ისტორია

როგორ გაწირა სიმონ პირველი საკუთარმა ძმამ და რისთვის უბოძა მეფემ გლეხ ქვლივიძეს აზნაურობა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.01, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

სიმონ პირველი – ქართველებისთვის საამაყო მეფე, ადამიანი, რომელმაც ქართველი ერის ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულების (1555 წელი) შემდეგ, რომელიც დაიდო შიიტურ ირანსა და ოსმალეთს შორის, საქართველო ორად გაიყო: აღმოსავლეთ საქართველო და ჯავახეთი ირანს ერგო, ხოლო დასავლეთ საქართველო და ტაო-კლარჯეთი – ოსმალეთს. ერთადერთი ქართული სამეფო, რომელიც არ ემორჩილებოდა ამ ზავის პირობებს ქართლი იყო.

გარისის ბრძოლაში 1556 წელს მოხუცმა მამამ სიმონი ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა, როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული ყიზილბაშები. სიმონ პირველის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქალაქ გორში ჰქონდა. მან 1559 წელს კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ პირველისა და კახთა მეფის, ლევანის ასულის ქორწინებით გამოიხატა. 1562 წელს სიმონ პირველის ძმა დავითი (დაუთ-ხანი) გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა.

„ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის სიკუდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო – და ამან განცა ძმა და ქუეყანა თვისი და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და მუნ დიდად პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თვისად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი“.

1567 და 1569 წლებში დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ პირველმა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ღალატის წყალობით სიმონ პირველი ტყვედ ჩავარდა. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მტერს გზაზე მიეგება და მეგზურად წაუძღვა. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მტერი დაამარცხეს, თუმცა ბრძოლის დროს სვიმონ მეფე მოსწყდა პირად დაცვას, რაც არ გამოეპარა კახაბერ ყორღანაშვილს და ყიზილბაშებს მეფის ვინაობა ამცნო, მათ კი სვიმონ მეფე შეიპყრეს. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და 1569-1578 ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა.

„ხოლო საჩინო ბარათაშვილი იყო სპასპეტი, კაცი ყოვლის კეთილით შემკული და არა მორჩილი დაუთხანისა და არცა ყიზილბაშთა, სიყუარულისათïს სïმონისა. ხოლო დღესა ერთსა მოვიდოდა კოჯრისაკენ და, რა მოვიდა ხევის თავსა გელიყარისასა, მუნ კახაბერი ყორღანაშვილი შემოეყარა წინა, რომელმან უწინამძღურა ყიზილბაშთა და დააჭერინა მეფე სïმონ. და რა იცნა საჩინომ კახაბერი ყორღანაშვილი, შეიპყრა და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა. და რა მიგორევდა ჩაღმა, იტყოდა თïთვე ლექსსა ამას: ყორღან-ოღლი ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“. თუმცა, ყორღანაშვილის სახელი, როგორც სამშობლოს მოღალატის, ისტორიას შემორჩა.

ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე (1578 წელი) შაჰმა სიმონ პირველი ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ პირველმა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ.

80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ბრძოლები მიმდინარეობდა. 1588 წელს გოფანთოს ბრძოლაში სიმონ პირველმა დაამარცხა იმერეთის მეფე ლევანი (1583-1590 წლები), მაგრამ ქართლში ოსმალთა მძლავრობამ ხელი შეუშალა მოპოვებული გამარჯვების განმტკიცებას და ლევანი ისევ დაეუფლა ტახტს. 1590 წელს სიმონ პირველმა კვლავ ილაშქრა იმერეთში, აიღო ქუთაისი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მორიგი ლაშქრობის დროს კვლავ აიღო ქუთაისი, კვარა, სკანდე, კაცხი, მაგრამ ოფშკვითთან ბრძოლაში დამარცხდა. ქართლისა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა. 1595 წელს სპარსეთმა, ქართლმა და კახეთმა პირი შეკრეს ოსმალეთის წინააღმდეგ. 1598 წელს სიმონ პირველმა განაახლა ბრძოლა და ალყა შემოარტყა გორის ციხეს. ამავე დროს ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო სამცხე-საათბაგოში. 1599 წელს სიმონ პირველმა გორის ციხე აიღო. სულთანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. ნახიდურთან ბრძოლაში ქართველები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. სოფელ ფარცხისთან სიმონ პირველი ტყვედ ჩავარდა, იგი სტამბოლში გაგზავნეს და იედიყულეს ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველების ცდა, დაეხსნათ სიმონ პირველი, უშედეგო აღმოჩნდა და იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

უშიშარი და უდრეკი ხასიათის გამო მას „გიჟი“ შეარქვეს ოსმალებმა. საკმარისი იყო, ენახათ ბრძოლის ველზე საომრად გასული მძიმედ შეაბჯრული მეფე და ოსმალი მებრძოლების ნაწილი „დელი სიმონის“ ანუ „გიჟი სიმონის“ ძახილით გარბოდა ბრძოლის ველიდან.

ქართლის შენარჩუნების გარდა მეფე სულ ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას და ამ მხრივ, იმერეთის დაპყრობაც რამდენიმეჯერ სცადა.

მეფეს, რომელსაც ბრძოლის ველის მიტოვება სამარცხვინო საქმედ მიაჩნდა, სამჯერ მოუწია იმერეთიდან გამობრუნება ღალატის გამო. ერთ-ერთ ბრძოლაში, რომელიც სოფელ ოფშქვითთან მოხდა, ქართლის მეფის ბანაკში მყოფმა იმერლებმა მოკავშირის წინააღმდეგ აღმართეს ხმალი, რამაც საშუალება მისცა იმერლების მთავარ მოკავშირეს – დადიანს, ბრძოლის სასწორი თავის მხარეს გადაეხარა და სიმონ პირველის ჯარის დიდი ნაწილი გაენადგურებინა ან ტყვედ აეყვანა.

სიმონ პირველი ამალასთან ერთად სოფელ კავთისხევში შევიდა ღამის გასათევად. მეფემ ერთ-ერთი ოჯახის კარზე დააკაკუნა და როგორც მეფის ერთ-ერთმა მებრძოლმა ღამის გასათევი ითხოვა. ოჯახის დიასახლისმა თბილად მიიღო, მაგრამ მეფის შეწუხებული სახის დანახვაზე ბრძოლისა და მეფის ბედი იკითხა. მეფემ უპასუხა: წარმოდგენაც კი არა მაქვსო. ქალი არ მოეშვა: ჩემი ქმარი ახლდა მეფეს მებრძოლად და ნეტავი ხომ არ მოკლესო, რაზეც მეფემ დაამშვიდა. მაგრამ დიასახლისი ატირდა და სიმონ პირველს უთხრა, რომ ქმრის კი არა, მეფის ბედი ატირებდა: „ღმერთო შენ გადაარჩინე ჩვენი მეფე და თუ საჭიროა, ჩემი ქმრის ჩათვლით, ყველას სული მიიბარეო“. რამდენიმე დღეში კავთისხევში მეფის შიკრიკი მოვიდა და ქალს, სადაც მეფემ ღამე გაათენა, მეფის სიგელი გადასცა, სადაც ქვლივიძის ოჯახს მეფემ აზნაურობა უბოძა, მამულთან და რამდენიმე ათეული გლეხის კომლთან ერთად.

(სტატიაში გამოყენებულია მასალები „ქართლის ცხოვრებიდან“ და ასევე, „ინტერმედიასა“ და Presa.ge-ზე სიმონ მეფის შესახებ გამოქვეყნებული მასალის ნაწყვეტები).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი