ისტორია

როგორ იგლოვა სპარსული პოეზიის გენიოსმა დიმიტრი პირველი

№28

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.07, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1156 წელს გარდაიცვალა დიდი ხელმწიფე დიმიტრი პირველი. მეფის საგლოვად, მთელი კავკასიიდან დაიძრნენ ტფილისისაკენ მთავრები, დიდებულები, სარდლები, სწავლულები, სხვადასხვა სარწმუნოების იერარქები, მწერლები და პოეტები. დაიღვარა უამრავი ცრემლი, გამოითქვა არაერთი სამგლოვიარო სიტყვა და ლექსი, მეფის სადიდებელი მოთქმა.

სხვებთან ერთად, დიდი სპარსულენოვანი პოეტი, აბუ-ნ-ნიზამ მუჰამედ ფალექი (ფალაქი, ფელექი, ზოგი წერს ჰალაქის) შირვანიც (შირვანელიც) ჩამოსულა ტფილისში და სამგლოვიარო ოდა მიუძღვნია ჩვენი ხელმწიფისადმი. ბრწყინვალე პოეტი და უგანათლებულესი პიროვნება, ფალექი შირვანი დაიბადა 1108 წელს შირვანის დედაქალაქში, შამახაში (შემახა). შამახიას მედრესეში შეისწავლა არაბული ფილოლოგია, თეოლოგია. შესაძლოა, იცოდა ქართულიც. ასტრონომია აინტერესებდა ძალიან. აქედანაა მისი მეტსახელი ფალექი, რაც ციურს ნიშნავს (შეიძლება, სიტყვათა თამაში იყოს). ჩვენამდე მოაღწია მისმა პატარა კრებულმა, „ფალაქის დივანი“.

საბედნიეროდ, ნაწარმოები, მიძღვნილი დიმიტრი მეფის გარდაცვალებისადმი, შემორჩენილია. პროზაულად თარგმნა და გამოაქვეყნა ისტორიკოსმა ჯემალ სტეფნაძემ (იმედია, ჩვენი შესანიშნავი მთარგმნელები პოეტურ თარგმანსაც შემოგვთავაზებენ, ისევე, როგორც თარგმნეს იმდროინდელი შირვანულ-სპარსული პოეზიის არაერთი შედევრი).

ჟურნალში შეუძლებელია მთლიანად გამოქვეყნდეს აღნიშნული ნაწარმოები, დღეს მხოლოდ მისი ნაწყვეტები განვიხილოთ. ფალექი შირვანელი მოთქვამდა:

„ცის თაღმა, რომელმაც თავისი ტრიალით ქვეყნად, მტვრის კორიანტელი დააყენა, კვლავ მოუვლინა ქვეყნიერებას ბოროტი ცდუნებით განკითხვის დღე, ხიწვი და მერე რანაირი ხიწვი ჩაურჭო გულში ბედისწერას, სისხლი და რანაირი სისხლი დაღვარა სახელმწიფოს ძარღვიდან, მიიტაცა სახელმწიფოს ტახტიდან გვირგვინოსანი, რომლის მწუხარებისაგან ქვეყნიერების ლხინი შეწყდა“.

ასე იწყებს მწუხარების გადმოცემას დიდი პოეტი. შემდეგ დიმიტრი მეფის ძალაუფლებას აღწერს: „აფხაზეთისა და შაქის მეფეთ მეფე, სამყაროს მბრძანებელი, ვისაც ხარკი აღმოსავლეთიდან დასავლეთში მოჰქონდა“... აფხაზეთი და დასავლეთი აქ საქართველოს ნიშნავს.

შემდეგ ფალაქი წარმოგვიდგენს დემეტრე მეფის წარმომავლობას. იმ დროს, ფაქტობრივად, არავის ეპარებოდა ეჭვი ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველიდან ჩამომავლობის შესახებ. ასეთივე აზრი გადმოცემულია დიმიტრი მეფის სხვა თანამედროვის, არაბი ისტორიკოსის, ალ-ფარიკის მიერ. პოეტი წერს:

„დემეტრე დავითიანი ბაგრატის მოდგმის თავი, ვინც თვითნაბადი თესლით ნაყოფად სამეფო მოიწია“...

გამეფების დროს დემეტრე მეფის მამას, დავით აღმაშენებელს, ბიზიანტიურ-მართლმადიდებლურ სივრცეში ჰქონდა მინიჭებული კურაპალატის, მერე პანიპერსევასტოსის ტიტული, დავითის მამას, გიორგი მეორეს, კესაროსის (კეისრის თანამმართველის, მემკვიდრის) ტიტული. მართლმადიდებლურ, ფაქტობრივად, მთელ ქრისტიანულ სამყაროში უმაღლესი ტიტული ჰქონდა ახალი რომის, ბიზანტიის მბრძანებელს – კეისარი (იმპერატორი, ყველა ხელმწიფის ზემდგომი მეფე). დავით აღმაშენებელმა მოიცილა ბიზანტიური ტიტული, შექმნა-განავრცო ქართული ტიტული (დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა), და ტფილისის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ იწოდა მესიის მახვილად, ანუ, კაცობრიობის მხსნელის (მესიის), მაცხოვრის საქმის ამქვეყნიურ სარდლად. ალ-ფარიკს თავის ნაშრომში ნათქვამი აქვს, რომ დავითის ტფილისურ მონეტებზე არაბულად ეწერა დავით აღმაშენებლის შესახებ – მესიის მახვილი. მემკვიდრეობით, მესიის მახვილის წოდება მიიღო მისმა ვაჟმა, დიმიტრი მეფემ და იცავდა კიდევ მესიის მიმდევართა ინტერესებს.

ფალაქი განაგრძობს: „მესიის მახვილი, რომელმაც ცის სივრცე წინ დროშათა ამალას წაუმძღვარა ფარად“...

შემდეგ, პოეტი კვლავ მოთქვამს წუთისოფლის საყვედურს, ახსენებს, რომ ჩვენი მეფე იყო „მართლმსაჯული“ და „ომარივით სამართლიანი“. ომარში (უმარ), ალბათ, მაჰმადიანთა მეორე ხალიფა ომარი იგულისხმება, მუჰამედის თანამებრძოლი. სპარსელები შიიტები იყვნენ, შიიტები ომარსა და მის ხელისუფლებას არ აღიარებდნენ, ომარს ხალიფას ტახტის უზურპატორად მიიჩნევდნენ, მაგრამ, შესაძლოა, თვითონ ფალაქი შირვანელი ყოფილიყო სუნიტი, შეიძლება შირვანში სუნიზმი იყო გავრცელებული. შარვანშაჰისა და საქართველოს სამეფო კარზე რელიგიური ნიშნით შეზღუდვა არ იყო და შესაძლოა, შირვანის შაჰის კარზე სუნიტებიც მოღვაწეობდნენ და შიიტებიც. პოეტი ჩვენს მეფეს ადარებს „მაცნეს“. მაცნე, ალბათ, წინასწარმეტყველს უნდა ნიშნავდეს, იქნებ, აქ, თვით მუჰამედ წინასწარეტყველს. მაშასადამე, შირვანელი პოეტი ჩვენს მეფეს მაჰმადიანთა უმთავრეს წინასწარმეტყველს, ისლამის შემქმნელს ადარებს. ეს უდიდესი პატივია (საკვლევია, ჩემი აზრით. ასევე, საინტერესო იქნება „მეოთხე ცისა და მეოთხე ელემენტის“ სიმბოლიკაც ისლამში, რაზეც პასუხი ისლამის სპეციალისტებმა უნდა გაგვცენ):

„როგორც ვაგლახ, რომ ასეთი მართლმსაჯული ამ ქვეყნიდან ასე სწრაფად დასცა ძირს უგუნური ბედისწერის ხელმა, ვაი, რომ მამა მამისა და პაპის სააქაო ტახტიდან იმედის წერტილიდან საშიშროების ხაზისაკენ წაიყვანა, ვაი, რომ მამა მამისა და პაპის სააქაო ტახტიდან გარდავიდა და სახე მამა-პაპის საიქიო ტახტისაკენ ქნა, სახელმწიფოში ისეთი იყო როგორც ნეტარების წრეში, ძალითა იყავნ ცეცხლს აგიზგიზებდა, მიწაში ისე განისვენა, რომ ქვეყნიერების ლომებს ქედები მოახრევინა, გულები დაუმწუხრა და ღვიძლები აუწვა, ეჭვი არ არის, რომ მისი გარდაცვალების დრო მძიმე ზარალს მიაყენებს ქვეყნიერების წესრიგს და ომარის სამართლიანობას, მიწაში დაიმარხა ის, ვისაც, მსგავსად მაცნისა, გამუდმებით უგზავნიდა გამარჯვებათა და ძლევათა უსტარს, ვაი, რომ ფერფლზე მსუბუქი შეიქმნა ის უმძიმესი კაცი, რომლის გულის წადილის მიხედვით მოქმედებდა ბედისწერაც, ვაი, რომ სიკვდილის მძვინვარების გამო დაუძლურდნენ ის ხელები, რომლითაც ბედნიერების ზღვიდან მარგალიტი ამოიღო, მან ქვეყნიერებიდან თავისი კვალიც წაიღო და ჰორიზონტზე მისი სიკვდილის გავლენამ მღელვარებისა და დაბნეულობის კვალი დატოვა, თვით ის დრო რა ცუდი იყო, როცა მისი სიცოცხლისაგან გამომშვიდობების მაცნე შარვანში მოვიდა, ის ამბავი მოიტანა, თვით ის დღე რა უბედური იყო, რომელმაც მეოთხე ციდან ბედის მზე მეოთხე ელემენტზე ჩამოაგდო“

ფალაქის ნაწარმოების შემდეგი სტრიქონით ჩვენ ვიგებთ, რომ დიმიტრი მეფე სამოცდასამი წლის ასაკში გარდაცვლილა. სხვაგან ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს:

„63 წლის განმავლობაში თავისი ნიჭით, ცოდნითა და ვაჟკაცობით ყოველდღიურად ქვეყანაზე ახალ-ახალ ბუნებას ქმნიდა“…

აღნიშნული ნაწარმოების დასასრული სხვა დროს განვიხილოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი