ისტორია

რას აბრალებდნენ დავით აღმაშენებელს მისი მოწინააღმდეგეები

№28

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 23.07, 2021 წელი

მახობიშვილი
დაკოპირებულია

დავით აღმაშენებლის მიმართ არაერთი ადამიანი ყოფილა უარყოფითად განწყობილი.

პირველ რიგში, ვისაც არ სურდა ქვეყნის გაერთიანება, უნდოდა თავისი პატარა სამფლობელო (კახეთ-ჰერეთის სამეფო, კლდეკარის საერისთავო თუ სხვა) ჰქონოდა, სადაც იპარპაშებდა განუკითხავად. ასეთ ხალხს და მათ ამფსონებს ხელს არ აძლევდათ ერთიანი ქართული სახელმწიფო ცენტრალიზებული მმართველობით.

დავით აღმაშენებელმა ისინი დაამარცხა და ქვეყანა გააერთიანა.

მეფის მოწინააღმდეგენი იყვნენ ამორალური ადამიანები, ვისაც უნდოდათ, საერო თუ სასულიერო თანამდებობები საკუთარი გამდიდრებისა და ინტერესების გატარებისთვის გამოეყენებინათ.

დავით მეფემ ასეთები დაამარცხა, გაუშვა ეკლესიიდან რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილებით, დაამცრო სამთავრობო რეფორმებით და შეცვალა არაპატიოსნები პატიოსანი კადრებით.

დავით აღმაშენებლის მოწინააღმდეგეები იყვნენ სხვებიც. ასეთებზე გვიყვება ჩვენი სათაყვანო ხელმწიფის უცნობი ისტორიკოსი:

„არიან ვინ-მე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთ-ცა ესე-ოდენ მჭირსედ მოქალაქობისა და მოლაშქრეობისათვის და მხედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისათვის და დაჭირებისა, ვითარმედ: „არ-ცა მშვილდი თავს იდებს-ო მარადის გარდაცმულობასა, არ-ცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ხმარებისა მათისასა თითოეული მათი უხმარ იპოვოს-ო”. და ესე-ვითართა უგიობლისა მისთვის და ყოვლად უმიზეზოსა იტყვიან“.

მაბრალობელი ნიშნავს არაობიექტურად მაკრიტიკებელს, დამბრალებელს, საბაბის მაძიებელს, მატყუარას. ასეთებზე წმიდა მოციქული იუდა იაკობისი ამბობს: „ესენი არიან მდრტვინავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თვისისა მავალნი, და პირი მათი იტყვის გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა“ („ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და – ანგარების გამო – პირფერნი“).

ანუ, ისეთებიც ყოფილან, რომელნიც მეფეს აკრიტიკებდნენ დაუღალავი მოღვაწეობისა და მუდმივი მოლაშქრეობისთვის, ჯარის დაუსვენებელი მიმოსვლისა და მუდმივად ბრძოლებში ყოფნის გამო და ამბობდნენ: ვერ იქნება მუდამ მშვილდი გარდაცმული და მუსიკალური ინსტრუმენტის სიმი ვერ იქნებაო მუდამ დაჭიმული, გაცვდებიანო.

ასეთი ბრალდება ზარმაცებისა და საბაბის მაძიებლების გამოგონილია. რადგან, შუა საუკუნეებში გასაერთიანებელ, დაქუცმაცებულ ქვეყანას, რომლის დიდი ნაწილი, მათ შორის, ისტორიული დედაქალაქი, ტფილისი, დაპყრობილი ჰქონდათ უცხოელებს, ქვეყანას, რომელსაც გარშემო მტრულად განწყობილი, ქართველებისადმი და ქრისტიანებისადმი სიძულვილით სავსე სახელმწიფო-სასულთნოები ერტყა, არ შეიძლება, ჰყოლოდა მოსვენებული ჯარი.

თანამედროვე სამყაროშიც კი არ არსებობს მოსვენებული ჯარი. უმოქმედო არმია არ არსებობს. უმოქმედო ჯარის მქონე ქვეყანა კვდება. თუ სახელმწიფოს უნდა უსაფრთხოდ იყოს, ჯარს მუდმივად უნდა ავარჯიშებდეს, წვრთნიდეს, აიარაღებდეს, განაახლებდეს, ავსებდეს და ზრდიდეს. ასეთია დღევანდელობის ვითარება და დავით აღმაშენებლის დროს, მით უმეტეს, ასევე იქნებოდა.

საქართველო იყო მცირერიცხოვანი ქვეყანა, მრავალრიცხოვანი მტრებით გარშემორტყმული. ამიტომ, ქართველ ჯარისკაცებს შეუძლებელია, მოსვენება ჰქონოდათ, თუ უნდოდათ, მათი ცოლ-შვილი და ქვეყანა განადგურების საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო. მხოლოდ გაწვრთნილ, ნავარჯიშებ, ბრძოლებში გამოწრთობილ, მუდმივად ლაშქრობებში, ქვეყნის მტრებთან მუდმივ ომებში მყოფ ჯარს შეეძლო, დაეცვა სამშობლო.

მხოლოდ ძლიერ, აწყობილ სამხედრო მანქანას შეეძლო, გადაერჩინა ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი.

მაშინდელი სამყარო დამპყრობლებით, აგრესორებით, ხალხებისთვის გენოციდის მომწყობებით იყო სავსე. მაშინდელ სამყაროში მუდმივად მიმდინარეობდა დაპყრობითი ომები. გადარჩენის სხვა გზა არ არსებობდა, გარდა მუდმივი თავდაცვითი ომებისა, მუდმივი მოლაშქრეობისა.

სხვათა შორის, მაშინ ჩვენი სამშობლოსთვის თავდაცვითი ომიც კი თავდასხმით ომებად უნდა გადაქცეულიყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გადასულიყვნენ შეტევაზე, დამპყრობლებზე, რომლებიც ქართულ მიწებზე იყვნენ ან ქართველ სეპარატისტებს ეხმარებოდნენ და გაერთიანებულიყო ქვეყანა. ასევე, იმიტომ, რომ, მეზობელი ხალხები, სომხები, შარვანელები და სხვა კავკასიელები გამოხსნილი ყოფილიყვნენ უცხოთა ბატონობისგან. გარდა ამისა, რაც მეტი გვექნებოდა შეტევა გარეთ, უკეთესად იქნებოდა დაცული ქვეყანა, პერსპექტივაში უფრო მრავალრიცხოვანი გახდებოდა სახელმწიფო, უფრო დიდი და უფრო ძლიერი.

გარდა ამისა, საუკეთესო თავდაცვა – ესაა თავდასხმა აგრესორზე და საკუთარი ინტერესების გავრცელება მეზობლებში.

ეს ყველაფერი გააკეთა დავით აღმაშენებელმა. როგორც მისი ისტორიკოსი წერს, აფხაზეთის სამეფო, რომელიც დავით მეფემ ჩაიბარა, იყო პატარა, მცირეძალიანი, აკლებული მტრების მიერ. ჯარი კი – მცირერიცხოვანი, თურქთა (მტერთა) საომარი ხელოვნების უცოდინარი, დამარცხებული, უცხენო და ცუდად შეიარაღებული. დავით მეფემ შეაიარაღა, გაწვრთნა ჯარი და დაუღალავი მოლაშქრეობით შექმნა ერთიანი, უძლიერესი სახელმწიფო და გადაარჩინა ჩვენი ერი.

სხვა ბრალდებასაც უყენებდნენ, თურმე, ჩვენს ხელმწიფეს:

„კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი ესრეთ: „შეიყუარნის ვინ-მე და განადიდნის ვინ-მე-ო, და კუალად მოიძულნის ვინ-მე და დაამცირნის-ო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის-ო”.

ეს ბრალდება სახელმწიფოს სიმტკიცის მოწინააღმდეგეებისა და რაიმე მიზეზით დამცრობილი დიდგვაროვანი საგვარეულოების წარმომადგენლების მიერაა შეთითხნილი. რადგან, მეფე პირადი სიმპათიით კი არა, საქვეყნო ინტერესების შესაბამისად იქცეოდა.

განა იმ დროს არ იქნებოდა კორუფცია, მომხვეჭელობა, ბიუჯეტის ძარცვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და სხვა კრიმინალური მოვლენები თანამდებობის პირთა შორის?

თავისთავად ცხადია, გონიერი ხელმწიფე ქვეყნის ერთგულ მსახურებს, ნიჭიერებს, პატიოსნებსა და დამსახურებულებს უნდა აწინაურებდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფენიდან იქნებიან ისინი. სახელმწიფოსთვის ზიანის მიმყენებლები მეფემ უნდა მოიცილოს, მათ შორის დიდგვაროვნები, ერისთავები თუ სხვა. სხვაგვარად სახელმწიფო ვერ განვითარდება და პირიქით, გაიხრწნება.

დავით აღმაშენებელი აწინაურებდა და თანამდებობებზე ნიშნავდა არა მხოლოდ დიდგვაროვნებს, არამედ, ვინც დაიმსახურებდა. მთავარი იყო სახელმწიფო ინტერესები. მაგალითად:

„ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა“.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი პასუხობს ამ უკანასკნელი ბრალდების ავტორებს, ისინი განიკითხავენ თვით ღმერთსაც, რომელიც პატიოსნებს წყალობსო:

„ეჰა უსამართლოებასა, უგუნურებასა! ამისთვის აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითა-ცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ჰოი კაცო? ამისთვის რად არა ღმერთსა-ცა აბრალებ, უგუნურო, ამას-ვე ესრეთ მოქმედსა?.. ..ანუ რასათვის ქადაგებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათვის ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათვის? უკეთუ მეფემან ერთ-გულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორ-გულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა?“

დიახ, მეფე დავით აღმაშენებელი ბაძავდა ღმერთს, სამართლიანად იქცეოდა – დამსახურებულებს სწყალობდა, დამნაშავეებს სჯიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი