ისტორია

რის საფუძველზე ერთიანდებოდა ქართული თემები და სამეფო-სამთავროები წარმართულ ხანაში, ქრისტიანობის დროს და 1790 წლის ტრაქტატის დადებისას

№22

ავტორი: გია მამალაძე 22:00 11.06, 2021 წელი

დედაენის ძეგლი
დაკოპირებულია

საქართველოს ისტორიულ კუთხეთა და თემთა ერთიანობის უმთავრესი საფუძვლები ყოველთვის იყო საერთო წარმომავლობა, საერთო ენა (მიუხედავად კუთხებში განსხვავებული ენების არსებობისა) და საერთო რელიგია.

ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, წარმართულ ხანაშიც საერთო რელიგიური რიტუალების ენა ქართული უნდა ყოფილიყო მთელ საქართველოში:

„ცხადი გახდება, რომ არამცთუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ ამ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონია“.

წარმართულ ხანაში, როცა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უფლისწულები, ქუჯი და ფარნავაზი შეთანხმდნენ უზურპატორი აზოს მოცილებასა და დასავლეთისა და აღმოსვლეთის თემების ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაზე, საფუძვლად, სწორედ, საერთო წარმომავლობა, საერთო, მსგავსი რელიგიური წეს-ჩვეულებანი და საერთო ენა (კოინე) ჰქონდათ (რომელსაც შემდეგ დაეფუძნა ძველი ქართული ლიტერატურა). იმ დროისათვის ქართული და მეგრული (ალბათ, სვანურიც) არ იყო ისე ძალიან დაცილებული ერთმანეთს, რომ გაგებინების პრობლემა ჰქონოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ერთიანი, არამედ განსხვავებული ეროვნული განწყობები ექნებოდათ ოდიშის, სვანეთისა და ქართლის პოლიტიკოსებს და გაერთიანებას არ დათანხმდებოდნენ.

ქართულ მეცნიერებაში ადრე გაბატონებული აზრი, თითქოს სვანური, ქართული და მეგრული (ლაზურიანად) რამდენიმე ათასი წლის წინ ძალიან დაშორდა ერთმანეთს და ამ ენების წარმომადგენლებს ურთიერთის არ ესმოდათო, გადაჭარბებულია.

გავიდა საუკუნეები...

ქართული თემები, უკლებლივ, ქრისტიანული სარწმუნეობის აღმსარებელნი გახდნენ. ქართული თემების წარმომადგენელისთვის: მესხებისთვის, ქართლელებისთვის, მეგრელებისთვის, სვანებისთვის, ლაზებისთვის, რელიგიის ენად ისევ ქართული დარჩა. დასავლელქართველი იოანე ლაზი და აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მეფის შვილი პეტრე იბერი ქართულენოვან წარწერებს გამოსახავდნენ პალესტინის მიწაზე.

გენეტიკური, რელიგიური და ენობრივივი ერთიანობის განცდა ასე გამოიხატებოდა: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

გავიდა საუკუნეები...

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, სოლომონ პირველი, რომელსაც ვაჟი გარდაცვლოდა, ერეკლე მეორეს შეჰპირდა, რომ იმერეთის ტახტის მემკვიდრედ დაინიშნებოდა მისი ძმისწულის, არჩილის ვაჟი, დავითი, რომელიც დედის მხრიდან ერეკლე მეორის შვილიშვილი იყო.

სხვა მიზეზებთან ერთად, სოლომონ პირველის გადაწყვეტილება, ალბათ, განპირობებული იყო საქართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამეფოების უფრო მეტად დაახლოების სურვილით. საქართველოში კვლავ მწიფდებოდა აზრი პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.

1784 წელს გარდაიცვალა იმერეთის დიდი ხელმწიფე, სოლომონ პირველი. იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა ატყდა. მის მემკვიდრედ დანიშნული დავით არჩილის ძე არასრულწლოვანი, მხოლოდ 12 წლის იყო და პაპის, ერეკლემ მეორის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძე ბაგრატიონმა და იმერეთის გავლენიანი თავადებისა და გურიისა და სამეგრელოს მთავრების მხარდაჭერით, თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა, მორჩილება გამოუცხადა რუსეთს და ტახტის შენარჩუნების საქმეში დახმარება სთხოვა. რუსეთის იმპერიის დახმარებით ერეკლე მეორესა და დავით მეორეს შორის შეთანხმება მოხდა. დავით მეორემ თავის მემკვიდრედ ერეკლე მეფის შვილიშვილი გამოაცხადა. თუმცა, ტახტის დათმობას არ აპირებდა.

იმერეთის ტახტზე თვალი ეჭირათ სხვებსაც, რომლებსაც თურქეთის დახმარებით იმერეთში გამეფება უნდოდათ.

იმერეთის ტახტისთვის ბრძოლას საბოლოოდ წერტილი დაუსვეს ერეკლე მეორემ და ოდიშის ახალმა მთავარმა, დავით არჩილის ძის ცოლის ძმამ, გრიგოლ დადიანმა. დაამარცხეს დავით მეორე გიორგის ძე და ტახტზე აიყვანეს ახალგაზრდა დავით არჩილის ძე, რომელმაც სამეფო სახელად სოლომონ მეორე აირჩია.

იმერეთის გავლენიანი თავადები და სასულიერო პირები ეახლნენ ერეკლე მეორეს და იმერეთის სამეფოს ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთება მოსთხოვეს. ერეკლე მეფემ შეკრიბა დარბაზი და რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა. დიდებულთა უმრავლესობა გაერთიანების მომხრე იყო. მაგრამ, საბოლოოდ მეფემ, რამდენიმე დასახელებული და რამდენიმე დაუსახელებელი არგუმენტის (თუ მიზეზის) გამო უარი თქვა გაერთიანებაზე.

თუმცა, რამდენიმე ხნის მერე, ერეკლეს მეორის კარზე შეადგინეს ქართული სამეფო-სამთავროების შეკავშირების კონცეფცია (1790 წლის ქართველ მეფე-მთავართა ტრაქტატი), რომლის მიხედვითაც დასავლეთის მეფე-მთავრები და ერეკლე მეორე ერთმანეთის მოკავშირეობას კისრულობდნენ მტრებთან ბრძოლაში. ტრაქტატს ხელი მოაწერეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმა, იმერეთის მეფემ და რა თქმა უნდა, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორემ.

აფხაზეთისა და დიდი მესხეთის მბრძანებელთა ხელმოწერა არ არის აღნიშნულ ტრაქტატზე, ვინაიდან აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთის მიწები ოსმალეთს ჰქონდა ოკუპირებულ-ანექსირებული.

სხვათა შორის, მეფე ერეკლეს მიერ რუსეთისადმი დახმარების თხოვნა-ტრაქტატში (გეორგიევსკის) გათვალისწინებული იყო თურქთა მიერ დაკავებულ-ანექსირებული ტერიტორიების (ლაზეთის, სამცხის და აფხაზეთის) საქართველოსთვის დაბრუნება.

ქართველ მეფე-მთავართა ტრაქტატი ქართველთა ერთიანობისადმი ზრუნვის ერთ-ერთი წერილობითი წყაროა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე და საქართველოს სხვა მეფე-მთავრები შესანიშნავად გრძნობდნენ, რომ საჭირო იყო ივერიის მთელი ძალების მობილიზება ივერიელთა გადარჩენისა და ბედნიერებისთვის.

თფილისის 1790 წლის ტრაქტატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართველი მეფე-მთავრების დამოკიდებულებას ავლენს საქართველოსადმი, როგორც ერთადერთი და ერთიანი სამშობლოსადმი. ქართველთა ერთობის საფუძვლად გამოცხადებულია ივერიელობა – ქართველობა ანუ სისხლით ნათესაობა; ერთმორწმუნეობა – ერთი ეკლესიის შვილობა; ერთი დედა ენა; და ერთმანეთისადმი სავალდებულო (მავასხელობითი) სიყვარული.

„ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთი მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა (სავალდებულო – გ. მ.) სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.

ამისთვის ჩვენ, ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა, აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების“.

თავისი განწყობით 1790 წლის თფილისის ტრაქტატი გვაგონებს ძველ საქართველოში შემუშავებულ ფორმულას: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, რადგან, ტრაქტატში ხაზგასმულია, რომ ივერიელთა ერთობის უმთავრესი საფუძველი არის საერთო ენა, ასევე, საერთო წარმომავლობა, საერთო სარწმუნოება და საერთო სამშობლო, ივერია – საქართველო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი