ისტორია

რის გამო წავიდა მომავალი გიორგი ათონელი უცხოეთში და რატომ გაუცვალა მან ტანსაცმელი ვიღაც გლახაკს

№37

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.09, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1021 წელს ქართველთა ლაშქარი, ოკუპანტების მოძულე გიორგი პირველის ხელმძღვანელობით, ბიზანტიის ძალიან მრავალრიცხოვან ჯართან დამარცხდა. არ უმართლებდა უნიჭიერეს და უშიშ გიორგი პირველს. ბასილი ბულგართმმუსვრელის ჯარები ქვეყნის შუაგულისკენ დაიძრნენ, მაგრამ ამ დროს მაშველი ძალა მოუვიდა მეფე გიორგის – კახთა და ჰერთა ჯარი, კახეთ-ჰერეთის ხელმწიფის, კვირიკე მესამის ჯარისკაცები. ბიზანტიელებს სამხრეთ-დასავლეთისკენ უკანდახევა მოუწიათ. თუმცა, სამხრეთ-დასავლეთის მიწები ისევ დაიკავეს. გიორგი პირველი შეეცადა, ბიზანტიის შიგნით, კეისრის მტრებისთვის დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ, კეისარმა დაამარცხა აჯანყებულები.

იმავე ხანებში ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა ბასილი ბაგრატის ძე, „მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისა“, რომელიც, ჩანს, იყო ბაგრატ მესამის ძე, მეფე გიორგი პირველის ძმა. ბასილი ბულგართმმუსვრელმა მოაკვლევინა ბასილისა და მეფის სიძე – ფერის ჯოჯიკის ძე, მისი ცოლი კონსტანტინოპოლში წაიყვანა მძევლად. კონსტანტინოპოლში მეფის ასულს თან გაჰყვნენ გიორგი მწერალი და მისი ძმისწული და შეგირდი, თერთმეტი-თორმეტი წლის გიორგი მორჩილი, საქართველოს ეკლესიის მომავალი მნათობი. ეს მოხდა 1022 წელს.

თორმეტი წელი გაგრძელდა კონსტანტინოპოლში ტყვეობა. ბაგრატ მეოთხის ასულმა და ბიძამ, ისარგებლეს სიტუაციით და პატარა გიორგის შესანიშნავი მასწავლებლები მოუძებნეს. „მათსა მას მუნ ყოფასა მამის ძმამან ამის საკჳრველისა ყრმისამან და, უფროჲსღა ვთქუა, თუ საღმრთომან მან დედაკაცმან სასწავლოდ მისცეს ყრმაჲ იგი გიორგი კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორითავე ცხორებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა, არამედ მონაზონთა ღმრთის-მოშიშთა და ყოველთა მიერ წამებულთა“.

თორმეტი წლის განმავლობაში გიორგი, მომავალი წმიდანი საქართველოს ეკლესიისა, გულმოდგინედ შეისწავლიდა საღვთო სჯულს, ხვეწდა ბერძნულის ცოდნას. ისეთი ნიჭი გამოავლინა, ბერძნებს სჯობდა ბერძნულის ცოდნაში და შრომისმოყვარეობაში: „ყოველივე მოსწრაფებაჲ და გულს-მოდგინებაჲ ერთბაშად შემოიკრიბა, ვიდრეღა მახïლთა გონებითა და მრავალ-ჟამ გამოცდილთა მოსწრაფებითა წარემატა“. უკვირდათ მის ბერძენ თანამოასაკეებს ქართველი ახალგაზრდის ასეთი გულმოდგინება და ცდილობდნენ, მიებაძათ მისთვის: „დიდად განკïრდეს ყრმანი იგი ბერძენთანი მისსა მას ეგოდენსა მოსწრაფებასა და სიმახïლესა გონებისასა, ჰნატრიდეს გულს-მოდგინებასა მისსა და ძალისაებრ ბაძვად მისსა აღიძრვოდეს“.

ბიზანტიაში გიორგი მაშინდელი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრების მიღწევებს ეზიარა. თორმეტი წლის შემდეგ ბაგრატ მესამის ასული დააბრუნეს თავისი გარდაცვლილი მეუღლის მამულში, ტვარწატაფში. მან თან წამოიყვანა გიორგი და მისი მოხუცებული ბიძა. საქართველოს მიწაზე დაბრუნების დროს გაიგეს, რომ მორჩილი გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი უკვე ძალიან ავადმყოფობდა. გიორგის მამაც, ძმამ ტვარწატაფს წაიყვანა. შემდეგში წმიდა გიორგი მთაწმინდელი ძალიან აქებდა მის აღმზრდელ ქალს, სახელგანთქმული მონაზვნის, ნეტარი ბასილის დას, მეფე ბაგრატ მესამის ასულს: „ღირსი ესე დედაკაცი ღმრთის-მსახურებითა ძმასა თïსსა ნეტარსა ბასილის“ მსგავსი იყოო.

ამგვარად, ახალგაზრდა გიორგი, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა დაბრუნდა მშობლიურ მხარეში. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწების მოზრდილი ნაწილი ისევ ბიზანტიის მიერ იყო ოკუპირებული.

ახალგაზრდა მორჩილი გიორგი დაბრუნდა ხახულის მონასტერში, თავის ბიძასთან, საბასთან. ხახულის მონასტერშივე აღიკვეცა ბერად გიორგი, როგორც კი ოცდახუთი წლის გახდა. მისი ყოფილი მოძღვარი, ღირსი ილარიონ თუალელი ძალიან მოხუცი იყო უკვე. „მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ჴორცთაღა შინა იყო, და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევა მონაზონებისაჲ“. მან აკურთხა გიორგი, „რამეთუ იგი იყო პირველი მოძღვარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“.

აწ უკვე გიორგი ბერს, მოუნდა, უცხოეთში წასულიყო და უცხოებაში გაეტარებინა ბერული ცხოვრება, შორს – ნაცნობობისა და პატივისაგან. „მოუჴდა სურვილი უცხოებისაჲ და თïსთაგან განშორებისაჲ, და ფარულად ყოველთა მეგობართაგან და მეცნიერთა სივლტოლაჲ იჴუმია და წარემართა იერუსალიმით-კერძო“. უფრო კი, სურდა, წმიდა ადგილთა მოლოცვა, სადაც ქრისტე მოღვაწეობდა: „უფროჲსღა ვთქუა, თუ სურვილი თაყუანის-ცემისათïს წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, ვინაჲ-იგი აღასრულა ყოველი განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ სიტყვამან მამისამან, მოსრულმან ჴსნისათჳს ჩუენისა“. მის ახლობლებს, ხახულის მონასტრის მოღვაწეებს, დიდი იმედი ჰქონდათ, ფიქრობდნენ უნიჭიერესი გიორგი ბერი ხახულში, მონასტერში გააგრძელებდა მოღვაწეობას და ამიტომ, მათ არაფერი უთხრა, რომ არ დაებრკოლებინათ და ფარულად გაემგზავრა.

ხახულის მონასტრის წინამძღოლსა და წმიდა ბერებს ძალიან ეწყინათ მისი გაუჩინარება და ძებნა დაუწყეს: „შეწუხნეს ფრიად და ყოვლით-კერძო მეძიებელნი და შემპყრობელნი განავლინნეს, და ყოველნი გზანი მოიცვნეს“. ძებნას რომ დაუწყებდნენ, იცოდა ნეტარმა ახალგაზრდა ბერმა და ამიტომ „საღმრთოჲ ღონე იჴუმია“, თავისი ახალი ბერული სამოსი ერთ გლახაკს გაუცვალა და ჩაიცვა მისი „დაბებკული, ძველი ტანსაცმელი“. ასე გაეპარა თავის მდევრებს, რომლებიც მას სიყვარულით ეძებდნენ, არ უნდოდათ მისი განშორება, მაგრამ, თავად ბერ გიორგის და საქართველოს მომავალს ასე უფრო სჭირდებოდა. ასეთი იყო ღვთის განგებულება.

არაერთი განსაცდელი გადახდა თავს მოგზაურობისას ახალგაზრდა ბერს, მაგრამ, მისი წმიდა გულიდან ამოსულმა ლოცვებმა ისიც გადაარჩინა და მისი თანამგზავრიც.

იცოდა ახალგაზრდა ბერმა, რომ წინამძღვრისა და მოძღვრის გარეშე „არა არს ცხორებაჲ სულისაჲ და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. და იპოვა გიორგი ღმერთშემოსილი, „მთასა საკჳრველსა, ნაპრალსა შინა კლდისასა, ბერი წმიდაჲ, შეყენებული, ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელთა ზრუნვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული, – გიორგის ვიტყჳ დაყუდებულსა“.

ასე გახდა მომავალი გიორგი ათონელი გიორგი ღმერთშემოსილის მოწაფე, „ამას დაემოწაფა ნეტარი ესე“, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა და უწოდებდნენ „დიდსა მას მნათობსა ნათესავისა ჩუენისასა, კაცსა ყოველთა მიერ გულის-სათქუმელსა“.

სამი წელი გიორგი ღმერთშემოსილის შეგირდობაში გაატარა მომავალმა გიორგი ათონელმა. წინ დიდი საქმეები ელოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი