ისტორია

როგორ გახდა აფხაზთა და ქართველთა მეფე ჰერთა და კახთა ხელმწიფეც

№7

ავტორი: გია მამალაძე 22:00 26.02, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

 ბაგრატ მესამეს არ ეპუებოდა კახეთის ქორეპისკოპოსი დავითი. ბაგრატის აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ყოფნისას დავითმა დაიკავა ქართლის ციხეების ნაწილი. აფხაზთა და ქართველთა მეფემ მოციქული გაუგზავნა კახთა ქორეპისკოპოსს და ციხეების დაბრუნება მოსთხოვა. დავითმა ომი შესთავაზა.

ბაგრატ მეფე მივიდა თიანეთში და შეუტია ქორეპისკოპოსის სამფლობელოს. დავით ქორეპისკოპოსი ვერ აღუდგა წინ. ბაგრატმა დაიკავა ჰერეთი და თავისი ერთგული აბულალი დანიშნა მმართველად: „ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა“.

თუმცა, წავიდა თუ არა ბაგრატ მეფე, ჰერეთის აზნაურები კვლავ დავით ქორეპისკოპოსის მხარეს გადავიდნენ, გადასცეს ციხეები. „აღიღო დავით ჰერეთი“. მაგრამ, მალე, 1009 წელს, კახთა ქორეპისკოპოსი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა: „შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა“. ქორეპისკოპოსი გახდა კვირიკე მესამე.

გადმოვიდა ბაგრატ მეფე აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში. კვლავ დაიკავა ჰერეთი. ჰერეთის დედოფალი დინარი თავისთან წაიყვანა საპატიო სტუმრად. შემდეგ შეიჭრა კახეთში. ორი წელი უტევდა კახეთის ციხეებს და იკავებდა თანდათან. კვირიკე ძალიან ნიჭიერი მმართველი იყო, მაგრამ, ბაგრატ მეფეს ძლიერი ჯარი ჰყავდა. კვირიკე ქორეპისკოპოსი გამაგრდა ბოჭორმის ციხეში. აფხაზთა და ქართველთა მეფემ ალყაში მოაქცია ბოჭორმის ციხე. ბოჭორმის ციხის ალყამ ერთ წელს გასტანა და საბოლოოდ დანებდა კვირიკე მესამე ბაგრატ მესმეს: „კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თვისად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმა-ცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კვირიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა“.

დაიპყრო ბაგრატიონმა ჰერეთი და კახეთი. ამიერიდან საქართველოს მეფის ტიტული გახდა – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა (ჰერეთის) და კახთა. ფაქტობრივად, ქართული კუთხეების დიდი ნაწილი უკვე გაერთიანებული იყო.

ბაგრატ მესამემ და მისმა თანამებრძოლმა მამულიშვილებმა, მოხერხეს და დაამარცხეს მოღალატე აზნაურები, ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგეები. დაამარცხეს კახეთისა და ჰერეთის მმართველნიც, რომელთაც, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი სახელმწიფო (სამთავრო, საქორეპისკოპოსი) ლეგიტიმურად ეპყრათ. მაგრამ, პატარა სამეფო-სამთავროების გაუქმების, ადგილობრივი ხელმწიფეების გადაყენების გარეშე ქვეყანა ვერ გაერთიანდებოდა. ქვეყნის გაერთიანების გზაზე ეს ბუნებრივი პროცესი გახლდათ. კონკურენციაში გაიმარჯვა ბაგრატიონთა საგვარეულომ, რომელსაც უნიჭიერესი და ღვთის მადლით აღზევებული ხელმწიფე მეთაურობდა – ბაგრატ მესამე.

ბაგრატ მესამე დიდი ხელმწიფე იყო, მაგრამ ტფილისისა და ქვემო ქართლის დაბრუნება ვერ მოასწრო. ლაზეთიც ისევ რჩებოდა ბიზანტიელთა ხელში. თუმცა, მაინც შეგვიძლია, იმდროინდელ საქართველოს გაერთიანებული ვუწოდოთ.

გარდა ამისა, არაბთა სახალიფო დასუსტებული იყო. ტფილისის ამირა აღარ ემორჩილებოდა არაბთა ხალიფას. საქართველოს გაძლიერების გამო ტფილისის საამიროს არსებობა ბეწვზე ეკიდა. ცხადი გახლდათ, მალე გაერთიანებული საქართველო ადვილად დაიბრუნებდა ტფილისს, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. დიახ, რჩებოდა ტფილისის დაბრუნება არაბთა ბატონობისგან და მერე ქვემო ქართლის გათავისუფლება სომხური კვირიკიანების დინასტიისგან (ესეც დროის საკითხი იყო). მაგრამ, უფრო რთული ამოცანა იდგა გაერთიანებული საქართველოს წინაშე – იმიერ ტაო (იბერიის თემი, საკატეპანო) და ტრაპიზონ-ქალდეა (ხალდიის თემი, საკატეპანო) რჩებოდა დასაბრუნებელი ბიზანტიელებისგან. ბიზანტია ძალიან ძლიერი იმპერია გახლდათ იმ დროს, მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც მართავდა უნიჭიერესი სარდალი და უვერაგესი პოლიტიკოსი – ბასილი ბულგართმმუსვრელი. სწორედ, ამიტომ დაითმინა ბაგრატ მესამემ, როცა ბიზანტიის იმპერიამ ბაგრატ მესამის მამობილის, დავით მესამე კურაპალატის სამემკვიდრეო დაიკავა. ჯერ საქართველო ვერ შეძლებდა ბიზანტიასთან ომში გამარჯვებას, ჯერ ერის გაერთიანება უნდა განმტკიცებულიყო, სახელმწიფო უნდა გაძლიერებულიყო. საქართველო ერთიანი კავკასიის ლიდერი უნდა გამხდარიყო და მოკავშირეები შეეძინა.

ბიზანტიაც შეშფოთებული უყურებდა საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას, კავკასიაში ძლიერი მეტოქის გამოჩენას.

კავკასიის გაერთიანებაც დაწყებული გახლდათ, ბაგრატიონების გვირგვინის ქვეშ. გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, გეოკულტურული თვალსაზრისით კავკასიის გამაერთიანებელი მხოლოდ საქართველო შეიძლება, ყოფილიყო. მეცხრე საუკუნიდან და განსაკუთრებით ბაგრატ მესამის დროს, ისე წარიმართა ვითარებანი, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო გახდა კავკასიელი ხალხების ლიდერი თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

ჩვენი სამშობლო ძალებს იკრებდა, ერთიანდებოდა და დიდი მომავლისათვის ემზადებოდა.

„ხოლო ამან, ბაგრატ მეფემან კურაპალატმან დაიპყრა ყოველი კავკასია თვით-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო სომხითისა ხელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა, უფროს სახლეულთა თვისთასა, და ბერძენთა მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე“.

იდეოლოგიური, საეკლესიო, სალიტერატურო, კულტურული თუ არქიტექტურული მომართულებით გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი ჰქონდა. ჩვენი იმდროინდელი წინაპრების დიდი სახელმწიფოებრივი იდეოლოგია გამოჩნდა ხუროთმოძღვრებაშიც. ბაგრატ მეფის მამობილმა ააშენა ოშკის დიდი ტაძარი და სხვა საოცარი ტაძრები. ბაგრატ მესამემ ააშენა ბაგრატის ტაძარი ქუთათისში და დიდი ზეიმით აკურთხებინა მთელი კავკასიის, ბიზანტიისა და აღმოსავლეთის პოლიტიკოსების დასანახად: „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთ-მოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“.

„ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თვისნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკეთუ ვინ-მე ინებოს თვითოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა-დავიწყებისათვის“.

ღმერთი წყალობდა საქართველოს, რადგან გამოუგზავნა მეფედ ბაგრატ ბაგრატიონი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი