ისტორია

რას ადარებდა მონღოლი პოეტი თავის სიმღერაში ჩვენს ხელმწიფეს, დიმიტრი მეორეს

№12

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 31.03, 2023 წელი

დემეტრე მეორე
დაკოპირებულია

1270 წელს მეფე დავით მეშვიდე ულუ გარდაიცვალა. ჩვენი სამეფო იმ დროს მონღოლთა საილხანოს ვასალი იყო. 1271 წელს მონღოლთა საილხანოს ახალმა ყაენმა, აბაღამ 12 წლის უფლისწული დემეტრე მეფედ დაამტკიცა.

გავიდა ათიოდე წელი. 1281 წელს ყაენმა ილხანმა გადაწყვიტა, კვლავ ელაშქრათ მონღოოლებს ეგვიპტელების წინააღმდეგ და ამჯერად მაინც დაემორჩილებინათ ეგვიპტე. მონღოლთა ვასალებს ევალებოდათ მონღოლთა ჯარში სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში მონღოლები ააოხრებდნენ ქვეყანას და ტყვედ წაიყვანდნენ ქალებს, ბავშვებს და კიდევ ათას უბედურებას დამართებდნენ. აბაღა ყაენმა მოუწოდა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის მეფე დიმიტრის. ჟამთააღმწერელი წერს: იმ დროს სულთანი „ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო“ (აზ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი) და ეგვიპტეს მართავდა „ნასირ მელიქი“ (ნასირ უდ დინ მუჰამედ იბნ ქალაუნ ან-ნასირი).

მონღოლური ჯარის მეთაურად დაინიშნა აბაღას უმცროსი ძმა, მანგუ დემური (მენგუ თემური). მანგუ დემურმა თავისთან გამოიძახა სამცხის მთავარი ბექაც. იმ დროს სამცხე პირდაპირ მონღოლების დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ტფილისის სამეფო კარს. თუმცა, შემდეგ ბექამ თავისი ასული დიმიტრი მეფეს მიათხოვა.

მრავალი დღე იარეს და მიადგნენ ქალაქს, რომელსაც ჰრქმევია „დარბუზაკი“ (ალეპო ან დეირ-ელ-ზორი). ქალაქის აღებაში დიდი წვლილი მონღოლებსა და სხვა ქართველებზე მეტად მესხებს მიუძღვითო, წერს მემატიანე. საჩუქრებით უხვად დაუჯილდოვებია ბექა ჯაყელი და მისი სარდლები მანგუ დემურს.

მიადგნენ ქალაქ ჰომს.

ეგვიპტის სულთანი, ქალაუნი მომზადებული დახვდა მონღოლთა არმიას და დაიკავა მომგებიანი პოზიცია. დიმიტრი მეფემ, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო („ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათვის“), 21 წელი არ შესრულებოდა, სთხოვა ყაენის ძმას, წინამრძოლად დაგვაყენეო. მანგუ დემურმა, როგორც ჩანს, მარჯვენა ფლანგი (ან მარჯვენა ფლანგის წინა რიგები) ჩააბარა ქართველებს.

1281 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო ბრძოლა, რომელიც ჰომსის მეორე ბრძოლის სახელითაა ცნობილი. შეტევა მონღოლების არმიის მარცხენა ფლანგმა დაიწყო. ქალაუნმა იცოდა ქართველების მხნეობის შესახებ. ამიტომ მათ წინააღმდეგ 12 000 რჩეული მხედარი გადმოისროლა, რომელთაც უცნობი ჟამთააღმწერლის თქმით, სარდლობდა ორი გამოცდილი სარდალი, ყარა-სუნღული (ალბათ, ამირა სუნქურ ალ-აშქარი, რადგან ის ხელმძღვანელობდა მამლუქთა მარჯვენა ფლანგს) და იაყუბ აფრაში (შესაძლოა, იაყუბ აშრაფი).

სასტიკი ბრძოლა იყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იხოცებოდა. ყარა-სონღული და იაყუბ აფრაში პირდაპირ მეფეზე იწევდნენ. მეფე დიმიტრიმ წინა რიგებში განალაგა 200 ყველაზე გამოცდილი მხედარი. მათგან ყველა მოუკლეს მეფეს, მხოლოდ სამი კაცი გადარჩა. ყარა-სონღულის მიერ ნასროლმა შუბმა ცხენი მოუკლა დიმიტრი მეფეს. ჩვენი ხელმწიფე ქვეითად აგრძელებდა ბრძოლას. ჩამოქვეითდნენ სხვა ქართველებიც. „სიქანალის ძე, აბაში“ (სავარაუდოდ, აბაშიძე) მსწრაფლ ჩამოხდა ცხენიდან და დაუთმო მეფეს. ეს რომ დაინახეს სხვა ქართველებმა, თვითონაც ამხედრდნენ თავის ცხენებზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შეუტიეს მტერს და გააქციეს ჰომსის კედლებისკენ ყარა-სონღულისა და იაყუბ აფრაშის ნაწილები. გაეკიდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ მტერს. ამან პანიკა გამოიწვია ჰომსის მოქალაქეთა შორის, რომლებიც გალავნის კედლებიდან უყურებდნენ ყველაფერს.

ეგვიპტელების მარჯვენა ფლანგსაც ძალიან გაუჭირდა, უკვე აგებდნენ ბრძოლას. სულთანმა უკან დაახევინა ჯარს, გადააჯგუფა და ახლიდან გადაიყვანა შეტევაზე, მთელი ძალებით, ცენტრისკენ, სადაც მანგუ დემური იმყოფებოდა.

ამ დროს ჩერქეზი მამლუქების მეთაურმა ოზდემირ ალ-ჰაჯიმ აიყოლია ორასი ჩერქეზი და გაიჭრა მანგუ დემურის ბანაკისკენ ყვირილით, თითქოს მათ მხარეს გადადიოდა. მონღოლებმა მამლუქები შეუშვეს თავიანთ რიგებში. ოზდემირ ალ-ჰაჯიმ მოითხოვა, მანგუ დემურთან მიმიყვანეთ, მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადავცეო. მიიყვანეს ყაენის ძმასთან. მოულოდნელად ჩერქეზი თავს დაესხა მანგუ დემურს და შუბი აძგერა. მონღოლთა უფლისწული მძიმედ დაიჭრა, ჩამოვარდა ცხენიდან და დაცემისა და ჭრილობისაგან გონება დაკარგა. გარემოცვას ეგონა, უფლისწული მოკვდაო. სამეთაურო ბანაკში არეულობა დაიწყო. ორასი ჩერქეზი გააფთრებული იბრძოდა, მაგრამ მანგუ დემურის გარემოცვამ მალე ჩახოცა ისინი. თუმცა, მონღოლთა არმიაში პანიკა გავრცელდა, მთავარსარდალი მოგვიკლესო. მოულოდნელად ეგვიპტელების არმია შეტევაზე გადავიდა. მანგუ დემური ნოინებმა გამოარიდეს და უკან უწესრიგოდ დაიხიეს. მონღოლთა ნაწილი ალეპოსკენ გარბოდა. რაღა უნდა ექნათ ქართველებს, მათაც უკან დაიხიეს.

მდინარე ევფრატის სანაპიროსთან მონღოლთა ერთი ნაწილი ლერწმიანში მოხვდა და მდინარეზე გადასვლას ცდილობდა. მაჰმადიანებმა ცეცხლი მოუკიდეს ლერწმიანს. ცეცხლმა და კვამლმა ბლომად მეომარი იმსხვერპლა, ნაწილი მდინარეში ჩაიხრჩო. მეორე ნაწილი მონღოლებისა, ოთხი ათასი მეომარი, უდაბნოში დაიბნა და უწყლობით დაიღუპა. ბევრი დაიხოცა მონღოლთა ჯარიდან, მათ შორის, მრავალი ქართველი გაწყდა ბრძოლაში და უკანდახევისას. მეფე და ნაწილი ქართველებისა უვნებლად გადარჩა.

ეგვიპტელებმაც დიდი ზარალი ნახეს. გამარჯვებულები კი აღმოჩნდნენ, მაგრამ დევნა ვერ შეძლეს.

ყაენი აბაღა სულმოუთქმელად ელოდა ინფორმაციას თავისი არმიის ლაშქრობის შესახებ. ერთხელაც, ნადირობისას ვიღაც ჰომსში ნაომარ მელექსე თათარს გადაეყარა. აბაღამ გამოჰკითხა ომის შესახებ. მეომარმა მონღოლურ ენაზე ლექსად უამბო მონღოლთა სარდლებზე. ალიყანის შესახებ თქვა: „როგორც მაღლიდან მომქროლავი შევარდენი, ისე უტევდაო“, მანგუ დემური ვერძს მიამსგავსა, სირმონის შვილი, ებაგანი – მხტომელ ვეფხვს, იასბუღა – მოზვერს, ბუღა კამბეჩს, თაგუნი – დედალ თხას“.

მონღოლს ქართველთა მეფის შესახებ უთქვამს მათ ენაზე: „თენგრი მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუირლაჯი“, რაც ნიშნავს - „როგორც ღმერთი გრგვინავდა, როგორც აქლემი ბუღრაობდაო“.

როცა ქართველები დაბრუნდნენ აბაღასთან, ყაენმა დიდი პატივი სცა მეფეს, მის მეომრებს და შინ გამოუშვა. მომავალ წელსაც უნდოდა ჯარის გაგზავნა ეგვიპტელებთან საომრად აბაღას, მაგრამ მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა მისი ძმა, მანგუ დემური, მალე კი – თვითონ ყაენიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი