ისტორია

რატომ გაათხოვეს თამთა მხარგრძელი ეგვიპტის სულთნის ვაჟზე, ხლათის მელიქზე და რა დამსახურება მიუძღოდა მას ქრისტიანების წინაშე

№48

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.12, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

დაახლოებით, 1195 წელს საქართველოს მსახურთუხუცესის, ივანე მხარგრძელის ოჯახში დაიბადა მეორე შვილი, ასული, რომელსაც უწოდეს თამთა.

ივანე მხარგრძელის დასაც იგივე სახელი ერქვა. შესაძლოა, სახელი თამთა მათ რომელიმე წინაპარს ერქვა და დამკვიდრდა საოჯახო სახელად, როგორც თამარი და რუსუდანი ბაგრატიონთა შორის.

მხარგრძელების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. თვითონ მხარგრძელების ვერსიით, ისინი სომეხი ბაგრატუნებისა და ასევე, სომხეთის სხვა სამეფო დინასტიის, არწრუნების შთამომავლები იყვნენ. არწრუნები იყვნენ ძველი სომხეთის მეფეების, ერვანდიდების (არვანდიდების, ორონტიდების) განშტოება. გადმოცემით, ერვანდიდების ერთ-ერთ წინაპარს ცოლად ჰყოლია სპარსეთის აქემენიდი შაჰის ასული და ამგვარად, ისინი აქემენიდების შთამომავლები გამოდიოდნენ. მხარგრძელები ამ ვერსიას იმეორებდნენ, ეტყობა, იმდროინდელ საქართველოში სჯეროდათ და ჩვენი მემატიანე, „ისტორიანისა და აზმანის“ უცნობი ავტორი, გვამცნობს, მხარგრძელები ძველი დიდი სპარსეთის აქემენიდი შაჰის, არტაქსერქსე მხარგრძელის, ანუ არტაქსერქსე პირველის, შთამომავლები არიანო. ძველი ბერძნები არტაქსერქსე პირველს გრძელმკლავებას, გრძელხელებას, მხარგრძელს უწოდებდნენ, რადგან ერთი გადმოცემით, მარჯვენა ხელი უფრო გრძელი ჰქონია, ვიდრე მარცხენა. მეორე ვერსიით კი – იმის გამო, რომ დიდ ტერიტორიებს წვდებოდა მისი ხელმწიფობა.

ძველ სომეხ ავტორებს აქვთ ცნობა – მხარგრძელები ქურთული წარმოშობის იყვნენო. შესაძლოა, ისინი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მოვიდნენ (ანუ სომხების მიერ დაპყრობილ საქართველოს ტერიტორიაზე) სამხრეთიდან, ქურთისტანიდან. აქ, ჩვენს მიწაზე, ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში მიიღეს სომხური სარწმუნოება, რადგან, ტაშირში მეათე საუკუნის ბოლოდან სომეხი ბაგრატუნების დინასტიის განაყოფი, კვირიკიანები ბატონობდნენ და ჩადგნენ კვირიკიანების სამსახურში. დავით აღმაშენებლის მიერ ტაშირის დედა-საქართველოს წიაღში დაბრუნების შემდეგ, მხარგრძელები საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. ისინი, როგორც ჩანს, ორბელების ვასალები იყვნენ და მის ნაწილებში ერთ-ერთ დიდ რაზმს ხელმძღვანელობდნენ, ივანე ორბელმა დიდი სამსახური გაუწია დავით აღმაშენებელს.

გიორგი მესამის დროს ივანე ორბელის შვილიშვილი, ამირსპასალარი ივანე ორბელი, აუჯანყდა მეფეს და თავისი სიძის, მეფის ძმისწულის, უფლისწულ დემნას გამეფება განიზრახა. აჯანყების დაწყებისას, სარგის მხარგრძელი, ივანე ორბელის ერთ-ერთი სარდალი, თავისი ნაწილებით განუდგა დემნასა და ივანეს და გადავიდა მეფის მხარეზე. მის მაგალითს ბევრმა მიმართა. აჯანყების ჩახშობის შემდგომ სარგის მხარგრძელი დაწინაურდა სამეფო კარზე. თამარმა, გამეფებიდან მალე, სარგის მხარგრძელი ამირსპასალარად დანიშნა, ხოლო მისი ვაჟები, ზაქარია და ივანე, დარბაზის ყმებად ითაყვანა. შემდეგში ზაქარია გახდა ამირსპასალარი ჩვენი ქვეყნისა, ხოლო ივანე კი – მსახურთუხუცესი.

დიდი საქართველოს მეფეები ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნის დროს ყურადღებას არ აქცევდნენ მის სარწმუნოებას. სარგის მხარგრძელი, ზაქარია და ივანე გრიგორიანები იყვნენ, როცა ვაზირების თანამდებობები მიიღეს სამეფო კარზე. შემდეგ ივანე მოინათლა მართლმადიდებლურად, ზაქარია კი სომხური სარწუნოების აღმსარებელად მოკვდა.

მართლმადიდებლურად იზრდებოდა თამთაც. ივანე მხარგრძელის ოჯახში, როგორც ჩანს, თავს ქართველებად მიიჩნევდნენ.

თამთამ ბავშვობა, ალბათ, ლორესა და ტფილისში გაატარა. ვაზირების ოჯახები, თავისთავად ცხადია, ტფილისში იქნებოდნენ ხშირად. ალბათ, ბევრჯერ ჰყავდა ნანახი თამარ მეფე და ალბათ, ცდილობდა, მისთვის მიებაძა განათლებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით.

თამარ მეფის კარზე გადაწყვიტეს, შემოეერთებინათ სომხეთის ის მიწებიც, რომლებიც მაჰმადიანებს ჰქონდათ დაპყრობილი.

1207 წლიდან ხლათის სასულთნო, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ სომხეთის ტერიტორია, ქურთული წარმოშობის აიუბიდების დინასტიამ ჩაიგდო ხელში. 1208 წელს ჩვენმა წინაპრებმა ილაშქრეს ხლათში, აიღეს ქალაქი არჭეში და მერე ქალაქ ხლათს შეუტიეს. ხლათის მელიქი უკვე დანებებას აპირებდა, მაგრამ ქართული ლაშქრის მეთაურმა, ივანე მხარგრძელმა შეცდომა დაუშვა, ხლათის ჭიშკარს მიადგა მცირე ამალით, სადაც, ხლათელების მიერ წინასწარ მომზადებულ ხაფანგში ჩავარდა ცხენიანად. გამოცვივდნენ ხლათელი მეომრები ქალაქიდან და ივანე და მისი მცირერიცხოვანი ამალა უმალ დაატყვევეს.

ივანეს ტყვედ ჩავარდნის გამო საქართველომ ვერ შემოიერთა დასავლეთ სომხეთი. თამარ მეფემ ბრძანა და ქართველებსა და აიუბიდებს შორის საზავო მოლაპარაკება გაიმართა. ხლათის მელიქმა ივანეს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა, რამდენიმე პირობით.

საქართველო წავიდა დათმობებზე. აიუბიდებს აღუთქვეს ოცდაათწლიანი მშვიდობა. გაათავისუფლეს ხუთი ათასი ტყვე მაჰმადიანი, ხლათის მელიქ აუჰადს დაუბრუნეს ციხეები, გადასცეს ასი ათასი დინარი და ცოლად მიათხოვეს თამთა მხარგრძელი.

ხელშეკრულების თანახმად, თამთას შეეძლო ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნება. მეტიც, ქრისტიანებს შეღავათები უნდა მისცემოდათ აიუბიდების მთელ სამბრძანებლოში, ეგვიპტის სასულთნოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სირიასა და იერუსალიმში. მონასტრებს გადასახადები გაუნახევრეს. იერუსალიმში მიმავალ ქრისტიან მომლოცველთა უსაფრთხოებაზე სასულთნო ზრუნავდა. განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ქართველებს. როგორც მაჰმადიანი და სომეხი ავტორები აღნიშნავდნენ, ამაში დიდი იყო თამთა მხარგრძელის დამსახურებაც,. თამთას ქართველს უწოდებდნენ მაჰმადიანები.

სულ მალე აუჰადი გარდაიცვალა და თამთა ცოლად შეირთო მისმა ძმამ, მელიქ აშრაფმა. მაჰმადიანთა შორის არის ტრადიცია, ძმის ქვრივის ცოლად მოყვანისა, მოტივი – ქვრივის უპატრონოდ არდატოვება. ფაქტობრივად, აიუბიდებმა ივანე მხარგრძელის ნაცვლად თამთა მხარგრძელი დაიტოვეს მძევლად, ხლათი ამგვარად შეინარჩუნეს და ქართველებისგან თავდასხმა აღკვეთეს.

თამთამდე მელიქ აშრაფს ჰყოლია ცოლი, დაახლოებით, ერთი წლით ადრე უქორწინია ზანგიდების დინასტიის წარმომადგენლის, მოსულის ათაბაგის ნურ ად-დინ არსლანშაჰის დაზე, თერჯან ხათუნზე. ქორწინება ალ აშრაფის მამის, ეგვიპტის სულთნის ალ-ადილის ინიციატივით მომხდარა. შემდეგ, 1219 წელს ალ აშრაფს მესამე ცოლად მოუყვანია რუმის (იკონიის) სულთნების, ქეი-ქავუს პირველისა და ქეი-ყუბად პირველის და, ხოლო თავისი და მიათხოვა ცოლისძმას, ქეი-ყუბადს.

თამთასა და მის მეორე ქმარს შორის, ამბობენ, არ ყოფილა დიდი სიყვარული. ქმარი ხშირად იყო ხლათიდან შორს, ხან დამასკოში, ხან, თავის ძმას, ეგვიპტის სულთანს ეხმარებოდა ჯვაროსნებთან ომში. იმასაც ამბობენ, ქალებზე მატად ალ-აშრაფს ბიჭები უყვარდაო, რადგან, ლექსებს უძღვნიდა, თურმე, ჭაბუკებს. დამასკოსა და ქაიროში ალ-აშრაფს, თურმე, პირველი ცოლი, თერჯან ხათუნი დაჰყავდა.

თამთა, იქნებ თავისი ნებითაც, რჩებოდა ხლათში, რათა ახლოს ყოფილიყო საქართველოსთან, თავის ოჯახთან, ხლათი თავად ემართა და ქრისტიანებისთვის მფარველობა გაეწია.

გაიოზ მამალაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი