ისტორია

როგორ დაამყარა დავით აღმაშენებელმა საქართველოში ხელისუფლებათა სიმფონია და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი

№16

ავტორი: გია მამალაძე 22:00 30.04, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

სიმფონია ბერძნული სიტყვაა და თანაჟღერას, თანხმობას ნიშნავს.

313 წლიდან, როცა კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობას ოფიციალური სტატუსი მიანიჭა რომის იმპერიაში, ქრისტიანულ სამყაროში წარმოიშვა ხელისუფლებათა სიმფონიის აუცილებლობის შეგნება.

ეს საკითხი (იდეა), ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა მეექვსე საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანე პირველის მიერ მეექვსე ნოველაში (საკანონო პრინციპში). საერო და სასულიერო ხელისუფლებას ადარებდნენ ადამიანის სხეულს (საერო ხელისუფლება) და სულს (სასულიერო ხელისუფლება), რომელთა სიმფონიურ თანაარსებობას შეეძლო ადამიანის მშვიდობიანი არსებობა (და ცხონება შემდგომშიც). ამგვარად, საერო და სასულიერო ხელისუფლებათა სიმფონია სჭირდებოდა სახელმწიფოს არსებობისთვის, მოსახლეობის ფიზიკური და სულიერი კეთილღეობისთვისა და გარე ხიფათებისგან, ბოროტებისგან თავის დაცვისთვის.

თუმცა, ხელისუფლებათა სიმფონიის პრინციპი აუცილებლად აღიარებდა საერო და სასულიერო ხელისუფლებების დამოუკიდებლობას და ერთმანეთის კომპეტენციაში ჩაურევლობას.

რა თქმა უნდა, იმპერატორები ან რომის პაპები ხშირად ცდილობდნენ ხელისუფლებათა სიმფონიის დარღვევას და მეორე ხელისუფლებაზე საკუთარი ძალაუფლების გაბატონებას, რასაც ცეზაროპაპიზმი ეწოდება, თუმცა, ხელისუფლებათა სიმფონია ქრისტიანული სამყაროსთვის მაინც იდეალი იყო მუდამ.

1104 წელს „ბრძანებითა და კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისა”, რუისსა და ურბნისში ჩატარდა დიდი საეკლესიო კრება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის საქმეები დაალაგა.

კრებას ხელმძღვანელობდა მცხეთის კათალიკოსი იოანე მეექვსე, მას ეხმარებოდნენ დიდი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეები – გიორგი ჭყონდიდელი, არსენ ბერი (ალბათ, იგივე არსენ იყალთოელი) და სხვები.

მართალია, ჩვენს წინაპრებს არ გადაუხვევიათ ძველი, პირველადი ქრისტიანული სწავლებიდან, მართლმადიდებლობიდან – „გარნა არ თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებასა ბიწი რაèმე შეჰხებოდა“, არ უღალატიათ ქალკედონური მრწამსისათვის, მაგრამ, გამოსასწორებელი იყო ზოგიერთი რამ ეკლესიის საორგანიზაციო ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, არ დამდგარა მრწამსის გადახედვის საკითხი. ეკლესიაში „ქვაბ ავაზაკები“, მექრთამეები ნაკლებად მორწმუნენი და ქვეყნის ერთიანობის (დავით მეფის მოწინააღმდეგენი, შეპარულიყვნენ და საეპისკოპოსო კათედრებს დაპატრონებოდნენ. დასაზუსტებელი იყო სასულიერო პირების ასაკი, ასაკრძალი გახლდათ მცირეწლოვანთა ქორწინება და დასახვეწი იყო კიდევ ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი და სხვა.

კრებამ მიიღო „რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა“, უღირსი მღვდელმთავრები გადააყენა კათედრებიდან, აკრძალა საეპისკოპოსო კათედრების დაკავება ქრთამის მეშვეობით ან მაღალი წარმომავლობის მიხედვით, ფეოდალების ნება-სურვილის შესაბამისად. საეკლესიო ცხოვრების წესები კვლავ მკაცრად დაექვემდებარა კანონს და ეკლესია და სახელმწიფო საერთო მიზნისკენ ბრძოლაში გაერთიანდა.

ამას ხშირად უწოდებენ დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ საეკლესიო რეფორმას.

სინამდვილეში ეს საეკლესიო რეფორმა კი არ იყო, არამედ ეკლესიის მმართველობის უძველეს პრინციპებთან დაბრუნება, ეკლესიის დანიშნულების შესრულების შესაძლებლობის კვლავ გამოცოცხლება.

ეს იყო ქრისტეს ეკლესიის განმტკიცება.

ეს იყო სახელმწიფო რეფორმის დასაწყისი – იმ დროს მეფესთან არსებული სათათბირო ორგანოს, სამეფო დარბაზის წევრები იყვნენ არა მხოლოდ სარდლები და სხვა საერო იერარქები, არამედ მაღალი სასულიერო იერარქებიც. გარდა ამისა, მეფემ თავის სავაზიროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას, სათავეში ჩაუყენა ბერი – ვაზირთაუპირველესად, მწიგნობართუხუცესად დანიშნა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გიორგი.

განმტკიცდა საეკლესიო სწავლების სიწმინდის დაცვის საქმეც: „და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა“.

ეს ყველაფერი იყო როგორც ქრისტიანული პრინციპების განმტკიცება, ისე ცენტრალიზებული სახელმწიფოს გამარჯვება. სახელმწიფო ეკლესიის გაგრძელებად, ნაწილად ჩაითვალა (და არა ეკლესია – სახელმწიფოდ ან სახელმწიფოს ნაწილად, როგორც ცეზაროპაპიზმის შემთხვევაში). სახელმწიფოს სიძლიერე კვლავ აღიარებულ იქნა ეკლესიის არსებობის საფუძვლად.

ანუ, გაიმარჯვა იდეამ – თუ საქართველოს სახელმწიფო, სამეფო ძლიერი არ იქნებოდა, ყველანაირად და ყველა მიმართულებით, მაშინ, შესაძლოა, ურჯულოებს დაეკავებინათ ჩვენი ქვეყანა, გაენადგურებინათ ჩვენი ხალხი, რაც თავისთავად, ეკლესიის განადგურება იქნებოდა.

მაშასადამე, საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის მესვეურებისთვის, სრულიად გასაგები გახლდათ, რომ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთი და იგივე ამოცანა ჰქონდა – ქრისტიანთა დაცვა, ქრისტიანობის დაცვა, ქრისტიანობის არსებობის შენარჩუნება კონკრეტულ ადგილას, საქართველოში, რისთვისაც აუცილებელი იყო ორი ხელისუფლების სიმფონიური თანაარსებობა.

რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება დიდი ხანია, არსებობდა საქართველოში, ჯერ კიდევ ქრისტიანობის მიღების დროიდან, მაგრამ, სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკის ორგანიზაციული სახე მან, სწორედ, რუის-ურბნისში და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის მწიგნობართუხუცესის თანამდებობაზე დანიშვნით მიიღო.

თითქოსდა, ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ვაზირთაუპირველესად დანიშვნით და რუის-ურბნისის კრებით დავით აღმაშენებელმა ცეზაროპაპიზმი დაამყარა, თითქოს ეკლესია დაიქვემდებარა, მაგრამ, პირიქით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიის სიმფონიური ურთიერთობა ქრისტიანობის არსებობისთვისა და მორალური სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში ბრძოლაში უმაღლეს საფეხურზე ავიდა, უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ბიზანტიაში.

თუ ბიზანტიაში ხელისუფლებათა სიმფონიის დარღვევას არად დაგიდევდნენ იმპერატორები (ან პაპები – ევროპაში), რასაც მოჰყვებოდა ხოლმე ცეზაროპაპიზმი, ანუ ერთი ხელისუფლების მიერ მეორე ხელისუფლების საქმეებში ჩარევა და მასზე თავისი ძალაუფლების გავრცელების სურვილი, დავით აღმაშენებლის შემთხვევაში ეს გამოირიცხა რამდენიმე ფაქტორით:

პირველი: ჩვენი მეფის მორწმუნეობის გამო: „განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სვინდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათვის რად-ღა სახმარ არს თქმა, რომლისა იგი საქმარ ოდენ იყო”.

მეორე და მთავარი – ეკლესიის დამოუკიდებლობლობა განმტკიცდა მეფის მიერ ეკლესიისათვის სრული შეუვალობის, თავისუფლების მინიჭებით.

დავით აღმაშენებელმა სრულიად გაათავისუფლა ეკლესია გადასახადებისგან, რათა სასულიერო პირებს მხოლოდ ლოცვისთვის და ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნათ სიცოცხლე: „ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნი-ცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა“.

მესამე – ჭყონდიდელი არ იყო ეკლესიის მეთაური, მასზე მაღლა საეკლესიო იერარქიაში იყო კათალიკოსი და საეკლესიო კრება.

ხელისუფლებათა სიმფონია დაირღვა დავით აღმაშენებლის შვილიშვილის დროს, მეფემ შეუვალობა გაუუქმა ეკლესიას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი