ისტორია

რატომ არ შეიძლებოდა მთავარსარდლის ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობა და თუ ასრულებდა ამ წესს დავით აღმაშენებელი

№8

ავტორი: გია მამალაძე 22:00 05.03, 2021 წელი

ისტორიაში ჩაკარგული
დეტალები
დაკოპირებულია

დავით მეოთხეს თავისი სიცოცხლის მიზნად საქართველოს გაერთიანება და მტერთაგან გათავისუფლება ჰქონდა დასახული, ამიტომ ჩვენი ხელმწიფე აფხაზთა და ქართველთა სამეფოსთვის ჰერეთის შემოერთებას აპირებდა. კახეთ-ჰერეთში მეფობდა კარგი ქრისტიანი მეფე, კვირიკე მეოთხე. დავით მეფემ 1103 წელს კვირიკე მეფეს წაართვა ზედაზნის ციხე. მალე გარდაიცვალა კვირიკე მეფე და რანთა და კახთა ტახტზე ავიდა მისი ძმისწული, აღსართან მეორე, თავისი კეთილი ბიძის ანტიპოდი – უსჯულო და „უმეცრად უსამართლო“.

ქვეყნის გაერთიანების მომხრე ჰერმა დიდებულებმა – არიშიანმა და ბარამმა, და მათმა დედის ძმამ ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს ცუნდრუკი აღსართან მეფე და მიჰგვარეს დავით აღმაშენებელს. დავით მეფემ კახეთი და ჰერეთი ერთიან საქართველოს სამეფოს შემოუერთა, რაც ძალიან არ მოეწონათ თურქ-სელჩუკებს და გადაწყვიტეს, დავით მეფის დასჯა. თურქთა სულთანმა გამოაგზავნა დიდძალი ჯარი განძის ათაბაგთან და საქართველოს მეფის წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. სულთნის ძალებს დაემატა ათაბაგის სამხედრო ნაწილები, ასევე, სეპარატიზმის მომხრე კახელი დიდებულები და დიდი არმია შეიკრიბა ქართველი მამულიშვილების წინააღმდეგ.

ბრძოლა გაიმართა ერწუხში, რომელიც მდებარეობდა კახეთ-ჰერეთში, თუმცა ზუსტად სად იყო ერწუხი, დღეისათვის ცნობილი არ არის.

დავით აღმაშენებელს ძალიან მცირე ძალები ჰყოლია ერწუხში, „მცირედი ლაშქარი და განწირული ერი“. ნაწილები, რომლითაც დაიკავა კახეთ-ჰერეთი, „მცირე ლაშქარი“ და კიდევ ადგილობრივი, უბრალო მოსახლეობა, „განწირული ერი“, სამშობლოსთვის თავგანწირული გლეხები და მეთემეები, თავის მეთაურებთან ერთად.

მაჰმადიანთა ჯარი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე დავით მეფის ლაშქარი. თურქ-სელჩუკთა მხარეს ზოგიერთი ჰერი და კახელი დიდებული გამოვიდა, რომელთაც თავისი ქვეშევრდომები, უბრალო მოქალაქეებიც გამოუყვანიათ ჩვენი ხელმწიფის წინააღმდეგ. ალბათ, იძულებით და ვასალობის ძალით, თორემ უბრალო ხალხი არ იბრძოლებდა მაჰმადიანებისა და უსამართლო აღსართან მეორის მომხრე დიდებულთა მხარეს.

დავით აღმაშენებელი ბრწყინვალე სტრატეგი იყო. ბრძოლებში სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა. ერწუხის ბრძოლაშიც, ალბათ, ასე იყო, თუმცა ბრძოლის დეტალები არ ვიცით.

მეფის, მთავარსარდლის პირადი მონაწილეობა ხელჩართულ ბრძოლაში დიდი რისკია, რადგან, დაღუპვისა ან დაჭრის შემთხვევაში ჯარი უსარდლოდ რჩება და დიდი ალბათობით, დამარცხდება. მაგრამ, დავით აღმაშენებელს გული რას მოუთმენდა, მტერს პირადად არ შებრძოლებოდა, არ დახმარებოდა თავის გმირ მეომრებს, არ შეეძახებინა და არ გაემხნევებინა ისინი უთანასწორო ბრძოლაში. მეწინავეთა რიგებში იბრძოდა, „ვითა ლომი, შეუძახებდა ხმითა მაღლითა“ და გრიგალივით დაქროდა აქეთ-იქით, უტევდა და კლავდა მტრებს.

იმ დღეს სამი ცხენი მოუკლეს მეფეს და მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა. მაშასადამე, მეფეზე დიდი შეტევა ხორციელდებოდა. მისთვის ნასროლმა ისრებმა თუ შუბებმა, მისთვის მოქნეულმა ხმლებმა იმსხვერპლა მეფის სამი ცხენი.

ჩვენმა წინაპრებმა სასწაულებრივად გაიმარჯვეს, ადვილად და სწრაფად, ღვთის წყალობითო, გვიამბობს ერწუხის ბრძოლის მონაწილე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი.

ბრძოლის დასრულების შემდგომ დავით მეფე თავის კარავში შებრძანდა სარდლებთან ერთად. ამბის თვითმხილველი, მეფის თანამებრძოლი ისტორიკოსი გვიამბობს – მოიხსნა, თურმე, მეფემ აბჯარი, შეიხსნა წელზე ქამარი და ბლომად მტკნარი სისხლი დაიღვარა მიწაზე. მეფე ეგონათ დაჭრილი. მერე მიხვდნენ, რომ შეუჩერებელი ბრძოლის დროს, მისი ხმლიდან ხელს გამოჰყოლოდა სისხლი, დაგროვილიყო ტყავის სამოსში, რომელსაც სარტყელი ჰქონდა შემორტყმული. მტრის სისხლი დაიღვარა მეფის კარავში.

დიდი სტრატეგი და უბადლო მეომარი იყო დავით აღმაშენებელი. ერწუხში მისმა მარჯვენამ საქართველოს არაერთ მტერს დააღვრევინა სისხლი, ისე როგორც სხვა ბრძოლებში. მრავლისგან მხოლოდ მცირეს ვამბობო, გვიამბობს დავითის ისტორიკოსი.

ქართველების გამარჯვება „ხმაგასმენილი“გამხდარა იმ დროს და დიდი გამოძახილი ჰქონია იმჟამინდელ მსოფლიოში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მაჰმადიანი დამპყრობლები და ქრისტიანები, ჯვაროსნები, ბიზანტიელები და ჩვენი წინაპრები.

ერწუხის ბრძოლაში გამარჯვებით საბოლოოდ შემოუერთდა კახეთი და ჰერეთი ერთიან საქართველოს.

ერთხელ დიდი ქარავანი შემოსულა განძიდან ტფილისში. ქარავანს თან შემოჰყოლია ასეულობით თურქი მეომარი. ქარავნებს საკუთარი დაცვა დაჰყვებოდა განსაკუთრებით საშიშ ტერიტორიებზე, ქრისტიანთა მხარეებში. მაჰმადიანებისთვის კი ტფილისი, მიუხედავად აქ არაბი ამირას ხელისუფლების არსებობისა, სახიფათო იყო, რადგან, იცოდნენ, აქვე მოქმედებდა მათი დაუძინებელი მტერი, დავით მეფე. ქარავნის შემოსვლა რომ შეიტყო ჩვენმა ხელმწიფემ, თხუთმეტი რჩეული მეომარი გააგზავნა, ლოჭინიდან საბალახოდ გასული ნახირის გასატაცებლად, რომელიც მაჰმადიანებს ეკუთვნოდა.

დავით მეფე სამასი მხედრით ავჭალის ღელესთან ჩასაფრდა. ვინაიდან სელჩუკებთან შეტაკება მოულოდნელად და სწრაფად უნდა მომხდარიყო, თვითონ ხელმძღვანელობდა ოპერაციას და თან შეჭურვის გარეშე, ხმლის ამარა. როგორც ყოველთვის, თან ჰქონდა რამდენიმე წიგნი, რომლებსაც იმ დროს კითხულობდა. მეომრებს უბრძანა, უჩემოდ არ დაიძრათო. სამასკაციან რაზმს მოშორდა და ჩამოხდა ცხენიდან.

გაგზავნილმა „საქონლის ქურდებმა“ ნახირი გამოიტაცეს. მათ ასამდე მაჰმადიანი გამოეკიდა და ვინაიდან ნახირთან ერთად მოდიოდნენ, მალე წამოეწია. ჩვენი მეომრები ნახირს გზაში ვერ მიატოვებდნენ და ვერ გაიქცეოდნენ, რადგან, თუ საქონელს დაიბრუნებდნენ, თურქები აღარ გამოეკიდებოდნენ მათ და ამგვარად, თურქთა ხაფანგში შემოტყუება ვეღარ მოხდებოდა. სელჩუკებმა ცხენები დაუხოცეს ქართველ მეომრებს, დავითის ჯარისკაცები ქვეითად განაგრძობდნენ ბრძოლას.

ამ დროს მეფე იჯდა და წიგნს კითხულობდა. ისე გაიტაცა კითხვამ, დაავიწყდა, რაც ხდებოდა, სანამ ყვირილის ხმა არ გაიგონა. წამოხტა, მიატოვა წიგნი, შეახტა ცხენს და გააჭენა იქითკენ, საიდანაც ხმაური მოესმა. დაინახა თავისი თხუთმეტი კაცი, გაცილებით მრავალრიცხოვანი თურქების წინააღმდეგ მებრძოლნი.

გაექანა თურქებისაკენ ქართველთა მეფე. რამდენიმე სელჩუკი მოკლა. მეფის მსახურები ამხედრდნენ მოკლული თურქების ცხენებზე და მიეშველნენ მეფეს. არაერთი თურქი დახოცეს. დანარჩენები გაიქცნენ.

ტფილისის გზაზე ეყარა დახოცილი თურქების გვამები. დავით მეფის ხმალი ისე დაღვლარჭნილიყო, ბევრი ცემისგან მტრების ხმლებზე, ვეღარ ჩაეტია ქარქაშში. „ფრიადისა ცემისაგან ხრმალმან-ცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი“.

დაბრუნდნენ მეფე და მის მიერ გადარჩენილი „ნახირის გამტაცებლები“ სამას მხედართან, რომლებმაც, როცა გაიგეს, რაც მოხდა, საყვედური უთხრეს მეფეს, რადგან საფრთხეში ჩაიგდო თავი.

 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი