ისტორია

რატომ შედგა ბერად დემეტრე პირველი და როგორი პოეტი იყო ის

№19

ავტორი: გია მამალაძე 22:00 21.05, 2021 წელი

დემეტრე პირველის მეფედ
კურთხევის სცენა
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელმა თავის ანდერძში მემკვიდრე ვაჟის შესახებ თქვა:

„შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმინდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა. და ნამდუილ ესევითარი ჯერ-იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკუიდრთათუის სოფლისათა მართლმორწმუნეთა.

მე წარვედ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა“.

დემეტრე (დიმიტრი) პირველი 1125 წლის დასაწყისში ავიდა ტახტზე. იგი საკმაოდ გამოცდილი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ – 1117 წელს მამა მეფემ შირვანში სალაშქროდ გააგზავნა, სადაც შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას. 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მეთაურობდა გვერდითა ფლანგს, რომელმაც მტერს მოულოდნელად შეუტია.

გამეფების წელსვე თურქები განდევნა ხუნანიდან. შიდა დინასტიური დაძაბულობებისა და ალბათ, სხვა მიზეზების გამო ისეთი აქტიური საგარეო პოლიტიკის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რომელსაც მამამისი აწარმოებდა. მეფეს ჰქონდა პრობლემები უმცროს ძმასთან, ვახტანგთან (ცვატა), უფრო სწორად, ვახტანგის ტახტზე აყვანის მსურველებთან, რომლებსაც მცირეწლოვანი უფლისწულის გამოყენება უნდოდათ თავისი ინტერესების გასატარებლად. მეფეს უფროსი შვილი, დავითი უწყობდა შეთქმულებას. მეფემ შეიტყო, შვილს აპატია, სხვები კი დასაჯა.

1138 წელს მეფე დიმიტრიმ ილაშქრა განძაში, აიღო ქალაქი, განძის ალაყაფის კარი ჩამოხსნა და გელათს შესწირა. თუმცა, ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლო. ასევე, იძულებული გახდა, სომხური ქალაქი ანისი მაჰმადიანი ყოფილი მფლობელებისთვის დაეთმო, ყმადნაფიცობის პირობით.

1153 წელს ანისს შემოესია ამირა სალდუხი. დემეტრე მეფემ, ვითარცა ანისის მფარველმა და სუზერენმა, გაილაშქრა, სალდუხი დაამარცხა და ტყვედ აიყვანა.

1155 წელს დავითმა შეძლო და აიძულა მამა, ტახტი დაეთმო. დიმიტრი მეფე დამიანეს სახელით ბერად შედგა გარეჯში.

6 თვის მერე დავითი მეხუთე გარდაიცვალა. დიმიტრი-დამიანე დაბრუნდა ტახტზე, თავისი მეორე ვაჟი – გიორგი თანამეფედ გამოაცხადა. თუმცა, თვითონაც მალე გარდაიცვალა (ან ისევ ბერად შედგა, გელათში).

ბერის ჩოხა ტახტზე დაბრუნებისას არ გაუხდია. ამ პერიოდში ჯვაროსნებში გავრცელებული იყო ლეგენდა იოანე მეფე-მღვდელზე, რომელიც, თითქოსდა, აღმოსავლეთში მბრძანებლობდა და რომელსაც ზოგი საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელთან აიგივებდა. ამ გაიგივების გაგრძელების შემდეგი პერსონაჟი, ჩვენი აზრით, ალბათ, იყო ტახტზე მჯდომი მეფე-ბერი დემეტრე-დამიანე.

მეფე დიმიტრი პირველის შესახებ ანტონ კათალიკოსი ამბობს: „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“.

იოანე ბატონიშვილი კი წერს: „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოდ შაირთა, რომელმანცა მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.

დიმიტრი მეფის „მრავალთაგან“ მხოლოდ ოთხი იამბიკოღაა ჩვენამდე მოღწეული. თუმცა ეს იამბიკოები იმდენად დიდებულია, რომ ქართველი ხალხის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთ-ერთია „შენ ხარ ვენახი“, რომელიც საეკლესიო საგალობლად იქცა და ასევე, მის საფუძველზე შეიქმნა ხალხური სიმღერის ვარიანტიც. კომპოზიტორი უცნობია, იქნებ თვითონ მეფე-ბერი იყო კომპოზიტორი... ან ვინმე სხვა გენიოსი.

„შენ ხარ ვენახი“ არის ქართული სულის, ქართული ქრისტიანობის, ქართული პოეზიის, ქართული კულტურის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული სიმბოლიკისა და საერთოდ, ქართული ტალანტის უმნიშვნელოვანესი გამოვლინება.

დიდი განძია მისი შემორჩენილი სხვა იამბიკონიც (ლექსები), რომლებიც როგორც ვთქვით, სულ ოთხია: ერთი, ასევე, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი, ხოლო ორი – შიო მღვიმელისადმი.

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ამ იამბიკოში საოცარი პოეტური ენით გადმოცემულია ღვთისმშობლის სისპეტაკე („ყოვლად პატიოსანი“) და პოეტის (ქრისტიანთა) წარმოდგენაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი დამოკიდებულება, ბრწყინვალე შედარება („შვენიერი შროშანი“). მოთხრობილია ხარების სცენა, სამყაროს მეფის შობის წინასწარგანცხადება გაბრიელ ანგელოზის მიერ და სხვა.

ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, შიო მღვიმელისადმი დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება ცნობილია. დავით მეფე განსაკუთრებით ზრუნავდა შიო მღვიმელის სახელობის მონასტერზე, სადაც თავის დროს მოღვაწეობდა და აღესრულა დიდი მამა შიო. დავით აღმაშენებელმა „შიო მღვიმისადმი“ დაწერილ ანდერძში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ მომავალ მეფეებს დიდი პატივი უნდა ეცათ შიო მღვიმის ლავრისთვის. ასეთივე აღმატებული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს მისი მემკვიდრის, ბერი-მეფე დემეტრი-დამიანეს შიო მღვიმელისადმი მიძღვნილ ორ შემორჩენილ იამბიკოში: „ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ“. როგორც ამბობენ, ორბს ყველაზე მაღლა შეუძლია აფრენა და სამყაროს უმაღლესი სიმაღლიდან, სხვებთან შედარებით უფრო მაღლიდან, უყურებს (სწორედ ამიტომ არის ორბი წმიდა ნინოს სიმბოლოც), შიო მღვიმე კი სამყაროსაა შედარებული, „სამყაროსავით ფართოვდება“. ცოტა წინ პოეტი წერს, რომ ნილოსის ნაკადულების გვარად ირწყვება ქართლი ასურელი მამის მადლით და სხვა.

მეორე იამბიკოში შიო მღვიმელისადმი შიო მღვიმელის სასწაულთმოქმედი ძალა შესანიშნავი პოეტური და „ზღაპრული“ სიუჟეტებითაა გადმოცემული – მუმლზე იჯდა და მინდორში მისდევდა ქურციკს ან ზღვაზე მიაჭენებდა ცხენს.

ფოტოზე გამოსახულია დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენა, სვანეთის სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესიიდან, რომელიც მიქაელ მაღლაკელს მოუხატავს 1140 წელს, წარწერა გვამცნობს: „ხმალს აბმენ დავითის ერისთავნი”. მეფეს წელზე ხმალს ადამიანები, დიდებულები აბამენ, ხოლო გვირგვინს კი ანგელოზები ადგამენ თავზე. მაშინდელი წარმოდგენით, მეფეთა ძალაუფლება ზეციდან მოდიოდა.

გავიხსენოთ მეფე-ბერი დიმიტრი-დამიანეს შემორჩენილი იამბიკოები.

1. შიო მღვიმელისა

შენისა დაფნისა იშიოებს ასურსა,

ისავსებს ქართლი ნილოისა ნაკადულთაებრ.

ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ,

იბერწისწულებს მრავლად უდაბნოს ესე,

სულსა აღმრთისებს, მტვერისა მტვერად დამტევი.

2. შიო მღვიმელისა

ცასა ბეჭვითა ეკიდა, ვნახე კაცი

და მასვე კაცსა შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი,

მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა,

და ზღვასა ზედა მოარბევდა ცხენითა,

და ესრეთ ღაღადებდა: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ!

1. ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი

დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი,

მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:

შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი,

და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი.

2. ღმრთისმშობლისა

შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,

ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს

ქებული,

და თავით თვისით მზე ხარ

განბრწყინვებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი