ისტორია

როგორ იზეიმეს  ტახტის მემკვიდრის დაბადება და ვის მიუძღვნა სადიდებელი ლექსი თამარ მეფემ

№44

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 11.11, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

იბეჭდება შემოკლებით

დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი იყო გიორგი რუსი თამარ მეფის მეუღლე, მაგრამ, შვილი არ მიეცათ. მეფე კონსორტის (ანუ მეფე-მბრძანებლის მეუღლის), გიორგი რუსის გაძვების მერე გადაწყდა თამარ მეფის ხელმეორედ დაქორწინება.

დავით სოსლანი გახდა თამარ მეფის მეუღლე. ხუთი წელი ისევ არ გაუჩნდა თამარს შვილი.

საქართველოს ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა ლოცვები, ევედრებოდნენ ღმერთს, რათა მეფეს შვილი მისცემოდა და ქვეყანას – მემკვიდრე, „ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომდსენენი პირმშოთა ძლიერებითა“. „ისტორიანი და აზმანის“ უცნობი ავტორი ამბობს, ისმინა ღმერთმა და დაფეხმძიმდაო თამარ მეფე.

1292 წელს ტაბახმელაში თამარმა შვა ძე „და უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თვსისა გიორგი“.

„ისტორიანი და აზმანის“ ავტორი წერს, დაიბადა ძე მეფისა, საუკუნეების წინ მეფის ძედ და მეფედ განწესებული, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალიო.

ჩვილი გიორგი, ძალიან ლამაზი, დახატული ყოფილა, ჰგავდა მშობლებს და მნათობნი ცისანი იცავდნენო.

ბრწყინავდა ზენა სფეროს სული და ბედი ბედს ემატებოდა და წარმატებები მატულობდაო, „და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა, და მეტ-ბედი ბედსა ზედა და სგანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა“.

გორგასლიანი ძის დაბადებას დიდი სიხარული მოჰყვა ქვეყანაში. ადიდებდნენ ღმერთს, ილხენდა ყველა. გაათავისუფლეს უამრავი ტყვე. შესაწირავები შესწირეს ეკლესიებს, მონასტრებს, დიდი საბოძვარი გაიღეს გლახაკებისთვის. თამარის მამიდამ, დედოფალმა რუსუდანმა, თამარის დამ, რუსუდანმა, სრულიად საქართველოს – შვიდივე სამეფოს დიდებულებმა და სამეფოს ყოველმა მკვიდრმა მიულოცეს მეფესა და მის მეუღლეს და საჩუქრები მიართვეს. ბიზანტიის სამეფო კარმა, მაჰმადიანთა სულთნებმა, ათაბაგებმა და ამირებმა საჩუქრები და მოსალოცი წერილები გამოუგზავნეს ჩვენს მეფესა და მის მეუღლეს.

ტახტის მემკვიდრეს სიყვარულით უწოდეს ლაშა, რაც აფსარულ ანუ აფსუურ ენაზე სოფლის განმანათლებელს ნიშნავს (და ჩვენი აზრით, ალბათ, რაც გულისხმობდა, რომ მას ქრისტიანობა უნდა გაევრცელებინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე), და მისი დაბადების აღსანიშნავად ქართულმა ჯარმა რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო. „პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა, მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად“...

… „ესევითარი, იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა“. ჯერ გაილაშქრეს ბარდავში, აიღეს ქართლოსის ძმის, ჰეროსის ძის, ბარდოსის მამული, ანუ საქართველოს კანონიერი ტერიტორია და იქ საქართველოს გავლენა გაავრცელეს, განამტკიცეს. დაარბიეს არანი, დიდი განძი ჩაიგდეს ხელში, მრავალი ტყვე აიყვანეს და უკან დაბრუნებულებმა, ტყვეები, 30 000 ადამიანი, თამარის ბრძანებით, „ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათგს თამარისა და ძისა მისისა“.

ცოტა ხანში არზრუმში გაილაშქრეს, რომელსაც სურმანელები და კარელები ეხმარებოდნენ. გაიმარჯვეს და უამრავი ალაფით დაბრუნდნენ ტფილისში.

მემკვიდრის დაბადების გამო ღვთის დიდებას, თავისთავად ცხადია, თამარ მეფეც არ დააკლდებოდა, როგორც მიღებული იყო, დიდი შესაწირავიც გასცეს ეკლესია-მონასტრებისთვის. ხახულის ღვთისმშობლის ხატისთვის, რომელიც გელათში იყო დაბრძანებული, დიდი შესაწირავი მიუძღვნიათ. ხახულის ღვთისმშობლისადმი თამარ მეფეს მიუძღვნია იამბიკოც (ლექსი), რომელიც ხახულის ხატზე ამოუტვიფრავთ.

დიდი ქართველი ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა წერდა: „თამარს, ლაშა-გიორგის დაბადება, როგორც ეს მიღებული წესი იყო, აღუნიშნავს შესაწირავით. თამარს შეუმკია გელათში დასვენებული ხახულის ღვთის-მშობელი, რომელიც საქართველოს ნაციონალურ სიწმიდედ ითვლებოდა.

თამარს, ნიშნად მვედრებლობისა, დაუწერია იამბიკო, რომელიც ამოუქანდაკებიათ ხახულის ხატზევე.

ღვთისმშობელი ხახულის ხატზე წარმოდგენილია, როგორც დედა, ჩვილი ყრმით ხელში.

თამარ მიმართავს დედა-დედას.“

აი, თვით ეს იამბიკონი თამარისა (მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერში არის ეს იამბიკო და აწერია: „იამბიკო ესე თქმული რუსთავლისა მ~რ ზედა წარწერილი არს ხატსა ზ~ა ხახულისა ღ~ისმშობლისასა“. თუმცა, უფრო სწორი უნდა იყოს პავლე ინგოროყვას აზრი და ავტორი თამარ მეფე იქნება. იამბიკოს ვაქვეყნებთ პავლე ინგოროყვას რედაქციით, „მნათობი“, 1941, N-3. ხაზი, სიტყვაზე „თამარ“ პ. ინგოროყვასია – გ. მ.):

1 ქალწულებრივთა

სისხლთა შენთაგან, სძალო,

2 თბედ საიდუმლოდ

ზენაბსა განგებისად,

3 ძისა ღმრთისა – ძედ

მეშვ იქმენ არსთა მცხოვნად!

4 მე, თ ა მ ა რ, მჩენი

ტომთაგან დავითებრთაით

5 თვისად, – შემამკევ,

მადიდე, აღმამაღლე!

6 აწ მეცა ხელვყავ

შემკობად ხატსა თქვენსა, –

დედისა ძითურთ, —

დაა და მეცა, ძითურთ, მფარევდ!“

პავლე ინგოროყვას სტრიქონების განმარტებებიც აქვს გამოქვეყნებული:

„თარგმანი-კომენტარი:

1-2 სძალო (ღმრთის-მშობელო)! შენთა ქალწულებრივთა სისხლთაგან საიდუმლო შეზავებით, ზენა განგებისამებრ.

3 ძედ დაჰბადე ძე ღმრთისა, არსთა სასიცოცხლოდ.

4 მე, თამარ, შთამომავალი დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველისა და შენი, ღმრთის-მშობელო, თვისი (ერთ-სისხლი და ნათესავი),

5 შემამკევ, მადიდე და აღმამაღლე (ანუ, დედობით შემამკე, მადიდე და აღმამაღლეო – გ. მ),

6 აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატისა თქვენისა, - დედისა ძითურთ, –

7. და მეცა (თამარ), ძითურთ (ლაშა-გიორგით), - დამიფარე!“

ამგვარად, მემკვიდრე ვაჟის დაბადების აღსანიშნავად, როგორც ჩანს, თამარ მეფეს ღვთისმშობლისადმი შესანიშნავი სადიდებელი მიუძღვნია.

რეგულარულად წერდა თუ არა ლექსებს, იამბოკოებს თამარ მეფე, უცნობია, კიდევ რამდენიმე იამბიკო ითვლება მის დაწერილად (ამაზე სხვა დროს). შეიძლება, მხოლოდ განსაკუთრებული აღფრთოვანების დროს ქმნიდა ჩვენი ქალი ხელმწიფე პოეტურ ქმნილებებს. ასეა თუ ისე, მისი ნიჭი და რწმენის სიმტკიცე კარგად ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი