ისტორია

რატომ გაილაშქრა ქართულმა ჯარმა ადარბადაგანის ათაბეგის წინააღმდეგ და რატომ დააგვიანდა დავით სოსლანს ბრძოლაში ჩართვა

№1

ავტორი: გია მამალაძე 22:00 15.01, 2021 წელი

თამარ მეფე და ქართული ჯარი
დაკოპირებულია

ათაბეგი (ათაბეკი, ათაბეი) ორი თურქული სიტყვისგან შექმნილი კომპოზიტია: ათა თურქულად მამას ნიშნავს, ბეგი კი მეთაურს, ბელადს, ბატონს. სელჩუკთა სასულთნოში ათაბეგები ეწოდათ მემკვიდრის გამზრდელებს, რომლებიც ხშირად რეგენტის როლს ასრულებდნენ და, ფაქტობრივად, მართავდნენ სასულთნოს.

სელჩუკთა სასულთნოში ათაბეგებს ტერიტორიები გადაეცემოდა, რომლებიც მემკვიდრეობით გადადიოდა შთამომავლობაზე. ამ ვითარების გამო ათაბეგები ხშირად დამოუკებელ მმართველებად, მთავრებად, ხელმწიფეებად იქცეოდნენ ხოლმე. მეთორმეტე საუკუნის შუა წლებიდან, ყივჩაღური წარმოშობის ყოფილი მონა, შამ ად-დინ ილდეღიზი (ელდიგუზი, „ელიტიკოზი“) ძალიან წარმატებული აღმოჩნდა სელჯუკთა სასულთნოში, სახელი გაითქვა როგორც მეომარმა, ნიჭიერმა ადამიანმა და გახდა დასავლეთ ირანის სასულთნოს ათაბაგი, რომელსაც სულთანიც კი ემორჩილებოდა.
დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთის, ირანის აზერბაიჯანის, არანისა და ერაყის ნაწილი ათაბეგ ელდიგუზს ეკუთვნოდა. მას და მის მემკვიდრეებს ადარბადაგანის დიდი ათაბეგები ეწოდათ, მათ საათაბაგოს კი – ილდეღიზიდების სახელმწიფო. ილდეღიზიდების სახელმწიფო საქართველოს მეტოქედ იქცა რეგიონში.
ელდიგუზის ვაჟის, მუჰამედ ჯეჰან ფეჰლევანის დროს, სულთანი ისევ ფეჰლევან ილდეღიზიდის გავლენის ქვეშ იყო. ფეჰლევანის შემდეგ, 1186 წელს, ათაბაგი გახდა ყიზილ-არსლანი, რომელიც ძმის ათაბაგობის დროს თავრიზს განაგებდა.
ყიზილ-არსლანი ენერგიულად ებრძოდა თავის მტრებს შინ და გარეთ. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ სელჯუკი ამირები, მისი ძმისშვილები, ფეჰლევანის ძეები, ხუტლუ-ინანჩი და ამირ მირმანი და სელჯუკთა სულთანი თოღრულ მესამე. 1190 წელს ყიზილ-არსლანმა დაამარცხა მოწინააღმდეგეები, თოღრული სულთანი და მისი ძე, მელიქშაჰი ტყვედ აიყვანა და თავრიზის ციხეში გამოკეტა.
1191 წელს, ხალიფა ან-ნასირის თანხმობით, ყიზილ-არსლანმა, თავი სულთნად გამოაცხადა.
ხალიფა ან-ნასირი ცდილობდა, ხალიფების ძველი ავტორიტეტი აღედგინა და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. ათაბაგ ფეჰლევანთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, ყიზილ-არსლანს და მას კი საერთო ინტერესები გამოუჩნდათ.
ილდეგიზიდების სახალმწიფო მანამდეც ტოლს არ უდებდა სელჯუკებს და მაჰმადიანურ სამყაროში ლიდერობისკენ მიესწრაფვოდა. ყიზილ-არსლანმა ილდეღიზიდების ძალაუფლება კვლავ გაავრცელა რეიზე, ისპაჰანზე, ფარსზე და ხუზისტანზე. დიდმა პოეტმა, ნიზამი განჯელმა მას მიუძღვნა ერთ-ერთი პოემა „ხოსროვი და შირინი“.
ყიზილ-არსლანის შემნდეგ ილდეღიზიდების დინასტიის მეთაური, ათაბეგი და სულთანი, ფეჰლევანდის („ფალავანდის“) უფროსი ძე, ხუტლუ ინანჩი უნდა გამხდარიყო, რომელიც მართავდა დიდ ტერიტორიებს ერაყიდან ხორასნამდე. მისი ძმა, აბუბექრი (აბუ ბაქრი, „ამირ-ბუბაქარი“) ადარბადაგანს განაგებდა სომხეთამდე. მათი ძმა, ამირ-მირმანი – არანს მართავდა, კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ტბამდე.
მაგრამ, აბუბექრმა ხუტლუ ინანჩი დაამარცხა, გახდა დიდი ათაბაგი და სულთანი. ამირ-მირმანი კი საქართველოს ვასალს, შარვან-შაჰს დაესიძა. აბუ ბექრი „ბელაყნის კარს“ (არაქსისა და მტკვრის შესართავთან არსებულ ქალაქ ბაილაქანთან), სიძე-სიმამრს თავს დაესხა და დაამარცხა.
ხალიფამ დიდი თანხა გასცა საქართველოს წინააღმდეგ „საღვთო ომის“ დასაფინანსებლად, კოალიციას სათავეში უნდა ჩადგომოდა აბუ ბექრი, რომელსაც ხალიფამ თავისი დროშა გამოუგზავნა. ხალიფას დროშა ბრძოლაში დიდად მნიშვნელოვანი იყო.
შირვანის შაჰმა, აღსართან (ახსითან) პირველმა თავის ნათესავ ბატონს, თამარ მეფეთა მეფეს და მის მეუღლეს, დავით მეფეს და დახმარება სთხოვა.
ტფილისს ეწვივნენ აღსართან შაჰი, ამირ მირმანი და მათი სარდლები. ამით, ამირ მირმანმა თავი საქართველოს ვასალად გამოაცხადა. დაიწყო მზადება ომისთვის. ათ დღეში შეიკრიბა ქართული ჯარი. აღლუმზე მეფესა და მის ქმარს მიეგებნენ ქართველი მეომრები: მესხები და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყვნენ სომეხთა რაზმებიც, რადგან სომხეთის დიდი ნაწილი ჩვენს სახელმწიფოში შემოდიოდა და საქართველოს სამეფოს სამსახურში მყოფი ოსი და ყივჩაღი ჯარისკაცები.
წმიდა თამარმა საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა დღედაღამ შეუწყვეტლად ელოცათ. გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.
შეკრებილ ჯარს წმიდა მეფემ მიმართა:

„ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენთან არს...“

თამარ მეფემ დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს, წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა. თვითონ ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ლოცულობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.
დავით სოსლანმა წაიძღვანა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“.
ქართული ჯარი, რომელსაც თავი მოეყარა მტკვრის, ალგეთის, ქციისა და ქურდვაჭრის (ქციის /ხრამის/ შენაკადი მდინარე დებედა) ხეობებში, დაიძრა შამქორისკენ.
ამასობაში აბუ ბაქრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ შამქორსა და მის მიდამოებში გამაგრდა. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ.
მეფე დავითი სწრაფად გადავიდა მოქმედებაზე. ჯარი ორად გაყო. ერთ, უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს წინ გაუძღვა, მარჯვნივ შემოუარა შამქორს, გადალახა შამქორ-ჩაის მდინარე, რათა შამქორისთვის ზურგიდან დაერტყა, ჩაეკეტა შამქორისა და განძის გზები. მეორე ნაწილი მტრის წინ დატოვა. აბუბექრი იმდენად მინდობილი იყო თავისი ჯარის მრავალრიცხოვნობას, შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობას, რომ დაეტოვებინა განძისა და არანის გამაგრებული ადგილები. შამქორ-ჩაის გარდა, მოწინააღმდეგე გამაგრებული იყო მტკვარში ჩამავალი მდინარეების, კოშკა-ჩაისა და განჯა-ჩაის ხეობებში.
დაიწყო ბრძოლა. მეწინავე, მარჯვენა ფრთის სამოქმედო არეალი ვიწრო იყო, მხოლოდ წინა რიგები თუ ებრძოდნენ ერთმანეთს. დავით მეფის რაზმს ცუდი გზის გამო მანევრი შეუყოვნდა. ამასობაში, ბრძოლაში ჩართულ ქართველთა მეწინავეებს ცხენები გამოუკლეს. გაუჭირდათ ჩვენს წინაპრებს. ამ დროს, მოულოდნელად მტრის ზურგიდან გამოჩნდა დროშა გორგასლიანი, რაც მეფის მოახლოვებას ნიშნავდა.
მეფის მოსვლამდის თითქოს იმარჯვებდა ათაბეგის ჯარი. ჯერ კიდევ ამაყად აღმართული ჰქონდათ ხალიფას დროშა, მაგრამ, დავით სოსლანისა და მისი მეომრების დანახვაზე თავზარი დაეცათ მაჰმადიანებს.
ქართველთა ჯარმა არ მისცა მტერს მანევრირების საშუალება. მდევარმა, ერთ მხრივ, განძისკენ, მეორე მხრივ, გელაქუნისკენ მოუჭრა გზა მაჰმადიანებს.
ჩვენი წინაპრები დასდევდნენ და იპყრობდნენ ამირებსა და დიდებულებს ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან. აბუბექრ ათაბეგი შეშინებული გაიქცა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი