია-მცირე აზიაში სელჩუკები შემოიჭრნენ. ბიზანტიის გამოისობით სომხური სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობდა. ქართველთა სამეფო, ასევე ბიზანტიის გამოისობით, ძალიან დასუსტებული იყო. მაგრამ, აღმოსავლეთში მაინც მხოლოდ ჩვენი იმედი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროს. ამიტომ, ბაგრატ მეოთხე დიდი პატივით გამოისტუმრეს საქართველოში, სევასტოსის საპატიო ტიტული მიანიჭეს (ამ ტიტულს, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ აღმოსავლეთში, შემდეგ მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან ოჯახის წევრებს). მერე ჩვენი მეფის ასული ტახტის მემკვიდრეს მიათხოვეს და ჩვენს ხელმწიფეს კავკასიაში მოქმედების სრული თავისუფლება აღუთქვეს (თითქოს მათი გადასაწყვეტი იყო ისევ).

ბაგრატმა მალე დააპატიმრა მოღალატე ერისთავი ლიპარიტი, იძულებით ბერად აღკვეცა და საქართველოდან გააძევა. რა თქმა უნდა, ბიზანტიამ თვალები დახუჭა თავისი ყოფილი აგენტის, ლიპარიტის დაპატიმრებაზე.

მაგრამ, 1064 წელს ანისი აიღეს თურქ-სელჩუკებმა და მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს (შადადიანებს). ასე დაკარგა ბიზანტიის უგუნურობით ქრისტიანულმა სამყარომ ქალაქი ანისი.

შემდეგ წელს სელჩუკებმა ჩვენი ახალქალაქიც აიღეს, რადგან ქალაქს გალავანი ჯერ არ ჰქონდა აშენებული. საქართველო რომ არ ყოფილიყო დასუსტებული ბიზანტიის მიერ და სომხეთის სამეფოები რომ არ ყოფილიყო გაუქმებული, ქართველები და სომხები უფრო მეტად ორგანიზებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ სელჩუკებს.

მალე, 1071 წელს, მანასკეტის ბრძოლაში ბიზანტიის კეისარს უღალატეს, ბიზანტიის ჯარი დამარცხდა და კეისარი ტყვედ ჩაუვარდა თურქებს. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი მოიშალა. ბერძნების ჯარისკაცები უწესრიგოდ ტოვებდნენ ციხესიმაგრეებს და დასავლეთისკენ გარბოდნენ თავის გადასარჩენად.

ერთადერთი, ვინც ახლა აღმოსავლეთში შეებრძოლებოდა თურქებს, საქართველო იყო, თანაც მოკავშირის გარეშე.

ბაგრატ მეოთხე ვერ აიძულეს თურქებმა, ხარკი გადაეხადა და უსიტყვოდ დამორჩილებოდა სელჩუკებს. ამიტომ, სულთანმა დანათესავება მოსთხოვა. იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა პატარა, სუსტი „სომხური“ სახელმწიფო, ტაშირ-ძორაკეტის სამეფო, ლორე – ქვემო ქართლში, რომელსაც არანაირი ძალა არ ჰქონდა და რომლის ტერიტორიებს, როგორც ქართულ მიწებს, მალე ეწერათ ქართულ სახელმწიფოში დაბრუნება. ტაშირ-ძორაკეტის მეფის ძმას ჩვენი ხელმწიფის და ჰყავდა ცოლად. ბაგრატ მეფემ შეიპყრო „სომეხთა მეფე“, ჩამოკიდა ძელზე, აიძულა, მის ძმებს რამდენიმე ციხე დაებრუნებინათ ქართველებისთვის და საქართველოს ინტერესების გასატარებლად, თავისი დისშვილი სულთან ალფ-არსლანს მიათხოვა.

ალფ-არსლანი და ბაგრატ მეფე 1072 წელს გარდაიცვალნენ. კავკასიაში თურქული ექსპანსია გაგრძელდა.

ჩვენს ახალ ხელმწიფეს, გიორგი მეორესაც, როგორც აღმოსავლეთის მცველსა და იმედს, ისე უყურებდნენ ბიზანტიელები და დაუბრუნეს უკვე დასაკარგავად გამზადებული, მიტაცებული ციხესიმაგრეები და იმპერიის უმაღლესი ტიტული – კესაროსობა მიანიჭეს. კესაროსის ტიტული ენიჭებოდა კეისრის იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს.

გიორგი მეორემ ერთხელ კი მოახერხა განძისა და თურქების ჯარი დაამარცხა ფარცხისის ბრძოლაში, მაგრამ, საქართველოს სამხედრო რესურსი მარტო ვერ გასწვდებოდა მრავალრიცხოვანი სელჩუკების შეკავებას. მით უმეტეს, ბიზანტიასთან ათწლოვანი ომების გამო, საქართველომ ვერ მოიცალა ქვეყნის მთელი ტერიტორიების გასაერთიანებლად, მათ შორის, კახეთ-ჰერეთის, ლორე-ტაშირისა და ტფილისის შემოსაერთებლად.

დაიწყო დიდი თურქობა. გიორგი მეორემ გადასდო თავი, ეახლა სულთან მელიქ-შაჰს ისპაჰანში, იკისრა ხარკი და მცირედი შვება მოუტანა სამეფოს. მაგრამ, ესეც – დროებით.

1089 წლიდან ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა აღმოსავლეთის, უფრო სწორად, იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკაში, საქართველოს მეფის ტახტზე ავიდა დავით მეოთხე. აღმოსავლეთის ქრისტიანთა პოლიტიკოსებს მალე დახმარებაც მოუვიდათ ჯვაროსნების სახით.

დავით აღმაშენებლმა ქართული ჯარი ხელახლა შეკრიბა, გაწვრთნა, შეაიარაღა. მერე კი დაქირავებული მეომრებიც ჩამოიყვანა ჩრდილოეთიდან – ყივჩაღები. თუმცა, სახელმწიფოს, თან იმ დროს, მაინც მეტი სამხედრო რესურსი სჭირდებოდა. ჩვენი წინაპრები მთელ კავკასიას უყურებდნენ, როგორც ერთიან პოლიტიკურ სივრცეს, ერთიან სახელმწიფოში გასაერთიანებელს და კავკასიელებს კი – როგორც თავის ჯარისკაცებს.

ქართველები იმ დროს იმპერიალისტები იყვნენ, ამ სიტყვის ქრისტიანული და დადებითი გაგებით. იმპერია, ქრისტიანული იმპერია, იდეაში არის გაერთიანება, დიდი სივრცე, რომელმაც უნდა დაიცვას ქრისტიანი მოსახლეობა ბოროტებისაგან (იმ შემთხვევაში – ანტიქრისტიანი ველურებისგან, რომლებიც განადგურებით ემუქრებოდნენ ქრისტიან ხალხებს).

იმდროინდელ სომხებსაც ესმოდათ – მათი ეროვნული გადარჩენის ერთადერთი გზა ქართული სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ შესვლა იყო. სომხებს სძულდათ ჯვაროსნები, რადგან, მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა აღმოსავლეთში დააარსეს სამეფო და სამთავროები, არაკათოლიკეების მიმართ არცთუ კეთილგანწყობა გამოავლინეს. ქართველები კი ტოლერანტობით ცნობილნი იყვნენ. ჩვენი ხელმწიფე, დავით აღმაშენებელი არ აიძულებდა სომხებს სარწმუნეობის შეცვლას, არ ურბევდა ეკლესიებს, არ ჩაგრავდა, არც სარწმუნოებრივად და არც ეროვნულად. ამიტომ სომეხი დიდებულები ეწვივნენ ქართველთა მეფეს, ანისის სამეფოს გადაცემისა და ქვეშევრდომობის თხოვნით. იცოდნენ არმენებმა, ქართველები დაიცავდნენ სომხებს მტრებისგან და განადგურებისგან.

შეიჭრა დავით მეფე მაჰმადიანთაგან დაპყრობილ არმენიაში, სამ დღეში აიღო ანისი და ანისის სამეფოს ტერიტორიები.

ქალაქ ანისის საკათედრო ტაძარი მიზგითად ჰქონდათ გადაკეთებული მაჰმადიან შადადიანებს.

ანისის საკათედრო ტაძარი აშენებული ყოფილა ხუროთმოძღვარ თრდატის მიერ, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, სომეხთა მეფის ქვრივის, ბერძენი დედოფლის, კატრონიტეს ხელმძღვანელობით და თვითონაც იქვე ყოფილა დასაფლავებული. სომხები კატრონიტეს სიუნიქის (სივნიეთის) სომეხთა მეფის, ვასაკ პირველი საჰაკიანის ასულად თვლიან.

ქართველთა მეფის ბრძანებით, ხელახლა აკურთხეს ტაძარი, პანაშვიდი გადაუხადეს დედოფალს.

მივიდა ჩვენი ხელმწიფე სომეხთა დედოფლის გათავისუფლებულ საფლავთან და სამგზის ჩასძახა საფლავში კატრონიტეს: „გიხაროდენ, შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“.

ამბობენ, დედოფლის ძვლებმა სიხარულის ხმა გაიღესო საფლავიდან.

სომეხთა დედაქალაქი ანისი დაუბრუნდა ქართულ სახელმწიფოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი