ისტორია

რატომ დაარღვიეს ქართველებმა უფლისციხის გალავანი და რამდენ დღეს გაუძლო ყველისციხის ციხიონმა ურიცხვი მტრის შეტევებს

№2

ავტორი: გია მამალაძე 22:00 22.01, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

მეათე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ბაღდადის ხალიფას ბრძანებით შემოიჭრა ადარბადაგანის გასულთნებული ათაბეგი იუსუფ იბნ აბუ ლ-საჯი (აბუ ლ-კასიმი).

კახეთის ქორეპისკოპოსმა ქრთამით მოახერხა კახეთის სამთავროს გადარჩენა აოხრებისგან. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს: „შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი“.

ჩვენმა წინაპრებმა დაარღვიეს უფლისციხის გალავანი, რათა არაბთა ჯარს არ დაეკავებინა: „და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღვივნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოხრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგვისასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად“.

იმ დროს შავშეთში, ტბეთში მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი და სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი, რომელიც აბუ ლ-კასიმის ჯარის შესახებ წერს: „ესე აღიჭურა ერითა მრავლითა, კაეტებითა რჩეულითა, რომელთა ჰყვანდა ათასეული და ბევრეული“.

ყველისციხე გურგენ ერისთავთ ერისთავის სამბრძანებლოში შედიოდა. ციხეში გამაგრებული იყო მცირერიცხოვანი ციხიონი, მათ შორის იყო გობრონი: „და მოვიდეს იგინი ციხესა მას ყუელისასა, რომელი იყო გურგენ ერისთავთა ერისთვისაè, რომელსა შინა იყვნეს აზნაურნი წარჩინებულნიდა სანატრელი მოწამე ქრისტეისი გობრონ მათ თანა“.
მტრებმა ციხის გარშემო დადგეს კარვები. იმდენად მრავალრიცხოვანი ყოფილა მაჰმადიანთა ჯარი, რომ ხუთი სოფლის ტერიტორიაზე ძლივს დაეტია მათი კარვები. მაშინდელი სოფლები დიდ ტერიტორიებს მოიცავდა, არა მხოლოდ იმას, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა, არამედ მათ მინდვრებსა და სავარგულებსაც. „მოვიდეს და მოადგეს ციხესა მას ყუელისასა, გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი, რომელნი ხუთისა სოფლისა საზღვართა და-ოდენეტინეს იწროებითა“.

კარვები დაუდგამთ მიჯრით, გვერდი-გვერდ, ასეთი ყოფილა მათი ჯარის წესი, ალბათ, ადგილობრივებისგან მოულოდნელი თავდასხმის თავის აცილების მიზნით. ძალიან კარგი მოისრები ჰყოლიათ ჯარში მაჰმადიანებს, აღიარებს სტეფანე მტბევარი, თუმცა, მათ უჯიშოებად და უკულტუროებად წარმოგვიდგენს, რომლებიც ყველაფრის ჭამას კადრულობდნენ. „საბელნი იგი კარვებისა მათისანი განეთხზნა ურთიერთას, რამეთუ ესე იყო ჩუეულებაè დადგრომისა მათისაè ნათესავთა მათ საძაგელთა უღმრთოთაè, ფიცხლად მოისართაè, რომელნი შჭამდეს ძაღლთა, თაგუსა, კატასა და ყოველსა არა-წმიდასა“.

ქართველებს ყოველთვის ამრეზილი დამოკიდებულება ჰქონდათ დამპყრობლებისადმი, მათი ცხოვრების, მათი ბიძაშვილებთან და ძმის ქვრივებთან ქორწინების წესი მიუღებელი იყო ჩვენი წინაპრებისათვის, ამიტომ იბრძოდნენ თავგანწირვით და არ იღებდნენ უცხოთა სარწმუნოებას და ცხოვრების წესს. ამგვარმა დამოკიდებულებამ განსაზღვრა დღევანდელი ჩვენი კულტურა, შემოგვინახა სარწმუნოება და გარეგნული სახეც, ამან განაპირობა ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ერის გადარჩენაც.

მაჰმადიანებს თან ჰქონდათ მოტანილი ციხეების სანგრევი მოწყობილობები, რომლებიც ააწყვეს და საბრძოლველად გაამზადეს. „და ესრეთ განემზადნეს ბრძოლად ფილეკავნებითა მრავლითა“.

ყველისციხე მნიშვნელოვან გზებს აკონტროლებდა და მისი აუღებლობა არ შეიძლებოდა, ზურგს უკან ვერ დატოვებდა აბუ ლ-კასიმი მას.

დაუშინეს ისრები ციხეს. ცა დაბნელებულა ისრებისა და ჰოროლთა (დიდი ისრების) სიმრავლისგან, რომლებიც ასეულობით აქლემით ჰქონდათ მოტანილი. დიდი სამზადისი ჰქონდათ გაწეული მაჰმადიანებს სომხეთსა და საქართველოში შემოჭრის წინ. „და სიმრავლე ტყორცებულთა მათისართაè შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა, რომელსა აქუნდა ასეული ტვირთი აქლემისაè ისარი ოდენ და ეგრეთვე ჰოროლი“.

ციხეში გამაგრებული ქართველები არ შეუშინდნენ მრავალრიცხოვნებას მტრისას და თვითონაც ესროდნენ ისრებს, ციხის მისადგომებთან მისულ მტერს ხოცავდნენ და იქვე ეყარა მათი გვამები. „და ბრძოლასა მას ფიცხელსა მხნე იქმნნეს ციხოანნი იგი და დახოცდეს მბრძოლთა მათ და დაჰყრიდეს ხორცთა მათთა, ვითარცა სკორესა ქუეყანასა“.
ციხოვანთა შორის იყო სახელგანთქმული მეომარი: „ხოლო მათ ყოველთა უწინარეის იპოვა სიმხნითა ნეტარი გობრონ და ძალი ბრძოლისა მისისაè ყოველსა მას სიმრავლესა ზედა საცნაურ იყო. და სახელი იცვალა, ვითარცა ყოველთა წმიდათა, ვითარცა პეტრეს კლდე და სავლეს პავლე, ამას ეწოდა პირველად მიქელ და მერმე გობრონ”.
მაჰმადიანმა მბრძანებელმა შეიტყო გობრონის შესახებ, შორიდან უყურებდა მის გასაოცარ ბრძოლას და ისმენდა მის ყიჟინას. განსაკუთრებით მისი დამარცხება მოუნდა აბუ ლ-კასიმს, მისი ხელში ჩაგდება, დატყვევება.

მაჰმადიანები დაძრწოდნენ შავშეთში, იპყრობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც სახლებიდან გახიზნულნი, დამშეულიყვნენ და საკვებს ეძებდნნენ ყანებში. მიჰყავდათ შეპყრობილნი ციხესთან და წამებით ხოცავდნენ ყველას დასანახად.

ამით გამწარებული ციხოვანნი, გამოვარდებოდნენ ხოლმე გარეთ და რაც შეეძლოთ ხოცავდნენ ციხის ასაღებად მისულ მაჰმადიანებს.

ძალიან გაუჭირდა აჭარას და შავშეთს, სახლებიდან მთებში დევნილი მოსახლეობა ფოთლებსა და ბალახს ჭამდნენ შიმშილისგან შეწუხებულნი. მეომრების გმირობისა და წმიდა მამების ლოცვით, მტრებმა მაინც ვერ მოახერხეს მიწვდომოდნენ მთებში გახიზნულებს.

ოცდარვა დღე გააჩერა ყველისციხის გარნიზონმა არაბთა ჯარი, ოცდარვა დღე გაუძლო რამდენიმე ასულმა ციხოვანმა ათასობით ურჯულოს შეტევას. ბოლოს, მტრებმა შეძლეს, გახვრიტეს ციხის კედელი და დაარღვიეს ზღუდე. მაგრამ, ამანაც ვერ გააჩერა გობრონი და მისი გმირი თანამებრძოლები. სწორედ, იმ გამონგრეული გალავნიდან გამოუვარდნენ მტრებს ჩვენი წინაპრები და შეუტიეს. გაოცდა მრავლისმნახველი ათაბეგი ადარბადაგანისა, აბუ ლ-კასიმი. „ხოლო ხელმწიფე იგი ჰბრძოდა ციხესა მას ოცდარვა დღე, და ნაბაკნი შეუხდეს, რომელთა განხურიტეს კლდე და განარღვიეს ზღუდე, რომელთა გამოუხდის ნეტარი გობრონ და განდევნის. და ძლევისა მისგან უმეტეის განაკვირვნა ყოველნი“.

ბოლოს, მტრის მრავალრიცხოვნობამ და მაჰმადიანთა ჯარის აღჭურვილობამ თავისი ქნა. ქართველებს დამხმარე ჯარის მიშველებაც არ შეეძლოთ. საქართველოს გაუერთიანებელ სამეფო-სამთავროებს ცალ-ცალკე არ შესწევდათ ძალა მოეგერიებინათ მრავალრიცხოვანი არმია. აბუ ლ-კასიმის ჯარზე თავდასხმაც უაზრობად ჩანდა, მსხვერპლი იქნებოდა ძალიან დიდი, მარცხი კი გარდაუვალი. „და, ვითარ არა იყო შეწევნაè, არცა წინააღდგომაè, საფიცი ითხოვეს, რამეთუ ღმერთმან განიჭნა იგინი“.

ოცდამეცხრე დღეს ტყვედ აიყვანეს მაჰმადიანებმა ყველისციხის მცველები, მათ შორის გობრონიც. ძალიან გახარებული იყო ყველისციხის აღებით მრავალრიცხოვანი ჯარის სარდალი, ადარბადაგანისა და სხვა მრავალი ტერიტორიების გასულთნებული ათაბეგი, აბუ ლ-კასიმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი