ისტორია

რატომ ჩააბარა მონღოლთა ყაენმა მუნქემ გასომხებული სუმბატ ორბელიანი დედამისს

№21

ავტორი: გია მამალაძე 22:00 04.06, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

გასომხებულ ორბელიანებს მონღოლების შემოსვლის შემდეგ პრობლემები ჰქონდათ საქართველოს სამეფოში. მათ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი საგვარეულო, გაქართველებული მხარგრძელები გადაემტერა. ორბელიანების სახლი ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.

1252 წელს ჭკვიანმა და გამჭრიახმა სუმბატ ორბელიანმა რაღაცნაირად მოახერხა და ბაჩო ნოინისგან მანგუ (მუნქე) ყაენთან გამგზავრების ნებართვა აიღო.

სომეხთა მიტროპოლიტი, სტეფანოს ორბელიანი, თავისი ბიძის, სუმბატის გამგზავრებას ზღაპრულად აღგვიწერს, თითქოს სუმბათს რაღაც განსაკუთრებული, უძვირფასესი, მანათობელი ქვა ჩაუვარდა შემთხვევით, აჩვენა ბაჩო ნოინს და სთხოვა, ყაენთან გამიშვი, მას გადავცემ საჩუქრადო. ნოინმაც მისცა ნება, გამგზავრებულიყო ყარაყორუმში.

სტეფანოსის მიერ ზღაპრული ქვის ამბავი, რაღაცნაირად გაზვიადებულია, თუმცა, ნაწილობრივ სიმართლე შეიძლება იყოს. რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი, ალბათ, მართლა ჰქონდა ორბელიანს ყაენისთვის. მონღოლებს ძალიან უყვარდათ საჩუქრები, ნოინებს უყვარდათ საჩუქრების გაგზავნა ყაენისთვის. ამიტომ, რაღაც მნიშვნელოვანი საჩუქრის გადასაცემად და რაც მთავარია, რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტის განსახორციელებლად ნამდვილად გაამგზავრა ბაჩო ნოინმა სუმბატ ორბელიანი დიდი ურდოს დედაქალაქში.

იმდროინდელი ყაენების კარზე უზარმაზარი სიმდიდრე იყო დაგროვებული, ომების შედეგად ნაძარცვი ქონება და ხარკისა და საჩუქრების სახით მიღებული. ძნელი წარმოსადგენია, სიმდიდრე, რომელიც მაშინ ყარაყორუმში იყო.

მანგუ ყაენი ტახტზე ასვლისთანავე უზარმაზარი ქონების მფლობელი გახდა. როგორც ვთქვით, მონღოლებს ძალიან უყვარდათ საჩუქრების მიღება, თუმცა, არანაკლებს სიამოვნებას ანიჭებდა მათ საჩუქრების გაღებაც ან პატივისცემა მათთვის, ვინც ერთგულებას დაუმტკიცებდა. მანგუ ყაენმა გახსნა საუნჯეები და გასცა და გასცა საჩუქრები უცხოელი ელჩებისთვის, სტუმარი ვაჭრებისთვის, თავისი მხედართმთავრებისთვის, მსახურებისთვის, უამრავი ქვეშევრდომისთვის.

სუმბატმა წასვლის წინ მოილოცა მონასტრები. სტეფანოს ორბელიანის თქმით, ეს მონასტრები დახარკული იყო (ალბათ, მონღოლებისგან). ისე, ცნობილია, რომ მონღოლები სხვადასხვა ქვეყანაში სასულიერო ფენებს არ აწუხებდნენ და გადასახადს არ უწესებდნენ. სტეფანოსის თქმით, სუმბატი ოცნებობდა, სომხური მონასტრები გამოეხსნა ხარკისგან.

„სუმბათმან მიმოვლო მონასტერნი ჩვენნი, რომელნი იყუნეს მწარესა ხარკსა შინა. ილოცევდა ღამისთევითა და შეავედრებდა თავსა თïსსა წმიდათა და აღუთქმიდა აღთქმასა ამასა, რამეთუ: „უკეთუ მშïდობით და გამარჯვებით დავბრუნდე, ყოველნი სამღუდელონი განვათავისუფლო ხარკისაგან და ყოველსა ეკლესიასა შესაწირავი შევსწირო და მათი წარტაცებული მამული კუალად მივსცე“. და ესრეთ საგზლად აიღო ლოცვა მრავალთა და წარვიდა გზასა, განვლო ურიცხვ ასპარეზი გრძელთა გზათა და მივიდა ქვეყანასა აღმოსავლეთისასა, ტახტსა მას ქუეყნის-მპყრობელისა ყაენისასა, რომელსა ყარა-ყურუმს უწოდებდენ“.

ყარა-ყურუმი იმ დროს მსოფლიო უდიდესი იმპერიის ცენტრი იყო. უდიდესი ქალაქი, უამრავი მოსახლით, ნაწილობრივ აშენებული, უფრო მეტად კი კარვებიანი. მათ შორის იდგა გიგანტური კარვები ყაენის, მისი ოჯასი წევრების, უფლისწულების, ნოინებისა და ასე შემდეგ.

მუნქე ყაენი პატივს სცემდა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. მის კარზე მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში არსებული რელიგიის ყველა სასულიერო პირს შეხვდებოდა კაცი. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სალოცავები ჰქონდათ ყარაყორუმში. ყაენი ესწრებოდა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა რიტუალებს და სწავლობდა, აკვირდებოდა. ყაენი მათ შორის დებატებსაც აწყობდა და უსმენდა. მერე ასაჩურქებდა მათ, რადგან, ქვეშევრდომებისადმი კეთილი დამოკიდებულება აუცილებლად მიაჩნდა. თურმე, მას ბავშვობიდან უკითხავდნენ სხვადასხვა მმართველების შესახებ ისტორიებს, აცნობდნენ ძველი მმართველების მართვის ფორმებს. განსაკუთრებით მოსწონდა იულიუს კეისარი.

სტეფანოს ორბელიანი მუნქეზე წერს, ყაენი ქრისტიანი იყოო, მაგრამ, ეს არ არის მართალი. სტეფანოსს ან სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა, ან რაღაცის გამართლებას აპირებს, კერძოდ ბიძამისის მიერ ყაენის კარზე მიღებულ პრივილეგიას, რაც, ალბათ სხვა მიზეზებით უნდა ყოფილიყო განპირობებული.

სტეფანოსი წერს:

„მანგუ ხანი იგი იყო ქრისტიანი სჯულიერი და აღეშენებინა კარსა დიდისა პალატისასა ეკლესია ერთი და განეწესებინა მღუდელნი, სადაცა წირვა და ლოცვა მარადის აღუსრულებოდა. და თავადი იყო მოყუარულ ფრიად ქრისტიანეთა, რომელთაცა სამეფოს უწოდებდენ და ქუეყანა იგი იყო სრულიად ქრისტიანობასა შინა“.

ყაენს უყვარდა, თურმე, სტუმრების მიღება, ცნობისმოყვარე ადამიანი გახლდათ. თუმცა, ყაენთან მოხვედრა არცთუ ადვილი საქმე იყო და მხოლოდ მნიშვნელოვანი პიროვნებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მისულები ახერხებდნენ ამას.

სუმბათ ორბელიანმა, ბაჩო ნოინის რეკომენდაციით ჩასულმა ყარაყორუმში, მოახერხა და დააინტერესა ყაენის მრჩევლები, ყაენთან აუდენციას მიაღწია და გადასცა მუნქეს უძვირფასესი ქვა, რომელიც მას ჰქონდა.

„სუმბათმან იხილა პირველად დიდებულნი და კარისა პირველნი კაცნი და აუწყა მათ მიზეზი მისლვისა თïსისა! მათ მიიყუანეს იგი და აჩვენეს მეფე და მიართვეს გუჰარი იგი პატივოსანი, რომელსა სათნო ეყო და ფრიად აქო“

ყაენი დაინტერესებულა სტეფანოსის ეროვნებით და სარწმუნოებით: „ჰკითხა მას: „რა გვარი ხარ?“ და მან მიუგო: „სარწმუნოებით ქრისტიანე ვარ და გვარად სომეხი“.

შემდეგ სტეფანოსი კვლავ აჭარბებს, თითქოს, ქრისტიანობისა და სომხობის გამო ძალიან მოეწონა ყაენს ორბელიანი სუმბატი. ამის საფუძველი, ალბათ, ის იყო, რომ სუმბატის უფროსი ძმა, ელიგუმი პირველი მიემხრო საქართველოს სამეფოში შემოსულ მონღოლებს (ასლან ნოინს), რისთვისაც მათი ნდობა, პრივილეგიები და მეზობელთა მიწები დაიმსახურა, სამაგიეროდ კი, მხარგრძელები გადაიმტერა.

სტეფანოსი განაგრძობს:

ყაენმა „ამისთïს უმეტესად შეიყუარა იგი და მიზეზსა მისვლისასა ჰკითხვიდა. და მან ყოველივე მოახსენა მას: შეჭირვებანი ეკკლესიათანი, დაჩაგვრა თïსი, ერთგულება ძმისა თïსისა, რომელი აქუნდა ასლანთან, და ყოველი ვითარება ქუეყანისა აუწყა მას, რომელნიცა ფრიად მოეწონა მას და გონების განდევნებით მიიღო სიტყუანი მისნი“.

სტეფანოს ორბელიანის თქმით, ყაენმა სუმბატ ორბელიანი მიაბარა თავის ბრძენ დედას, სორგაქთანი ბექს (სორქაქთანი ბექს, სორხახთანი ბექს), რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა იმპერიაში (ბექი, ბეხი, ბეკი – მონღოლი დედოფლებისა და პრინცესების ტიტული იყო):

„ხოლო სუმბათ მისცა დედასა თïსსა და შეავედრა მას, რომელსა ეწოდებოდა სურახთამბეკ და ჰრქუა: „ესე ერთი სამეფო ჩვენ დავიცვათ და არავინ ვამყოფოთ ამაზედ მფლობელად“.

ასე მოხვდა სუმბათ ორბელიანი ყაენის ძალიან გავლენიანი დედის მფარველობის ქვეშ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი