ისტორია

როგორ იყარა ჯავრი წინაპრების მაგიერ სუმბათ ორბელიანმა გიორგი მესამეზე

№2

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 20.01, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1177 წლის ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფე გიორგიმ შეაჩვენა ორბელნი და დაწერა ბრძანება: ყველა მამული და უფლებები ჩამოართვა და ორბელთა სახსენებელი უნდა აღმოფხვრილიყო საქართველოში. სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს: „აღმოიღო სახლისაგან ქართლისა სახელნი მათნი და ბრძანა აღმოხოცად სახსენებელი ნათესავისა ორბელიანთასა ცხოვრებისაგან მათისა და ეკლესიათაგან დასცა აღწერად წიგნისა განდგომილებისა“.

ცხადია, სტეფანოს ორბელიანი დაინტერესებული პირი იყო, ამიტომ ამტყუნებდა მეფე გიორგის - ტყუილები დაწერაო: „არა, ვითარცა იყო, ეგრე ჭეშმარიტი მიზეზი, არამედ თვისისაებრ ნიშატისა დიდ-დიდთა ცილისწამებათა მათ ზედა და შეამზადნა, განაწესა შეჩვენება, რაბთა არა კუალად მოხსენებულ ყონ სახელნი მათნი და არა დაუტეონ მათგან ვინმე ქვეყანასა ქართლისასა, და დადვა ანდერძი ბოროტი საუნჯეთა თვისთა“.

წლების მერე, გულმოწყალე თამარ მეფემ შეიწყალა გადარჩენილი ლიპარიტ ორბელიანის ვაჟი ივანე, დააბრუნა საქართველოში. რამდენიმე წლის მერე შეიწყალა ლიპარიტის მეორე ვაჟიც, გასომხებული ელიკუმი, მაჰმადიანი მამინაცვლის ტყვეობიდან გამოახსნევინა, საქართველოს სახელწმიფოში დააბრუნა და საქართველოს მიერ გათავისუფლებულ სომხური მიწის, სივნიეთის ერისთავად დანიშნა. ლიპარიტს ეყოლა ხუთი ძე: „ელიკუმ, სუმბათი, ივანე, ფახრადულა და ტარსაიჭი“.

ჯერ ელიკუმი (ელიგუმი) იყო სივნიეთის ერისთავი. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მერე სუმბათი გახდა გვარის უფროსი.

სუმბათი ორჯერ იყო წასული ყარაყორუმში დიდ ყაენთან. ორჯერვე მოახერხა მასთან შეხვედრა და მიიღო ყაენისგან ოქროს ფაიზა (იარლიყი, სიგელი), რაც ხელუხლებელ პიროვნებად აქცევდა ხოლმე იარლიყის მფლობელებს, განსაკუთრებით ოქროს ფაიზის.

მალე დიდმა ყაენმა ჩვენი რეგიონის, ირანისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ადგილობრივ ყაენად, ილხანად დანიშნა თავისი ძმა, ჰულაგუ. ჰულაგუს კარზეც დიდი პატივი და გავლენა მოიპოვა სუმბათ ორბელიანმა.

სუმბათი ამბიციური იყო, ძველი მამულებისა და გავლენების დაბრუნება უნდოდა თავისი სახლეულისთვის და მეფე გიორგი მესამეზე მორალური შურისძიება ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ, ტკბილად, მორჩილად იყო განწყობილი დავით ულუსადმი, ჰულაგუს კარზეც ეხმარებოდა ჩვენს მეფეს, შეაყვარა თავი და პატარა დიმიტრი უფლისწულის აღმზრდელად დაინიშნა კიდეც: „სუმბატ ყოვლითა შეწევნითა ერჩდა მას და მრავალსა და დიდსა კეთილსა უყოფდა მას წინაშე ჰულაგუ ყაენისა და წინაშე დიდებულთა მისთა და უფროსად დიდსა მას სამსჯავროსა და ეზომ შეიყვარა იგი მეფემან დავით, რომელ სწორად თავისა თვისისა ხედვიდა მას, და მცირე იგი ყრმა დიმიტრი მისცა დელთა მისთა შვილად მას“.

მართალი უნდა იყოს სუმბათის დანიშვნა უფლისწულის მზრდელად. ვინაიდან, შემდეგში დიმიტრი სუმბათის ძმის, ტარსაიჭის ხელმძღვანელობით იზრდებოდა.

სუმბათის გავლენა დიდი იყო ტფილისის სამეფო კარზე. ინტრიგებს აწყობდა, მეფეს ერთგულებას უმტკიცებდა და მის გულს იგებდა, კონკურენტებს იშორებდა: „ხოლო სუმბატ მრავალთა მტერთა მეფობისა მისისათა და დიდ-დიდთა ქედმაღალთა მისცემდა სიკვდილად კარსა მეფისასა“.

სტეფანოსის თქმით, დიდი იყო სუმბათის გავლენა ჰულაგუზეც: „და ესოდენ მომსმენელ იყო ჰულაგუ მისსა. რამეთუ რომელსაცა ენება, მოკვლიდა და რომელსაცა ენება, სიცოცხლესა მიმადლებდა. ამისთვისცა ყოველნივე ძრწოდენ მისგან და ყოველთა ყოველნი თვალ ასმიან მას თვალნი, მოიხილვიდენ მისსა“.

ერთხელ ტფილისში, სუმბათის საქმიანობით კმაყოფილმა დავით ლაშას ძემ ჰკითხა სუმბათს, რით დაგაჯილდოვოო: „მოუწოდა მეფემან სუმბატს და სწადოდა დიდ-დიდითა ნიჭითა ზღვევად კეთილის-ყოფისა მისისა, კითხა და რქვა: „ვითარ არს ნება შენი, რაბთა მოგმადლო ნიჭნი დიდ-დიდნი? რომელიცა გნებავს და გთნავს შენ მეფობისა ჩემისაგან, არა დავიშურეთ შენდა“.

სუმბათმა დიპლომატიურ-პოლიტიკურ-მლიქვნელურად უპასუხა: „ზე აღდგა სუმბატ და თაყვანის-სცა და თქვა: „ჰოი მეფეო, ყოველნი, რომელნიცა მაქვან მე, ყოველივე შენი არს და უპირატესთა შენთა, ესე კმა არს ჩვენდა, არამედ მაქვს სათხოველი საქმე შენგან. უკეთუ გნებავს“.

მიუგო მეფემან: „გიფიცავ, რამეთუ, რომელიცა-იგი მთხოვო, მოგცე შენ“.

მიუგო სუმბატ და რქვა: „აღიღე ბოროტი სახსენებელი ჩვენი, რომელ ცილი სწამა „წინაპარმან შენმან“ გიორგი უპირატესთა ჩვენთა, რომელ აღწერად სცა და განაწესა შეჩვენება, რაბთა არა გვიტეონ ჩვენ მამულად ჩვენდა და დამარხა საუნჯესა თჳსსა, მომეც იგინი ჴელთა ჩემთა”.

გულუბრყვილო იყო დავით მეშვიდე. თან, სუმბათ ორბელიანზე დამოკიდებული გახლდათ, ძალიან გავლელიანი იყო სუმბათი ყაენის კარზე. მოკლედ, დაუთმო. შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა ორბელიანების დანაშაულის შესახებ მისი დიდი პაპის წინაშე: „ხოლო მეფე განკვირვებული იქმნა და „აყვედრა პაპასა თვისსა, ესე იგი წინაპარსა. თუ რასათვის ესეთნი კაცნი, ძლიერნი და განმარჯვებულნი, განდევნა სახლით ჩვენით.

და უბრძანა მსახურთა, რათა მოიძონ და პოონ წიგნი იგი. რომელნი წარვიდენ და პოვეს მეყსეულად და მოიღო მეფემან ჴელითა თვისითა, ზე აღდგა და თქვა: „აჰა, სუმბატ, მიიღე წიგნი ესე, რომელ ითხოვე“.

და მიისწრაფა სუმბატ თაყვანისცემად და თქვა: „ჰოი, მეფეო, ვიდრე ესოდენ შემიწყალე, რომელ სრულიად მაჩვენე მე კეთილი. ხოლო ეგე წიგნი აღწერილ არს ჴელითა მეფისათა და ჴამს რაჲთა აღიჴოცოს კუალად ჴელითა მეფისათა, ბრძანე აღგზებად ცეცხლისა და ჴელითა შენითა შთააგდე ცეცხლსა მას შორის წიგნი ეგე“.

...ბრძანა მეფემან და აღანთეს ცეცხლი და აღმოიღო მახვილი. დაჭრა წიგნი იგი, შთააგდო ცეცხლსა და დასწვა, ხოლო ფრიად მხიარულ იქმნა სუმბატ, დიდად მადრიელ იქმნა მისგან და შემდგომად მათთა ნიჭთა და სამეფოთა შესამოსლითა პატივ-სცა და შემოსა იგი მეფემან, და ესრეთ მიქცია სახლად თვისად. და აჰა ესეთისა სახითა აღიხვნა წინანდელთა თვისთა ყვედრებანი და ჰყო უკანა მომავალთა თვისთათვის სახსენებელი კეთილი“.

ასე დაწვევინა გიორგი მესამის მიერ დაწერილი ბრძანება სუმბათ ორბელიანმა მის შვილთაშვილს, მეფე დავით მეშვიდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი