ისტორია

როგორ გაერთიანდა ორ სამეფოდ გაყოფილი საქართველო და რატომ გაიყო ისევ

№19

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 19.05, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1289 წელს, დიმიტრი თავდადებულის მოკვლის მერე, არღუნ ილხანმა დაიბარა ხუტლუბუღა სადუნის ძე და უთხრა: „აჰა, დავხოცე ჩემი მტრები და მათ შორის შენი მტერიც, მეფე დიმიტრი. წადი, ჩამომიყვანე აფხაზთა მეფის ვაჟი, მას მივცემ მეფობას და შენ ჩაგაბარებ მთელ საქართველოს. მართე, როგორც გინდოდეს“.

დავით მეექვსე ნარინი დათანხმდა, მისი მემკვიდრე მეფედ დაესვათ ტფილისში. რუსუდანის ძემ იცოდა, რომ თავისი თანხმობით ლაშა-გიორგის შთამომავლების – დიმიტრი თავდადებულის ვაჟების წინააღმდეგ წავიდოდა, კონკრეტულად, ტახტის მემკვიდრე დავითის წინააღმდეგ და ლაშას შვილთაშვილები, დიმიტრის ვაჟები რომ გაიზრდებოდნენ, შესაძლოა, მისი ძის მტრები გამხდარიყვნენ. მაგრამ, თუ უარს იტყოდა, ეს წამგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის, დავით დიმიტრის ძეს ისედაც არ აძლევდნენ მეფობას, არც მის უმცროს ძმებს მისცემდა ტფილისის ტახტს დიმიტრიზე გამწარებული არღუნ ყაენი. შესაძლო იყო, აღმოსავლეთ საქართველო პირდაპირ მონღოლთა მიერ დანიშნული მოხელისთვის გადაეცათ. ეს ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის.

დავით ნარინი არ ემორჩილებოდა ჰულაგუიანებს, მეტიც, მის მოწინააღმდეგეებს ეხმარებოდა კიდეც. თუ ტფილისში ტახტზე ავიდოდა დავით ნარინის მემკვიდრე, ფაქტობრივად, ქვეყანა გაერთიანდებოდა. მართალია, ასეთ შემთხვევაში, დავით ნარინს მოუწევდა მორჩილება გამოეცხადებინა ილხანისთვის და ჯარიც მიეშველებინა მისთვის, გაუთავებელ ომებში. მაგრამ, ეს ყველაფერი ღირდა აღმოსავლეთ საქართველოს შენარჩუნებისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის. მით უმეტეს, კარგად ხედავდა დავით ნარინი, რომ საქართველოს უკვე ჩამოცილებული იყო სამცხე და პირდაპირ ემორჩილებოდა ყაენს. ყველაფერი აწონ-დაწონა მეფემ და თანხმობა განუცხადა არღუნ ყაენის მიერ გამოგზავნილ ელჩს, ხუტლუბუღას.

დიმიტრი მეფის მემკვიდრე, დავითი საილხანოში იყო ნოინ ტაჩართან, რომელმაც გამოსთხოვა მისი სიცოცხლე ყაენს და თვითონ ზრდიდა. უფლისწული ვახტანგ დიმიტრის ძე მთიულეთში იზრდებოდა. დედოფალი, უფლისწულებთან, მანოელთან და ლაშასთან ერთად, სკორეთის (სკვირეთის) ხევში იყო, რომელიც მათ სარჩოდ გადაეცათ. დიმიტრი მეფის მონღოლი ცოლი, დედოფალი სორღალა მამამისის სახლში დაბრუნდა და თან წაიყვანა უფლისწულები – ბაადური და იედგარი. გიორგი უფლისწული კი პაპამ – დედის, ნათელა დედოფლის მამამ, ბექა ჯაყელმა წაიყვანა სამცხეში და თვითონ ზრდიდა.

დავით ნარინი, მემკვიდრე ვახტანგთან და ჯართან ერთად, ქართლში გამოემგზავრა და დადგა ტაშისკართან. იქვე მივიდნენ საქართველოში მდგარი მონღოლური ნაწილების მეთაურები: სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომელიც იდგა ჯავახეთში, არტანსა და სამცხეს შორის. მოვიდნენ აღმოსავლეთ საქართველოს დიდებულებიც. ყველამ ერთგულების ფიცი დადო. დარწმუნდა რუსუდანის ძე, რომ ყველაფერი კარგად იყო და გააგზავნა თავისი ვაჟი არღუნ ყაენთან. თვითონ ისევ გადავიდა დასავლეთ საქართველოში.

არღუნ ყაენს ძალიან მოეწონა ვახტანგ დავითის ძე, რომელიც ყოფილა „ტანითა სრული, პირითა ჰაეროვანი, ტკბილ, მოწყალე, სიმართლის მოქმედ, უხვი, მდაბალი, ენა-ტკბილი, განმზრახი კეთილი, ყოვლისა საქმისა მცოდნე“. დაამტკიცა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ და გამოაგზავნა ტფილისში.

ქართლის კათალიკოსმა, ეპისკოპოსებმა და დიდებულებმა აკურთხეს მეფედ ვახტანგ მეორე და დასვეს ტფილისის ტახტზე.

საქართველო, ფაქტობრივად, გაერთიანდა მამა-შვილის, დავით მეექვსისა და ვახტანგ მეორის ხელში, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო“, – წერს მემატიანე. მხოლოდ ჯაყელ-ციხისჯვარელი არ ემორჩილებოდა მეფეებს. უხაროდათ ქართველებს ქვეყნის გაერთიანება და კვლავ რომ ჰყავდათ მეფე „ნათესავი მეფეთა ჩვენთა, პატიოსანი, ღმრთისმოყვარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მხნე, და სამხედროთა ზნითა აღვსავსე“. აღმზრდელიც კარგი ჰყოლია ნარინის ძეს, „კეთილი და მეცნიერი“, ვინმე ფარსმანიშვილი.

ვახტანგ მეფემ სპასალარობა და ათაბაგობა ერთად მისცა ხუტლუბუღას.

გავიდა ორი წელი, ხუტლუბუღამ ვერ მოახერხა, ისე მოეწყო საქმე, როგორც უნდოდა და თვითონ ემართა ქვეყანა. ვახტანგ მეორე საკმაოდ მტკიცე ხასიათის აღმოჩნდა. ამასობაში დაავადდა ყაენი არღუნი. ისე ცუდად იყო, ვეღარ მართავდა საილხანოს. ხუტლუბუღამ ისარგებლა ამით და დაიწყო ინტრიგების ხლართვა, რათა ტფილისის ტახტიდან ვახტანგი გადაეყენებინათ და მის მაგიერ დაესვათ დავით დიმიტრის ძე. ხუტლუბუღა იმედოვნებდა, რომ კვლავ ხელში აიღებდა ძალაუფლებას. ტაჩარ ნოინიც ცდილობდა დავითის გამეფებას. ოსთა მეფის ძეც, სახელად ფარეჯანი, მხარს უჭერდა დავითს. შეიკრიბა საბჭო ყაენის კარზე, მაგრამ, ქართველმა დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს დავითის გამეფებას, რადგან ეს ქვეყნის ისევ ორ ნაწილად დაშლას ნიშნავდა. თუმცა, დავითს სოფლები გამოუყვეს საუფლისწულოდ.

არღუნ ყაენი ვერ გამოკეთდა, პირიქით, იტანჯებოდა სნეულებისგან. მოსწყინდათ ნოინებს მისი ყაენობა და მოახრჩვეს თავისსავე კარავში. ეს მოხდა ზუსტად 12 მარტს, მის მიერ დიმიტრი მეფის მკვლელობიდან ზუსტად სამი წლის თავზე. ქართველებმა და სხვათა შორის, მონღოლებმაც, არღუნის ტანჯვა და 12 მარტს სიკვდილი დიმიტრი მეფის მკვლელობის გამო ღვთის მიერ არღუნზე მიწევნულ სასჯელს დაუკავშირეს.

ამის მერე დავით უფლისწულის პოზიციები გაძლიერდა, მაგრამ ვახტანგ მეორეს მტკიცედ ეპყრა მეფობა. 1292 წლის 23 ივლისს ნოინებმა ილხანთა ტახტზე დასვეს არღუნის ძმა, ქეღათუ. ისიც ფრთხილად ექცეოდა ვახტანგ მეფეს, რადგან, არღუნის დაავადებას, ტანჯვასა და დახრჩობას მეფის მკვლელობის გამო მოწევნულ სასჯელად მიიჩნევდაო, – წერს ჩვენი მემატანე.

მაგრამ, მოულოდნელად დაავადდა ვახტანგ მეფე და გარდაიცვალა. მხოლოდ სამი წელი იმეფა საღმრთო და საკაცობო ნიჭით შემკობილმა მეფემ.

ეს რომ გაიგო ვახტანგის კონკურენტმა, დავით უფლისწულმა, მწარედ იგლოვა, რადგან ძალიან კეთილი ახალგაზრდა გახლდათ ნარინის პირმშო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეფე არ იყო დავითი, გასცა ბრძანება, გელათში გადაესვენებინათ და იქ დაეკრძალათ ვახტანგ მეორე, ნარინის ძე.

მამაზე, დავით მეექვსეზე, განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა პირმშოს სიკვდილმა. მას მერე სიხარული აღარც ჰქონია რუსუდანის ძეს. მალე გარდაიცვალა კიდეც.

ისევ ორ სამეფოდ უნდა გაყოფილიყო ქვეყანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი