ისტორია

რატომ არ შეაჩვენეს და არ დაწყევლეს რუის-ურბნისის კრებაზე გადაყენებული მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები

№15

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 22.04, 2022 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებელს მხოლოდ სუსტი სახელმწიფო არ მიუღია მემკვიდრეობით. არეული იყო საქმეები ეკლესიაშიც. ეკლესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა მისი მომხრე და ერთგული გახლდათ, მაგრამ, მაინც რთული ვითარება იყო.

მეფემ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომელთა შორის ბერები იყვნენ (კათალიკოსი, ჭყონდიდელი, მოძღვარი იოანე, არსენ ბერი და სხვები) გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ საეკლესიო კრება და ყველა საკითხი გადაეჭრათ დიდი სჯულის კანონის მიხედვით.

რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არ შეხებია რაიმე ერესი და არ გადაუხვევია მართლმადიდებლობის გზიდან, არ უღალატია მსოფლიოს საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებისთვის, ქალკედონის მრწამსისთვის. კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და იდეოლოგი, ბერი არსენი საგანგებოდ აღნიშნავდა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში, საქართველოს ეკლესია განა გამდგარი იყო მართლმადიდებლობისაგან და კრებას ამის გამოსწორება კი არ მოუწია, არ იფიქროთ ეგრე, ქართველებს არასოდეს უღალატიათ მართლმადიდებლობისთვის, მხოლოდ ზოგიერთი სხვა საკითხი იყო მოსაგვარებელი, საქართველო არასოდეს უღალატებს ჭეშმარიტ მრწამსსო:

„არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაèმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაèთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტებაè. არამედ სხუათა საეკლესიოთა და სამღდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათïს“ ჩატარდა კრებაო.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის იყო, რომ დიდი ფეოდალები ცდილობდნენ, პირად საკუთრებად მიჩნეულ ტერიტორიებზე, - რომლებიც სინამდვილეში მეფის, ანუ სახელმწიფოსი იყო და არა მათი, – საკუთარი ინტერესების გამტარი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები „დაენიშნათ“. ასე მოიქცა, მაგალითად, დიდაზნაური ძაგანი, რომელსაც თავის ძმა, მოდისტოსი ეპიკოპოსად დაუსვამს. მოდისტოს ხელუყვია საეკლესიო ქონება. ასეთები სხვაც იყო.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: „რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნი-ვე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა“.

როცა, მღვდელმთავართა გამორჩევისა და მართვის წესები დარღვეული იყო ზოგ ეპარქიაში, ზოგ ტაძარში და სხვა, აბა, კარგი რა იქნებოდა ქვეყანაში.

„და თïთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო“.

ეპისკოპოსების გამორჩევა კათალიკოსის საქმეა, მთლიანი ეკლესიის საქმეა და ამ საქმეში ფეოდალების ჩარევა ეკლესიის ავტორიტეტს ასუსტებდა მრევლში, ასუსტებდა თავად ეკლესიასაც, და, რა თქმა უნდა, სამეფოსაც.

ამას გამოსწორება სჭირდებოდა. დავით აღმაშენებლის გუნდში მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო და ეკლესია უნდა დაბრუნებოდა წესიერ მმართველობას, მხოლოდ ასე შეიძლებოდა უფლის წყალობის მიღება, გამარჯვებები – მხოლოდ საერო და სასულიერო, წესიერი ხელისუფლებების თანამშრომლობით იყო შესაძლებელი ერის შეკავშირება და მტრებზე გამარჯვება.

ისტორიკოსი წერს: „და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მâედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა, არ-ცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თïსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იგუემოს ფრიად“.

დავით აღმაშენებლის გუნდის წევრები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ სასულიერო კრების ჩატარება უშველიდა ქვეყანას, ეკლესიას, მხოლოდ კრებას შეეძლო ასეთი მღვდელმთავრების გადაყენება უმტკივნეულოდ, გართულების გარეშე და ამიტომ, დაახლოებით, 1104 წელს გასცა ბრძანება დავით მეფემ, მოეწვიათ სრულიად საქართველოს საეკლესიაო კრება. ისტორიკოსი გვამცნობს: „ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი“.

არსენ ბერი წერდა: „შემოკრბა კრებაè ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღდელთა და ღირსთა დიაკონთაè, ქრისტეს მოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთაè, სანახებთა ქართლისათა მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისა და ურბნისისა“. კრებას თავმჯდომარეობდა „იოანე წმიდა მთავარეპისკოპოსი კათოლიკოსი და ყოვლისა საქართველოèსა ყოვლად ღირსი მამათმთავარი“.

დაწვრილებით იმსჯელეს განსახილველ საკითხებზე. ისტორიკოსი გვიამბობს: „დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელ-ღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები“

ძნელი იყო, მაგრამ, საეკლესიო კრებამ მოახერხა უღირსების შეცვლა: „მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა“.

რატომღაც გავრცელებულია აზრი, თითქოს დავით აღმაშენებელი დამნაშავეებს კლავდა, ფიზიკურად სჯიდა, „ქუსლებს აჭრიდა“ და „თვალებს თხრიდა“, რაც მართალი არ არის. პირიქით, ძალიან შემნდობი და მიმტევებელი ადამიანი ყოფილა. მართალია, უღირსი მღვდელმთავრები გადააყენეს, მაგრამ, კრებას ისინი არ შეუჩვენებია და არ დაუწყევლია, ზიარების უფლება დაუტოვა – როგორც ერისკაცებს, აზიარებდნენ. ვისაც სურვილი ჰქონდა, მონასტრებში გადაიყვანეს. მათ ნაცვლად ღირსეულები დაადგინეს. არსენ ბერი გვამცნობს: „პირველად ეპისკოპოსნი ვინმე ვერ ღირსებით შემოსრულნი პატივსა მღდელთმთავრობისასა და უღირსნი ქრისტეს პირველისა მის მწყემსთმთავრისანი განვკუეთენით და უცხო ვყვენით მღდელობისაგან... ხოლო არა კრულ ვყვენით და არცა შევაჩუენენით, ნუ იყოფინ! არამედ ლიტონთა ერისკაცთა თანა ზიარებად ფლობილ ვყვენით, უკუეთუ ოდენ ამიერითგან მმარხველ იყვნენ სიწმიდისა. და ნაცვალად მათდა სხუანი დავადგინენით, რომელთა ჰასაკისაგანცა და საქმეთაგან აქუნდა წამებაè და კეთილად განეწუართნეს âორცნი დამორჩილებად სულისა“.

მაშასადამე, დავით აღმაშენებელმა და რუის-ურბნისის კრებაში მონაწილე წმიდა მამებმა, გადაყენებულ სასულიეროებს მისცეს შანსი გამოსწორებისა – გაეგრძელებინათ ცხოვრება ქრისტეს ეკლესიაში, მონასტრებში.

მღვდელმთავრად და სასულიერო პირად ხელდასხმა საჩუქრით ან ქრთამით აიკრძალა. დადგინდა, ეპისკოპოსად კურთხევისთვის ასაკი – 35 წელი, მღვდლობისთვის – 30 წელი, დიაკვნობისთვის – 25, წიგნისმკითხველობისთვის – 8 წელი.

კრებაზე კიდევ ბევრ საკითხზე გამოიტანეს გადაწყვეტილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი