ისტორია

რატომ აწამეს დამპყრობელმა სპარსელებმა საკუთარი თანამემამულე და სად დაკრძალეს ქრისტიანობისთვის ნაწამები სპარსელყოფილი ქართველებმა

№26

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.07, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

როცა ძალიან უჭირდა ჩვენს ხალხს, მას ქრისტიანობის ერთგულების მაგალითად მოევლინა სპარსელი ადამიანი და განამტკიცა ქართველნი.

532 წელს ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დადებული „საუკუნო ზავით“ ლაზეთ-ეგრისი ერგო ბიზანტიას, ქართლი კი სპარსეთს დარჩა. სამ წელიწადში ხოსრევ შაჰმა ქართლში მეფობა გააუქმა (ზოგიერთი ვარაუდით, ქართლის მცირე ნაწილში არ გაუქმებულა მეფობა). ტფილისში იჯდა შაჰის წარმომადგენელი, მარზპანი, რომელიც განაგებდა ქართლს.

ადამიანები იმ დროსაც მოგზაურობდნენ და ბედის საძიებლად სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ. 541 წელს მაზდეანთა ერთ-ერთი რელიგიური ცენტრიდან, ირანის ქალაქ განძაკიდან, რომელიც ურმიის ტბასთან იყო გაშენებული, ქართლში, მცხეთაში მოვიდა ერთი სპარსი, მაზდეანი ახალგაზრდა, მაზდეანთა სასულიერო პირის, მოგვის შვილი, სახელად – გვირობანდაკი. გვირობანდაკის პროფესია იყო მეხამლეობა ანუ ხარაზობა – კერავდა ფეხსაცმელს, შეიძლება, ეს ხელობა მცხეთაში შეისწავლა. ქართლის ციხეებში ირანული გარნიზონები იდგა, ისედაც ბევრი სპარსელი ცხოვრობდა ჩვენს სამშობლოში.

ცნობისმოყვარე ადამიანი იყო მოგვის ძე, აინტერესებდა სხვა ხალხების ცხოვრება, სარწმუნოება. ძალიან მოეწონა ქრისტიანობა, მოინათლა და ეწოდა ევსტათი. ცოლადაც ქრისტიანი მოიყვანა. შესაძლოა, მისი მეუღლე ქართველიც იყო.

სპარსელებს ქართველთა გამაზდეანება უნდოდათ, საკუთარი ინტერესების გატარება და გვირობანდაკის საქციელმა ძალიან გაამწარა ისინი. ერთხელაც მცხეთაში მაზდეანთა დღესასწაული – ტოზიკობა გაიმართა. მცხეთელმა ხელოსანმა სპარსებმა თავისი თანამემამულე გვირობანდაკიც, აწ უკვე ევსტათი, მიიწვიეს ტოზიკობაზე. ევსტათიმ ღიმილით უპასუხა: ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობაა და მე კარგა ხანია, ქრისტეს ვაღიარებო. სპარსელები გაბრაზდნენ და ევსტათის მცხეთის ციხის სპარსული გარნიზონის უფროსთან, უსტამთან უჩივლეს. ციხისთავმა ევსტათი დაიბარა, გამოჰკითხა სადაურობა და მიზეზი წინაპართა სარწმუნოებიდან განდგომისა. ევსტათი მცხეთელმა უამბო თავისი თავგადასავალი. ციხისთავი დაემუქრა, გაწამებ, თუ არ დაუბრუნდები ჩვენს სარწმუნოებასო. მაგრამ, ევსტათიმ განუცხადა, ქრისტეს სიყვარულით ტანჯვისთვის განმზადებული ვარო.

მაზდეანებმა ამცნეს უსტამს, მცხეთაში სხვებიც ცხოვრობენ, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღესო და ჩამოუთვალეს მათი სახელები: გუშნაკ, ბახდიად, ბურზო, პანაგუშნასპ, პეროზაკ, ზარმილ და სტეფანე. ისინიც დაატყვევებინა მცხეთის ციხისთავმა და რვავე ქრისტიანექმნილი ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გააგზავნა, ვინაიდან ციხისთავს არ ჰქონდა მათი დასჯის უფლება.

რვა ქრისტიანი მცხეთელი წარუდგინეს მარზპანს. ევსტათიმ ყველას მაგიერ განუცხადა არვანდ გუშნასპს, ქრიატიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამიტომ გავხდით ქრიასტიანებიო. როგორც ჩანს, ქრისტიანობა ფეხს იკიდებდა ქართლში მცხოვრებ სპარსელებსა და სხვა უცხოელებს შორის. ამგვარი მაგალითები სხვა ქალაქებშიც იქნებოდა, ეს კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ირანის პოლიტიკისთვის. ამიტომ, ქართლის მარზპანი მკაცრად მოეპყრო დატყვევებულებს. ბრძანა, მათთვის თმა და წვერი მოეპარსათ, გაეხვრიტათ ცხვირები, ქედზე ჯაჭვი დაედოთ, ფეხებზე – ბორკილები, ეცემათ და საპყრობილეში ჩაეგდოთ. იქვე განაცხადა: თუ რომელიმე მოინანიებდა და დაუბრუნდებოდა მაზდეანობას, დიდ საჩუქარს მისცემდა.

ბახდიადი და პანაგუშნასპი შეშინდნენ და უარყვეს ქრისტიანობა. სხვები მტკიცედ ერთგულობდნენ ქრისტეს. მაშინ მარზპანმა ბახდიადი და პანაგუშნასპი გვერდით მოისვა, საჩუქრები შეჰპირდა, დანარჩენ ექვსს კი მარზპანის ბრძანება აუსრულეს. მალე გამოჩნდა არვანდ გუშნასპის დაპირების სიყალბე, სპარსულ სარწმუნოებაზე დაბრუნებულები კი გაათავისუფლა, თუმცა ერთი ფსირიდიც (ფულის უმცირესი ერთეული) კი არ მიუცია.

ექვსი თვე საპყრობილეში ისხდნენ გაქრისტიანებული სპარსები. სპარსეთის შაჰმა არვანდ გუშნასპი თავისთან იხმო. გამგზავრების წინ მასთან მივიდნენ ქართლის კათალიკოსი სამოელ მეორე, ქართლის მამასახლისი გრიგოლი, ქართლის პიტიახში არშუშა, სხვა დიდებულები და სთხოვეს, გაეთავისუფლებინა ტყვე ქრისტიანები. არვანდ გუშნასპი დათანხმდა. სპარსელებს, ეტყობა, არ უნდოდათ, გაემწვავებინათ სიტუაცია.

ბახდიადს და პანაგუშნასპს ცხოვრება გამწარებიათ. ბახდიადი გაგიჟებულა, ხოლო პანაგუშნასპმა მათხოვრობაში გალია ცხოვრება.

სამი წლის მერე ქართლში მოვიდა ახალი მარზპანი, ვეჟან ბუზმირი. მასაც ეახლნენ დამსმენი სპარსები და მოითხოვეს გაქრისტიანებულების დასჯა. ახალგაქრისტიანებულთაგან ზოგიერთი უკვე გარდაცვლილი იყო, სტეფანე და ევსტათი კი, ალბათ, ყველაზე მეტად აღიზიანებდათ მაზდეანებს.

როცა მცხეთიდან ტფილისს მიჰყავდათ წმიდა ევსტათი, მან იწინასწარმეტყველა, რომ თავს მოჰკვეთდნენ და დაემშვიდობა ცოლს, შვილებს, სიდედრსა და ახლობლებს. მცხეთის ჯვარს რომ გაუსწორდნენ, შესთხოვა უფალს, მხეცთა საჯიჯგნად არ გაემეტებინა მისი ცხედარი და დაეფლათ მცხეთაში, სადაც გაქრისტიანდა. ოჯახის წევრები უკან მისდევდნენ და მისტიროდნენ ნეტარს.

ტფილისში მარზპანს ეახლნენ ასურელები და აუხსნეს, რომ სტეფანე მათი დაბიდან იყო, დედა, მამა, ძმები და დები ქრისტიანი ჰყავდა. ამიტომ, ვეჟან ბუზმირმა ის გაათავისუფლა.

საქმის განხილვაზე ევსტათიმ უამბო ვეჟან ბუზმირს თავისი ცხოვრების შესახებ: მამა მოგვობას ასწავლიდა, მას კი სხვა სარწმუნოებების შესწავლაც უნდოდა. ხვდებოდა – ცეცხლის თაყვანისცემა არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან ღმერთის შექმნილია ცეცხლიც, რომელიც წყალს შეუძლია ჩააქროს. ძიების დროს სინაგოგაშიც დადიოდა და სწავლობდა ებრაელთა სარწმუნოებას. შემდეგ ქრისტიანთა ეკლესიაშიც შევიდა. სამოელ არქიდიაკონმა გააცნო მას ქრისტიანობა და სპარსელი სამოელ მეორის, ქართლის კათალიკოსის მიერ მოინათლა.

ევსტათი, როგორც მოგვის შვილი, განათლებული გახლდათ. რწმენის ძებნაში კი კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი. ამიტომ, ძალიან კარგად უხსნიდა მარზპანს ქრისტიანობის არსს და გაქრისტიანების მიზეზს.

ქართლის მარზპანი ცდილობდა, ევსტათი მცხეთელის დარწმუნებას, არ დაეობლებინა შვილები და დაბრუნებოდა მაზდეანობას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ბრძანა, წაეყვანათ და ღამით მოეკვეთათ თავი, რომ ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისთვის. ცხედარი კი მხეცებისა და ფრინველთა საჯიჯგნად ქალაქგარეთ გაეტანათ.

ჯალათებმა სიკვდილის წინ ლოცვა მაინც აცალეს წმიდანს. არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ მაშინ ვეჟან ბუზმირი მათ დასჯიდა სიკვდილით. მოჰკვეთეს თავი წმიდა ევსტათის, ქალაქგარეთ გაიტანეს და სპარსული წესით, მხეცთა საჯიჯგნად დატოვეს.

ქრისტიანებმა გადაასვენეს წმიდა ევსტათის ცხედარი და დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკურთხეველში. ეს მოხდა, დაახლოებით, 551 წელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი