ისტორია

რატომ დასცინოდნენ ოსი მეომრები ვახტანგ გორგასალს და რა შეემთხვათ პასუხად

№34

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.09, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

თხუთმეტი წლის გახდა თუ არა მეფე ვახტანგი, შემდეგში გორგასლად წოდებული, გადაწყვიტა, ელაშქრა ჩრდილო კავკასიაში ოსების წინააღმდეგ და თავისი პატარა დაიკო გამოეხსნა ტყვეობიდან. სამეფოს გამგებლად დატოვა დედა-დედოფალი საგდუხტი და თავისი და, ხუარანძე. ანდერძად დაიბარა: „თუ ვერ დავბრუნდები, ჩემი და ხვარანძე ცოლად შერთეთ სეფეწულ მირიანს და იგი გამოცხადდეს ქვეყნის მეფედო“. ანდერძი დედას გადასცა საიდუმლოდ. მირიანი ამიტომ თან არ იახლა.

სპარსეთის შაჰის ბრძანებით, შაჰის ვასალებიც დაეხმარებოდნენ ვახტანგს. ჩვენმა მეფემ გააგზავნა მოციქული თავის ბიძასთან, დედის ძმასათან, ვარაზ-ბაკურთან, რანის (ალბანეთის) სპარსთა შაჰის მარზპანთან და დახმარება სთხოვა. ვარაზ-ბაკური სიხარულით დათანხმდა, რადგან ოსები მასაც მტრობდნენ.

თიანეთში ჭაბუკ ხელმწიფეს ეახლნენ სხვა კავკასიელი მეფენი მრავალი მხედრით. დაიძრა ვახტანგის ჯარი ჩრდილოეთ კავკასიისკენ. გაიარეს დარიალის კარი და შევიდნენ ოსეთში. გზაში თექვსმეტი წელი შეუსრულდა ჩვენს მეფეს. ოსებმაც შეკრიბეს დიდძალი ლაშქარი, დაიხმარეს მეზობლებიც. მათი ჯარი მდინარე თერგის ნაპირას დაუხვდა ქართველებს. შვიდი დღე იდგა ორი ჯარი მტრის პირისპირ და ბუმბერაზთა ორთაბრძოლები იმართებოდა. ერთ დღეს გამოვიდა გოლიათი თარხან ხაზარი და ვახტანგის ჯარიდან მეტოქე გამოიწვია. მას შეებრძოლა ფარსმან-ფარუხი, სპარსი, ჩვენი ხელმწიფის ბიძის, ვარაზ-ბაკურის სამხედრო ნაწილებიდან. მასზე ამბობდნენ, ლომებს შიშველი ხელით იჭერდაო. მაგრამ, ოსთა ლაშქრის ხაზარმა მეომარმა პირველსავე შეტაკებაზე მოკლა სპარსი.

იბერიის ჭაბუკმა მეფემ გადაწყვიტა, თვითონ შებრძოლებოდა თარხანს. ღამე ლოცვაში გაატარა. გამთენიისას განახლდა ორთაბრძოლები. თარხანი დასცინოდა ქართველებს და ჩვენს მოკავშირეებს. ვერავინ ბედავდა მასთან შებრძოლებას. ჩვენი მეფე გაემზადა საბრძოლველად. დიდებულები არ უშვებდნენ, ახალგაზრდა იყო ძალიან ქართლის ხელმწიფე.

ვახტანგ მეფემ ღმერთს შემწეობა სთხოვა, ანუგეშა თავისი ჯარი და შევიდა მდინარეში. ბუმბერაზი თარხანი დასცინოდა, მე ყმაწვილებს არ ვებრძვიო, მაგრამ, პირველივე შეტაკებაზე ვახტანგ მეფის შუბმა სამუდამოდ დაადუმა. მოჰკვეთა თავი გაგორებულ თარხანს, შეახტა ცხენს და მიიჭრა თავის აღტაცებულ ჯარისკაცებთან. მეორე დღეს ოსთა სხვა გოლიათი გამოვიდა საომრად, ბაყათარად წოდებული, თორმეტი მტკაველის სიგრძის მშვილდით და ექვსი მტკაველი სიგრძის ისრებით. მიდგა მდინარეს და გაჰყვიროდა: „ვახტანგ, ნუ გალაღდები თარხანის მოკვლით, ის დიდი მეომარი არ იყო. მე კი ვერსად გამექცევი, თუ გინდა, სხვა შემებრძოლოსო“.

ჩვენმა მეფემ უყვირა საპასუხოდ თავხედ ბაყათარს: „ჩემი ძალით კი არა, ღვთის შეწევნით ვძლიე თარხანს და შენიც არ მეშინია, ჯვარი მაქვს საჭურველადო“!

გაამზადა მეფემ ჯარი. თვითონ შეახტა შეჭურვილ ცხენს, აიღო ნიანგის ტყავიანი ფარი, რომელსაც ვერ ხვრეტდა მახვილი. მიადგა მდინარეს და შესძახა ბაყათარს: „არ გამოვალ მდინარის გაღმა, მე მეფე ვარ, არ მოგიახლოვდებით ოვსთა ჯარს, რადგან ვერაგულად გინდათ ჩემზე თავდასხმა. ჩემი სიკვდილით დამარცხდება ჩემი ჯარი. შენ კი მონა ხარ და შენი სიკვდილით არაფერი ევნება ოსთა სპას, როგორც ერთი ძაღლის სიკვდილით. გამოდი ჩემს მხარესო“. ბაყათურმა გაიცინა: „შენი მკვლელი გამოვდივარ, უკან დაიხიე მდინარიდანო“.

ჩვენი ხელმწიფე მოშორდა მდინარის ნაპირს. მოდიოდა მდინარეში ბაყათარი, გამოსცდა მდინარეს, თან ისრებს ესროდა ვახტანგ მეფეს და უახლოვდებოდა. ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი მეფე ოსტატურად იცილებდა ისრებს. მდინარის გაღმა–გამოღმით მდგარი ორივე ჯარი დაფდაფებს სცემდა და ბუკს აყვირებდა. თან ყიჟინით ამხნევებდნენ საკუთარ ფალავანს. ხმაურისგან მთები და ბორცვები ირყეოდა, თურმე.

ორი ისარი გაარტყა ბაყათარმა ვახტანგის ფარს, თუმცა ვერ გაჰკვეთა. ბოლოს ერთი ისარი ვახტანგის ცხენს ესროლა და დაჭრა. ვიდრე დაეცემოდა ცხენი, მეფე გადმოხტა და ხმალი დასცხო მხარზე ოსს და გულამდე გაჰკვეთა. იბერიის ხელმწიფე მოახტა მოკლული ოსი გოლიათის ცხენს და შეტევისაკენ მოუწოდა თავის მეომრებს.

ყიჟინით გადავიდა ჩვენი ჯარი შეტევაზე, წინ – ცხენოსნები და უკან – ქვეითები. შეუტიეს ოსებს და მათ მოკავშირეებს. ოსები გადმოდგნენ კლდის თავზე და ისრის წვიმა დააყარეს შეტევაზე გადასულებს. მაგრამ, ჩვენმა ცხენოსნებმა დაძლიეს აღმართი, გავიდნენ გავაკებაზე და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. ლომის ღრიალივით ისმოდა ჩვენი მეფის ხმა. ვახტანგის გვერდით მხნედ იბრძოდნენ მისი ძუძუმტე – საურმაგ სპასპეტის ძე არტავაზი და ბივრიტიანი სეფეწული.

დამარცხდნენ ოსები და გაიქცნენ. ქართველთა ჯარმა მტრის დიდი ნაწილი მოსრა, ნაწილი ტყვედ აიყვანა. სამი დღე დაასვენა ჯარი გორგასალმა. ღმერთს მადლობას სწირავდნენ გამარჯვებისთვის. შემდეგ რაზმებად დაიყვნენ და დაიწყეს ოსეთის რბევა. შემუსრეს მათი ქალაქები, დაატყვევეს უამრავი ადამიანი და აიღეს დიდი ალაფი. ვახტანგ გორგასალმა დაიმორჩილა ოსები. დარიალში ააგო ციხე–სიმაგრეები. ამიერიდან, ქართველთა მეფის უკითხავად არავის შეეძლო ოსეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსვლა. მეციხოვნედ ჩააყენა იქაური დვალები და სხვა მთიელები.

შემდეგ გაილაშქრეს ოსეთის მოსაზღვრე მიწებზე, ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე, თერგის სანაპიროებზე. მერე დალაშქრეს ჯიქეთი. მოარბია ვახტანგ გორგასალმა ჯიქეთი, სხვა ტომები და მობრუნდა ოსეთში. მაშინ ჯიქები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოსახლებული აფხაზეთში და არც აფსუები. ოსები მიუვალ მთებსა და ციხე–სიმაგრეებში გამაგრებულიყვნენ. მათ ოცდაათი ათასი ტყვე მოითხოვეს მეფის დის გათავისუფლების სანაცვლოდ. მისცა მეფემ ტყვეები და გამოიხსნა თავისი მცირეწლოვანი დაიკო ტყვეობიდან. მასთან ერთად გაათავისუფლა ყველა ქართველი, რომლებიც ექვსი წლის წინ გაეტაცებინათ ოსებს. მძევლად აიყვანა ოსი დიდებულების შვილები და ამისთვისაც კიდევ სხვა ოსი ტყვეები გაათავისუფლა. დანარჩენები თან წამოიყვანა.

მადლობა გადაუხადა მეფემ ყველა მოკავშირეს, მათ შორის, სპარსთა ჯარს, დახმარებისთის, დიდი საჩუქრებიც უბოძა. გამოაგზავნა თავისი და მირანდუხტი და სხვა ქართველი ტყვეყოფილები დარიალის გზით ქართლში. თვითონ კი ჩრდილო კავკასიას გაჰყვა დასავლეთისკენ, იალბუზის გასწვრივ აფხაზეთისკენ. გზად დაიმორჩილა მთელი კავკასია.

და შეუტია აფხაზეთში ბიზანტიის ჯარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი