ისტორია

რატომ ჰყიდდა დავით აღმაშენებელი ნანადირევს და რის გამო ადიოდნენ მის დანახვაზე ადამიანები ხეებსა და კლდეებზე

№13

ავტორი: გია მამალაძე 22:00 09.04, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა მოწყალების გაცემა, ღარიბების დახმარება და უბრალო ადამიანების დაცვა. მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი წერს: „კუალად წყალობა გლახაკთა ესე-ოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ხმელი ქუელის საქმემან მისმან“.

ჩვენი წმიდა ხელმწიფე მუდმივად ატარებდა ქისას და არიგებდა დრაჰკანებს. დრაჰკანი სუფთა, ბაჯაღლო ოქროს ფული იყო და იწონიდა 1 მისხალს, რაც 4. 26 გრამს უდრის. დღეს სუფთა ოქროს ერთი გრამი საშუალოდ 115 ლარი ღირს. მაშასადამე, დრაჰკანს საკმაოდ დიდი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, დაახლოებით 489 ლარის. ერთი ოქროს მონეტით უამრავი რამეს ყიდვა შეიძლებოდა. ქისაში კი ათეულობით დრაჰკანი ეტეოდა.

მეფეს ძალიან უხაროდა, როცა გზად გადაეყრებოდა ადამიანებს და ახერხებდა ფულის დარიგებას. იყო პერიოდები, როდესაც ლაშქრობდა ან როდესაც საიდუმლო ოპერაციებს ატარებდა, ჩუმად გადაადგილდებოდა, რათა მტრებს მოულოდნელად დასხმოდა თავს და იმ დღეებში, ბუნებრივია, ვერ მოახერხებდა ფულის დარიგებას.

როცა ჰქონდა საშუალება, დაერიგებინა გლახაკთათვის გამოყოფილი ოქროს ფული, ძალიან მხიარული იყო. თურმე, თუ ვერ მოახერხებდა ფულის დარიგებას, ან ომის გამო არ ეცალა, ან ისეთ გზაზე გაივლიდა, სადაც ღარიბები ვერ შეხვდებოდნენ და ვერ დაარიგებდა ფულს, ძალიან წუხდა, დღეს ქრისტეს ვერაფერი მივეცი, რადგან ცოდვილი ვარო, ამბობდა და იმ დრაჰკანებს გადადებდა დასარიგებლად შემდეგში:

„და კუალად დღითიდღე წარსაგებელთა, რომელთა თვისითა ხელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრაცხოს თვინიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად. რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე: აღავსის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თვისთა ხელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდეს-მე ნახევარი წარაგის მისი, და ოდეს-მე არა-ვინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულ-თქმითა თქვის: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა”.

საქართველოს მცხოვრებნი, რომლებსაც ფულადი დახმარება უნდოდათ ან ვინმესგან იყვნენ დაჩაგრულები და სამართალს ეძებდნენ, როცა შეიტყობდნენ, მეფემ უნდა გაიაროსო, იერიქონელი მეზვერე ზაქესავით, რომელიც მაცხოვრის დასანახად ხეზე ავიდა, გზის სიახლოვეს ადიოდნენ ხეებზე, ბორცვებზე ან კლდეებზე და იქიდან ეძახდნენ ხელმწიფეს, რადგან მეფე სწრაფად მოძრაობდა და თან ჯარი ახლდა.

ისეთი შემთხვევებისთვის, როცა მეფე ვერ ახერხებდა ადამიანებთან გასაუბრებას, მათი პრობლემების შეტყობას, მათ დახმარებას ფულადი ან სხვა სახით, მეფეს სპეციალური ხალხი ჰყავდა გამოყოფილი, რომლებიც აგვარებდნენ მომჩივანთა საქმეებს:

„სხუათა-ვე კეთილთა თანა აქუნდა ესე-ცა, რამეთუ სლვათა შინა თვისთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ უხმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუ უკუე და ვინ-მე აღვიდის ბორცუსა ზედა რას-მე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა გინა თუ ხესა ვითარცა ზაქე. უკეთუ ოდენ ეპოვის ესე-ვითარი რა-მე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თვისი, ამისთვის დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა“.

გარდა ამისა, სამართლიანობის აღსადგენად და მოხელეების ან ბატონების მიერ დაჩაგრული მოქალაქეების დასაცავად არსებობდა სასამართლოები ადგილებზე, რომლის ცენტრალურ უწყებას წარმოადგენდა სააჯო კარი, მეფის პირველი ვეზირის, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით.

წმიდა დავით მეფე არიგებდა არა მხოლოდ იმ ფულს, რომელიც გადასახადებისგან აკრეფვის შედეგად ჰქონდა, ანუ ხაზინის ფულს. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ასეთიც იყო, ხაზინიდან დარიგებული. მაგალითად, ერთხელ, ერთჯერად, ერთ გაცემაზე, თავის მოძღვარს გადასცა 24 000 ოქროს დრაჰკანი ღატაკებისთვის დასარიგებლად, რაც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო.

მაგრამ, მთავარი ისაა, თავისი ხელით მოპოვებული ფულის გაცემა ჰყვარებია ჩვენს მეფეს. რომელიმე პროფესიის მიმდევრობა, რომელიმე საქმიანობა ჩვენს მეფეს არ შეეძლო, ის ვერ იქნებოდა ხელოსანი ან მიწის მოქმედი, ამის დრო სად ჰქონდა მტრებით გარშემორტყმული ქვეყნის ხელმწიფეს, მაგრამ, უყვარდა ნადირობა, ნადირობა სამხედრო საქმისთვის ვარჯიშობად აღიქმებოდა, ნანადირევს კი ჰყიდდა და მიღებულ თანხას, ანუ თავისი პირადი ხელით მონაგებ ფულს, გლახაკებს უნაწილებდა:

„და ამას არა თუ ხელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით, არამედ ხელთა თვისთა ნადირებულისა. რომელთაგანი თვისსა მოძღუარსა იოვანეს მისცა ოდეს-მე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესე-ცა მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ“.

რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფოს დახმარება ღარიბებისადმი ამით არ შემოიფარგლებოდა. ჩვენს სამეფოში ბიუჯეტის შემოსავლის მეათედი, ნაათალი, ურიგდებოდა ღატაკ მოსახლეობას. ასეთი იყო ქართული სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა. ზემოთ აღნიშნული დრაჰკანების გაცემა კი დავით მეფის მიერ პირადი ინიციატივა გახლდათ და ემატებოდა სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემულ მეათედს.

აქვე გავიხსენოთ, დავით აღმაშენებლის შვილიშვილის, გიორგი მესამის ერთი ქმედება. 1261 წელს მან აიღო სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი ანისი, გაათავისუფლა მაჰმადიანთაგან და ანისის მცხოვრებლებს საჩუქრად, დახმარების სახით, დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ჩვენი აზრით, ალბათ, 40 000 მცხოვრები იყო ანისში). მაჰმადიანების მიერ ტყვედ წაყვანილი ქრისტიანი და გამაჰმადიანებული ანისელი სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები კი გამოისყიდა მაჰმადიანთაგან და შინ დააბრუნა.

დავით მეფე ძალიან განიცდიდა, თურმე, დაავადებული ადამიანების ნახვას და ტიროდა. იმ დროს, ქუთათისის რეგიონში და სხვაგანაც, როგორც წერს მისი ისტორიკოსი, რატომღაც ბევრი ადამიანი ავადდებოდა, ალბათ, რაღაც დაავადებისგან. დავით აღმაშენებელს მათთვის სამკურნალოები ჰქონდა გამართული.

„მრავალ-გზის გვიხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა თვივისთა ცრემლითა ხილვასა ზედა თვითო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ხორცთა, რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა”.

მეფეს ეცოდებოდა ადამიანები, რომელთაც მისი ყივჩაღები ატყვევებდნენ ლაშქრობებში, გამოისყიდდა და ათავისუფლებდა მათ.

ომებში გულუძრავი დავით აღმაშენებელი ძალიან გულჩვილი ადამიანი ყოფილა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი