ისტორია

საიდან ჰქონდა დავით აღმაშენებელს ყველა ინფორმაცია, რაც ხდებოდა ჯარში, ეკლესიასა და მთელ ქვეყანაში და რა შედეგი მოიტანა ამან

№23

ავტორი: გია მამალაძე 22:00 18.06, 2021 წელი

დავით აღმაშენებელი
დაკოპირებულია

მთავარი, რამაც განსაზღვრა დავით აღმაშენებლის წარმატება, ალბათ, ღვთის წყალობა იყო, რაც ღვთისადმი, ანუ მამულისადმი გულწრფელი და დიდი სიყვარულით იყო მიღწეული.

სწორი პოლიტიკის წარმოებისთვის, სხვა რამეებთან ერთად, აუცილებელია ინფორმაცია. თუ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, სწორი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.

ასევე საჭიროა სიფხიზლე, მუდმივი სიფხიზლე.

ხოლო, ყველაფრის საფუძველია ნიჭი, რაც ისევ ღმერთს უკავშირდება. ნიჭი საკუთარი მონაპოვარი არ არის, ის ღვთისგანაა. ნიჭს ღმერთი ბევრს ანიჭებს, მაგრამ, მონდომებულები უფრო ივითარებენ მას და იყენებენ ქვეყნის სასარგებლოდ.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მეფის შესახებ წერს:

„რომელ გონებას შეუძლია, ჩასწვდეს მის ღვთიურ სათნოებებს და სულიერ საქმეებს, ან, თუ ჩასწვდა, რომელმა ენამ შეძლოს ღირსეულად თხრობა მათ შესახებ! როგორც უფალი, ისეთი სიმართლითა და მიუკერძოებლობით მართავდა და განსჯიდა თავის სამწყსოს და ისევე, როგორც სოლომონის შესახებ გვსმენია და რასაც გვაუწყებენ მოსეს მიერნი განსჯანი და თხრობანი, მის მიერ სამართლის აღსრულებისას არსაით გადაიხრებოდა სასწორის პინა“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ ახალქართულად).

„ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესე-ოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი: ნუ მეტყვი მისთა სიჭაბუკისათა რათა-მე, რომელნი არ-ცა ღმერთმან მოიხსენნეს!“ მაშასადამე, სიჭაბუკეშიც კი არ ჰქონია სისუსტეებიო.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მეფესთან დაახლოებული ადამიანი გახლდათ, მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი. შეიძლება, ყოფილიყო ბერი, რადგან ყველა საქმეს უაღრესად მორწმუნეს თვალით უყურებს და გვიამბობს. თუმცა, მის ნაამბობში ჩანს სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი, ქვეყნის ლიდერის ნიჭიერება, დაკვირვებულობა და დაზვერვის ინსტიტუტის გამართული მუშაობა.

როგორც წერს ისტორიკოსი, მეფეს, ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა, რაც კი ხდებოდა ჩვენს ჯარში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთო.

„ამ ყოვლად ბრძენ მეფეზე კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, რითაც ის ყველასათვის „საშიშად საზარელი“ იყო, რადგან ეს ნიჭი და სრულიად განსაცვიფრებელი უნარი მას ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული. სამეფოს თუნდაც მოშორებულ კუთხეში ან მის ლაშქარში არ მოიძევებოდა დიდი თუ მცირე, ვისი ჩადენილი საქმეც, კეთილი ან ბოროტი ნათქვამი, მეფისათვის დაფარული დარჩებოდა. არაფერი რჩებოდა დასაიდუმლოებული – ყველაფერი, ფარულად ქმნილი თუ თქმული, მისთვის გაცხადებული ხდებოდა“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ ახალქართულად).

მეტიც, გულისნადებებსაც კი ატყობდა ადამიანებს და ეუბნებოდა, რომლებიც ამის გამო შიშს ვერ მალავდნენო: „ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განხდილ ყვნის“.

აქ არა მხოლოდ დაზვერვის გამართული მუშაობაა აღნიშნული, არამედ დავით მეფის ნიჭიერება და დაკვირვება, მისი საოცარი ინტუიცია, რაც მისი ნიჭიერებით ანუ მისდამი ღვთის წყალობით იყო განპირობებული.

დავით მეფე, სასულიერი პირების კეთილმსახურებისა სიწმინდის შესახებ ინფორმაციას ფლობდა: „მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად“.

როგორც აღვნიშნეთ, ძალიან დაკვირვებული ადამიანი იყო დავით აღმაშენებელი. „სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათვის აქებდის და ნატრიდის“. თუმცა, ეს ფრაზა სხვაგვარადაც შეგვიძლია გავიგოთ: ეკლესიის წიაღში ყოფნა ურთულესი და გრძელი გზაა და სასულიერო პირებს მოთმინებისთვის აქებდაო.

ისტორიკოსი წერს, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ნუ იკითხავთ, გაითვალისწინეთ, ამით რა სარგებელი ჰქონდა ქვეყანას, ის ადამიანებს კი არ ჩაგრავდა ან კიცხავდა, განიშორეთ ეს აზრებიო: „ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათვის-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ!“

ასეთი ნიჭისა და ინფორმაციების ფლობის წყალობით უამრავი საქმე გაკეთდა ქვეყნისთვის:

„დიდი და საშური საქმეები მოაგვარა ამ გზით მეფემ, რაც ბევრი სიკეთის მიზეზად იქცა: უწინდებური ორგულობის, მზაკვრობისა და ღალატის გულში გავლებასაც კი ვერავინ გაბედავდა, ვერც დიდი და ვერც პატარა, არათუ თქმას თუნდაც თავისი მეუღლისა და თანამეცხედრისათვის, ახლობლისათვის თუ შვილებისათვის, რადგან ყველამ დანამდვილებით უწყოდა, რომ სიტყვის პირიდან ამოსვლისთანავე ეს სიტყვა მეფისათვის ცნობილი გახდებოდა. მრავალი, სწორედ, ამის გამო იქნა დასჯილი და მხილებული. ამის გამო მისი მეფობის მანძილზე ვერავინ გაივლო გულში ღალატი – დავითი ყველასათვის მოსარიდებელი და პატივსაცემი იყო („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ ახალქართულად)“.

ასეთმა ვითარებამ განაპირობა ეკლესიაში მყოფთა წესიერებაც. მეფემ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე ქვაბავაზაკებისგან გაწმინდა საქართველოს ეკლესია. სასულიერო პირები დიდი პატივისცემით იყვნენ განწყობილნი მეფის მიმართ, იცოდნენ, არაფერი არ დარჩებოდა მეფისგან შეუმჩნეველი. მეფეს კი უყვარდა წესიერება და სათნოება:

„ყველანი – მღვდელთმოძღვარნი, მღვდელნი, დიაკონნი, მონაზონნი – თავიანთ საქმეს წესიერად ასრულებდნენ და სათავეს უდებდნენ ყოველგვარ სათნოებას, რადგან დავითის შიშით ვერავინ გაბედავდა უწესო საქციელის ჩადენას; იცოდნენ, რომ არაფერი დაიფარებოდა მისგან; ისიც იცოდნენ, როგორ აქებდა მეფე ყოველგვარ სათნოებას და აძაგებდა არაწმიდა და უწესო საქმეებს“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ ახალქართულად).

საერო პირები, მოქალაქეები, სამხედროები, სხვადასხვა ფენისა და ასაკის ადამიანები ვერ გაბედავდნენ მეფისთვის, ანუ ქვეყნისთვის, საზიანო ნაბიჯის გადადგმას. ეს კი ადამიანებისთვის სასარგებლოც იყო, პატიოსნება, კანონმორჩილება, წესიერება სუფევდა ქვეყანაში:

„რამეთუ ვერ-ცა მსოფლიო ვინ-მე და ვერ-ცა მოქალაქე, ვერ მხედარი და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თვით მათ მეძავთა-ცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშვიდობისათა“.

დიდი ნიჭის, გამართული დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების გამართვის წყალობით დავით აღმაშენებელისადმი კრძალვა არსებობდა ქვეყანაში და ასე მოახერხა დიდი საქმეების აღსრულება: „ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარცა ვერ-ვინ ადვილ წარმართის ეგრეთ ამისთვის-ცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განკრთეს ყოველნი მკვიდრნი ქუეყანისანი“.

ასე შეიქმნა დიდი საქართველო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი