ისტორია

რატომ გაწირა სასიკვდილოდ მეფე ერეკლემ 15 წლის ალექსანდრე ამილახვარი და რა ტრაგედიას ემსხვერპლა დედამისი

№50

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 23.12, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ქართლის უდიდესი ფეოდალის – დიმიტრი ამილხვრის ვაჟი, ალექსანდრე ამილახვარი ტრაგიკული ბედის ადამიანი აღმოჩნდა. ის ერეკლე მეორის თანამედროვე გახლდათ და ქართლში ცხოვრობდა. მისი ტრაგედიაც სწორედ ერეკლე მეფის სახელს და ამილახვრების ოჯახს უკავშირდება.

ალექსანდრე ამილახვარი 1750 წელს დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ჭალაში, დიმიტრი ამილახვრისა და მარიამ ორბელიანის მრავალშვილიან ოჯახში. ის მშობლების მეორე შვილი გახლდათ. მისი უფროსი ძმა – გიორგი, ორი წლის იყო, როდესაც ის ერეკლე მეორის ერთი წლის დაზე – ელისაბედზე დანიშნეს. ამ ნიშნობის გათვალისწინებით, ძმები ამილახვრები მეფის შვილებთან ერთად სამეფო კარზე იზრდებოდნენ და მათ საუკეთესო განათლება მიიღეს. 1759 წელს გიორგი ამილახვარსა და ელისაბედს ჯვარი დასწერეს.

1763 წელს ამილახვრების ოჯახში უბედურება დატრიალდა. ახალნამშობიარები მარიამ ორბელიანი თბილისში მტკვრის პირას მდებარე სახლში იმყოფებოდა, ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა, სახლის ნაწილი ჩაინგრა. მარიამი კი ახალშობილთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა და მისი დასახიჩრებული ცხედარი მესამე დღეს იპოვეს.

ამილახვრების ოჯახში უბედურებას უბედურება მოჰყვა. 1765 წელს ერეკლე მეორემ თავის დას ამილახვართა რძლობაზე უარი ათქმევინა. კათალიკოსმა ანტონ პირველმა გიორგი ამილახვარს ელისაბედი იმ საბაბით გააშორა, რომ გიორგის კაცობა არ ჰქონდა. ეს ამბავი დიმიტრი ამილახვარმა ძალიან განიცადა.

1765 წელს ერეკლე მეორის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს პაატა ბატონიშვილი – ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი და ვახუშტი ბატონიშვილის ღვიძლი ძმა. პაატას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ან გამეფებულიყო; ან მომკვდარიყო. პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში წამყვან როლს ქართლელი თავადები ასრულებდნენ, ისინი, ვისაც ქართლში ერეკლეს მეფობა უკანონოდ მიაჩნდათ და ქართლში ვახტანგ მეექვსის შთამომავლების გამეფება სურდათ.

ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა ერეკლე მეორეზე განაწყენებული დიმიტრი ამილახვარიც. 1765 წელს ალექსანდრე ამილახვარი 15 წლის იყო. ის, ასაკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეთქმულებასთან დაკავშირებული იყო არა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, არამედ, როგორც დიმიტრი ამილახვრის შვილი და ამისთვის მკაცრად დაისაჯა.

1765 წლის შეთქმულება პაპუნა ფეიქარმა გასცა. საქმე ორ კვირაში გამოიძიეს და 15 დეკემბერს შეთქმულები სასტიკად დასაჯეს. თავზე ნაცარწაყრილი დიმიტრი ამილახვარი ვირზე უკუღმა შესვეს და თბილისი ისე შემოატარეს. ალექსანდრეს ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. ამილახვრებს მთელი ქონება, ყმა და მამული ჩამოართვეს და ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს. ალექსანდრეს ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ, შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყო, მაგრამ ახლობლების მიერ მოყვანილმა მკურნალმა სიცოცხლე შეუნარჩუნა.

1770 წლის ზაფხულში თბილისში ჭირიანობა გაძლიერდა. საღამოობით ვერავინ ბედავდა ქალაქიდან გასვლას, რადგან ლეკები თავისუფლად დანავარდობდნენ. ალექსანდრე ამილახვარმა მსახურთან ერთად თბილისიდან გაპარვა მოახერხა. მეოთხე დღეს მშობლიურ სოფლამდე მიაღწია და ძმებთან ერთად ცხინვალისკენ გაიქცა, სადაც ქართლში გადმოსულ იმერეთის მეფეს სოლომონ პირველს შეხვდა და დახმარება სთხოვა. სოლომონ პირველი დაეხმარა ამილახვრებს და ისინი ასტრახანში გაამგზავრა. 1772 წელს ალექსანდრე ამილახვარი მოსკოვში ჩავიდა, დაუკავშირდა ალექსანდრე ბაქარის ძეს, ტახტისთვის ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა და ერეკლე მეორის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.

ალექსანდრე ამილახვარი მოსკოვში 1772-1781 წლებში ცხოვრობდა. ამ პერიოდში შეისწავლა რუსული ენა და გაეცნო ევროპულ ისტორიულ-ფილოსოფიურ ლიტერატურას. 1779 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე დაიბეჭდა ალექსანდრე ამილახვრის პოლიტიკური პამფლეტი „გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“. წიგნში გადმოცემულია საქართველოს ისტორია ვახტანგ მეექვსის მეფობამდე, ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება. აღწერილია მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის პოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფო წყობილება, უარყოფითად არის შეფასებული ერეკლე მეორის მოღვაწეობა. ავტორი მოგვითხრობს თავის თავგადასავალსაც, წარმოგვიდგენს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. თხზულება გაჟღენთილია სიძულვილით შეუზღუდველი მონარქიისადმი. „გეორგიანული ისტორია“ ტენდენციური, მაგრამ მნიშვნელოვანი წყაროა 1765 წლის შეთქმულების ისტორიის შესასწავლად.

მეთვრამეტე საუკუნის ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია ალექსანდრე ამილახვრის თხზულება „ბრძენი აღმოსავლეთისა, ანუ სახელმწიფო მოწყობის მისი განზრახვა“. ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“ ავტორმა იმერეთის მეფეს, სოლომონ პირველს მიუძღვნა.

ალექსანდრე ამილახვარს ეკუთვნის დრამატული ნაწარმოები, სატირა-კომედია „მოქმედება ასტრახანსა შინა“, რომელიც მის პირად თავგადასავალს მოგვითხრობს. ნაწარმოები წარმოაჩენს მის, როგორც საყურადღებო მოღვაწის, ნიჭს, მოვლენათა გონებამახვილურ, სხარტ ხედვასა და შეფასებებს.

ალექსანდრეს აღარ ღირსებია საქართველოში ჩამოსვლა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე მეფემ რუსულ მხარეს ამილახვარის გადაცემა მოსთხოვა. ეკატერინემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ალექსანდრე და მისი ძმა ვიბორგის ციხეში გამოკეტა 1801 წლამდე. გათავისუფლების შემდეგ ალექსანდრე საქართველოსკენ გამოემართა, მაგრამ სამშობლომდე ვერ მოაღწია, 1802 წელს ასტრახანში გარდაიცვალა და იქვე, მიძინების ტაძარში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ბლიაძე ევგენი - ალექსანდრე ამილახვარი – პოლიტიკური მოაზროვნე და ისტორიკოსი; ვახტანგ ფერაძე - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები; ქართველები უცხოეთში – რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე; „ვიკიპედია“; ლიტერატურა მწვანე. ჯი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი