ისტორია

როგორ აღწერდნენ, რას უწოდებდნენ და რას უკავშირებდნენ კომეტა ჰალეის ძველ საქართველოში

№4

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.02, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

პერიოდული კომეტა ჰალეი (ოფიციალური სახელწოდება1P/Halley), თურმე, საშუალოდ, 75-79 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას და მას ადამიანები ხედავენ.

კომეტას სახელი უწოდეს ცნობილი ინგლისელი ასტრონომის, გეოფიზიკოსის, მათემატიკოსის, მეტეოროლოგის, ფიზიკოსისა და დემოგრაფის ედმონდ ჰალეის (Edmond Halley) პატივსაცემად (1655-1742).

კომეტა ჰალეი არის ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მანათობელი კომეტა ჩნდება ზეცაში, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით, სპეციალური ხელსაწყოების გარეშეც შეიძლება. მას ამჩნევდნენ უძველესი დროიდან. პირველი დოკუმენტური ცნობა ამის შესახებ არსებობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 240 წლიდან.

ამ „კუდიანი“ კომეტის გამოჩენას (ასევე სხვა „კუდიანი კომეტებისას“, ყველა კომეტა ხომ „კუდიანია“) ძველ დროში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენას უკავშირებდნენ. ინტერესითა და ხშირად შიშით ხვდებოდნენ.

კომეტა ჰალეი საქართველოშიც აღუწერიათ, ამის შესახებ გვიამბობდა აფხაზეთში, ლიხნის ტაძრის ფრესკული ასომთავრული წარწერა (რომელიც, ერთადერთი ყოფილა საქართველოში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში). წარწერა გვამცნობდა:

„ქ. კურთხეულ ხარ, ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგან წელთა ხქჲთ (1066), ქორონიკონსა სპჲ (1066), მეფობასა ბაგრატ (IV) გიორგის ძისასა ინდიკტიონსა ლჱ, აპრილსა თუესა, ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა, ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვეა. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებამდის“. მაშასადამე, აღნიშნული კომეტა საქართველოში შეუნიშნავთ - ბზობას და აღდგომამდე ხედავდნენ.

შემდეგ კომეტა ჰალეიმ დედამიწას ჩაუქროლა 1145 წელს, ამის შესახებ ქართული ჩანაწერი არ არსებობს, იქნებ იყო და დაიკარგა. მერე 1222 წელს ჩამოუქროლა დედამიწას ჰალეამ, არც ამის შესახებაა ჩანაწერი საქართველოში.

შემდეგი ქართული აღწერა კომეტისა 1301 წელს უკავშირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო დავით მერვე ურჩი, ძე დიმიტრი თავდადებულისა. დავითი ბავშვობაში შეესწრო მამის მკვლელობას და განსაკუთრებით სძულდა მონღოლები. 1295 წლიდან საილხანოს მართავდა ყაზან ყაენი, რომელმაც მიიწვია დავით ურჩი თავისთან. დავით მეფე წელავდა მოლაპარაკებებს, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას, ილხანთან კი მაინც არ გამოცხადდა. ილხანის ნოინმა მეფის გასამწარებლად მოკლა ქართველთა მეფის ელჩი, ივანე ბურსელი. გააფთრებულმა ყაზანმა კი თავის ჯარებს მოარბევინა ქვემო ქართლი, თრიალეთი, ერწო. თუმცა, გველეთში, დავით მეფის ჯარისკაცებმა კარგად გაჟუჟეს მონღოლები.

ჩვენი ჟამთააღმწერელი საქართველოზე თავსდამტყდარ უბედურებებს უკავშირებს ჩვენი წინაპრების მიერ ზნეობის დაკარგვას, ცოდვებს: „ცნეს თათართა რამე თუ მიზეზობდა (მეფე), შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს უვნებლად, და მომართეს შესვლად მთიულეთს; მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. ტყუე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახïლისათა რავდენ პოვეს, და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს.

რამე თუ ამას წელსა გამოჩნდა ვარსკულავი კïმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუედმდე, და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს: „ლახურითა მოწყუედასა მოასწავებს“.

მაშასადამე, ჟამთააღმწერლის აზრით, უბედურებების დასაწყისის ნიშნად, ცაზე გამოჩნდა კვიმატი ვარსკვლავი, რომელსაც ჰქონდა ლახვრის ფორმა. კვიმატი ამ შემთხვევაში ნიშნავს ავს, ბოროტს. მისი გამოჩენა, ითვლებოდა უბედურების მომტანად და ამბობენ, „მახვილით დახოცვას მოასწავებსო“.

მონღოლებმა, ჯერ ტფილისში მეფედ დასვეს დავით ურჩის ნახევარძმა, მცირეწლოვანი გიორგი, მომავალი ბრწყინვალე. მერე, გაამეფეს დავით ურჩის ძმა, ვახტანგ მესამე (მომავალი წმიდა მოწამე), რომელიც უფლისწულობის დროს ერთგულობდა მეფე-ძმას, მაგრამ, მეფე ეჭვიანობდა და ციხეშიც კი გამოკეტა, საიდანაც თავის გადასარჩენად გაიქცა უფლისწული ვახტანგი, მერე ისევ შეურიგდა მეფეს, მაგრამ, ხიფათი ისევ ელოდა, ამიტომ, მივიდა მონღოლებთან. მონღოლებმა ისარგებლეს და ტფილისის ტახტზე დასვეს. ვახტანგი ცდილობდა, არ დაჰპირისპირებოდა უფროს ძმას. მაგრამ, დაპირისპირება მაინც ბუნებრივად არსებობდა. საქართველო გაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად. ტფილისსა და ქვემო ქართლში ვახტანგი იჯდა, მთაში დავით მერვე გამაგრებულიყო. დასავლეთ საქართველოში მეფობდა კონსტანტინე პირველი, დავით ნარინის ძე, სამხრეთ დასავლეთ საქართველო, სამცხე აღარ ემორჩილებოდა მეფეებს, პირდაპირ ყაენის დაქვემდებარებაში იყო.

ამ ამბების აღწერამდე, ჩვენი ჟამთააღმწერელი ჯერ კიდევ გარნისის ბრძოლაში დამარცხებისა და დიდი საქართველოს დაცემას ქართველ პოლიტიკოსთა შორის გაბატონებულ უზნეობას აბრალებდა: „რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშვიდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური, ხდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი“.

ძნელია თქმა, მართლა ცოდვების გამო დავეცით თუ არა, მაგრამ, პოლიტიკოსთა უვარგისობის გამო რომ დამარცხდა ჩვენი ქვეყანა, ფაქტია.

რაც შეეხება კომეტა ჰალეის, როგორც მისი პირველი ქართული აღწერისას ჩანს, ცუდს მას არაფერს უკავშირებდნენ. კომეტა კოსმოსური მოვლენაა, ბუნებრივი.

ისე, ცნობისათვის, მისი პირველი ქართული აღწერიდან (ლიხნის ტაძრის წარწერა), დაახლოებით ცხრა წელიწადში დაიბადა დავით აღმაშენებელი, ხოლო შემდეგი აღწერის (გამოჩენის) თარიღიდან დაახლოებით 9-10 წელიწადში ტახტზე ავიდა გიორგი ბრწყინვალე.

დიდი ამერიკელი მწერალი, მარკ ტვენი, ხუმრობით, თავის დაბადებას და გარდაცვალებას უკავშირებდა კომეტა ჰალეის: „ამ ქვეყანას კომეტა ჰალეისთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ჰალეი კვლავ ჩამოიფრენს. იმედი მაქვს თან გავყვები“. მართლაც ასე მოხდა, კომეტა ჰალეის შემდეგ გამოჩენისას, 1910 წელს დიდი ამერიკელი გარდაიცვალა.

ამგვარად, კომეტა არაფერ შუაშია, მეტი გულმოდგინება და პატიოსნება რომ გამოეჩინათ თამარისა და ლაშა-გიორგის შემდეგ დროინდელ პოლიტიკოსებს, შეიძლება საქართველოს ისტორია სხვანაირად განვითარებულიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი