ისტორია

რატომ უხაროდათ სომხებს მათი დედაქალაქების საქართველოსთვის მიერთება

№48

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 09.12, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

დღეს სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი, ანისი, თურქეთის შემადგენლობაშია. მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებში ადგილობრივმა სომხებმა ის ჯერ ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს, მაგრამ, მოღალატეებმა დააკარგვინეს ჩვენს მეფეს და ბიზანტიამ დაიკავა. ბიზანტიას თურქებმა წაართვეს. სომხების თხოვნით, ქალაქი ანისი დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და შემოუერთა ჩვენს სახელმწიფოს. დიმიტრი პირველმა ყმადნაფიცობის პირობით დაუბრუნა მაჰმადიან ქურთ შედადიანებს.

1261 წელს გიორგი მესამე გაუბრაზდა მაჰმადიანებს და წაართვა ქალაქი ანისი. მეფემ ანისი პირდაპირ შემოუერთა საქართველოს და მმართველად, ამირად დანიშნა ივანე ორბელი, თავისი მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. თანაშემწედ დაუნიშნა სარგის მხარგრძელი. ქალაქის მცველად ორი ათასი მეომარი დატოვეს.

გახარებული იყო მეფე გიორგი ხლათის მბრძანებლის (შაჰ-არმენის), სომხეთის სხვა მაჰმადიანი მფლობელების, დიარბექირის, შამის (დამასკოს), არზრუმისა და სხვა, არაბთა და თურქთა ზოგიერთი მთავრის გაერთიანებული ლაშქრის დამარცხების გამო. ქართველებმა თითქმის დანაკარგის გარეშე სძლიეს გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს. ერთი სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ქართველებს დაუმარცხებიათ ოთხმოცი ათასი მაჰმადიანი. შვიდი ათასი მეომარი მოუკლავთ და ორი ათასი ტყვედ აუყვანიათ, მათ შორის ექვსი დიდი მთავარი და ას ორმოცდაათი წარჩინებული ჩავარდნიათ ხელთ ჩვენს მეომრებს. აღივსო საჭურჭლით ჯარი, დიდებულებიც და უბრალო ჯარისკაცებიც. მეფემ დიდძალი საჩუქარი გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, ეროვნების განურჩევლად, ქართველმა ხელმწიფემ საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული). ანისიდან ადრე ტყვედ წაყვანილები მეფემ ტყვეობიდან გამოისყიდა და გაათავისუფლა. იმ დროს არაერთი სომეხი იყო გადასული მაჰმადიანობაზე, განსაკუთრებით ზედა ფენების წარმომადგენლები.

გამარჯვებულმა ხელმწიფემ გამოაგზავნა მაცნე პატრიარქისა და მონაზონ-ფილოსოფოსთა გასახარებლად. ბრძოლიდან დაბრუნებული პირველად მივიდა მამიდის, შირვან-შაჰის ქვრივის, თამარ დედოფალთა-დედოფლის სანახავად, რომელმაც სიხარულით იტირა. შემდეგ თავის ულამაზეს ცოლს, დედოფალ ბურდუხანს ეახლა გამარჯვებული მეფეთ-მეფე. ტფილისი ზეიმით შეეგება თავის ხელმწიფეს. ცოტა ხანს დაასვენა ჯარი და როგორც გვამცნობენ, მერე მეფე 30 000 მეომრით სომხეთის სხვა დედაქალაქის, დვინის გასათავისუფლებლად გაემართა. დვინი ახლა სომხეთის შემადგენლობაშია. დიდი საქართველოს მეფეები სომხეთს საკუთრებად მიიჩნევდნენ, რადგან, სომეხი დედოფლების შთამომავლები იყვნენ, სომეხთა და სრულიად კავკასიის მფარველად თვლიდნენ თავს და სომეხთა გამოხსნა ტყვეობიდან, თურქმანთა გარეკვა კავკასიიდან აუცილებელ საქმედ მიაჩნდათ. ჩვენმა ხელმწიფემ სასტიკად დაამარცხა სომხეთის დამპყრობლების, იქაური მაჰმადიანების ჯარი. ჩვენი წინაპრები გამოეკიდნენ გაქცეულებს, შეჰყვნენ ქალაქში, დაიკავეს და შემოუერთეს საქართველოს.

დიდი სიხარულით შეხვდა დვინისა და მთელი სომხეთის სომხური მოსახლეობა ამ ამბავს, ამიერიდან მათ აღარავინ დაჩაგრავდა რელიგიურად.

გახმაურდა ამბავი ხლათის, დიარბექირის, არზრუმისა და სხვა მაჰმადიანთა მფლობელების ლაშქრის დამარცხების შესახებ. ეს შეიტყვეს „ხორასნისა და ერაყის სულთანმა“ და ყოველთა მაჰმადიანთა სასულიერო ლიდერმა – ხალიფამ, სპარსეთის ათაბაგმა ელდიგუზმა (ილდეღიზმა), შეკრიბეს დიდი კოალიცია და გამოემართნენ საქართველოსკენ.

ოღონდ ქართველებზე გაემარჯვებინათ და თავიანთ სარწმუნოებას არ დაგიდევდნენ, სპარსელ მაჰმადიანებს ჯადოქრობისთვისაც კი მიუმართავთ და გაუხსენებიათ მათი წინაპრების ღმერთი – ზოროასტრი, რომელიც მათი პირველი მეფე და ვარსკვლავმრიცხველი იყო. დაუწყიათ მისი ძვლების ძებნა, რადგან გადმოცემა არსებობდა: ვიდრე გექნებათ ზოროასტის ძვლები, არ მოაკლდება მეფობა სპარსელებსო.

შეიკრიბნენ რანში, შემოვიდნენ ქვემო ქართლში, აიღეს გაგის ციხე და მოაოხრეს საქართველოს საზღვარი.

გიორგი მეფემ, უძლეველმა მხედარმა, უებრო მეომარმა და სახელგანთქმულმა სარდალმა, მოუწოდა შვიდივე სამეფოს არმიას, იმერიდან და ამერიდან, გადმოიყვანა კავკასიის გადაღმიდან ოსები და სხვა მთიულები და დიდი ძალით გაემართა მაჰმადიანთა უთვალავი ჯარის წინააღმდეგ. როცა მაჰმადიანების კოალიციის სარდლებმა ნახეს, რომ ქართველებს არ შეეშინდათ და მოგვადგნენო, თავად შეშინდნენ, ითათბირეს და თქვეს: დღეს არავინ არის პირისპირ შემბმელი გიორგისთან და მის ლაშქართან. გავერიდოთ და მივეფაროთო. გაგის ტერიტორიიდან უკან დაიხიეს, გავიდნენ და მოერიდნენ ჩვენს ჯარს. მიატოვეს სანოვაგე, კარვები, საჭურველი და გაცლას ცდლობდნენ.

ჩვენი წინაპრები წამოეწივნენ და დაუწყეს ჩამოყრა ცხენებიდან მათ უკანა რიგელებს. ეს რომ გაიგო სვეგანდიდებულმა გიორგი მეფემ, გააფთრებული იწევდა შეტევაზე გადასასვლელად. მაგრამ, რამდენიმე დიდებულმა სადავე დაუჭირა მის ცხენს და არ გაუშვეს. განსაკუთრებით თავი გამოიდო ვარდან კოლონკელიძემ, ჰერეთის ერისთავმა, რომელიც საკმაოდ ასაკიანი ყოფილა, ბრძოლათა შინა გამოცდილი და ძლიერი. მემატიანის აზრით, ეს ერთმანეთის შურმა და მტრობამ გამოიწვიაო. არ მიუშვეს მეფე შეტევაზე: „და არა მიუშუეს მეტყუელთა ამისთა; „ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზევებულ მკადრებლობ ღმრთისა“.

ეს იყო მიზეზი უმიზეზო, სიტყვა უსიტყვო, უქმი საქმეო, წერს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი. საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ. მეფე იყო ბრძენი და მოსმსმენი, დამორჩილდა დიდებულების რჩევას და აღარ გაეკიდა არაბ-თურქ-სპარსელებს: „გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად ეგო“. შეიძლება, დიდებულები მოერიდნენ ზედმეტ სისხლისღვრას, რადგან გამარჯვებას ისედაც მიაღწიეს, მტერი უკან გაბრუნდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო.

ჩვენმა ხელმწიფემ გაუშვა ჯარი და არხეინად შეუდგა ისევ შვებას, სიხარულსა და ნადირობას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი არც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისტემა აღარ მუშაობდა კარგად. სიფრთხილე მუდამ აკლდათ ქართველებს. თურმე, მტერს ახალი გეგმა ჰქონდა, ქართველთა ბანაკში აგენტი ჰყავდათ, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას მოწინააღმდეგეს. მეფესთან ვითომ მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა სულთნის ელჩი, რომელიც დაზვერვასაც ახორციელებდა. სულთანმა, ათაბაგმა და მათმა ჯარმა ამასობაში გელაქუნის ოლქი გადაიარეს, შემდეგ მოულოდნელად გადაუხვიეს, რეიდი განახორციელეს და სწრაფად მივიდნენ ქალაქ ანისთან. თან, მოიხმეს ადრე დამარცხებული სხვა მაჰმადიანი მფლობელებიც.

შეიკრიბა დიდი კოალიცია და ფარულად გამოემართა ჩვენი ქვეყნისკენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი