ისტორია

რატომ სძულდათ მხარგრძელებს ორბელიანები, სად გარდაიცვალა გასომხებული ელიგუმ ორბელიანი და ვისზე ჰქონდათ ეჭვი მისი მკვლელობის შემდეგ

№14

ავტორი: გია მამალაძე 22:00 16.04, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

1177 წელს გიორგი მესამის წინააღმდეგ შეთქმულებმა აჯანყება დაიწყეს. აჯანყებულებს უნდოდათ გიორგი მესამის გადაყენება და სამეფო ტახტზე მეფის უფროსი ძმის, გარდაცვლილი მეფე დავით მეხუთის ვაჟის, დიმიტრის (დემნას) აყვანა. აჯანყების ხელმძღვანელი იყო დემნას სიმამრი, საქართველოს ამირსპასალარი ივანე ორბელი.

აჯანყება დამარცხდა. გიორგი მეფემ დახოცა ორბელები. გადარჩნენ მხოლოდ ივანე ორბელის ძმა, ლიპარიტი და მისი ორი ვაჟი, რადგან საქარველოში არ იმყოფებოდნენ.

თამარ მეფემ შეიწყალა განდევნილი ორბელების შთამომავლები. მათ ქართულ განშტოებას დაუბრუნა ორბეთის ციხე, ხოლო გასომხებული ორბელიანები სივნიეთში დაასახლა. ლაშა-გიორგიმ ისინი სივნიეთის ოლქისა და სხვა მომიჯნავე მიწების მმართველებად დანიშნა. სივნიეთი, იგივე სიუნიქი (სისაკანი) სომხური ოლქია, სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიწებზე.

როცა მონღოლები მოადგნენ რუსუდან მეფის უნიათობის გამო ჯალალედინისგან აოხრებულ ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს სამეფო კარმა და სახელმწიფოს ქართველმა და სომეხმა დიდებულებმა გენერალური ბრძოლა ვერ გაბედეს. რუსუდან მეფე ქუთათისში გაიქცა. აღმოსავლეთ საქართველო უპატრონოდ დარჩა. დიდებულები ციხესიმაგრეებში ჩაიკეტნენ.

მონღოლები მიადგნენ ჰრაშაკის ციხეს, სადაც ელიკუმ (ელიგუმ) ლიპარიტის ძე ორბელიანი იყო გამაგრებული და დანებება მოსთხოვეს. ორბელიანი პირველი დამორჩილდა მონღოლებს, პირველივე შეთავაზებაზე, შემდეგ მეგზურობაც გაუწია და დაეხმარა მათ სხვა სომხური მიწების დაკავებაში და საქართველოს სომეხ და ქართველ დიდებულებს მაგალითი მისცა, მონღოლებს უომრად დანებდითო. დაუფასეს მონღოლებმა, დაიახლოვეს და ვრცელი სამფლობელოები გადასცეს სამართავად, მათ შორის სხვების მიწები, ავაგ მხარგრძელის სახლის გარკვეული ტერიტორიები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.

ორბელიანის მაგალითს მიმართა ავაგ მხარგრძელმა, მივიდა და ეთაყვანა მონღოლებს.

გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს:

მონღოლებს ელიგუმი „ყოვლით გულითა და ერთგულობითა ჰმსახურებდა მათ დღეთა ამათ მიერ და მამულნი ესენი დაემტკიცა დამკვიდრებელად ორბელიანთ ნათესავთა.

ხოლო სხვათ ძალთმთავართ დაიმორჩილეს ქუეყანა სხვაè და გამოიყუანეს ავაგი კაენის ციხისაგან, მოიმძლავრესცა სამეფო საქართველოèსა და შეიქმნენ ყოველნი ერთთავარნი“.

ავაგ მხარგრძელი ვერ ეგუებოდა საქართველოს სომხურ მიწებზე ვინმეს აღზევებას, გარდა თავისი სახლეულის წარმომადგენლისა. მით უმეტეს ქვეშევრდომი ორბელიანისა. ავაგსა და ელიკუმს შორის მტრობა დაიწყო. იმ დროს ფეოდალურ სახლებს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება. მხარგრძელები ყველაზე გავლელიანი გვარი იყო მაშინდელ საქართველოში. ორბელები კი მხარგრძელებამდე იყვნენ ყველაზე გავლენიანები ჩვენს ქვეყანაში. ორბელიანები ისწრაფოდნენ აღედგინათ ძველი დიდება. მეტიც, საქართველოს გარდაცვლილი მეფე გიორგი მესამის მიერ გაცემული ბრძანებების გაუქმებაც ჰქონდათ დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც მათი გვარი დაემხო და მათი ისტორიაც კი ამოშლილი ყოფილა მატიანეებიდან, როგორც ამას გვიამბობს სტეფანოს ორბელიანი.

გარკვეულწილად, საქართველოს სამეფო ოჯახისადმი სიძულვილმაც, სხვა ფაქტორებთან – სომხების ეპისკოპოსთან დასიძებასთან და სომხურ გარემოში მოხვედრასთან ერთად, გამოიწვია ორბელიანების ამ შტოს გასომხება.

საქართველოს სამეფო გახდა მონღოლთა ვასალი. ჩვენს წინაპრებს ევალებოდათ თათრებისათვის ბრძოლებში დახმარება. ერთ-ერთი ომის დროს მონღოლებთან იყვნენ ელიგუმი, ავაგი და მისი ბიძაშვილი შანშე მხარგრძელი. მონღოლთა ჯარი მიადგა ნეფკერტს, ანუ მარტიროპოლს, მდინარე ევფრატის ნაპირებთან. მარტიროპოლი ბერძნულად წამებულთა ქალაქს ნიშნავს.

„ხოლო შემდგომად წელთა რაოდენთამე წარვიდა თათარი და წარიყუანა თვის თანა ჯარი საქართველოსი, რომელთა თანა იმყოფებოდენ ავაგ და შანშე, ეგრეთვე ელიკუმ.

ესენი მივიდნენ ქალაქსა მას წამებულთა ზედა, რომელსა ეწოდება ნეფრკერტი. გარეშეზღუდეს ქალაქი იგი ჯარით და დასდგნენ სრულისა ბანაკითა წლითა და თვითა, და ვერა ძალ-იდვეს აღება მისი“.

საომარი კამპანიების დროს, ქალაქის ალყისას, რომელიც კარგა ხანს გაგრძელებულა, ელიგუმ ორბელიანი ავად გამხდარა და მომკვდარა. სტეფანოს ორბელიანი ეჭვს გამოთქვამს მის მკვლელობასთან დაკავშირებით:

„მუნ შეუძლურდა ელიკუმ სასტიკისა სატკივრითა, რომელსა იტყვიან ბრძანებითა ავაგისითა. ასვეს მას წამალი სასიკუდილო მკურნალთ და მოკლეს“.

რამდენად მართალია ეს ეჭვი, არავინ იცის. სავსებით შესაძლებელია, კამპანიის დროს დაავადდა ელიგუმი და გარდაიცვალა რაიმე სენით, ხოლო არსებული მტრობის გამო ეჭვი გაუჩნდათ ავაგზე.

ელიგუმი გადმოასვენეს „ნორავანს, ესე იგი ახალსა მონასტერსა მას წმიდისა სტეფანესსა“. მას დარჩენია ერთი ძე, მაგრამ, სივნიეთის ერისთავობა მიიღო ელიგუმის მომდევნო ძმამ, სუმბატმა, რომელიც ძალიან განათლებული და მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სტეფანოზის თქმით:

„ხოლო დაჰშთა ამას ძე ერთი ბირთველ წოდებული ფრიად შვენიერი და სრულჰასაკოვანი.

ამჟამად დაიპყრა სამთავრო ამისი ძმამან მისმან ყოვლად კურთხეულმან და ყოველთაგან ქებულმან სუმბატ, რომელი იყო მეცნიერებით დიდი, განზრახვით ძლიერი, ჭკვით უამხანაგო, ხელოვნებით მრავლად მეცნიერ, სიტყვით უხვი და ტკბილი, ენათ მცოდნე და რიტორი და სამდივნოსა სამსჯავროში უძლეველი.
მით რამეთუ უწყოდა ენა ეძ (ესე იგი): ქართული, სომხური, ქურთული, სპარსული, მუღალური, რომელ არს ენა თათართა. ხოლო იყო ესე გაწურთნილი სიყრმითგან საღმრთოèთა მცნებითა. იყოცა დიდსარწმუნოებიანი, კეთილმსახური, მოყუარულ წმიდათა და ეკკლესიათა, აღმაშენებელი მონასტერთა, ნუგეშინისმცემელი სამღუდელოთა, მოწყალე გლახაკთა, აღმადგინებელი და განმაძლიერებელი შეწუხებულთა ნათესავთა სომეხთასა, ტყვისა მხსნელი და განმათავისუფლებელი“.

მხარგრძელებსა და ორბელიანებს შორის მტრობა გაგრძელდა ავაგ მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგაც. ავაგის ცოლი იყო რაჭის ერისთავის ასული გვანცა.

„ხოლო შემდგომად ელიკუმისა მრავლითა შურითა და მტერობით ეპყრობოდენ ავაგიანნი ორბელიანთ, მეტადრე გვანცა, ცოლი ავაგისი, და ენებათ განდევნა და წარწყმედა ობლად დანაშთომთა ყრმათა, (ესე იგი) სუმბათის და ძმათა მისთა, და ჰსურდათ წარტაცება მამულთა მათთა“.

ორბელიანებს უჭირდათ საქართველოს უძლიერეს საგვარეულოსთან, მხარგრძელებთან მტრობა და ამიტომ ფრთხილობდნენ, მით უმეტეს, იმ არეულ დროს, როცა წესრიგი არ იყო ქვეყანაში. მათ სჭირდებოდათ ახალი და ძლიერი მფარველი, რათა დაეცვა ისინი მხარგრძელებისგან.

„და ამისთვის იგინიცა ფარულად ვიდოდენ ადგილითი-ადგილად, რომლისათვის გარდამოჰხდა სიყუარული შემოქმედისა და ინება დადგინება და განძლიერება ორბელიანთ სახლისა სუმბათის მიერ“.

მალე ორბელიანთა სახლს ძალიან გაუმართლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი