ისტორია

რის გამო იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები მონღოლებთან ერთად ვაჟკაცურად

№5

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.02, 2023 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

1307 წელს ილხანმა ოლჯაითუმ (ხარბანდამ) გადაწყვიტა გილანში (სპარსეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში) გალაშქრება. იმ დროს ტფილისის ტახტზე იჯდა ვახტანგ მესამე, დიმიტრი თავდადებულის ძე. ჩვენი სამეფო მონღოლთა ვასალი იყო და ვალდებულება ჰქონდა, მათ სამხედრო ძალით დახმარებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონღოლები საქართველოს ააოხრებდნენ. გარდა ამისა, თუ გვინდოდა, საკუთარი მეფე გვყოლოდა, მონღოლებს უნდა დავმორჩილებოდით, მათ უნდა დამორჩილებოდა სამეფო დინასტიაც, თორემ, პირდაპირ მონღოლურ ადმინისტრაციას დანიშნავდნენ და უფრო აოხრდებოდა ქვეყანა, უფრო მეტად დაზარალდებოდა უბრალო ხალხი. სხვა რა გზა ჰქონდათ ჩვენს მეფეებს და ჩვენს წინაპრებს, სისხლს ღვრიდნენ სხვების ომებში და ამგვარად ახერხებდნენ, საკუთარ სამშობლოში არ დაღვრილიყო მშვიდობიანი ქართველების სისხლი და გადარჩენილიყო საქართველოს სამეფო.

გილანი კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზეა. სიტყვა გილანი ყვავილების ქვეყანას ნიშნავს, თურმე. პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყანა ყოფილა. გილანის მოსახლეობა საკუთარ ენაზე ლაპარაკობს (ირანული ენების ჩრდილო-დასავლურ ირანული ჯგუფის კასპიისპირული ქვეჯგუფი). გილანელებს, ფიცხ და მეომარ ხალხს არ უყვარდათ უცხოელების ბატონობა. ამიტომ, ისლამი გილანში გვიან, მეცხრე-მეათე საუკუნეებში გავრცელდა, რადგან არაბებს ძალიან გაუჭირდათ გილანელების დაპყრობა, მთებში მცხოვრებლები კი ვერც დაუმორჩილებიათ.

მონღოლებმა 1270 წელს სცადეს გილანის დამორჩილება, მაგრამ ვერ შეძლეს. მაშინაც იბრძოდნენ მონღოლების ჯარში ჩვენი წინაპრები. იმ დროს ირანი, ერაყი, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი მთლიანად, მცირე აზიის ნაწილი ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ გილანის მელიქები არ ემორჩილებოდნენ ილხანებს.

ურდოში გამოიძახეს სამცხის მთავარი ბექაც. სამცხე ილხანთა პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ქართველ მეფეებს.

ოთხად გაჰყო ყაენმა ჯარი. საუკეთესონი თავისთან დაიტოვა, ყაენთან მყოფ ნაწილებს ვახტანგ მეფე უსარდლეს. მეორე ნაწილი ჩააბარა ხუტლუ შაჰს და ბექა ჯაყელს, რომელიც მესხური ჯარის ნაწილებით უნდა ხლებოდა ყაენს. მესამე ნაწილი თავის სარდალს, ჯალიარს ჩააბარა. მათთან იყვნენ ოსები, რომელთაც მონღოლების ბატონობის გამო გორი ჰქონდათ დაკავებული. მეოთხე ნაწილს სალდუხ ჩოფანი სარდლობდა. თითოეული დაჯგუფება ცალ-ცალკე, სხვადასხვა გზით გაუდგა გზას. ძველ დროში, დიდი ჯარები სხვადასხვა გზით გადაადგილდებოდნენ და დათქმულ ადგილას, დასარბევი ქვეყნის მეზობლად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

გილანში ოთხი მთავარი ჰყოლიათ, მაგრამ მონღოლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და გააფთრებით იბრძოდნენ. ქართველ მემატიანეს შემონახული აქვს გილანის მთავრების სახელები: ერქაბაზნი, უბაში, როსტანი და ასანი.

კარგად მომზადებულები დახვდნენ მტერს მცირერიცხოვანი გილანელები. ნაწილი ციხეებში გამაგრდა. ერიქაბაზნმა შეკრა ხეობები, თვითონ ციხესიმაგრეში გამაგრდა და მისი ნაწილები შეება ხარბანდა ყაენის ნაწილებს. ბრძოლას მეფე ვახტანგი წინამძღოლობდა. სასტიკი ომი იყო. გაუვალ მთებში, ვიწრო ხეობაში და უღრან ტყეში წინსვლა ძალიან უჭირდა მონღოლურ ჯარს. სადაც ვაკე იყო, ლამი იდგა, რადგან ბევრია გილანში ჭაობიანი ადგილები. დიდხანს გაგრძელდა ომი.

ყაენი შორიდან უყურებდა ბრძოლას. ძალიან გაუჭირდათ ქართველებს ასეთ მძიმე პირობებში, თუმცა ზურგი არ უჩვენებიათ მტრისთვის. მათზე იყო დამოკიდებული მონღოლების დამოკიდებულება საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი. გზის სივიწროვის გამო ჩასაფრებული მტრისგან დიდი ზარალი ნახეს ჩვენმა წინაპრებმა. ყოველი ათი კაციდან მხოლოდ ორი თუ გადარჩა ცოცხალი. უამრავი ოჯახი იმ დღეს უმკვიდრო გახდა, რადგან მამა, შვილი და ძმა, ყველა ერთად დაიღუპა. რომლებიც დარჩნენ ვახტანგ მეფის გვერდით ცოცხლები, უკან არაფრის დიდებით არ იხევდნენ. უკვირდათ მონღოლებს ქართველების ასეთი სიმამაცე.

მონღოლების ნაწილებმა უკან დაიხიეს. ვახტანგ მეფე მხნედ იბრძოდა. ბარკალში დაიჭრა კიდეც მსუბუქად. დაღამდა. გაიყარა ჯარები.

ყაენი მიხვდა, ამ მთიანი, ტყიანი, გაუვალი და მხნე ხალხით დასახლებული პროვინციის დაკავება გაუჭირდებოდა, ღამით აიყარა და უკან დაიხია. ეს რომ გილანელებმა გაიგეს, გამოეკიდნენ და დიდი ზიანიც მიაყენეს.

გილანელების სარდალმა, უბიშმა გზა შეკრა და წინ გადაუდგა ხუტლუ-შაჰს. ხუტლუ-შაჰი გადმოხტა ცხენიდან, მოიხადა მუზარადი, სკამზე დაჯდა და ბექა ჯაყელს უბრძანა ქვეითად შესვლა ვიწრობში. გმირულად იომეს მესხებმა, არც მათ შეაქციეს ზურგი ჩასაფრებულ მტერს, რომელიც ისრებს უშენდა და ბევრი გილანელი გაისტუმრეს საიქიოს მესხებმა. ვიღაცამ სტყორცნა ისარი, ხუტლუ-შაჰს მოხვდა შიშველ თავზე და მოკლა. ეს რომ დაინახა სიბუჩიმ, ხუტლუ-შაჰის ვაჟმა, გაიქცა თავის ნაწილებთან ერთად. მესხები დარჩნენ და იბრძოდნენ. მესხთა დიდი ნაწილიც დაიღუპა. უკან დახევა მოუწიათ. ამის შემდეგაც მონღოლებმა და მესხებმა დიდი ზარალი ნახეს, რადგან მათ უკან ვაკეზე, ბრინჯის ყანებში, ღამით წყალი მიეშვათ და ლამი დამდგარიყო. ვერც ქვეითებმა და ვერც ცხენოსნებმა ვერ გაიარეს. უამრავი დაიხოცა.

როსტან მელიქი ჩოფან ნოინს შეებრძოლა ერთ მინდორზე. მონღოლებმა დაამარცხეს გილანელები და გააქციეს. გილანელები გამაგრებულ ადგილას შევიდნენ. ჩოფანმა ჭკუა იხმარა და არ შეჰყვა როსტანის ნაწილებს. წყნარად დაბრუნდა და მხედრებს არიერგარდში დგომა უბრძანა, რათა გილანელებს კიდევ ერთი ხრიკი არ მოეწყოთ. ჩოფანთან ჯავახიშვილი გამრეკელი იბრძოდა მხნედ. იგი და მისი ჯავახური ნაწილები მშვიდობით გამოვიდნენ.

ასან გილანელი მონღოლთა სარდალ უსენს და ოსებს შეებრძოლა და დაამარცხა. ისინიც გაიქცნენ, მივიდნენ და შეიკრიბნენ ყაენის წინაშე. ხუტლუ-შაჰის ნაცვლად სულდუხ ჩოფანი დანიშნა ყაენმა მონღოლთა მხედართმთავრად.

საბოლოოდ, გილანის ერთი ნაწილი დამორჩილდა ხარბანდას, მაგრამ მთებში მაინც ვერ გავრცელდა საილხანოს ძალაუფლება.

ჩვენი მომავალი წმიდა მეფე, მისი სარდლები და ჯარი მხნედ და ერთგულად ბრძოლისთვის მონღოლებმა დააჯილდოვეს, დიდი პატივით გამოუშვა ისინი ყაენმა.

ძალიან შემცირებული ჯარით დაბრუნდნენ ჩვენი წინაპრები სამშობლოში. უამრავმა ოჯახმა შავი ჩაიცვა, ვერ დაიტირა სხვის ომში დაღუპული, გილანის მიწაში ჩაწოლილი ვაჟკაცები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი